მდგრადი თავდაცვა - პრაქტიკული ნაბიჯი რუსული პროპაგანდის საპასუხოდ
ნატო-ს გაფართოების ნებისმიერ ტალღას ტრადიციულად, წინ უსწრებდა და შემდეგ თან სდევდა მკვეთრი რუსული საპასუხო ნაბიჯების (პირველ რიგში, სამხედრო) გადადგმის მუქარა. როგორც აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბლოკის, ასევე ბალტიის ქვეყნების მიმართ და, განსაკუთრებით, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში, აქტიურად გაისმოდა ნეიტრალიტეტის, ანუ იგივე ნატო-სთან არმიერთების აღიარების აუცილებლობა სამომავლო მშვიდობისა და უსაფრთხოების არქიტექტურის სტაბილურობის შენარჩუნების სანაცვლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი ჯგუფის ქვეყნებისთვის რუსული მუქარა ფუჭი აღმოჩნდა, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში, რუსულ პროპაგანდას აქტიური სამხედრო მოქმედებებიც დაემატა და შეიქმნა ერთგვარი პატური სიტუაცია, სადაც დასავლეთი ბოლომდე გაბედულად და ერთიანი ფრონტით ვერ მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთი, ჯერჯერობით, ვერ ბედავს უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას დასავლური სანქციების დამატებით გამკაცრებისა და ურთიერთობების გაწყვეტის შიშით.
ასეთ ვითარებაში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზემოქმედების უფრო რბილ ფორმებს და საინფორმაციო ზემოქმედებას როგორც პოტენციურ მსხვერპლ-სახელმწიფოებსა და მათ შიგნით სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ასევე, რასაკვირველია, საერთაშორისო საზოგადოების სხვადასხვა წრეებსა და ე.წ. ‘opinion maker’-ებზე.
2008 წლის ომის შემდეგ რუსული საინფორმაციო პოლიტიკა განსაკუთრებით დაიხვეწა და მრავალწახნაგოვანი გახდა. ერთის მხრივ, ის მკაფიო მესიჯებს უგზავნის ქართულ საზოგადოებას, რომ სწორედ ნატო-ში გაწევრიანების კურსის გაგრძელება (და არა გაწევრიანება საკუთრივ) გამოიწვევს ვითარების რადიკალურად დაძაბვას საომარი ვითარების განახლების დიდი ალბათობით, სადაც ნათელი იქნებოდა ქართული მხარის დამარცხების პერსპექტივა. სწორედ ამ ჩარჩოებში ჯდებოდა რუსეთის გენშტაბის სამხედრო ე.წ. "გერასიმოვის დოქტრინით" გათვალისწინებული პრევენტიული ზომების (მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების) განხორციელების შესაძლებლობა და აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებული ბაზების საგრძნობი გაძლიერება პირადი შემადგენლობით და საბრძოლო ტექნიკით.
მეორეს მხრივ, საერთაშორისო დონეზე, გავლენიან საინფორმაციო საშუალებებში, არაერთი მასალა დაიბეჭდა, სადაც ხაზი გაესვა რუსეთთან დათმობებზე წასვლის აუცილებლობას. აკადემიური წრეებიდან ამ პოზიციის ყველაზე სახელოვანი წარმომადგენლები არიან ნეორეალიზმის თეორიის გურუები Stephen Walt (Foreign Policy, Feb. 2015) და John Mearsheimer (Foreign Affairs, Sept/Oct 2014), რომლებიც ნატო-ს და ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებაში ხედავენ კრიზისის საფუძვლებს. ხოლო think-tank-ების ბანაკიდან საკმაო გამოხმაურება მოიპოვა ამ მხრივ Michael O’Hanlon-ის სტატიამ (Wall Street Journal, Feb.26, 2017), სადაც ის პირდაპირ მოითხოვდა რუსეთის გარშემო პერმანენტული ნეიტრალური, იგივე ბუფერული ზონის შექმნას, რომლის შემადგენლობაში როგორც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ასევე ფინეთი და შვედეთიც კი განიხილებოდა.
რუსული არგუმენტების გამართლების პოლიტიკურ-თეორიულ განზომილებას აკლია როგორც პოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი, ასევე ღირებულებრივი საფუძვლები და, რეალობაში, სხვა არაფერია, თუ არა ცალმხრივ უკანდახევა და „დაშოშმინების“ მცდელობა.
