მიწის კონსოლიდაცია და მიწის ბანკი - მიწის გამსხვილების ინსტრუმენტი
(მიწის რეფორმის საკითხებზე სტატიათა ციკლის გაგრძელება. იხილეთ პირველი მასალა ბმულზე)
აღმოსავლეთ და ცენტრალური ქვეყნების გამოცდილებამ დაადასტურა, რომ მხოლოდ მიწის კონსოლიდაცია ვერ იქნება ეფექტიანი ინსტრუმენტი მიწის სტრუქტურულ პრობლემებთან გასამკლავებლად. FAO-ს მიერ რეკომენდირებულია სახელმწიფო მიწების ჩართვა, მიწის მობილობის ზრდა, კანონმდებლობის და რეგისტრაციის პრობლემების მოგვარება, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ჩართული მხარეების სრული ინფორმირება.
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია როგორც მიწის კონსოლიდაციის წარმატებული მაგალითების განხილვა, ასევე ნაკლებ წარამტებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რათა პროცესში დაშვებული შეცდომების გაანალიზება მოხდეს. თითოეული ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებები მიწის რეფორმის, კონსოლიდაციის და მიწის ბანკინგის მიმართულებით დეტალურად შესწავლილია მორტენ ჰარტვიგსენის ნაშრომში. ("LAND REFORM AND LAND CONSOLIDATION IN CENTRAL AND EASTERN EUROPE AFTER 1989" (2015)). წინამდებარე ნაშრომში რამდენიმე მაგალითის განხილვა მნიშვნელოვანია პროექტების კონტექსტის უკეთ გასაგებად. CEE ქვეყნების ორი ძირითად ჯგუფის ( პირველი - ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მიწის კონსოლიდაციის პროგრამები და მეორე - ქვეყნები, რომლებმაც გარკვეული ღონისძიებები გაატარეს, თუმცა პროგრამა სრული სახით ჯერ შემუშავებული არ აქვთ) კონსოლიდაციის პროექტებიდან მიღებული გამოცდილებაა გაზიარებული.
მიწის კონსოლიდაციის გეგმის მქონე ქვეყნებისათვის (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, ლიტვა, სლოვენია და გერმანია) კონსოლიდაციის მიმართულებით ქვეყნების გააქტიურების ძირითადი მოტივი მიწის სტრუქტურის შეცვლა და ფერმების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო. ასევე, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ საბაზრო ძალებით მიწა ვერ გამსხვილდა და საჭირო გახდა ინტერვენცია, ხოლო ქვეყნების ნაწილი (ჩეხეთი, სლოვაკეთი, გერმანია) უფრო მეტად კონცენტრირებული იყო მიწის მფლობელობის პრობლემებზე და მიწის მართვის სისტემის შემუშავებაზე (კადასტრი და მიწის რეგისტრაცია). მიზნებიდან გამომდინარე, ჩეხეთში მიწის კონსოლიდაციისთვის გამოყოფილი სახსრების ნახევარი მიწის მოკვლევასა და რეგისტრაციაზე დაიხარჯა. მიწის პრობლემების გარდა კონსოლიდაციის პროექტები მიმართული იყო ბუნების დაცვას, გარემოსა და ლანდშაფტის გაუმჯობესებაზე და ადგილობრივ განვითარებაზე (მაგალითად, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების მოწყობა.) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში პრობლემაა როგორც მიწის ფრაგმენტაცია, ასევე ფერმების მცირე ზომა. მიწის პროგრამებს პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და სერბეთში აქვთ ფერმების ზომის გამსხვილების პოტენციალი. ლიტვაში კონსოლიდაციის პროექტის ფარგლებში წახალისებულია მიწის ყიდვა-გაყიდვა, რადგან აქ ერთ-ერთი მთავარი მიზანი მიწების გამსხვილებაა.
ასევე საინტერესოა ფაქტი, რომ მიწის კონსოლიდაციის მქონე შვიდივე ქვეყანაში კონსოლიდაციის პროექტებზე ძირითად პასუხისმგებელ ორგანოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები წარმოადგენენ და კონსოლიდაციის ინსტრუმენტები ძირითადად სოფლის განვითარების სტრატეგიებსა და პროგრამებშია ჩართული.
