საქართველოში ლოჯისტიკური კლასტერის შექმნის თარიღი კვლავ უცნობია
ლოჯისტიკური კლასტერების მომსახურებით მსოფლიოს მასშტაბით ბევრი მიწოდების ქსელი სარგებლობს. ისეთი კლასტერები უმეტესად სამომხმარებლო ბაზრებთან ან პორტების და აეროპორტების სიახლოვეს არიან განთავსებული. ლოჯისტიკური კლასტერები აერთიანებენ საწარმოების ფართო სპექტრს: ლოჯისტიკური მომსახურების პროვაიდერებს, სადისტრიბუციო კომპანიებსა და სატვირთო გადამზიდავებს. რა უპირატესობა აქვს ასეთ კლასტერში გაერთიანებას? ლოჯისტიკურ კლასტერში, როგორც წესი, დიდი მოცულობის ტვირთები იყრის თავს, რაც მასშტაბური ეკონომიის საშუალებას იძლევა -გადამზიდავები ამცირებენ ცალმხრივ დატვირთვას, ე.წ. „ცარიელი ზურგჩანთების” რაოდენობას, შემდგომი დატვირთვის შესაძლებლობების წინასწარ განსაზღვრის გზით. გარდა ამისა, კლასტერის შიგნით შესაძლებელია რესურსების გაცვლა, როგორიცაა კონტეინერები, სარკინიგზო სარკინიგზო მანქანები, რაც ამცირებს კომპანიების ხარჯებს. ეფექტური კარგო ნაკადების არსებობა აიაფებს ტრანსპორტირების ტარიფებს, იწვევს ვაჭრობის გააქტიურებას და უფრო მეტ კომპანიას იზიდავს კლასტერში. ამასთან ერთად, იზრდება ლოჯისტიკურ კლასტერებში დასაქმებულთა რიცხვი.
რატომ შეფერხდა ლოჯისტიკური კლასტერების შექმნა
საქართველოში ლოჯისტიკური ცენტრების, იგივე ლოჯისტიკური კლასტერების შექმნის შესახებ საუბარი წლების წინ დაიწყო. ეს თემა განსაკუთრებით ანაკლიის პორტის პროექტის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. ჯერ კიდევ 2015 წელს მთავრობა აცხადებდა, რომ ანაკლიის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნებოდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რაც ხელს შეუწყობდა ლოგისტიკური კლასტერის ჩამოყალიბებას. ანაკლიის პროექტის შეჩერების შემდეგ საუბარი ლოჯისტიკური კლასტერის შესახებ შეწყდა.
2017 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისსა და ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრების პროექტებზე იწყებდა მუშაობას. ითქვა, რომ ამ თანამედროვე კლასტერებს ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქცია ექნებოდათ, რაც ხელს შეუწყობდა საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდიდა ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე, წაახალისებს ექსპორტს და ქვეყანა დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მიიღებდა. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში 800-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა. ორივე კლასტერის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 170 მილიონი დოლარით განისაზღვრა.
ქუთაისის ლოგისტიკური კლასტერის(73 მლნ. აშშ დოლარი) განთავსების ადგილად ქ. ქუთაისის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 30 კმ და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დასავლეთით დაახლოებით 2 კმ განისაზღვრა. საქართველოს მთავრობამ ივალდებულა, რომ ინვესტორს 46.1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი გამოუყოს. პროექტის მიხედვით თბილისის ლოჯისტიკური კლასტერი(95 მლნ აშშ დოლარი) სოფელ კუმისთან უნდა აშენებულიყო. მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებაც, რომელიც კომპანია Dornier Consulting International-იმ განახორციელა. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური კლასტერების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადები 2018 წლის თებერვალში გაიხსნა. განაცხადი ხუთმა კომპანიამ შეიტანა, მათ შორის იყვნენ ჩინური, თურქული, აზერბაიჯანული, შვეიცარიული კომპანიები. პრეტენდენტთა შორის იყვნენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” (TBC Holdings (საქართველო) და მისი პარტნიორი „Conti Group (აშშ).
გამარჯვებული 2018 წლის განმავლობაში უნდა გამოვლენილიყო, რომელიც მშენებლობას საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან 18 თვეში დაიწყებდა და 5 წელიწადში დაასრულებდა, თუმცა, კონკურსი გაურკვეველი მიზეზით ჩაიშალა. 2019 წლის ბოლოს, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ახალ კონცეფციაზე მუშაობენ და შესაძლოა, ერთი დიდი ლოგისტიკური ჰაბის ნაცვლად, რამდენიმე მცირე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების პროექტი ჩამოყალიბდეს. ნათია თურნავას თქმით, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების ინვესტორები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა შეერჩიათ, მაგრამ მათი მოზიდვა ვერ მოხერხდა და დღის წესრიგში დადგა პროექტის კონცეფციის გადახედვა.
