2018 წელს ქართული ქაფშიას ექსპორტი გერმანიასა და ბელგიაში იგეგმება
თევზის გადამამუშავებლები აპროტესტებენ ვალდებულებას, რომელიც გარემოს სააგენტომ მათ ბაზრის დეტალური შესწავლის გარეშე დააკისრა.
ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები შავი ზღვის ქაფშიას ევროკავშირში გატანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შპს „პალიასტომი 2004“-ი გაყინული ქაფშიას გერმანიაში ექსპორტირებას 2018 წელს გეგმავს. ბელგიასა და გერმანიაში კონტრაქტების გაფორმებაზე შპს „მბმ“-იც მუშაობს და კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ქაფშიას ექსპორტის დაწყებას მომავალ წელს ისინიც შეძლებენ.
ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 20 ივნისს საქართველო ოფიციალურად შევიდა მესამე ქვეყნების სიაში საიდანაც, ევროკავშირში შავ ზღვაში მოპოვებული ქაფშიას (ანჩოუსი) ექსპორტი ნებადართულია. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე წლით ადრე ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად ემზადებოდნენ. მათ, საბოლოო ჯამში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო ჰიგიენისა და მენეჯმენტის სტანდარტების (HACCP, ISO) დასანერგად 25 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს.
გასულ წელს თევზჭერის ლიცენციები ძველ მფლობელებს კიდევ 10 წლით გაუგრძელდათ. დღეის მდგომარეობით, შავ ზღვაში თევზჭერის მიზნით გაცემულია 9 ლიცენზია. ამ ლიცენზიებს სულ 5 კომპანია ფლობს. ესენია: შპს „პალიასტომი - 2004“ საერთო მოცულობიდან მისი პროცენტული წილი - 5,055%-ია; შპს „გეოფიშ კომპანი“ - 24%; შპს „მბმ“ - 19,174 %; შპს „აისბერგი2“ - 24% და შპს„ზღვის პროდუქტები“, რომლის პროცენტული წილი ყველაზე მეტია და 26,771%-ს შეადგენს. ამ კომპანიებს გადამამუშავებელი საწარმოები ქალაქ ფოთში აქვთ.
საქრთველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის 696-ე განკარგულებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს ძველი სალიცენზიო პირობების შეცვლის ნება მიეცა. ლიცენზიების ამოწურვის ვადად 2026 წლის პირველი სექტემბერი განისაზღვრა. ახალი სალიცენზიო პირობები კი ასე ჩამოყალიბდა:
➢ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რომ არაუგვიანს 2010 წლის პირველი იანვრისა საკუთრებაში ერთი თევზსაჭერი და ერთი გადამზიდი გემი ჰყავდეს.
➢ 2018 წლის პირველი იანვრიდან თევზჭერის სეზონზე მოპოვებული რესურსის არანაკლებ 70% საბოლოო პროდუქტად უნდა გადამუშავდეს საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის არანაკლებ 10 პროცენტით აწარმოონ კომბინირებული საკვები და არანაკლებ 5 პროცენტით აწარმოონ სასურსათო დანიშნულების კონსერვირებული საკვები.
➢ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე თევზჭერის პროცესში დასაქმებულთა არანაკლენ 30 %-ი უნდა იყოს აკრედიტებული/ავტორიზებული სასწავლებლის მიერ დიპლომირებული ან სერტიფიცირებული შესაბამისი პროფესიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე. 2019 წლიდან 2023 წლამდე დარგში დასაქმებული ასეთი სპეციალისტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს 50%-მდე, ხოლო 2023 წლიდან ლიცენზიის მოქმედების ბოლომდე სპეციალისტების რაოდენობა არანაკლები 80%-ს უნდა შეადგენდეს.
➢ ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია 2017 წლის პირველი ოქტომბრიდან გემზე დაამონტაჟოს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და აწარმოოს ელექტრონული თევზჭერის ჟურნალი (ეს სისტემა სახელმწიფოს კვოტის ათვისების კონტროლის საშუალებას აძლევს).