CEE რეგიონში მიწის კონსოლიდაციის პროგრამის არმქონე ქვეყნებში მიწის კონსოლიდაციის ინსტრუმენტი ძირითადად სოფლებში საპილოტე პროგრამების განხორციელება იყო. საწყის ეტაპზე ქვეყნების უმრავლესობამ ნებაყოფლობითი მიდგომა გამოიყენა. ამის მიზეზი პირველ რიგში ის იყო რომ, სავალდებულო მიდგომის დროს აუცილებელია კანონმდებლობა დახვეწილი და ნებისმიერი მხარის უფლება-მოვალეობები დეტალურად გაწერილი იყოს. ასევე, საპილოტე პროგრამები ძირითადად 1990-იან და 2000-იან წლების დასაწყისში დაინერგა, როდესაც მოსახლეობაში მიწების დაკარგვის შიში მაღალი იყო. ამიტომ პრიორიტეტი ნებაყოფლობით პროექტებს მიენიჭა.
სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ პირდაპირი გზა პირველი საპილოტე პროექტიდან ფუნქციონალურ პროგრამამდე ერთგვაროვანი არ არის. სხვადასხვა ქვეყანაში საპილოტე პროგრამებს განსხვავებული შედეგები ჰქონდა. საპილოტე პროექტებმა ალბანეთში, სომხეთსა და მოდლოვაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. რაც იმედის მომცემია, რომ კონსოლიდაციის პროგრამა სწორად დადგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში მიწების გაერთანება-გამსხვილებას ხელს შეუწყობს.
კონსოლიდაციის პროგრამის მქონე ქვეყნების მსგავსად იმ ქვეყნებში სადაც მიწის რეგისტრაცია ართულებს მიწის ბაზრის განვითარებას, მიწის კონსოლიდაციის პროგრამები შეიცავს მიწის რეგისტრაციის პრობლემების გადაჭრის გზებსაც. ასეა, მაგალითად, ალბანეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას და ხორვატიის შემთხვევაში.
ქვემოთ განხილულია სხვადასხვა ქვეყნის მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტებიდან მიღებული საინტერესო გამოცდილება.
რუმინეთი
რუმინეთშიც მიწის რეფორმის შემდეგ ძირითადად მცირე მეურნეობები ჩამოყალიბდა. თითო მეურნეობა საშუალოდ 2,3 ჰა. მიწით და თითო ნაკვეთის საშუალო ფართობით 0,5 ჰა. რუმინეთში დანაწევრებული იყო როგორც მიწის მფლობელობა, ასევე მისი გამოყენება. GIZ-ის დაფინანსებით საპილოტე პროგრამა ორ სოფელში ჩატარდა. შემდეგ 2005-2006 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით მიწების გამსხვილება-გაერთიანების პოლიტიკის შემუშავებისათვის კიდევ სამ დასახლებაში ჩატარდა ნებაყოფლობითი საპილოტე პროგრამა. 833 მიწის მფლობელი გამოიკითხა მათი ინტერესების დასადგენად, რომელთაგან 59% მზად იყო მიწის გაცვლაში მონაწილეობა მიეღო. თუმცა პროექტის დრო მცირე აღმოჩნდა მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებისა და გაცვლის წარმატებით განხორციელებისათვის. 2014-2020 წლების სოფლის განვითარების სტრატეგიაში განხილულია მიწის კონსოლიდაციის პროგრამის დაფინანსება. სახელწიფოს მფლობელობაში კვლავ რჩება სასოფლო სამეურნეო მიწის 12%. 2011-2012 წლებში ჰოლანდიელების მიერ ჩატარებული კვლევა რეკომენდაციას უწევს შექმნან მიწის ბანკი, რათა მიწის კონსოლიდაციის პროგრამა უფრო ეფექტიანი იყოს.
ბულგარეთი
ბულგარეთშიც მიუხედავად იმისა, რომ მიწის რეფორმით სახელმწიფო მიწები ისტორიულ მფობელებს დაუბრუნდა მიწა მაინც დანაწევრდა. 1991 წელს თითო ნაკვეთის საშუალო ფართობი 0,4-0,5 ჰა. იყო. 2003-2005 წლებში ჰოლანდიელების დახმარებით ნებაყოფლობითი საპილოტე პროგრამა ორ სოფელში განხორციელდა. პირველ სოფელში ფერმერთა 94%-მა გამოთქვა პროექტში მონაწილეობის სურვილი და პროგრამის დასრულების შემდეგ ნაკვეთის საშუალო ზომა ამ სოფელში 1,53 ჰა.-დან 2,66 ჰა.-მდე გაიზარდა. ხოლო მეორე სოფელში პროექტით დათვლილ მიწის ფასებს (ნაკვეთები მდებარეობის, ნაყოფიერების და სარწყავ არხთან სიახლოვს მიხედვით შეფასდა) არ დაეთანხმნენ ფერმერები და გაცვლაც ვერ განხორციელდა. 2009-2010 წლებში ახალი საპილოტე პროგრამა დაინერგა, რომელიც ყოვლისმომცველი იყო სამი სოფლისათვის (village of Katunets, Lovetch region). პროექტის ფარგლებში მიწის კონსოლიდაციასთან ერთად 14 კმ სასოფლო გზა გაიყვანეს, 50 ჰა. საირიგაციო სისტემის მოეწყო, 28 კმ. ტურისტული ბილიკი და ტყის ზოლების გაშენდა. ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდა. ნაკვეთების ზომა თითქმის გასამმაგდა (0,77 ჰა.-დან 1,90 ჰა.-მდე). ბოლო წლებში კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება როგორც კერძო ინვესტორების მიერ, ასევე სხვადასხვა ფონდების დაფინანსებით. ჰარტვიგსენის შეფასებით ბულგარეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ფერმების გადანაწილების პროცესში ჩასართავად საჭიროა სულ მცირე მათთვის მონაწილეობის ხარჯების დაფარვა. მათი მონაწილეობა კი ძირითადად მსხვილ ფერმებთან ან ინვესტორებთან მიწების გაცვლით ან გაცვლით შემოიფარგლება.
ალბანეთი
ალბანეთში მიწის სტრუქტურული პრობლემების დასაძლევად საერთაშორისო დაფინანსებით ორი პროექტი მოქმედებდა. 2001-2004 წლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 4 მუნიციპალიტეტში (Fiershegan, Frakulla, Suc and Pojan) საპილოტე პროექტები განხორციელდა, რომლის ფარგლებში ჯამში 189 მიწის ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან 146 ყიდვა-გაყიდვა. ჰარტვიგსენის მოსაზრებით ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას ხელი შეუშალა მიწის კონსოლიდაციის კანონმდებლობის არარსებობამ, მიწის გადაცემისას მაღალმა გადასახადებმა და მიწის რეგისტრაციის პრობლემებმა. 2010-2013 წელს FAO დაეხმარა ალბანეთს მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიისათვის მოსამზადებელ სამუშაოებსა და საპილოტე პროექტებში. საპილოტე პროექტი განხორციელდა ტერბუფის მუნიციპალიტეტში. FAO-ს პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგები და მიწის კონსოლიდაციის სტრატეგიის პირველადი ვერსია შემუშავდა.
საპილოტე პროექტი მოიცავდა 715 მიწის მფლობელს 4 248 მიწის ნაკვეთით. ყველა სახეზე მყოფი მფლობელი გამოიკითხა მათი წარმოების და ინტერესების შესახებ საპილოტე პროექტის ფარგლებში. გამოკითხულთა 84%-მა პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. მიწის საკითხებში ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით შედგა მიწის გადანაწილების გეგმა. ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან მოლაპარაკებების შედეგად 150 მიწის მფლობელმა იპოვა გამოსავალი. ბოლო ეტაპზე გადანაწილებული მიწები (35 მიწის ნაკვეთი) ალბანეთის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირდა. საბოლოოდ პროექტს განსაკუთრებული მასშტაბის წარმატებისათვის არ მიუღწევია ძირითადად რეგისტრაციის რთული პროცედურების და ტრანზაქციის ხარჯების გამო. კონსოლიდაციის პროგრამის წარმატება კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება მიწის რეგისტრაციის და კანონმდებლობის გამარტივებამდე. გარდა ამისა, პოლიტიკური ძალების ცვლილების შედეგად კონსოლიდაციის პროგრამის დანერგვა მომავალში საეჭვოა.
