ფოსტის შესახებ კანონპროექტი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება
ევროკომისიის ახლადგამოქვეყნებული ანგარიში ასოცირების იმპლემენტაციის პროცესს ძირითადად პოზიტიურად აფასებს. თუმცა, ანგარიშში საკანონმდებლო მიახლოების ისეთი საკითხებიც არის ნახსენები, რომელიც ჯერჯერობით ისევ დამუშავების პროცესშია, არადა ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით უკვე დასრულებული უნდა იყოს. ასეთია მაგალითად, ვალდებულება ეტაპობრივად დავუახლოოთ საფოსტო და საკურიერო სერვისებში ადგილობრივი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას ამ კანონმდებლობის ძირითადი მიზნებია მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა და უნივერსალური სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა საქართველოს საფოსტო მომსახურების მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე.
ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება ეტაპობრივად მოახდინოს დაახლოება ევროკავშირის სამ დირექტივასთან, რომლებიც უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადაში:
- 1997 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტის და საბჭოს 97/67/EC დირექტივა ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ
- 2002 წლის 10 ივნისის ევროპარლამენტის და საბჭოს 2002/39/EC დირექტივა, რომლითაც ცვლილებები შევიდა 97/67/EC დირექტივაში, რომელიც ეხება ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შემდგომ გახსნას კონკურენციისთვის
- 2008 წლის 20 თებერვლის ევროპარლამენტის და საბჭოს 2008/6/EC დირექტივა, რომლითაც ცვლილებები შევიდა 97/67/EC დირექტივაში, რომელიც ეხება ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის სრულ ხელმისაწვდომობას.
97/67/EC დირექტივა პირველი საფოსტო დირექტივის სახელით არის ცნობილი და გულისხმობს ბაზრის თანდათანობით გახსნას და უნივერსალური მომსახურების ვალდებულების შემოღებას, ანუ ქვეყნებს უნდა უზრუნველეყოთ თავიანთი მოქალაქეები მინიმალური საფოსტო სერვისებით. პირველი საფოსტო დირექტივის მიხედვით, წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებოდა შეემცირებინა საფოსტო მონოპოლია 350 გრამამდე ამანათებზე. ამავდროულად, მთავრობებს უნდა დაენიშნათ ერთი პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფდა უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას თითოეულ წევრ ქვეყანაში, რათა ნებისმიერ მოქალაქეს შეძლებოდა საფოსტო სერვისებზე წვდომა. საფოსტო ბაზრის თანდათანობითი გახსნის კვალდაკვალ, 2002 წელს მიღებულმა მეორე საფოსტო დირექტივამ (2002/39/EC) უფრო მეტად შეამცირა დარეზერვებული არეალები (კომპანიის მონოპოლია გარკვეულ სეგმენტზე). ხოლო 2008/6/EC დირექტივა ბაზრის სრულ ლიბერალიზაციას გულისხმობს.
ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით საქართველოს კანონპროექტზე მუშაობა 2016 წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა. გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ 4 წელია რაც საფოსტო რეფორმა დაანონსებულია, და შესაბამისად ბაზარი ცვლილებების მოლოდინშია. გაურკვეველი მოლოდინი კი თავის მხრივ საზიანოა ბიზნესგარემოსთვის.
TNT-ის ხელმძღვანელის ნინო მენთეშაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში სამინისტრომ დაიწყო თანამშრომლობა და კონსულტაციები ბიზნესთან, თუმცა, ამას ამ დრომდე შედექი არ მოჰყოლია. გადამზიდავების ძირითადი მოთხოვნაა მოხდეს კონკრეტული ევროდირექტივების გათვალისწინება რეფორმის მიმდინარეობის პროცესში. ისინი ელოდებიან კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს, რომელიც გარდა იმისა, რომ დროში გაწელილია, არ ასახავს მათ მოლოდინებს.
“მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ სამინისტრო გააკეთებს კომენტარს, რომ ბიზნესი ჩართულია ამ პროცესში და შენიშვნებს ითვალისწინებს, ეს არ იქნება სწორი იმიტომ, რომ კონკრეტულად ის საფუძვლიანი შენიშვნები, როგორიცაა მაგალითად ევროდირექტივისა და ევროკომისიის მითითებების გათვალისწინება კონკრეტულ საკითხებზე, არ არის ასახული. როდესაც დასაბუთებულ შენიშვნებს უგზავნი მიიჩნევ, რომ უნდა იყოს გათვალისწინებული და ასახული, რაც ასე არ არის.”- განაცხადა ნინო მენთეშაშვილმა.
