კომპანია „გლენბერს" კენკრის ექსპორტზე გატანის პრობლემა შეექმნა
კომპანია საქართველოში სრულყოფილი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებას ვერ ახერხებს
კომპანია „გლენბერს”, რომელსაც სამაცივრე მეურნეობა ქარელში აქვს, გაყინული ხილის ექსპორტის პრობლემა შეექმნა. კომპანიის მფლობელის რაფაელ მაღალაშვილის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოში ხილის სრულყოფილი ლაბორატორიული ანალიზის გაკეთება შეუძლებელია, გაყინული კენკრის ევროკავშირსა და აშშ-ში გატანა შესაძლოა შეფერხდეს. „გლენბერს” შეკვეთები შვეიცარიიდან, რუმინეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან აქვს. დამკვეთები საქართველოდან გაყინული მარწყვის, ჟოლოსა და მაყვლის მიწოდებას ელოდებიან, მაგრამ უვნებლობაზე შემოწმების გარეშე ხილს ამ ქვეყნებში ვერ შევა. კომპანიის მფლობელის თქმით, მან დახმარების თხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.
„ძალიან დიდი პრობლემა შემექმნა. ის ანალიზები, რასაც ევროკავშირი მთხოვს, საქართველოში ვერ გავაკეთე. ვეძებ, ვინ შეიძლება დამეხმაროს, მივმართე მთელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.
100 ტონა მოცვის და 100 ტონა გაყინული ჟოლოს შეკვეთა მაქვს აშშ-დან, მარწყვის მიწოდებას ელოდება ისრაელი, ხელშეკრულებები მაქვს შვეიცარიასთან და რუმინეთთან, მაგრამ როგორ მივაწოდო, როცა ანალიზებს ვერ ვიღებ. მთელი კვირა თავბედს ვიწყევლიდი, ანალიზის გამკეთებელი ლაბორატორია აქ რომ ვერ ვნახე. მივმართე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას. მიპასუხეს, რომ იმ ანალიზებს, რაც ევროპას, ისრაელს და აშშ-ს სჭირდება, არ აკეთებენ. გაყინულ ხილში მელამინის(ტესტი კეთდება ყველა სახის პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა იყოს შეღებილი) და ალფატოქსინების შემოწმებაა საჭირო. ამის გარეშე კენკრას ამ ქვეყნებში არ შეუშვებენ.
სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დირექტორმა მითხრა, მაგას ცალკე ლაბორატორია სჭირდება, დაგვაფინანსე, ახალს ავაშენებთ და ანალიზებს გაგიკეთებთო. დაფინანსება რამდენი უნდა მეთქი, ვკითხე და 500 ათასი დოლარიო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებსაც დავუკავშირდი, დახმარება ვთხოვე, მაგრამ უშედეგოდ. მერე იძულებული გავხდი და ნიმუშები ისრაელში გავგზავნე. 40 კილო რომ გამეგზავნა ანალიზისთვის, ათასი დოლარი დავხარჯე. ყოველთვის უცხოეთის ლაბორატორიებში ხომ ვერ ვივლი. უნდა გაიგონ, რომ თუ ეს არ გაკეთდა, ისე საქართველოში კენკრის გაშენებას აზრი არ აქვს. შარშან 500 ტონაზე მეტი პროდუქცია ვიყიდე. და მაცივარში დევს. ჯერ არ გამიტანია გასაყიდად. 500 ტონა ცოტა ხომ არ არის?!”, - ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.
როგორც ირკვევა, ისევე როგორც თაფლის შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია სრულყოფილ ანალიზს ვერც ხილზე აკეთებს. ყველა პარამეტრი, რასაც ევროკავშირის და აშშ კანონმდებლობა ითხოვს, ლაბორატორიაში დანერგილი არ არის. როგორც „გლენბერიში” ამბობენ, იმპორტიორმა ქვეყანამ ქართული ხილის კომპანიისგან ანალიზის პასუხები შემდეგ პარამეტრებზე მოითხოვა:
1. Aflatoxins:
B1+B2 + G1 + G2 < 15 ppb
B1 < 5 ppb
2. Pesticides residues level stands in Codex Alimentarius
3. Melamin < 2.5 ppm
4. Heavy metals: Pb <0.1 ppm, Cd < 0.05 ppm, Hg < 0.03 ppm, As (inorganic)<0.06 ppm, As (total)< 1.0 ppm
ამ პარამეტრებიდან საქართველოში ვერ შემოწმდა ალფატოქსინები და მელამინი.
„ანალიზის გარეშე დოკუმენტაციას ვერ ვავსებთ, რომელიც ისრაელში უნდა გავგზავნოთ.
გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ლისტერიაზე, სალმონელასა და მსგავსი ტიპის მავნებლებზე პროდუქტის შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის. ამიტომ ამ პარამეტრებზე ლაბორატორიებს აკრედიტაცია არ აქვთ. ლაბორატორია „ეტალონში” ჩაგვიტარეს კვლევა და გვითხრეს შედეგი. მაჩვენებლები კი მივაწოდეთ ისრაელს, მაგრამ ხილში რამდენი პროცენტია დასაშვები, ან საერთოდ უნდა იყოს თუ არა, ასეთი რამეს ვერ ვეუბნებით, რადგან ნორმები ჩვენი კანონმდებლობით არ არის გაწერილი. სხვა გზა არ რჩება,ჩვენი შედეგები მთ ნორმებს უნდა მიუსადაგონ. გამოდის, რომ შედეგები კი გვაქვს, მაგრამ ვერ ვიგებთ ჯდება თუ არა ნორმებში. მათთვის მისაღებია თუ არა.
მელამინისა და ალფატოქსინების შემცველობა ევროპას ჯერ არ უკითხავს. ევროპაში ხილის შემოწმებას უფრო ლისტერია, სალმონელა და ასეთ დაავადებებზე ითხოვენ. გაყინული პროდუქტის ანალიზებისთვის გაგზავნაც პრობლემას წარმოადგენს. ისრაელში გავგზავნეთ მარწყვი და ქლიავი და მელამინზე და ალფატოქსინებზე ანალიზები იქ თავად კლიენტმა გააკეთა. რთულია ასეთი კლიენტის მოძებნა, ვინც ანალიზს საკუთარი ხარჯით გააკეთებ. თუ ადგილზე ანალიზების სრულად გაკეთების საშუალება არ იქნება, ძალიან გაგვიჭირდება მუშაობა”,- ამბობს „გლენბერის” წარმომადგენელი დოდო ძლიერიშვილი.
სახელმწიფო ფულით დაფინანსებული კომპანია
გაყინული ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო „გლენბერი” შარშან ივნისში ამოქმედდა. სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. კომპანიამ, საერთო ჯამში, 5 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. აქედან 600 ათასი ლარი გრანტი იყო, დანარჩენი -ბენეფიციარის ინვესტიცია.1880 კვ.მ.-ზე გაშენებული სამაცივრო კომპლექსს, შოკური გაყინვის მეთოდით 24 საათში 20 ტონა ხილსა და ბოსტნეულის გაყინვა შეუძლია. კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.
ამ ტექნიკური მონაცემების გარდა კომპანიამ სახელმწიფო ფულის მისაღებად მთავრობას 2-წლიანი გეგმა წარუდგინა, სადაც მითითებული იყო, სად რა მოცულობის ექსპორტს განახორციელებდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს,სამინისტროს უცხოელ პარტნიორებთან დადებული ექსპორტის ხელშეკრულებებიც უჩვენეს, თუმცა, ლაბორატორიის პრობლემის შესახებ მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.
„ვიცოდით, რომ პროდუქცია მოწესრიგებული დოკუმენტებით უნდა გაგვეგზავნა, მაგრამ ალფატოქსინებზე და მელამინზე შემოწმებას თყ მოითხოვდნენ, ეს არ ვიცოდით. დიდი ხარჯი დაგვაწვა. მარტო 4 სახეობაზე მინიმალური ანალიზის გაკეთება 5 ათასი ლარი დაგვიჯდა. ამას სალმონელას და სხვა უფრო რთული ანალიზის ხარჯიც დაემატა. როცა ქარხანა ახალი გახსნილია, მისთვის ასეთი ხარჯი ძალიან დიდი პრობლემაა. თან ყველა კლიენტს თავისი მოთხოვნები აქვს და მისი მოწესრიგება დიდ ძალისხმევას მოითხოვს”,- ამბობს დოდო ძლიერიშვილი.
როგორც კომპანიაში ამბობენ, პარტნიორებს ჯერ საცდელ პარტიებს გაუგზავნიან, უცხოელ მომხმარებელს ქართული პროდუქცია რომ გააცნონ.
„შარშანდელი მაყვალი გვაქვს გაყინული. ჟოლო აღარ დაგვრჩა, საქართველოშივე გავყიდეთ. გვაქვს ბალი, ალუბალი მცირე რაოდენობით, ვაშლი, ქლიავი და ატამი, ცოტა ნესვიც. ვცადეთ ყვავილოვანი კომბოსტოს და ბროკოლის გაყინვა, რომ გვენახა როგორი გამოდის. წელს პირველად ვცადეთ მარწყვის გაყინვაც. ძალიან კარგი გამოვიდა. შოკურ გაყინვას რომ გაუძლოს და არ დაიშალოს, პროდუქტი გამძლე უნდა იყოს. ჩვენი მარწყვი რბილია, ამიტომ ახლად შემოსული ვიყიდეთ, ხელით გადავარჩიეთ და ისე გავყინეთ.
