ვინ მიიმხრობს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს და შეიცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი
NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტ როლს მათი დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ითამაშებს. 8 ივნისიდან 6 ივლისამდე პერიოდში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამომრჩევლის 57%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს არჩევნებში ხმას. გასათვალისწინებელია მათი საგარეო-პოლიტიკური კურსიც. თუ გადაწყვეტილი ამომრჩევლისთვის ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მხოლოდ 49% უჭერს მხარს. რომელ პარტიებს აქვთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის ყველაზე მეტი შანსი და როგორ ასახვას ჰპოვებს ეს პროცესი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე?
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი, კობა თურმანიძე აცხადებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობა ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია: "ასეთი ამომრჩევლის დიდი ნაწილი არა მარტო პოლიტიკური პარტიების მხრივ არის გადაუწყვეტელი, არამედ პოლიტიკური შეხედულებების მხრივაც. გასათვალისწინებელია ამომრჩევლის პრიორიტეტების იერარქიაც. მათი უმეტესობისთვის საგარეო პოლიტიკური კურსი პირველადი საზრუნავი არ არის. ის ფაქტი, რომ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 49%, არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი 51% პრორუსულია. მათგან ზოგი ნეიტრალურია. ასეთი ამომრჩევლის მიმხრობა დამოკიდებული იქნება არა პარტიის საგარეო ორიენტაციაზე, არამედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ხედვაზე. მათი მიმხრობა თავისუფლად შეუძლია ყველა იმ პარტიას, ვინც მათ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში დაარწმუნებს."
საქართველოსსაზოგადოებრივსაქმეთაინსტიტუტისსაერთაშორისოურთიერთობებისპროგრამისხელმძღვანელი, თორნიკეშარაშენიძე მიიჩნევს, რომ პრორუსულ პარტიებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის ნაკლები შანსი აქვთ: "პრორუსული პარტიები ვერმიიმხრობენ ვერავის. მიზეზი მარტივია. "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს და ირმა ინაშვილის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ფული არა აქვს. თუ თამაზ მეჭიაური ჭკუით იქნება, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი მას ფულს მისცემს. ეს პარტიები რეალურად ამინდს ვერ ჰქმნიან და მათ პარლამენტში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვთ. მთავარი ის არის, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საით გადაიხრება. ჩემი აზრით, ივანიშვილი გააგრძელებს იმ პრაგმატულ თამაშს, რომელსაც ის ბოლო 4 წლის განმავლობაში ეწევა: ხდება დასავლეთთან ნელი დაახლოება ისე, რომ რუსეთი არ გაგიჟდეს. ეს ძალიან პრაგამტული პოლიტიკა იყო, თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან ცუდ ეფექტს, რაც მას მოჰყვა. ეს არის რუსული აგენტურის და პროპაგანდის ქვეყანაში შემოსვლა. ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" გამარჯვების შემთხვევაში ისევ ამ პოლიტიკას გააგრძელებს. თუ ხელისუფლება არ მიხედავს რუსულ აგენტურას და პროპაგანდას, რომელიც ბოლო დროს ძალიან საშიში გახდა, ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს."
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ გადაუწყვეტეი ამომრჩეველი ბოლო მომენტში მიიღებს გადაწყვეტილებას და იმის მიხედვით, როგორ მოახერხებენ პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერები მათთვის საინტერესო მესიჯების და გზავნილების ფორმულირებას: "შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 51% პრორუსული ორიენტაციისაა. თუმცა, მათ შორის ევრაზიული კავშირის მომხრე ხალხი აუცილებლად იქნება. თუ პრორუსული პარტიები ამ კატეგორიის ამომრჩეველს დაარწმუნებენ, რომ მათი ხმებიფუჭად არ დაიკარგება, არ არის გამორიცხული, რომ მათ ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობა მოახერხონ. ვერ ვიტყვით, რომ პრორუსულ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ფული არა აქვთ. მათ მიერ გამოცემული გაზეთების და მოსახლეობისთვია დარიგებული ჰუმანიტარული დახმარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ ფინანსები აქვთ. მაგრამ ეს შავი ფულია და მისი აღრიცხვა არ დება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოში არსებობს მოსახლეობა, რომელსაც ევრაზიული კავშირის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიები აქვს. მათი რაოდენობა ხან იკლებს და ხან მატულობს, მაგრამ მუდმივად მოსახლეობის 20-30%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს ამორჩეველი ისევ აქ არის, არსად წასულა. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პრორუსული პარტიების ბლოკი ან რომელიმე კონკრეტული პარტია შეიძლება პარლამენტში უპრობლემოდ მოხვდეს. მათი პარლამენტში ყოფნა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე შეიძლება ვერ აისახოს ისე, როგორც ეს რუსეთის ხელისუფლებას უნდა: ისინი ვერასოდეს მოაგროვებენ უმრავლესობას და ვერ შექმნიან ისეთ ძალას, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენის მოხდენას შეძლებს: საქართველოში არსებული პარტიების დიდი ნაწილი პროდასავლურ კურსს ემხრობა. თუმცა, ამ ძალების შესვლა პარლამენტში და იქ პრორუსული მესიჯების გახმოვანება, პრორუსული ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აქამდე ჩვენ პარლამენტში პრორუსული ძალა არ გვყავდა. ცალკეული პოლიტიკოსები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ერთიანი ძალა არ ყოფილა. ახლა შესაძლოა ეს ვარიანტი გამოვიდეს. ისინი ეცდებიან, რომ უფრო მეტი კონსოლიდაცია მოახდინონ პრორუსული ძალების და შემდეგი არჩევნებისთვის კარგად მოემზადონ."
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ლაშა ძებისაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური კურსი დიდწილად გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც იქნება დამოკიდებული: "გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ახლა იქმნება, საქართველოსთვის ძალიან ცუდია. რუსეთი, არაერთი დარტყმის და სანქციის მიუხედავად, მაინც ღიად იკავებს ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ პოზიციას. რთული ვითარება აქვს ჩვენს ორ ყველაზე ძლიერ მოკავშირეს: ევროკავშირს და აშშ-ს. ევროკავშირში იშლება პოლიტიკური ერთიანობის სისტემა: BREXIT-ი სწორედ ამ დაშლის შედეგი და კატალიზატორია. არის მოლოდინი, რომ შეიცვლება ევროკავშირის დამოკიდებულება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ და მას სანქციებს მოუხსნიან ან შეურბილებენ. გარდა ამისა, ვხედავთ რა ხდება საფრანგეთში - ნიკოლა სარკოზის და მარი ლეპენის პარტიის წევრები ყირიმში ჩავიდნენ, რაც უკრაინასთან მიმართებაში პოლიტიკური დემარშია. ასეთივეა გერმანიის პოლიტიკა. აღარაფერს ვამბობ იტალიაზე, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებშიც კი მასთან სამხედრო აღჭურვილობით ვაჭრობას განაგრძობს.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში კი შესაძლოა, ტრამპმა გაიმარჯვოს. ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხი საერთოდ მოიხსნება. გარდა ამისა, გაურესდა ნატო-ს და ევროკავშირის ურთიერთობა თურქეთთან. თურქულმა მხარემ უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირთან მისი ადრინდელი შეთანხმება ლტოლვილების თაობაზე, გაუქმებულია. დღეს თურქეთმა საზღვრიდან უკვე მოხსნა ის მესაზღვრეები, რომლებსაც ლტოლვილების ნაკადი უნდა გაეკონტროლებინათ. ეს ნიშნავს, რომ თურქეთმა ლტოლვილებისთვის საზღვარი გახსნა, რაც დამატებითი დაპირისპირებაა ევროკავშირთან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთი აშშ-ს ღიად დაუპირისპირდა და ინჯირლიკის ბაზა ახლა პრაქტიკულად გარკვეული თურქული სტრუქტურების ალყაშია. თურქეთი ავტორიტარული დიქტატურისკენ მიექანება, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდია. როგორც წესი, დიქტატორები და ავტოკრატები ძალიან კარგად უგებენ და ურიგდებიან ერთმანეთს. ასეთ პირობებში ძალიან დიდი შანსია იმის, რომ ჩვენი ორი მეზობელი და უდიდესი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანა - რუსეთი და თურქეთი ჩვენს ხარჯზე გაურიგდნენ ერთმანეთს.
ამ ფონზე, შესაძლოა, ხელისუფლებაში მყოფმა და მკვეთრი პროდასავლური ღირებულებების არმქონე პოლიტიკურმა ძალამ ჩათვალოს, რომ უფრო რაციონალური იქნება ისეთი კურსი დაიჭიროს, რომ რუსეთის ანტიქართული პოლიტიკა შეასუსტოს. ასეთი პოლიტიკის შედეგი იქნება არა საქართველოს გაძლიერება, არამედ მისი საბოლოო გადასვლა რუსეთის ორბიტაზე და ამ პოლიტიკამ ( რომელიც უკვე ჩანს, ამის მაგალითია მედია და შესუსტებული ანტირუსული რიტორიკა - ლ. ძ.) შესაძლოა პრორუსული ელექტორატი მიიზიდოს. რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის განწყობას თუ გავითვალისწინებთ, პრორუსული ელექტორატის რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს სოციოლოგიურ გამოკითხვებში ჩანს. ჩემი აზრით, პრორუსულად განწყობილი ხალხის რაოდენობა მოსახლეობის 30%-ს აღემატება. უბრალოდ, პოლიტიკური კონიუნქტურის და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მათ პოლიტიკური გემოვნების ღიად გამოვლენა ეუხერხულებათ. საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ყველაზე კარგი გზა მათთვის არჩევნებია. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ხალხმა ისევ "ქართული ოცნება" აირჩიოს, რადგან 1-2 თვის წინ შექმნილი პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით, მას უფრო სწრაფად შეუძლია ფართომასშტაბიანი პრორუსული პოლიტიკის გატარება. რაც შეეხება კურსს, ჩემი აზრით ის არ იქნება ღიად პრორუსული. დასავლეთთან მიმართებაში ურთიერთობა შენელდება, სამაგიეროდ რუსეთისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების ინტენსიფიკაცია მოხდება, მაგრამ დაფარულ კონტექსტში: დღის წესრიგში ეს საკითხები არსად გამოჩნდება".
მანანა ვარდიაშვილი