ევროკავშირის ბაზრის გახნის შემდეგ, სალიცენზიო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მუშაობის პარალელურად, რამდენიმე ლიცენზიანტი კომპანია ევროკავშირში ექსპორტირების შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს.
„კონტრაქტი არ მაქვს ხელმოწერილი, მაგრამ მოლაპარაკება მაქვს და გერმანიაში, ალბათ, გაყინულ თევზს გავაგზავნი. თევზზე ვართ დამოკიდებული, სეზონი ახლა დაიწყო და ვნახოთ, თევზს რა რაოდენობით და ხარისხით დავიჭერთ. 2018 წელს გერმანიაში გატანის დიდი იმედი მაქვს“, - ამბობს „პალიასტომი 2004“-ის დირქტორი გურამ დოლბაია.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ქაფშიას ევროკავშირის ბაზარზე შეიტანს შპს „ბმბ“-ი იქნება: „ კონსულტაციები გვაქვს ბელგიაში, გერმანიაში, კარგი შემოთავაზებები გვაქვს, მაგრამ საქმე ასაწყობია. სინჯებს ვაგზავნით და როგორც კი მოიწონებენ და თანხმობას განაცხადებენ, მაშინვე კონტრაქტებს დავდებთ“, - ამბობს „ბმბ“-ის დირექტორი მერაბ ხარაბაძე.
სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებას ქართული თევზის მწარმოებელი კომპანიები გაერთიანებული ძალებით ახორციელებენ. კომბინირებული საკვების წარმოებისთვის ლიცენტიანტები თევზჭერის საერთო კვოტიდან პროცენტული წილების ფლობის შესაბამისად, ინვესტიციებსაც პროპორციულად დებენ. მაგალითად ვისაც კვოტის 20 %- აქვს, ის ქარხნის ასაშენებლად საჭირო თანხის 20 %-ს ხარჯავს, ვინც კვოტის 5%-ს ფლობს, ის 5%-ის ინვესტირებას აკეთებს და ა. შ. მათი ვარაუდით, ლიცენზიაში მითითებულ ვადებში ჩაეტევიან და კომბინირებული საკვების თანამედროვე ქარხანას უახლოეს ხანში ააშენებენ.
ლიცენზიის მფლობელებისთვის სალიცენზიო მოთხოვნების უმეტესეობა მისაღებია, თუმცა სასურსათო დანიშნულების საკონსერვო წარმოების ვალდებულებას ერთსულოვნად აპროტესტებენ: „საკონსერვოს წარმოების დავალდებულების საკითხი კარგად არ არის შესწავლილი. ამჟამად მოთხოვნა არ არის, თან კონსერვებით ბაზარი გაჯერებულია, კონკურენცია რთულია. გაუგებრობაში ვართ. გავაკეთებთ ყველაფერს რომ სალიცენზიო პირობა შესრულდეს, მაგარამ ეს ფუჭად გაწეული ხარჯები იქნება. კონსერვის ქარხანა 3 მილონ დოლარამდე დაჯდება. ბაზარი ვერაფრით ვერ მოვიძიეთ, რომ კონსერვი რეალიზაციაზე წავიდეს. არადა, შეგვეძლო ეს ფული დარგის განვითარების სხვა მიმართულებით დაგვეხარჯა. გემის მისადგომი არ გვაქვს.ფიზიკურად ვერ შევძლებთ კონსერვის წარმოებას, რადგან ხელით შრომა სჭირდება კონსერვს. მუშახელი ფიზიკურად უნდა დადგეს პორტში და ხელით გადმოცალოს თევზვი. ასეთი ნავსაყუდელი კი დღესდღეობით არ არსებობს. სეზონზე დაჭერილი თევზის 70 %-ი საქართველოში უნდა გადამუშავდეს, 5 %-ი კი კონსერვი უნდა იყოს, ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ბიზნესმა უკეთ არ იცის რამდენ პროცენტს გადაამუშავებს კონსერვისთვის? თუ ვერ გავყიდეთ ერთ წელიწადს, მოთხოვნა გვავალდებულებს, რომ მეორე წელსაც მაინც იგივე რაოდენობა გავაკეთოთ და ვიზარალოთ, ანუ ეს უკვე ბიზნესზე ძალადობაა“, - აცხადებს „შავი ძღვის პროდუქტები“-ს დირექტორი გურამ წიწილაშვილი.
