„კავკასუს ორგანიკ ფრუტ“-ი 22 დასახელების ჩირს გერმანიასა და შრილანკაში ყიდის
„განსაკუთრებით პოპულარულია ფეიხო, კივი თავისი ეგზოტიკურობიდან გამომდინარე, ატამი, ქლიავი და ხურმა“
ქართულ-გერმანული ჩირიების მწარმოებელ კომპანია „კავკასუს ორგანიკ ფრუტ“-ს 22 სახეობის გამომშრალი ხილი გერმანიასა და შრილანკაში გააქვს. სატესტო რეჟიმის პირობებში ყოველთვიურად ექსპორტზე 10-15 ტონას აგზავნიან. პროდუქცია ძირითადად ორგანულია. კომპანია გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია TÜV SÜD-ის (Technical Inspection Association) საყოველთაოდ აღიარებულ სურსათის უვნებლობის მართვის სერთიფიკატ FSSC 22000 -ს ფლობს.
„კავკასუს ორგანიკ ფრუტ“-ის საწარმო მცხეთაში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს. ევროპასა და სხვა ქვეყნებში გამოშრალ ხილზე მზარდი მოთხოვნის არსებობის გამო კომპანიის დამფუძნებლებმა ჩირების ქარხნის შექმნა 2016 წელს გადაწყვიტეს და გასულ წელს მშენებლობის პროცესი დაასრულეს.
საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „გადამამაუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსების პროექტი“-ს ფარგლებში დაფინანსდა. ქარხნის აშენებისა და აღჭურვისთვის სულ 2 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა, საიდანაც 15%-ი გნარტი, 25%-ი შეღავათიანი აგროკრედიტი და დარჩენილი 70%-ი კი კომპანიის ინვესტიცია იყო.
„კავკასუს ორგანიკ ფრუტ“-ი წარმოების პროცესში გერმანულ დანადგარებს იყენებს. საწარმომ რამდენიმე კვირის წინ TÜV SÜD-ის სურსათის ჰიგიენის მართვის სერთიფიკატი FSSC 22000 -ი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია პროდუქტებს უვნებლობის მაღალი სტანდარტით აწარმოებს.
კომპანიის დირექტორის თანაშემწე გიორგი ჭოლოკავა ამბობს, რომ მიმღებ ქვეყნებში, სადაც ჩირები გააქვთ, ქართული პროდუქციის გემო ძალიან მოსწონთ: „მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში უცხოეთიდან შემოტანილი ხილის ნერგებიდან იკრიფება ჩვენი ნედლეული, მაგალითად საქართველოსა და საზღვარგარეთ მოკრეფილ ერთი და იგივე ჯიშის ვაშლს განსხვავებული გემო აქვს. ჩვენი ბევრად სჯობს გემოვნური თვისებებით, სუნითა და არომატით. ამიტომ ქართული პროდუქცია ძალიან მოსწონთ. ამ ეტაპზე გერმანიასა და შრილანკაში ექსპორტზე 22 დასახელების ჩირი გაგვაქვს. განსაკუთრებით პოპულარულია ფეიხო, კივი თავისი ეგზოტიკურობიდან გამომდინარე, ატამი, ქლიავი და ხურმა. ამ ეტაპზე კენკროვანი ხილის დაჩირებით არ ვართ დაკავებულები, თუმცა გეგმაში ეგეც გვაქვს“.
„კავკასუს ორგანიკ ფრუტ“-ი პროდუქციას სადისტრიბუციო კომპანიებზე ჰყიდის, რომელთა გავლითაც ქართული ჩირები გერმანიასა და შრილანკაში იყიდება. თუმცა მომავალში კომპანია ესქპორტის განხორციელებისთვის პირდაპირ საცალო ქსელებთან მოლაპარაკებებს გეგმავს. კომპანიის ექსპორტი სატესტო რეჟიმშია და გრძელვადიანი კონტრაქტები ჯერ გაფორმებული არ აქვს.
კომპანია ადგილობრივი მასერტიფიცირებელი ორგანიზაცია „კავკასსერტის“ ბიო სერთიფიკატს ფლობს. ორგანული წარმოების კუთხით „კავკასუს ორგანიკ ფრუტ“-ს ინოვაციური მიდგომა აქვს. კონკრეტულ მეურნეობებზე ორგანული წარმოების სერტიფიკატების ფლობის გარდა, მთლიანად იმ სოფლების ბიო სერტიფიცირებას აპირებს, საიდანაც ნედლეული მიეწოდება: „პროდუქტების ნაწილი არის ორგანული, ნაწილი კონვერსიული (გარადამავალი). ტყის ხილზეც ვმუშაობთ პანტა, მაჟალო, ბია და ა.შ. ასევე დაწყებული გვაქვს მთლიანად რამოდენიმე სოფლის ბიო სერტიფიცირება თავისი ბარებით და ტყეებით. ძირითადად ექსპორტზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ იმპორტის ჩანაცვლების კუთხით ადგილობრივ ბაზარზეც ვფიქრობთ“.
ამ ეტაპზე კომპანიაში 40 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს საკმაოდ მძლავი წარმადობა აქვს, დღეში 2 ტონა ნედლეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. ხილის შრობის ტექნოლოგიის დასანერგად სპეციალისტები ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ჩამოიყვანეს. თანამშრომლებმა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები კი უცხოეთში გაიარეს. ხილს ძირითადად შიდა ქართლიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან იბარებენ. ნედლეულის მიმწოდებლები ოჯახური მეურნეობების გარდა კოოპერატივებიც არიან.
ზურაბ მოდებაძე