RIA-ს შესახებ
ახალი რეგულაციების სიხშირესა და ეფექტურობაზე არაერთხელ გსმენიათ eugeorgia.info-სგან. ახალი ნორმატიული აქტების მიღება/განახლება განსაკუთრებით გააქტიურებულია ევროკავშირთან თანამშრომლობისა და საკანონმდებლო მიახლოების ფარგლებში. ევროპული კანონმდებლობის მორგება ქართული რეალობისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა ეკონომიკის სწორი განვითარებისა და ზრდისთვის. როგორ შეიძლება შეფასდეს ახალი რეგულაციების ეფექტურობა და ეფექტიანობა? როგორ ავიცილოთ თავიდან ამა თუ იმ პოლიტიკური წრისათვის მისაღები, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გარემოსთვის შემაფერხებელი რეგულაციები? როგორი პრაქტიკაა გავრცელებული ამის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ქვეყნებში? რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით (რადგან საქართველომ აიღო ვალდებულება შესაბამისი მექანიზმის დანერგვისათვის)? ამ კითხვებზე პასუხს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. პირველ რიგში კი გაგაცნობთ, მსოფლიო მასშტაბით გავრცელებულ პრაქტიკას, რის მიხედვითაც ახალი რეგულაციების ეფექტიანობა და ეფექტურობა ფასდება.
მსოფლიო მასშტაბით ახალი პოლიტიკის ფორმირებისას გამოიყენება რეგულაციების გავლენის შეფასება (Regulatory Impact Assessment), რომელსაც შემოკლებით RIA-ს უწოდებენ. RIA იძლევა საშუალებას ცვლილებების დაგეგმვის პროცესში წინასწარ განისაზღვროს ამ ცვლილების მოსალოდნელი შედეგები, გაითვალოს ყველა შესაძლო ხარჯი და სარგებელი, გამოვლინდეს ცვლილების შედეგად გავლენის ქვეშ მყოფი ყველა მხარე (მათ შორს სავარაუდო დაზარალებულები), ასევე შეფასდეს ცვლილების განხორციელების სხვადასხვა ალტერნატივა, რათა გამოვლინდეს მათ შორის ყველაზე ეფექტიანი საშუალება. RIA-ს დანერგვა საშუალებას იძლევა საზოგადოებამ თავიდან აიცილოს არაეფექტიანი რეგულაციები.
RIA უზრუნველყოფს რეგულაციების განხორციელების ეფექტურობასა და ეფექტიანობას. ეფექტურობა გულისხმობს, რომ ცვლილების გატარებისას დასახული მიზანი მიღწეულია და რეგულაცია მოქმედია, ხოლო ეფექტიანობა გულისხმობს დასახული მიზნის მიღწევას საზოგადოების ყველა წრისათვის ყველაზე მცირე დანახარჯებით.
RIA-ს დანერგვა ზრდის ხელისუფლების ეფექტიანობასაც, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ყოვლისმომცველი ანალიზის საფუძველზე მიიღება და სპონტანურ გადაწყვეტილებებს ამცირებს. RIA საშუალებით ქვეყანაში არაპროგნოზირებადი, მყისიერი გადაწყვეტილებების და ცვლილებების მიღება მცირდება. არასწორი რეგულაციის მიღებამ და გატარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის განვითარება და ბიზნესს შეუქმნას სიძნელეები, შექმნას არასტაბილურობის განცდა და ნეგატიური საინვესტიციო გარემო. ასევე, ცვლილებამ შესაძლოა, განუზრახავად უარყოფითი გავლენა იქონიოს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფზე. მაგალითად, USAID-ის (G4G) კვლევაში "Recommendations on RIA National Framework of Georgia" დასახელებულია მიგრაციის შესახებ 2015 წელს ინიცირებული კანონი. მიგრაციის შესახებ კანონით უცხოელი სამუშაო ძალის დაქირავებაზე ქართულ კომპანიებს შეზღუდვები უწესდებოდა. ეს შეზღუდვა მნიშვნელოვნად დააზარალებდა კომპანიებს, რომლებიც ქირაობენ საერთაშორისო ექსპერტებს და მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რომელიც შესაძლოა ადგილობრივ სამუშო ძალაში არ მოიძებნებოდეს.გარდა ამისა, RIA-ს არქონის პირობებში გასულ წლებში მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები და კანონები როგორებიც იყო, მაგალითად: უცხოელებზე მიწის გაყიდვის უპირობოდ აკრძალვის კანონი, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან ცალკე გატანის კანონი ( შემდეგ ისევ სტატუს კვოს აღდგა); გარკვეულ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება (შემდეგ ისევ სტატუს კვო აღდგა) და სხვა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) გვთავაზობს RIA-ს დანერგვისათვის აუცილებელ მითითებებს. RIA-ს განხორციელებამდე პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს:
- რა არის პრობლემა?
- რა მიზნის მიღწევა იგეგმება ცვლილების გატარების შედეგად?
- რა გზები არსებობს დასახული მიზნის მისაღწევად?
ცვლილების განხორციელების სხვადასხვა (ყველა შესაძლო) გზების განხილვის შემდეგ უნდა შეფასდეს თითოეულის ხარჯები და სარგებელი საზოგადოებისათვის. ხარჯ-სარგებელი უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალურ-კულტურული მიმართულებითაც. იმისათვის, რომ RIA იყოს ყოვლისმომცველი და ყველა რეალური ხარჯი თუ სარგებელი გათვალისწინებულ იქნეს, აუცილებელია სხვადასხვა მხარეების (ცვლილებების გამტარებლები და გადაწყვეტილების მიმღები, გავლენის ქვეშ მყოფი) მოსაზრებების გაზიარება, მათი პროცესში ჩართულობა. დასახელებული პროცედურის გავლის შემდეგ, დგება დოკუმენტი "რეგულაციების გავლენის შეფასების ანგარიში", რომელიც თან ერთვის ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს და მისი განუყოფელი ნაწილია.[1]
RIA-ს განხორციელება საკმაოდ რთული, დროში გაწელილი პროცესია. ის მოითხოვს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებსა და ფინანსებს. RIA საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ის შეიძლება საბიუჯეტო ხარჯების მინიმიზაციაზე გათვლილი არ იყოს. განვითარებადი ქვეყნებისათვის რეკომენდირებულია RIA ჩატარდეს მხოლოდ იმ საკანონმდებლო ინიციატივის დროს, რომელსაც ეკონომიკაზე, გარემოსა და სოციალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, როდესაც სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისების მიმართულებით ცვლილებებია გასატარებელი, მიზანშეწონილია გადაწყვეტილება კომპეტენტურ ანალიზს ეფუძნებოდეს, რადგან ამ ცვლილებას სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია. მსგავს სიტუაციებში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (OECD, EC ევროკომისია) რეკომენდირებულია RIA-ს განხორციელება.
საქართველოში, RIA-ს დანერგვის აუცილებლობა კიდევ უფრო გაიზარდა ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პროცესში. საქართველოს მთავრობამ RIA-ს დანერგვის ვალდებულება “პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგიის” (2015 წ. მაისი) დოკუმენტით აიღო. სადაც ვკითხულობთ:
"სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომ საქართველოში არ არის დანერგილი საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასების პრაქტიკა. საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასება წარმოადგენს სისტემურ მიდგომას არსებული და დაგეგმილი რეგულაციების პოზიტიური და ნეგატიური შედეგების შესაფასებლად და არსებით კომპონენტს შეადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შესამუშავებლად."
" აუცილებელია დაინერგოს საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასების სისტემა, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი შესაძლო ნეგატიური გავლენა მოქალაქეებზე, ბიზნესზე, ვაჭრობასა და ინვესტიციებზე და პოლიტიკის შემუშავება პასუხობდეს ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და საერთაშორისო ბაზრის შესაძლებლობებს. საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასება უნდა გახდეს პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შემადგენელი კომპონენტი. "
შესაბამისად, სამოქმედო გეგმის მიხედვით 2017 წელს დაგეგმილია საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასების (RIA) დანერგვა, რაზეც პასუხისმგებელი უწყება მთავრობის ადმინისტრაციაა.
საქართველოში RIA-ს ჩატარების გარკვეული გამოცდილება არსებობს სხვადასხვა ორგანიზაციებში. მაგალითად, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET)შეიმუშავა RIA მშენებლობის კოდექსის შესახებ და საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ 2014 წელს, 2015 წელსმოსავლის დაზღვევის რეფორმის შესახებ, 2017 წელს დასრულდა წყლის რესურსების მართვის შესახებ RIA-ზე მუშაობა და საკანონმდებლო პროექტის ბიომრავალფეროვნების შესახებ RIA-ზე მიმდინარეობს მუშაობა; ასევე, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ 2016 წელს საშემოსავლო გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვის RIA განახორციელა. დაგროვილი გამოცდილების გაზიარება სახელისუფლებო ორგანოებისთვის გაამარტივებს RIA-ს დანერგვის პროცესს.
გამოყენებული ლიტერატურა:
OECD, Introductory Handbook for Undertaking Regulatory Impact Analysis (RIA), 2008.
USAID G4G, Recommendations on RIA National Framework of Georgia, 2015.
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC), რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში და ინტერესთა ჯგუფების პოზიციები, 2016.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია, 2015.
[1] "რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში და ინტერესთა ჯგუფების პოზიციები", ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი, 2016