„ფერმერს მოგება რომ დარჩეს, კილოგრამი ჟოლო მინიმუმ 6 ლარი უნდა ღირდეს”
ჟოლოს სეზონი პიკს უახლოვდება. კენკრის ამ სახეობის რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე გაზრდილია და ფასმაც, შესაბამისად ქვემოთ დაიწია. კილოგრამი ჟოლო საკოლმეურნეო ბაზრებში და მარკეტებში 6-7 ლარად იყიდება.
ფერმერები ბაღებიდან კილოგრამ ჟოლოს ამჟამად 5 ლარად ყიდიან, თუმცა, ამბობენ, რომ სეზონის პიკზე, რაც ივლისის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე გრძელდება, მისი ფასი შემცირდება.
ჟოლოს მწარმოებლებმა მოსავლის დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდეს. საქართველოდან ექსპორტზე ჟოლო ჯერჯერობით მცირე ოდენობით გავიდა. ჟოლო ტრანსპორტირების დროს ადვილად ზიანდება, ამიტომ მისი ცოცხალი სახით შორ მანძილზე გადაზიდვისგან ექსპორტიორები თავს იკავებენ.
„წელს კარგი მოსავალი გვაქვს. ყოველდღიურად 150-200 კილოგრამამდე იკრიფება. ბაღიდან ხილი დისტრიბუტორებს მიაქვთ გასაყიდად. კილოგრამის საშუალო ფასი 5 ლარია. სუფთა მოგება კილოგრამზე 1 ლარი რჩება. ეს არ არის კარგი ფასი. ფერმერს ნორმალური მოგება რომ დარჩეს, კილოგრამი ჟოლო სტაბილურად მინიმუმ 6 ლარი უნდა ღირდეს. კარგი იქნებოდა, აგვისტომდე ეს ფასი შენარჩუნებულიყო, მაგრამ ივლისის შუა რიცხვებში, როცა მოსავალი მოიმატებს, გაიაფდება. კილოგრამზე საშუალოდ 2,5-3 ლარის მოგება რომ რჩებოდეს, ამ შემთხვევაში ეღირებოდა ჟოლოს მოყვანა. შემოდგომაზე ფასი თავისთავად იმატებს და 10 ლარსაც აღწევს. მხოლოდ ამის ხარჯზე ავინაზღაურებთ ზარალს. ჟოლოს მოყვანის დროს ძალიან ბევრი პრობლემა იჩენს თავს და საბოლოოდ ხელში თითქმის არაფერი გვიჭირავს, ამხელა შრომად რომ ღირდეს. ჟოლოს მოვლას ჯოჯოხეთური შრომა სჭირდება. დღეს და ღამეს ვასწორებთ. ამხელა ბაღი მაქვს უკვე გაშენებული, ბანკის კრედიტები გადასახდელია და თავს ხომ ვერ დავანებებ?!”, - ამბობს ფერმერი გიგა მოგელაშვილი ვარიანიდან.
მოსავალს მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის ფერმერი დავით დაბრუნდაშვილი, რომელსაც ჟოლო კასპში 4 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
„მოსავლის ნაწილი ადგილზე იყიდება, ნაწილი ჩვენ თვითონ მიგვაქვს თბილისში. „აგროჰაბში” ყოველდღიურად 40 კილოგრამი შეგვაქვს. მოკრეფილ ჟოლოს თბილისში ხილის და ტყლაპის საწარმოშიც ვაბარებთ. კილოგრამი ჟოლო ბაღიდან საშუალოდ 5 ლარად იყიდება. შარშანაც იგივე ფასი იყო”, - ამბობს დავით დაბრუნდაშვილი.
ჟოლო ექსპორტიორებს ფერმერების მხოლოდ მცირე ნაწილმა მიჰყიდა. წელს ამ ხილის მიმართ იმპორტიორი კომპანიების მხრიდან ინტერესი შედარებით ნაკლები იყო. ამის მიზეზი ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეებია.
„რამდენიმე ექსპორტიორმა წაიღო ჩვენგან ჟოლო დუბაიში და უპრობლემოდ გაყიდა. 125 გრამიან კონტეინერებში ჩავალაგე, როგორც მთხოვეს, ერთი ღამე მაცივარში შევინახე და შემდეგ გავატანე. მაგრამ, როგორც ჩანს, დამკვეთისგან ინტერესი აღარ იყო”,-ამბობს გიგა მოგელაშვილი.
„რეკავენ, მოდიან, ზოგი ამბობს ჟოლო ევროპაში გაგვაქვსო, მაგრამ რეალური მყიდველი არ გამოჩენილა. ბაღიდან კილოგრამი 5 ლარად გავყიდეთ. თბილისში „აგროჰაბში” ვაბარებდით. თუ ადგილზე ჩვენ თვითონ მივიტანთ, 6 ლარს იხდიან. გვეუბნებოდნენ, ჟოლოზე მაღალი მოთხოვნა არისო, მაგრამ რეალობა სხვა აღმოჩნდა. ჩვენ შინდის გაშენება გვინდოდა, მაგრამ „ელკანამ” ჟოლო დაგვიფინანსა და აი, შედეგი. ჟოლოს ბაღი ისეთ ადგილზე გავაშენეთ, ფაქტობრივად უდაბნო იყო. წყალიც ჩვენ მივიყვანეთ და ელექტროენერგიაც. ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ. დიდი ხარჯი გავწიეთ, მაგრამ მოგება ძალიან მცირეა. ჯერ გაერკვიათ, რეალურად იყო თუ არა ჟოლოზე მოთხოვნა და ეს ამხელა ბაღები, ისე დაეფინანსებინათ. „ელკანას” მიმართ ვალდებულება გვაქვს, რომ ჟოლოს ბაღი 4 წელი უნდა შევინახოთ. მერე არ ვიცით, რას ვიზამთ. ამ საქმის გაგრძელების მოტივაცია რამდენად გვექნება, ბაზარი გვიჩვენებს”,- ამბობს დათო გორგაძე, კოოპერატივი „თელათგორის” წევრი, რომელსაც ჟოლოს ბაღები კასპში, სოფელ თელათგორში აქვს.
მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ ივლისში ჟოლოს ფასი კიდევ დაიკლებს.
„ივლისიდან ბაზარზე ძალიან ბევრი ჟოლო შემოდის. მთიან რეგიონებშიც მიიღეს უკვე მოსავალი. წვრილ-წვრილი მწარმოებლები ავსებენ ბაზარს. ბათუმშიც რომ წავიღო, იქაც, კარგ ჟოლოში 6 ლარზე მეტს არ იხდიან. გადამყიდველსაც არ რჩება დიდი მოგება, რადგან ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია. ჟოლო უკვე მარნეულშიც შემოვიდა, კახეთშიც და ფასიც ეცემა. შარშან ამ პერიოდში ასეთივე ფასი იყო. ივლისის შუა რიცხვებიდან ბაზარი მოკვდა. შემდეგ, აგვისტოში რეალიზაცია გამოცოცხლდა და კილოგრამში 8-9 ლარსაც მიხდიდნენ. ჟოლოს ის ჯიშები, რომელიც აგვისტოში შემოდის, ბევრს არ აქვს და ბაზარი მაგ დროს უფრო ცოცხლდება. თუ ჟოლო ექსპორტზე არ გავიდა, ეს რაოდენობა ჩვენი ბაზრისთვის ჭარბი იქნება. კიდევ ბევრი ბაღი შენდება და ის რომ ნაყოფს მოისხამს, ბაზარი კიდევ უფრო მეტად გადაივსება”,- ამბობს გიგა მოგელაშვილი.
პოლონეთში, იმის გამო, რომ წელს მოსავალი უამინდობის გამო გაფუჭდა, კილოგრამი ჟოლო შედარებით ძვირი- 3 დოლარის ფარგლებშია. უკრაინაში კილოგრამი ჟოლო 1,3 დოლარად იყიდება.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.