ამ პოზიციის სისუსტეების მხილება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს: სამხედრო არგუმენტებისგან განსხვავებით, რომელთა მიხედვით, საქართველო ისედაც ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს რუსულ სამხედრო მანქანას, ხოლო ნატო-ს დახმარება დაგვიანებული იქნება და ამ გადმოსახედიდან ბირთვულ რუსეთთან ვითარების რადიკალურ დაძაბვას აზრი ეკარგება.
საკითხის ამგვარად დასმას, მართლაც, აქვს თავისი გამართლება. ერთი შეხედვით, რა აზრი აქვს ნატო-სთვის ისეთი ქვეყნის გაწევრიანების გზაზე დაყენებას, რომლის უსაფრთხოებას ალიანსი ვერ ახერხებს, საკუთრივ ქვეყნის შიგნით თავდაცვის რესურსები კი იმდენად შეზღუდულია, რომ ეფექტური თავდაცვის ორგანიზება მხოლოდ შორეულ მომავალში თუ იქნება შესაძლებელი? ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია 2008 წლიდან რუსეთში განხორციელებული სამხედრო რეფორმების და გადაიარაღების პროცესი, რომელმაც ხარისხობრივად აამაღლა რუსული ჯარის საბრძოლო შესაძლებლობები და, საქართველოსთან მიმართებაში, კიდევ უფრო გაზარდა სამხედრო უპირატესობის ხარისხი. მე-4 და მე-7 ბაზებზე (ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში) განლაგებული ქვედანაყოფები საქართველოს წინააღმდეგ მომართული შუბის მხოლოდ წვეთს წარმოადგენენ და ქართულ ბრიგადებთან შედარებით გაცილებით მეტ საცეცხლე ძალასა და მხარდაჭერის ელემენტებს ფლობენ.
ვითარების ესკალაციისა და საომარ ვითარებაში გადაზრდის შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მათთვის მეტად არასახარბიელო პირობებში მოუწევთ ბრძოლა არა მხოლოდ უფრო მრავალრიცხოვან მტერთან, არამედ გაცილებით ძლიერ ქვედანაყოფებთან, რომელთაც, თითქმის, ყველა საბრძოლო მხარდაჭერის კომპონენტში უპირატესობა გააჩნიათ, მათ შორის, საჰაერო კონტროლის, რადიოელექტრონული ბრძოლისა და სადესანტო ოპერაციების თვალსაზრისით.
მსგავსი დილემა გააჩნია ასევე ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგზე მდებარე წევრ-სახელმწიფოებს და, განსაკუთრებით, ბალტიის ქვეყნებს. ანალიტიკურ ცენტრ RAND-ის მიერ ჩატარებულმა მრავალმა სიმულაციამ და საბრძოლო „გეიმინგმა“ პირდაპირ აჩვენა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში საბრძოლო ქვედანაყოფების რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზრდის სასწრაფო აუცილებლობა პოტენციური რუსული შეტევის მოსაგერიებლად. ამის საფუძველზე ალიანსმა შეიმუშავა აღმოსავლეთის ფლანგის გასაძლიერებლად გარკვეული რაოდენობის და შესაძლებლობების მქონე ქვედანაყოფების გადასროლის ვარიანტი (გადაისროლა 4 საბრძოლო დაჯგუფება-გაძლიერებული ბატალიონები).
მიუხედავად ამისა, რუსულ ძალებს მაინც გააჩნიათ ოპერატიული უპირატესობა - ისინი რეგიონში განლაგებული ნატო-ს ძალების განადგურებას მანამდე შეძლებენ, სანამ ალიანსის ძირითადი საბრძოლო მასა მოახერხებს ჩამოსვლასა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას. სწორედ ამიტომ ჩნდება, გარკვეულწილად, მიამიტური, მაგრამ ამავდროულად ლოგიკური კითხვა: რა დრო სჭირდება ნატო-ს, რომ დაეხმაროს და გადაარჩინოს რუსეთის თავდასხმის მსხვერპლი ქვეყანა? ეს კითხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნებისთვის, არამედ, და განსაკუთრებით, მათთვისაც, ვინც, მიუხედავად რუსეთის მკვახე ოპოზიციისა, ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის.
ნატო-ს აღმოსავლეთის ფლანგისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული რაოდენობის საბრძოლო დაჯგუფებები განლაგდა,საქართველოს ამგვარი მხარდაჭერის ფუფუნება, სამწუხაროდ, არ გააჩნია.შესაბამისად, გაცილებით მეტი სიმწვავით ჩნდება კითხვა, თუ როგორ და რითი აპირებს საქართველო მოსალოდნელი რუსული შემოტევის პირობებში იმდენი დროის მოგებას, რომ საშუალება მისცეს ალიანსს და საერთაშორისო საზოგადოებას,ჩაერთონ კონფლიქტში და შეაჩერონ რუსეთი.
რუსეთი კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ფაქტების შექმნისა და დასავლეთისთვის შეცვლილი სურათის თავის სასარგებლოდ სწრაფად წარდგენის დიდოსტატია. საქართველოს შემთხვევაში, ეს გულისხმობს ქართული შეიარაღებული ძალების სწრაფ განადგურებასადა ამის წარდგენას დასავლეთისთვის, როგორც fait accompli, რაც, რასაკვირველია, საგრძნობლად შეზღუდავდა დასავლეთის რეაგირების მასშტაბსა და ალტერნატივებს.
პრაქტიკული თვალსაზრისით კი, თუ ნატო დარწმუნებულია, რომ მიუხედავად დახმარების აღმოსაჩენადმისი მზადყოფნისა, საქართველოს შემთხვევაში ეს იქნება დაგვიანებული ნაბიჯი, ამ დახმარების შანსი თავიდანვე ნულის ტოლია.შესაბამისად, საქართველოს მხრიდან იქნებოდა მეტად სწორი და წინდახედული გადაწყვეტილება, თუ ის შეეცდებოდაყველა ხერხით საპირისპიროს დამტკიცებას და დაარწმუნებდანატო-ს თავის საბრძოლო შესაძლებლობებში, პირველ რიგში, საჭირო დროის, ანუ ერთგვარი „შესაძლებლობის ფანჯრის“ უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
„შესაძლებლობის ფანჯარა“ კი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ საქართველოს მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები დაამტკიცებენ მდგრადობის მაღალ დონეს და მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობას იმდენ ხანს გაუწევენ, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ნატო-სა და მეგობარი ქვეყნებისათვის გადაწყვეტილების მისაღებად პოლიტიკური და სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე.
საქართველოს რეალობაში მდგრადი წინააღმდეგობის გაწევის შანსი უკავშირდება ორ ცნებას: ასიმეტრიულ მიდგომასა და ტოტალურ თავდაცვას. პირველი ითვალისწინებს დიდი სამხედრო უპირატესობის მქონე მტერთან სიმეტრიულ დაპირისპირებაში ქვედანაყოფების სწრაფი განადგურების საშიშროებას და აქცენტს აკეთებს, პირიქით, ასიმეტრიულ მოქმედებებზე, რაც პირდაპირი კონვენციური შეტაკებისგან არიდებას და მოწინააღმდეგის სუსტ წერტილებში მცირე ჯგუფების სახით მტკივნეული დარტყმების განხორციელებას გულისხმობს.ხოლო მეორე პრინციპი გულისხმობს წინააღმდეგობის პროცესში მთელი ეროვნული რესურსის ჩართვას და როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ-მატერიალური და სოციალური კომპონენტების სრულ მობილიზებას მტრისთვის მაქსიმალური ზიანის მისაყენებლად.
თავდაცვის მდგრადობის ორივე პრინციპისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს რეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ მაქსიმალურად დიდ ხანს წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობა. ამასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხედრო სარეზერვო ქვედანაყოფების და განსაკუთრებით, ტერიტორიული რეზერვის სწრაფი შექმნა და გაწვრთნა. მათი მნიშვნელობა მით უფრო გაიზრდება, რაც უფრო მეტად მოხდება შესუსტებული რეგულარული ქვედანაყოფების გადასვლა სიმეტრიულიდან ასიმეტრიულ მოქმედებაზე და სულ უფრო მეტი ტერიტორია მოექცევა შეტევაზე გადმოსული რუსული ქვედანაყოფების კონტროლქვეშ.
დაკარგულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის გაგრძელებისა და განსაკუთრებით რუსულ ქვედანაყოფებზე და მათ მომარაგებაზე დარტყმების ფუნქცია სწორედ რომ ტერიტორიული რეზერვის ამოცანას წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში, მიზანს წარმოადგენს საბრძოლო წინააღმდეგობის მაქსიმალური გაჭიანურება, რუსეთის სამხედრო მიზნის სწრაფად მიღწევის ჩაშლა და მაღალი დანაკარგების მიღების საფრთხის ჩვენება, რამაც, საბოლოო ჯამში, მიუღებელი უნდა გახადოს საქართველოს ოკუპაციის სამხედრო-პოლიტიკური ფასი და ხელი ააღებინოს მოსკოვს სამხედრო აგრესიის განხორციელებაზე.
ეს გარემოება პირდაპირ მიუთითებს იმ აუცილებლობაზე, რომ საქართველომ გაცილებით მეტი რესურსი უნდა ჩადოს საკუთარ სამხედრო სფეროში და საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, რათა მოხერხდესგაზრდილი სამხედრო პოტენციალის საფუძველზე მეტი დროის მოგებანატო-ს ჩარევის უზრუნველსაყოფად.
ჩარევის მექანიზმის ამოქმედებას კი თავისი წინაპირობები სჭირდება. ამ წინაპირობებიდან ერთ-ერთი უმთავრესია დარწმუნება, რომ ალიანსის გადაწყვეტილება დახმარების აღმოჩენის შესახებ არ იქნება დაგვიანებული და წინასწარვე განწირული. სწორედ ამიტომ,ბალტიის ქვეყნები ისევე, როგორც ფინეთი და შვედეთი, აქტიურად ავითარებენ საკუთარ საბრძოლო შესაძლებლობებს.
სამწუხაროდ, მათგან განსხვავებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები უფრო შეკვეცილი დაფინანსების ოპტიმალურ გამოყენებაზე არიან გადასულები, ვიდრე სტრატეგიულ განვითარებაზე. აშკარაა, რომ თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი დაფინანსება არაადეკვატურია როგორც კონკრეტულად გაცხადებული მიზნების მიღწევისთვის (ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო და აშ.), ასევე, ზოგადად, ტოტალური თავდაცვის სისტემის, ანუ მთავარი შემაკავებელი ფაქტორის ჩამოყალიბებისთვის.
სწორედ საქართველოს მზადყოფნა და რეალური ნაბიჯები, რომ გადაიხადოს შესაბამისი ფასი ქვეყნის თავდაცვის ეფექტური ორგანიზებისთვის, იქნება ის მთავარი ინდიკატორი, რაც რუსეთს დააფიქრებს იმ გაზრდილ ფასზე, რაც მას აგრესიის განახლება დაუჯდება.
როგორც სამხედრო სარეზერვო სისტემა, ასევე საბრძოლო შესაძლებლობები, რომელიც შეიარაღებულ ძალებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ ქვეყნის დასაცავად, მკაფიოდ აყენებს საქართველოს მთავრობის წინაშე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ საგრძნობლად გაზარდოს თავდაცვის სფეროს დაფინანსება, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათლად გაიზიაროს უსაფრთხოების ის რისკები, რაც თავდაცვისუუნარობას მოჰყვება.
მეორეს მხრივ, ქვეყნის თავდაცვის მდგრადობის გაზრდისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯები დაარწმუნებს საკუთრივ საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების განწყობის სერიოზულობაში, ისევე როგორც მოსახლეობის ჩართულობისა და პატრიოტიზმის დონეს ერთი-ორად გაზრდის.
ნათელია, რომ საქართველოს რეგულარული ჯარიუსასრულოდ ვერ შეძლებს რუსული ძალების ბრძოლებში შეკავებას. მაგრამ ასევე უდავოა, რომ ტოტალური თავდაცვის მექანიზმების გამოყენებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმაუნდა შეძლონსაკმარისი წინააღმდეგობის გაწევა და რუსული აგრესიის იმ პერიოდით შეჩერება, რაც საჭირო იქნება საერთაშორისო დახმარების მისაღებად. პრინციპი საკმაოდ მარტივია და ორმხრივი - რაც უფრო დარწმუნებულია ნატო საქართველოს შესაძლებლობებში, მარტო დაიცვას საკუთარი თავი, მით უფრო გაუჩნდებაჩარევისა და დახმარების აღმოჩენის სურვილიც და შესაძლებლობაც. თუ ეს, მართლაც, რეალობად იქცა, ვერანაირი რუსული პროპაგანდა თავის მიზანს ვერ მიაღწევს.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს