კლასტერები - პოლიტიკა და სტრუქტურა ევროპაში
კლასტერის კონცეფცია ევროპისთვის ახალი არაა. პირველად ის 1890 წელს ალფრედ მარშალმა განმარტა თავის წიგნში, „ეკონომიკის პრინციპები“, თუმცა ტერმინი კლასტერი პოპულარული 1990 წლიდან მაიკლ პორტერის წიგნის „ერების კონკურენტული უპირატესობა“ საშუალებით გახდა. დღეს ევროპის ქვეყნებში 2500-მდე ძლიერი კლასტერია და ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში. ამას ევროპის კომისიის მიერ თავის მოხსენებებში მოყვანილი უახლესი სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. 2019 წლის მდგომარეობით კლასტერები ევროპის სამუშაო ადგილების 39%-ს და ხელფასების 55%-ს ქმნის.
რა არის კლასტერი?
ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმა კლასტერს შემდეგნაირად განმარტავს - კლასტერები უნდა განვიხილოთ, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული ინდუსტრიის და ისეთი საქმიანობის რეგიონული ეკოსისტემა, რომლებსაც ახასიათებთ შიდა ინდუსტრიული ურთიერთდამოკიდებულების ფართო სპექტრი.
კლასტერები წარმოადგენენ კომპანიების, ერთმანეთთან დაკავშირებული ეკონომიკური მოთამაშეებისა და ინსტიტუციების ჯგუფებს, რომლებიც გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლოს არიან განთავსებულნი და აქვთ საკმარისი მასშტაბები იმისათვის, რომ განავითარონ საკუთარი სერვისები, დასაქმებულების უნარ-ჩვევები და საწარმოო რესურსები.
კლასტერების უმეტესობა არ წარმოადგენენ ხელოვნურ გაერთიანებებს, მათი წარმოშობა ბუნებრივად ხდება, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით განპირობებული შესაძლებლობების საფუძველზე.
კლასტერი არ არის ვიწრო სექტორული გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი კლასტერი მიემართება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში კონკრეტულ საქმიანობას, ის ასევე აერთიანებს ერთმანეთთან დაკავშირებულ ინდუსტრიას და არ არის კონცენტრირებული ვიწრო სპეციალიზაციის საქმიანობაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი კლასტერი ევროპის ქვეყნებისთვის?
ევროკავშირში კლასტერებს ინდუსტრიული ლანდშაფტის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლასტერების როლი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, რადგან ისინი ხელს უწყობენ კომპანიებს შორის თანამშრომლობას და ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ზრდიან მათთვის ხელმისაწვდომობას საერთაშორისო ბაზრებზე და ასტიმულირებენ კომპანიების გამსხვილებას. მნიშვნელოვანია ასევე კლასტერების როლი ინოვაციური მიდგომების და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული წარმოებების განვითარებაში.
რას გულისხმობს კლასტერის პოლიტიკა და ვინ ახორციელებს მას ევროპის ქვეყნებში?
კლასტერის პოლიტიკა არის ხედვა, რომლის მიზანიც კლასტერების განვითარების ხელშეწყობაა. კლასტერის პოლიტიკის ძირითადი განმახორციელებელი ევროპაში სახელმწიფოა და ეს პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:
1. პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება - ხშირად პოლიტიკის გაწერა ხდება კონკრეტულ დოკუმენტში, რომელიც არ არის აუცილებელი განსაზღვრავდეს კონკრეტულ მექანიზმებს, ფინანსური რესურსების განაწილებას ან მოვალეობებს, თუმცა, ის უნდა ასახავდეს პოლიტიკურ მიზნებს და შეიცავდეს დასაბუთებას თუ რატომ იქნება მნიშვნელოვანი კონკრეტული მიმართულებით აღწერილი ქმედებების განხორციელება.
პროგრამის შექმნა:
რეალურ ქმედებებზე გადასასვლელად სახელმწიფო ქმნის კონკრეტულ პროგრამებს, რომლებიც ანაწილებენ დაფინანსებას, ქმნიან ორგანიზაციულ მოვალეობებს და განსაზღვრავენ იმ პირობებს რომლებიც საჭიროა დაფინანსების მოსაპოვებლად.
განმახორციელებელი სააგენტო:
პროგრამის განხორციელების მოვალეობა ეკისრებათ სახელმწიფო სააგენტოებს ან სამინისტროებს. პროგრამა შესაძლოა წარმოადგენდეს განმახორციელებლის ძირითად საქმიანობას ან მასზე დაკისრებული მოვალეობების მხოლოდ მცირე ნაწილს.
ევროკომისიისთვის 2019 წელს მომზადებული კვლევის თანახმად, კლასტერების ხელშემწყობი პროგრამები ყველაზე ხშირად შემდეგ მიზნებს ემსახურება:
თანამშრომლობის გაძლიერება კომპანიებს/ინდუსტრიას და კვლევით ორგანიზაციებს/მეცნიერებას შორის;
მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
საერთაშორისო აქტივობების მხარდაჭერა.
ამავე კვლევის თანახმად, პროგრამების სამიზნე სექტორი ყველაზე ხშირად არის განვითარებადი ინდუსტრიები და ტექნოლოგიები.
ევროპაში კლასტერების განვითარების მაღალი დონის გათვალისწინებით, საინტერესო იქნება, დეტალურად განვიხილოთ ევროპის გამოცდილება. ამისათვის ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ანალიტიკური და ინფორმაციული სტატიების მომზადებას საერთაშორისო გამოცდილებაზე.
ავტორი: მარიამ სალდაძე.
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.