ჟოლოს გაყინვაც პრობლემურია. გაყინვისას იშლება, ამიტომ ჟოლოს გადამუშავებაზე თავს ვიკავებთ თუ კლიენტმა არ მოითხოვა და არ თქვა, რომ სულ ერთია მისთვის დაშლილი იქნება თუ მთელი. თუ სათითაოდ დახარისხებული მოითხოვეს, ვერ შევისყიდით. ყველაზე დიდია მოთხოვნა მარწყვზე, ჟოლოზე და მაყვალზე. განსაკუთრებით კი მარწყვზე. ფასის პრობლემაც მნიშვნელოვანია. ჩვენთან ცოცხალი ხილი ძვირია, გაყიდვის შემდეგ გასაყიდი ფასი უკვე მაღალი გამოდის, ამიტომ ევროპულ პროდუქტს კონკურენციას ვეღარ ვუწევთ, რომლის ფასი ბოლო რამდენიმე წელია დაეცა. თანაც, ჩვენთან ნედლეული სათანადო ხარისხის არ არის”,- ამბობს დოდო ძლიერიშვილი.
„გლენბერის” ხელმძღვანელი რაფაელ მაღალაშვილის თქმით, გაყინული ხილი ისრაელსა და აშშ-ში აუცილებლად უნდა გაგზავნოს, ამიტომ ნედლეული სჭირდება. თუმცა, წელს ფულს მხოლოდ ხარისხიან პროდუქტში გადაიხდის.
„შარშან ვედროებში მოკრეფილი ჟოლო და მაყვალი მომიტანეს. როცა გადმოვიღეთ, ყველა თითქმის დაწურული იყო. ერთმანეთში იყო შერეული მკვახე, დამპალი და გადარჩევა გვიწევდა. კენკრა 125 გრამიან კონტეინერებში უნდა მოიკრიფოს და ყველა საღი უნდა იყოს. საქართველოში მოკრეფილი მაყვალი პატარა ლოკოკინებით არის სავსე. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მკრეფავები იყვნენ პროფესიონალები”, -ამბობს რაფაელ მაღალაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ სამაცივრე მუშაობს. „კომპანიას პრობლემა არ აქვს და არც ექსპორტში ჰქონია შეფერხება”. მინისტრის მოადგილემ. თენგიზ კალანდაძემ გვითხრა, რომ კომპანიას დაუკავშირდებოდა. მოგვიანებით კომპანიის მფლობელმა გვითხრა, რომ მას სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ქვეყანაში არსებული ლაბორატორიების კონტაქტები მიაწოდეს(აღნიშნული ლაბორატორიების არსებობს შესახებ კომპანიის ხარისხის მართვის მენეჯერმა მანამდე იცოდა და ტესტების არსებობის შესახებ ინფორმაცია გადამოწმებული ჰქონდა).
„რაფაელ მაღალაშვილს ვესაუბრეთ, ვადასტურებ რომ ის, აღნიშნული ლაბორატორიული კვლევების არ ქონის გამო, ცოტა ხნით შეფერხდა. თუმცა, თვითონ ამბობს, რომ შემდეგ საზღვარგარეთ გაგზავნა და ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გეთანხმებით, სრულყოფილი კვლევა ადგილზე რომ იყოს, ბევრად უკეთესია. ეტაპობრივად ვამატებთ მხარდამჭერ მექანიზმებს. ამ წუთისთვის ვერ გეტყვით, ლაბორატორია დაფარავს თუ არა აღნიშნულ კვლევებს, თუმცა, მათ ინფორმაციას მივაწოდებთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ამ საქმეში თქვენნაირი ორგანიზაციების და ხალხის ჩართულობა”,- განაცხადა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ავალიანმა.
კომპანიასა და სამინისტროს წარმომადგენლების კომუნიკაციის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც გაყინულ ხილს ალფატოქსინებსა და მელამინზე შეამოწმებს.
„ფაქტია, რომ პრობლემა არის და ის არ მოგვარებულა. რადგან ჩვენ ერთი პარტია ისრაელში გავგზავნეთ, არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის. ამჯერად ხილის ტესტირება საკუთარ თავზე კლიენტმა აიღო, მაგრამ სხვა დროს რას ვიზამთ, არ ვიცით. თანაც, არ ვიცით, ისრაელში შემოწმებას რა დრო დასჭირდება. იქაც ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი. საქართველოში რომ იყოს, ანალიზი სწარაფად მოხდებოდა და ვიმუშავებდით მშვიდად. ასეთ პირობებში ექსპორტის დიდ მასშტაბებზე საუბარი ვერ იქნება”,- განაცხადა ჩვენთან საუბრისას დოდო ძლიერიშვილმა.
„გლენბერის” პრობლემამ აჩვენა, რომ მთავრობა კენკრის ბაღების გაშენებას აფინანსებს ბიუჯეტიდან, ხოლო მოწეული ხილის რეალიზაციის, საექსპორტო ბაზრის მოძიების თუ სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევის ჩატარების პრობლემა მთლიანად მწარმოებლის გადასაჭრელია. კენკრის მოყვანა- რეალიზაციის საკმაოდ გრძელ და რთულ ჯაჭვში, სახელმწიფო მხოლოდ საწყის რგოლში მონაწილეობს და ფერმერს წარმოების სხვა ეტაპებზე თითქმის ვერაფრით ეხმარება.
ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.