საფოსტო ბაზარი 2014 წლიდან თავისუფალია, გადამზიდავი კომპანიები მიიჩნევენ, რომ რეგულირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ უნივერსალური საფოსტო სერვისის პროვაიდერზე და საკურიერო და ექსპრეს სერვისების ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი რეგულირებისგან(უნივერსალური სერვისის უზრუნველყოფა გულისხმობს მომხმარებელთა წვდომას მინიმალურ საფოსტო სერვისებზე, მაგალითად წერილებზე, მსუბუქ ამანათებზე და სხვ. და არ მოიცავს საკურიერო და ექსპრესს სერვისს).
“ევროკავშირის დირექტივებში პირდაპირ წერია, რომ საფოსტო ბაზარი უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს და თანდათანობით მოხდეს სრული ლიბერალიზაცია. აქ კი საპირისპირო ხდება და სწორედ ამაზე მოვამზადეთ ჩვენი შენიშვნებიც. ფოსტის კანონპროექტის განხილვაში ჩაგვრთეს, მაგრამ რა დონეზე გაითვალისწინებენ ჩვენს შენიშვნებს არ ვიცით”- განაცხადა Stargroup-ის დირექტორმა, თეა მაჭავარიანმა.
“როგორც ჩანს სახელმწიფოს მაინც აქვს მცდელობა, რომ რაღაც ისეთი ჩაწეროს, რაც შეიძლება ჩვენი საქმიანობის პირდაპირი დარეგულირება არ იყოს, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალება მაინც დატოვოს. აქედან გამომდინარე მიდის “ცივი ომი” ჩვენსა და მათ შორის. ძალიან ცუდია აქამდე შედეგი რომ არ გვაქვს და წლებია ვერ გადაწყდა ეს საკითხი. შედეგად იქმნება დეპრესიული საინვესტიციო გარემო და არანაირ ინვესტირებას და განვითარებაზე საუბარი არ არის.”- განაცხადა DHL-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა საქართველოში, ზურაბ საპანაძემ.
კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ეკა ყუბუსიძის ინფორმაციით, იგეგმება ფოსტის შესახებ კანონის გატანა მიმდინარე საშემოდგომო სესიებზე, იქამდე კი საბოლოო განხილვა უნდა შედგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახლადდანიშნულ მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან.
“მინისტრთან განხილვის შემდეგ გავასაჯაროებთ კანონპროექტს და მივაწვდით ყველა დაინტერესებულ უწყებას. ვფიქრობთ, რომ მოვასწრებთ ამის გაკეთებას საშემოდგომო სესიებისთვის, პარალელურად - მივაწვდით ევროკომისიას”- განაცხადა ეკა ყუბუსიძემ eugeorgia.info-სთან.
მისივე ცნობით, სამინისტრო რამდენჯერმე შეხვდა საფოსტო კომპანიების წარმომადგენლებს და მიიღო მათგან შენიშვნები. შესაბამისად, გადაკეთდა რამდენიმე პუნქტი და დიმიტრი ქუმსიშვილთან განხილვის შემდეგ კანონპროექტი განთავსდება სამინისიტროს საიტზე, რის შესახებაც ინფორმაცია დაეგზავნება ყველა კომპანიას.
“ეს იქნება ვერსია, რომელიც განხილული იქნება როგორც სამთავრობო უწყებებთან, ისე კერძო სექტორთან. იქნება გარკვეული პერიოდი, რომ ჩვენ კვლავ მივიღოთ შენიშვნები და შემდგომში უკვე დავიწყებთ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს. რაც შეეხება ევროკომისიაში გადაგზავნას, თარგმნილი არის ოფიციალურად, მაგრამ პარალელურად გადახედვას საჭიროებს ინგლისური ვერსიაც და, შესაბამისად, კორექტირებულ ვარიანტს გავუგზავნით.”- განაცხადა ეკა ყუბუსიძემ
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. შესაბამისად, სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.