საქართველო ელექტრონული კომერციის კანონს ევრპოელი ექსპერტის დახმარების ქმნის
ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების ფარგლებში, DCFTA-ს ვალდებულებების შესრულებისთვის საქართველოში „ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის“ საბოლოო ვერსიის მიღება 2018 წელს უნდა დასრულდეს. ევროპული რეგულაციების შესაბამისი ელექტრონული კომერციის სამართლებრივი ბაზის შექმნაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები მუშობენ.
USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური დახმარებას უწევს, რომლის საშუალებით ელექტრონული კომერციის შესახებ ევროკავშირის დირექტივა (2000/31/EC) დამუშავდა. საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომერციის შესახებ“ ევროპული ქვეყნების საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით მომზადდა. მიმდინარე პერიოდში USAID-ის მიერ დაქირავებული ევროპელი ექსპერტი კანონპროექტს აანალიზებს და ქართულ მხარესთან კონსულტაციებს აწარმოებს, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტში შესაბამის ცვლილებებს შეიტანს.
„ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის“ მიღებით, საქართველოში ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა ამოქმედდება. ელექტრონული კომერციის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვის, მომსახურების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობისა და ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმების პრინციპები, უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება. ყოველივე აღნიშნული საქართველოს ელექტრონული კომერციის პლატფორმას უფრო სანდოს გახდის და მის მიმართ მომხმარებლის ნდობას აამაღლებს. ეს ადგილობრივი ელექტრონული კომერციის საშუალებების განვითარებას და მათ უფრო აქტიურად გამოყენებას ხელს შეუწყობს, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ eugeorgia.info-სთვის გამოგზავნილ წერილში.
კანონზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებამდე www.dcfta.gov.ge-ზე განთავსდება. ამ გზით, დაინტერესებულ პირებს პროექტის გაცნობისა და კომენტარის წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცემათ.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე