საქართველოში უახლოეს მომავალში სამი ახალი კლასტერი ჩამოყალიბდება
კლასტერებს საქართველოში დიდი ხნის ისტორია არ აქვთ. პირველი კლასტერი სულ რაღაც 2 წლის ჩამოყალიბდა. ის აიტი კლასტერი იყო, სადაც თბილისში, გეოგრაფიულად ერთ არეალში, „მიონის” შენობაში განთავსებული 11 აიტი კომპანია გაერთიანდა. მოგვიანებით კლასტერად ჩამოყალიბდნენ ავეჯის მწარმოებელი კომპანიებიც. ასევე შეიქმნა კინო-კლასტერიც. ცოტა ხნის წინ წყალტუბოში მუშაობა დაიწყო სასათბურე კლასტერმაც. კერძო კომპანიების კლასტერად გაერთიანების ძირითადი მიზანი მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საექსპორტო შესაძლებლობების გამონახვაა. საქართველოში კლასტერების ჩამოყალიბება ევროკავშირის ხელშეწყობით და GIZ-ის ტექნიკური დახმარებით მოხდა.
საქართველოში არსებული კლასტერების საქმიანობის შესახებ გვესაუბა GIZ-ის(გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ექსპერტი თეა კენჭაძე:
- ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტი ქვევრის ღვინის კლასტერის შექმნა იყო. ამის შემდეგ ავეჯის, კინო-კლასტერის და აი-ტი კლასტერის შესაქმნელად დავიწყეთ მუშაობა. ამ სამი სექტორის მხრიდან კლასტერის შექმნის მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი იყო. სამივე ამ სფეროს დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. კლასტერის შესაქმნელად კომპანიებს შორის უნდა არსებობდეს ნდობა. ამ კომპანიებს შორის სექტორის განვითარების ერთიანი ხედვა გამოიკვეთა. ისინი იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა, არ ჰქონდათ თანამშრომლობის გამოცდილება. ჩვენ მათ ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში და ასევე, კონტაქტების დამყარებაში ვეხმარებოდით. შედგა მათი გაცნობითი ვიზიტები მსგავსი ტიპის კლასტერებტში, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
კლასტერში შემავალი კომპანიები კონკურენციას ინარჩუნებენ, მაგრამ იმავდროულად, მათ ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობა უჩნდებათ, რაც ცალკე კომპანიას შეიძლება არ ჰქონდეს. მაგალითად, ავეჯის კლასტერში შემავალმა 2-მა კომპანიამ ტენდერი რესურსების გაერთიანებით მოიგო. ისინი ცალკ-ცალკე ვერ მიიღებდნენ ტენდერში მონაწილეობას, ერთად კი ეს შეძლეს.
კლასტერის ფარგლებში პირველად მოხდა ქართველი დიზაინერების დაკავშირება ავეჯის მწარმოებლებთან. ეს კავშირი ადრე არ არსებობდა, რაზეც ორივე მხარე ჩიოდა. ავეჯის მწარმოებლები ამბობდნენ, რომ დიზაინერები მათი კონცეფციით მოწყვეტილი არიან რეალობას და მათთან რთულად განსახორციელებადი დაკვეთები მიაქვთ. დიზაინერები, თავის მხრივ, ჩიოდნენ, რომ არ არსებობდნენ მწარმობლები, რომლებიც მათ იდეებს ხორცს შეასხამდნენ. კლასტერმა ხელი შეუწყო მათ დაახლოებას და დიზაინერები მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ წარმოებას. ისინი კიოლნში გამოფენაზე წავიყვანეთ, სადაც დიზაინერმა და მწარმოებელმა უცხოელებისგან დაკვეთაც მიიღეს.
-კიდევ ერთი კლასტერი, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა არის კინო-კლასტერი. ამ კლასტერის შექმნის პროცესი როგორ მიმდინარეობდა?
-კინო-კლასტერის შექმნა „გადაიღე საქართველოში” პროექტის გამო გადაწყდა. კინოწარმოება რთული სექტორია, თუმცა, ეკონომიკურად მომგებიანი. კინოკლასტერში კერძო კომპანიებთან ერთად ჩართულები არიან პროფესიონალებიც. მათ დაინახეს პერსპექტივა, რომ შექნილიყო გაერთიანება, რომელიც უკვე არსებული ფორმატების ალტერნატივა იქნებოდა. ეს მათ მისცემდა საშუალებას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებაზე ეფიქრათ.
კინო-კლასტერის შექმნის მიზანი საქართველოს, როგორც კინოგადაღებისთვის კარგი ლოკაციის პოპულარიზაცია იყო. ისევე, როგორც სხვა კლასტერების შემთხვევაში, კინოკლასტერისთვისაც მნიშვნელოვანია, პროფესიული უნარების განვითარების მიმართულება. ყველა კლასტერის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროფესიული კადრების აღზრდა და შენარჩუნება, მათთვის დიდი პრობლემაა. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოსთან დიალოგი და წევრი კომპნიების ინტერესების ლობირება. კლასტერს მასში გაერთიანებული კომპანიები განიხილავენ, როგორ პლატფორმას, იმისათვის, რომ ხელისუფლებას პრობლემებზე ესაუბრონ. მნიშვნელოვანი საკითხია საერთაშორისო ფესტივალებსა და კინო-ფორუმებში მონაწილეობა. მათ რეგულარულად უნდა იარონ კინოფესტივალებზე. ინდივიდუალურ კომპანიებს ამის შესაძლებლობას ვაძლევდით და კონკრეტული შედეგებიც მიიღეს. კლასტერის რამდენიმე წევრმა უცხოურ კომპანიებთან ერთობლივ წარმოებაზე კონტრაქტებიც გააფორმა. ხელი შევუწყვეთ მოლაპარაკებებს „მაგნეტ ფილმზ”-თან, რომლის მიერ გადაღებული ფილმი „უარყიფითი რიცხვები” ეკრანებზე ახლახანს გამოვიდა.
-როგორც ვიცით, კლასტერის შესაქმნელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გეოგრაფიულად ახლო მდებარეობაა...
-დიახ. კლასტერები უმეტესად გეოგრაფიული ნიშნით იქმნება. მაგალითად, ავჭალაში იყო „ხელოსანთა ქალაქი” -გეოგრაფიული კონგლომერატი, რომელიც კლასტერად გაერთაინდა. ავეჯის კლასტერი გეოგრაფიული სიახლოვის ნიშნით შეიქმნა, თუმცა, შემდეგ გაფართოვდა და მას ქუთაისში მდებარე კომპანია „მადერა”-ც შეუერთდა, რომელიც ტერიტორიულად დაშორებულია.
-შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელია დღეისათვის ყველაზე წარმატებული კლასტერი?
-წარმატების ინდიკატორი სამივე კლასტერისთვის სხვადასხვაა. კინოწრმოებაში წარმატების გაზომვა უფრო რთულია, რადგან ამ სფეროში შედეგს სწრაფად ვერ ვნახავთ. კონტრაქტმა შეიძლება შემოსავალი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ მოიტანოს. ავეჯის სფეროში კი კონკრეტული შედეგები უკვე გამოჩნდა.
-ბიზნეს სუბიექტებს უკვე შექმნილი აქვთ ხვადასხვა სახის გაერთიანებები. მაგალითად, ასოციაცია, კოოპერატივი. რა განხვავებაა მაგალითად, ასოციაციასა და კლასტერს შორის?
-მკაფიო განსხვავების პოვნა რთულია. კლასტერს ნაწილობრივ კოოპერატივის და ნაწილობრივ ასოციაციის ელემენტები გააჩნია. ასოციაცია ხშირად პოლიტიკის განმსაზღვრელიც არის, ლობისტია სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ეს ფუნქცია აქვს კლასტერსაც, მაგრამ არ აქვს კოოპერატივს, რომელიც უფრო კომერციული გაერთიანებაა. კომერციული აქვს ხასიათი კლასტერსაც. კლასტერს ასევე ჰყავს ხელმძღვანელი ორგანო- ბორდი და მენეჯერი.
-კლასტერებისთვის რაიმე ტიპის შეთავათების მიღებას თუ განიხილავს მთავრობა?
-კლასტერის წევრებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მთავრობასთან შეხვედრების დროს შეღავათების საკითხი დააყენონ. კლასტერები არაკომერციულ იურიდიულ პირებად არიან დარეგისტრირებული. მათ შეუძლიათ კონკრეტული სექტორის ინტერესები გამოხატონ. მაგალითად, კინოწარმოებას ორმაგი დაბეგვრის პრობლემა აქვს, რაც კლასტერის წევრებმა შეხვედრების დროს დააყენეს და დაიწყო დიალოგი სხვადასხვა სტრუქტურებთან. მაგ, ავეჯის წარმოებას პროფესიული კადრების პრობლემა აქვს და საუბარი მიმდინარეობს, პროფესიული განათლების კუთხით რა ტიპის თანამშრომლობა შეიძლება შედგეს.
-რომელია სხვა პოტენციული სფეროები, რომელიც კლასტერად შეიძლება ჩამოყალიბდეს?
- კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს ტანსაცმლის სამკერვალოების კლასტერის შექმნის პოტენციალი. ამ სფეროში ჩართულ კომპანიებს ვეხმარებით შრომითი უფლებების დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა სახის ევროპული სტანდარტების დანერგვაში. მაგალითად, კომპანია „ემფიტი ჯეორჯიამ” უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვის აუდიტი წარმატებით გაიარა.
საქართველოში, როგორც წესი, ბიზნესკომპანიებს უჭირთ ერთ მაგიდასთან დასხდომა და საჭიროებების განხილვა. ისინი ერთმანეთს კონკურენტებად განიხილავენ. კლასტერისთვის მომზადების პროცესმა დაგვანახა, რომ მათ შეუძლიათ სექტორის განვითარების ერთიან ხედვაზე შეთანხმდნენ. კლასტერში გაერთიანებულმა კომპანიებმა მოილაპარაკეს საერთო ქცევის წესებზე, რასაც ისინი დაიცავენ. კომპანიები ასევე, მზად არიან ახალი კადრები მოიზიდონ, ასწავლონ.
დაიწყო მუშაობა ტურიზმისა და სამშენებლო მასალების კლასტერების შექმნაზე. ამ სფეროებს ახლა ვიკვლევთ. სამშენებლო სექტორში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამის რესურსი არის და უნდა მოხდეს ამ კომპანიების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კომპანიების მოძიება მიმდინარეობს. შეიქმნება ტურიზმის კლასტერიც. კლასტერში გაერთიანდებიან სასტუმროები, კულტურული ტურიზმით დაკავებული პირები, გიდები, ადგილობრივი ხელნაკეთი ნაწარმის მწარმოებლები. მოხდება მათთვის საკონსულტაციო დახმარების გაწევა, მარკეტინგული ჩვევების განვითარება. მაგ, აპლიკაციის შექმნა, მარკეტინგული სტრატეგიის დაწერა, ბიზნეს-გეგმის შედგენა და ა.შ.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.