„ყველაფერი გაკეთებადია, მაგრამ მეშინია ამდენი ხარჯი გავწიოთ და მერე კონსერვის რეალიზაცია ვერ მოვახერხოთ, გვყავს უცხოელი კონსულტანტები, ქართული თევზი გემოვნურად მოსწონთ, მაგრამ ზომით იწუნებენ, ჩვენ სანაპიროსთან მცირე ზომის ქაფშიას ვიჭერთ, რომელიც კონსერვის წარმოებისთვის ზომის თავალსაზრისით მიმზიდველ პროდუქტად არ ითვლება. ეტაპობრივად უნდა მივსულიყავით კონსერვის წარმოებამდე, ასე ნაუცბათევად პირველი საფეხურიდან მეხუთეზე გადახტომა არ ვარგა. სჯობდა თევზსაჭერი გემებისთვის ნავსაყუდელის მოწყობაში სახელმწიფო რომ მოგვხმარებოდა, ამის შემდეგ კი უფრო ლოგიკური იქნებოდა კონსერვის წარმოების ვალდებულების დაკისრება“, - ამბობს „ბმბ“-ის დირექტორი მერაბ ხარაბაძე.
სალიცენზიო პირობებში კონსერვის წარმოების ვალდებულების არსებობას „პალიასტომი 2004“-ის დირექტორი გურამ დოლბაიაც აპროტესტებს: „კონსერვირება არის აბსურდი, მაგრამ დაგვაძალეს, გვითხრეს, რომ გინდათ თუ არა ასე არის საჭირო. შავი ზღვის ქაფშია არ არის ხმელთაშუა ზღვის ქაფშიის ზომის, არამედ პატარაა. არ არის საკმარისი იმ დონეზე დამუშავებისთვის, რომ საჭირო სასაქონლო სახე ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, მასზე დიდი მოთხოვნა არ შეიძლება იყოს, დღეს მითუმეტეს საქართველოში. საბჭოთა პერიოდშიც ვერ მოახერხეს საკონსერვოს გაკეთება, ახლა ხომ არ დაწყებულა ამ თევზის ჭერა“.
„რომ გითხრათ, ეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყოთქო, არ იქნება მართალი. ვმუშაობ ხელისუფლებასთან რომ ეს პირობა შეიცვალოს. კვოტის 5%-ი ეს არის დაახლოებით 50 მილიონი კონსერვი, რომლის საწარმოებლად ჩვენს აკვატორიაში საკმარისი რაოდენობის და ზომის თევზს ვერ ვიჭერთ. შარშან ფოთში ერთი ტონა ისეთი თევზი არ გაყიდულა, კონსერვისთვის რომ გამოდგებოდა. როგორც ჩანს, წინასწარ არავითარი გათვლები არ არის გაკეთებული. ეს ყველასათვის მტკივნეული თემაა, მაგრამ რადგან გადაწყვეტილება მიღებულია, უკან დახევა არავის უნდა. მაგრამ, ალბათ, უკან დახევა მოუწევთ“, - აცხადებს „აისბერი 2“- ის დამფუძნებელი თენგიზ სარიშვილი.
Eugeorgia.info დაინტერესდა ჰქონდა თუ არა რაიმე ეკონომიკური დასაბუთება სალიცენზიო პირობში არსებულ კონსერვის წარმოების ვალდებულებას. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამ შეკითხვაზე წერილობით გვიპასუხა: „გასული 10 წლის განმავლობაში (ლიცენზიის თავდაპირველი მოქმედების ვადა) შავ ზღვაში მოპოვებული თევზის გადამუშავება ხდებოდა მხოლოდ უმარტივესი ფორმით (თევზის გაყინვა, დამარილება, ანდა თევზის ფქვილის წარმოება). შავ ზღვაში მოპოვებული თევზის ოდენობისა და ხარისხის გათვალისწინებით (შავ ზღვაში მოპოვებული თევზის კვებითი ღირებულება და ხარისხი საკმაოდ მაღალია და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს), ასევე ქვეყანაში ამ დარგის განვითარების სტიმულირებისა და ხელშწყობის მიზნით ლიცენზიანტებს დაევალათ მოპოვებული თევზის 5 პროცენტი (თავიანთი პროცენტული წილის პროპორციულად) საკვებ პროდუქტად გადაამუშაონ საქართველოში. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ტიპის საკვები პროდუქცია მხოლოდ იმპორტირებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია თევზის საკვებ პროდუქტად (კონსერვი) გადამუშავების სტიმულირება“.
გარემოს ეროვნული სააგენტო ვალდებულების ეკონომიკური დასაბუთების ნაწილში შემოიფარგლა იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ საქართველოში ქაფშიას კონსერვი სრულად იმპორტირებულია. თუმცა სააგენტოს ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში არ დაუზუსტებია საქართველოში იმპორტირებული თევზის კონსერვებიდან რა წილი აქვს კონკრეტულად ქაფშიას კონსერვს. როგორც თევზის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ქაფშიას კონსერვი საქართველოს ბაზარზე მოთხოვნადი არ არის. ზოგიერთი მათგანის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე წელს საერთოდაც პირველად ნახეს თურქული წარმოების კონსერვი, რომელზე მათი თქმით, მოთხოვნა არ არის.
ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თევზჭერის ლიცენზიების მოქმედების ვადა ტენდერის გარეშე გაუგრძელდაც ძველ მფლობელებს, თუმცა ლიცენზიებში ახალი მოთხოვნები შევიდა, საიდანაც ქაფშიას კონსერვის წარმოების ვალდებულების მართებულობას ლიცენზიის მფლობელები არ ეთანხმებიან და ამ ვალდებულების ეკონომიკური დასაბუთების არასებობაზე მიუთითებენ. მეორეს მხრივ, ქართული კომპანია შპს „SO&CO“ ევროპელ ინვესტორებთან ქაფშიას კონსერვის თანამედროვე ქარხნის გაკეთებას გეგმავდა, თუმცა ტენდერის გამოუცხადებლობის გამო თევზჭერის ლიცნზიის გარეშე დარჩა.
Eugeorgia.info ამ თემაზე კომპანია „SO&CO“-ს დამფუძნებელ სეით ისაკაძეს ესაუბრა: „მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, შპს „SO&CO“-ს დამუშავებული აქვს სასურსათო ქაფშიის წარმოების უნიკალური პროექტი ყველა საკითხის გათვალისწინებით (მათ შორის დაფინანსებისაც). ამ პროექტის განხორციელების ერთადერთი პირობა ევროპელი ინვესტორის მხრიდან არის, რომ „SO&CO“-ს გააჩნდეს თევზჭერის ლიცენზიის 10% - იანი კვოტა. 2016 წელს „SO&CO“-მ ამ კვოტის შეძენა აუქციონზე მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლო, რომ მთავრობის დადგენილებით აუქციონი არ ჩატარდა და ძველ ლიცენზიანტებს ლიცენზია მომდევნო 10 წლით გაუგრძელდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „SO&CO“-ს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციისა და 500-მდე ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა არ მიეცა“, - აცხადებს ისაკაძე.
კომპანია „SO&CO“ ლიცენზიის მფლობელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, ინვესტორების პირობა კი კვოტის 10 პროცენტის მოპოვებაა. მანამ სანამ ლიცენზიანტები კონსერვის გამოშვებას მოთხოვნის არასებობის გამო არ გეგმავენ და „SO&CO“ კი ლიცენზიის უქონლობის გამო ქაფშიას კონსერვს ვერ აკეთებს, ქაფშიას არაკონსერვირებული პროდუქტები მომდევნო წელს შესაძლოა ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს. ყველაფერი კი გერმანელ და ბელგიელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაზეა დამოკიდებული.
ზურაბ მოდებაძე