მოლდოვა
მას შემდეგ რაც მოლდოვამ გააცნობიერა მცირე და დანაწევრებული ფერმების პრობლემები, 2004 წელს არსებულ სიტუაციასთან გამკლავებისთვის მსოფლიო ბანკს მიმართა. რის შედეგადაც 6 სოფელში (2009 წელს კი დამატებით 40 სოფელში) საპილოტე პროგრამა გაიმართა. პროექტის პროცედურები და თანმიმდევრობა იგივეა რაც ალბანეთის შემთხვევაში. პროექტები დაეფუძნა ნებაყოფლობით, საბაზრო მიდგომას. იგი ასევე სოფლების განვითარების საჭიროებებს მოიცავდა. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკი ასახავს თუ როგორ შეიცვალა ვითარება ერთ-ერთ სოფელში საპილოტე პროგრამის განხორციელების შედეგად.
2011 წელს მსოფლიო ბანკის დახმარებით მოლდოვაში განხორციელებული პროექტების შედეგების მრავალდისციპლინარული შეფასება ჩატარდა (“Impact assessment of the land re-parceling pilot project”), რაც მოიცავდა მიწათმფლობელობის, ეკონომიკურ, გარემო და სოციალური გავლენის შეფასებას. საპროექტო 6 სოფელი შეადარეს საპირწონე 3 სოფელს. ყველა კომპონენტის მიხედვით იმ სოფლებში სადაც მიწის კონსოლიდაციის გეგმები განხორციელდა უკეთესი მდგომარეობა იყო.
გრაფიკი1: ბოლდურეშტის მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტი.
2014-2020 წლების მოლდოვის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამოქმედო გეგმით მიწის კონსოლიდაციის მთავარი მიზანი იქნება ფერმების სტრუქტურის გაუმჯობესება მათთვის ფრაგმენტაციის შემცირების და ზომის ზრდის შესაძლებლობების შეთავაზებით.
აღსანიშნავია, რომ 46 სოფელში პროექტები განხცორციელდა მიწის კონსოლიდაციისთვის სპეციალური კანონმდებლობის შემუშავების გარეშე. 1990 წელს მოლდოვაში თითქმის მთელი სასოფლო-სამეურნეო მიწა გასხვისდა. ასევე, მიწის მფლობელთა უმეტესობა დაინტერესებული იყო მიწის გაყიდვით, რამაც ხელი შეუწყო საპილოტე პროექტების წარმატებას. შესაბამისად, მიწის ბანკი მოლდოვის რეალობაში შესაძლოა საჭირო აღარ იყოს.
სომხეთი
მიწის რეფორმის შემდეგ სომხეთში დანაწევრებული მცირე მეურნეობები ჩამოყალიბდა - საშუალოდ 1,21 ჰა მიწის მფლობელობით, თითო ნაკვეთის საშუალო ფართობით 0,3 ჰა. მსხვილი მეურნეობები მცირე რაოდენობით მაინც შენარჩუნდა, რომლებიც ძირითადად ნაქირავებ მიწას იყენებენ. დღეს კი მიწის დანაწევრება მემკვიდრეობით მიწის განაწილების გამო შესაძლოა უფრო მეტიც იყოს.
2000 წლების დასაწყისში FAO დაეხმარა სომხეთს სოფელ ერზნკაში საპილოტე პროგრამის მომზადებაში. მიწის მფლობელებთან და ფერმერებთან მოლაპარაკების წარმოების შედეგად სოფელში 162 მიწის ნაკვეთ შემცირდა 67-მდე. მიწის ნაკვეთების საშუალო ფართობი გაიზარდა 0,47 ჰა-დან 1,25 ჰა.-მდე და თითო მეურნეობის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი გაორმაგდა (1,25 ჰა.-დან 2,5 ჰა,-მდე). ასევე, მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული მიწა გაიყიდა კერძო პირებზე პროექტის ფარგლებში. FAO-ს პროექტის ფარგლებში შემუშავდა მიწის კონსოლიდაციის სტრატეგია, რომელზე დაყრდნობითაც და საპილოტე პროგრამის გამოცდილების გათვალისწინებით 2011 წელს შეიმუშავეს მეურნეობების განვითარების კონცეფცია. თუმცა ფინანსების ნაკლებობის გამო ჯერჯერობით მიწის კონსოლიდაციის პროექტები არ შემუშავებულა. 1990 წელს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მიწა თავისუფალი განკარგვის უფლებით გადაეცა მუნიციპალიტეტებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში კი მუნიციპალური მიწის გასხვისებამ ხელი შეუწყო მიწის კონსოლიდაციის პროექტის წარმატებით განხორციელებას.
საქართველო
2001 წელს სომხეთის მსგავსად FAO-მ საქართველოშიც ჩაატარა წინასწარი კვლევა საქართველოში რათა დაედგინათ კონსოლიდაციის პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა. კვლევის მიზანი იყო მოემზადებინა შესაბამისი პროექტი საქართველოსათვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნა პროექტის განხორციელებაზე არ დაფიქსირებულა. მიმდინარე პერიოდამდე, მიწის კონსოლიდაციაზე პოლიტიკური ინტერესი არ გამოთქმულა.
საქართველოს მიწის სტრუქტურის, მიწის რეფორმის და მიმდინარე პრობლემების შესახებ იხილეთ ბმული.
მიწის ბანკი
CEE (ცენტრალური და აღოსავლეთ ევროპის)ქვეყნების პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ცალკე აღებული მიწების კონსოლიდაცია ეფექტიანი არ არის. იმ ქვეყნებში სადაც პროექტებში ჩართული იყო სახელმწიფო მიწების გამსხვილების კუთხით უკეთესი შედეგები დაფიქსირდა. შესაბამისად, FAO რეკომენდაციას უწევს ქვეყნებს მიწის ბანკის პრაქტიკა გამოიყენონ. ჰარტვიგსენის თქმით, მიწის ბანკინგი რეკომენდირებულია დასავლეთ ევროპის მიწის კონსოლოდირების ექსპერტების მიერ CEE ქვეყნებში. ამ თემის პოპულარიზაციას FAO-ს და LANDNET-ის არაერთი საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა. მიუხედავად ამისა, მიწის ბანკინგი CEE ქვეყნებში ჯერჯერობით ფართოდ არაა გავრცელებული.
ჰარტვიგსენის (2015) კვლევამ აჩვენა, რომ კონსოლიდაციის პროგრამის მქონე ქვეყნებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით სახელმწიფო მიწები პროგრამებში არ იყო ჩართული. სახელმწიფო მიწა პროექტებში წარმოდგენილი იყო, როგორც კერძო მიწა და ისიც ექვემდებარებოდა გაერთიანებას. FAO-ს კვლევის მიხედვით, სახელმწიფო მიწების ჩართვა მიწის ბანკის სახით მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ნებაყოფლობითი მიდგომის გამოყენებისას, რადგან ეს გაზრდიდა მიწის მობილობას და შესაბამისად შანსებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდებოდა. თუმცა CEE ქვეყნებში მიწის კონსოლიდაციისა და მიწის ბანკების სინერგიის პრაქტიკა ნაკლებადაა გავრცელებული მიმდინარე ეტაპისათვის. ორივე ინსტრუმენტის ერთდროულ გამოუყენებლობის მიზეზად ჰარტვიგსენი ასახელებს სახელმწიფოს მხრიდან მიწის მენეჯმენტის სირთულეებს. ხშირად კონსოლიდაციის პროექტებში ჩართულია არაერთი საჯარო დაწესებულება და მათი კოორდინაცია რთულია. მაშინ როცა მიწის კონსოლიდაციის სააგენტოს ინტერესია მიწის გასხვისება, ეს შესაძლოა არ იყოს პრიორიტეტული მიწის ფონდისთვის, რომელსაც ურჩევნია მიწას თავად ფლობდეს ან/და აქირავებდეს. ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით სახელმწიფო მიწის გასხვისება მხოლოდ ღია აუქციონებზეა შესაძლებელი. ასეთ შემთხვევებში მიწის გაყიდვა კონსოლიდაციის პროექტის ფარგლებში შესაძლოა რთული იყოს.
მიუხედავად სირთულეებისა, პოლონეთმა და გერმანიამ მიწის კონსოლიდაციის პროექტებში სახელმწიფო მიწაც ჩართეს. ამ ქვეყნებში სახელმწიფო მიწა გაყიდეს საბაზრო ფასებთან შედარებით დაბალ ფასად, რათა ბიძგი მიეცათ მიწის მობილობისთვის და ფერმერებისთვის დამატებითი მიწის შეძენის სტიმული მიეცათ.
რუმინეთში სახელწიფოს მფლობელობაში კვლავ რჩება სასოფლო სამეურნეო მიწის 12% (1,6 ჰა.) 2011-2012 წლებში ჰოლანდიელების მიერ ჩატარებული კვლევა უნგრელებს რეკომენდაციას უწევს შექმნან მიწის ბანკი, რათა მიწის კონსოლიდაციის პროგრამა უფრო ეფექტიანი იყოს.
მიწის პროგრამის არმქონე ქვეყნებს შორის უნგრეთმა, ხორვატიამ და უკრაინამ მიწის ბანკის ჩამოყალიბებისაკენ გადადგეს ნაბიჯები.
უნგრეთში მიწის ეროვნული ფონდი დაარსდა 2002 წელს მიწის კონსოლიდაციის ღონისძიებების განხორციელებისათვის. ამ ეტაპზე მიწის ფონდი მიზნად ისახავს მიწის სტრუქტურის ცვლილებას ორმხრივი შეთანხმებების მიღწევის საშუალებით მიწის მფლობელებსა და ფერმერებს შორის.
ხორვატიაში სასოფლო-სამეურნეო მიწის სააგენტო 2008 წელს დაარსდა. სააგენტო მიწას ლიზინგით გასცემს კერძო და კორპორატიულ ფერმებზე. ასევე სააგენტოს აქვს უფლებამოსილება კერძო მფლობელისაგან გამოისყიდოს მიწა. მოსალოდნელია რომ მიწის სააგენტო შეიძენს მიწის ბანკის ფუნქციებს მომავალი კონსოლიდაციის პროექტებში. უკრაინაში სახელმწიფო მიწის ბანკი 2012 გაიხსნა თუმცა ხელისუფლების ცვლილების და არამდგრადი მდგომარეობის გამო კვლავ დაიხურა 2014 წელს.
ხოლო ბოსნია-ჰერცოგოვინაში განხორციელებულმა საპილოტე პროექტმა, ჰარტვიგსენის მოსაზრებით, გამოავლინა, რომ სახელმწიფო მიწების გამოყენებით შესაძლებელია მიწის მობილობის ზრდა, იმ შემთხვევაშიც თუ სახელწიფო მიწის გაყიდვა შეუძლებელია.
იმისათვის, რომ კონსოლიდაციის პროექტები ნორმალურად განხორციელდეს და მხარეებს ჩართულობის სურვილი გაუჩნდეთ აუცილებელია გამჭვირვალობა და ბაზრის პრინციპებზე დამყარებული გაცვლების წახალისება, რაც ხელს შეუწყობდა მიწის სტრუქტურის ცვლილებას. ამ კუთხით, მიწის კონსოლიდაცია შესაძლოა მიწის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად ჩაითვალოს და არა მიწის ბაზრის შემცვლელად.
მომავალ ეტაპზე დაინტერესების შემთხვევაში საქართველოს რეალობასთან პარალელის გასავლებად და მიწის კონსოლიდაციის შესაბამისი ინსტრუმენტის მისაღებად დეტალური, ყოვლისმომცველი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ავტორი: მარიამ ლუკაშვილი (ISET-ის მაგისტრი)
გამოყენებული ლიტერატურა:
Egiashvili, D. (2005): Aspects of land consolidation in Georgia. Paper for FAO regional land consolidation workshop in Prague.
Hartvigsen, M. (2015a): Experiences with land consolidation and land banking in Central and Eastern Europe after 1989. FAO Land Tenure Working Paper 26.
Hartvigsen, M. (2015b): Land Reform and Land Consolidation in Central and Eastern Europe after 1989 – Experiences and Perspectives. Ph.D. Thesis. Aalborg University.
Hartvigsen, M. (2016): Land Consolidation in Central and Eastern Europe - integration with local rural development needs. Paper prepared for presentation at the “2016 WORLD BANK CONFERENCE ON LAND AND POVERTY” The World Bank - Washington DC, March 14-18, 2016
Müller, W. et al. (2001): Strategy for land consolidation and improved land management in Georgia – Pre-feasibility study. FAO.