„ქუთაისთან დაკავშირებით ვმუშაობთ და შესაძლოა, არსებული კონცეფციის ფარგლებში მოხდეს დაინტერესებული ინვესტორის მოზიდვა. რაც შეეხება თბილისის ლოგისტიკურ ჰაბს, დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნით და ინტერესით სარგებლობს მცირე ლოგისტიკური ჰაბების კონცეფცია. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში პოტენციურ ინვესტორებს თბილისში ერთი დიდი ჰაბის მაგივრად რამოდენიმე შედარებით უფრო მცირე, მოქნილი და ეფექტური ჰაბის კონცეფცია შევთავაზოთ, რაზეც ნამდვილად არის მოთხოვნა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
როდის შეირჩევა ინვესტორი, გაურკვეველია. შესაბამისად, უცნობი რჩება ლოჯისტიკური კლასტერების მშენებლობის ვადები. ამის მიუხედავად, მთავრობამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჩაწერა, რომ „მიმდინარეობს მუშაობა თბილისსა და ქუთაისში თანამედროვე ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური სერვისების ერთ კლასტერში თავმოყრას და ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოტენციალის სრულად რეალიზებას”.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ინვესტორს ვერაფერი შესთავაზა და კონკურსი ამის გამო ჩაიშალა.
„კონკურსი იმის გამო ჩაიშალა, რომ არ იყო კარგად განსაზღვრული ვინ გააკეთებდა გზას ლოჯისტიკურ ცენტრამდე, ვინ მოაწყობდა ინფრასტრუქტურას. ამას ისიც დაემატა, რომ შეჩერდა ანაკლიის პორტის მშენებლობა, სადაც განსაზღვრული იყო მსხვილი ლოჯისტიკური კლასტერის განთავსება. ამან ინვესტორს დაუკარგა ინტერესი, რომ ტერმინალები თბილისში და ქუთაისშიც გაეკეთებინა და ყველა მათგანი ერთი კომპანიის მართვის ქვეშ ყოფილიყო. ამასობაში, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა- აზერბაიჯანმა და თურქეთმა ასეთი ცენტრები უკვე ააშენეს. ტვირთებმა ამ ცენტრებისკენ გადაინაცვლეს და საქართველომ პრიორიტეტულობა დაკარგა.
სახელმწიფომ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე, მაგ, ნავსადგურებთან ახლოს, მიწა უნდა გამოისყიდოს, შექმნას ინფრასტრუქტურა, რაც მოიზიდავს ინვესტორს, რომ თანხა ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობაში დააბანდოს. ასეთი ინფრასტრუქტურული მოდელები ჯერ გაკეთებული არ არის. ეს პროექტები უნდა იყოს ფინანსურად არგუმენტირებული და გაწერილი ლოჯისტიკურ სტრატეგიაში, რომელიც ქვეყანას ამ დრომდე არ გააჩნია. დღეს, როცა ეს დოკუმენტი არ არსებობს, ინვესტორი ქვეყანაში ხელის ცეცებით შემოდის და მხოლოდ ადგილზე მისვლის შემდეგ იგებს, რომ ინფრასტრუქტურა არ არის შექმნილი.
რადგან ქვეყანას დიდი ინვესტიციის ერთიანად ჩადების საშუალება არ აქვს, ლოჯისტიკური კლასტერის მოწყობა შეიძლება სხვა ხერხით მოხდეს. კერძოდ, ის ეტაპობრივად განვითარდეს- თავიდან აშენდეს საკონტეინერო ცენტრი, ამას მიემატოს სამაცივრე მეურნეობა, მის გასწვრივ საწარმოები შეიქმნას და ლოჯისტიკური ცენტრის გადიდება თანდათან მოხდეს.
-კლასტერების არარსებობის გარდა, კიდევ რა პრობლემები არსებობს ლოჯისტიკის სფეროში?
-არ გაგვაჩნია მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური საწარმოები, სადაც მოხდება 3PLs ტიპის (Third-party logistics - ლოგისტიკური მომსახურების პროვაიდერი მესამე მხარეები, რომლებიც ახდენენ ოპერაციების ინტეგრაციას საწყობთან და ტრანსპორტთან) ოპერატორების შემოყვანა. ჩვენთან უმეტესად 2PLs ტიპის გადამზიდავები არიან, რომლებსაც ტვირთი ა-დან ბ პუნქტამდე გადააქვთ. ჩვენ მეზობელ ქვეყნებში უკვე არსებობენ 3PLs ტიპის კომპანიები, რომლებიც ტვირთის გადაზიდვასთან ერთად, ტერმინალებს ფლობენ, საბროკერო, განბაჟების და სხვა პროცედურებს ახორციელებენ. განვითარებულ ქვეყნებში კი უკვე არსებობენ 6PLs ტიპის, მაგ, „Alibaba” და სხვა მსგავსი კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სერვისს კომპლექსურად ახორციელებენ. ჩვენ ჯერ 2PLs-ზე ვართ, როცა განვითარებული მსოფლიო მეექვსე საფეხურზეა. ამიტომ მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკური ინდექსის მიხედვით საქართველო 119-ე ადგილზეა. მაშინ, როცა ჩვენ სატრანსპორტო არტერიაზე დამოკიდებული სომხეთი 92-ე ადგილს იკავებს. სომხეთს 1500-მდე სამაცივრე გადამზიდავი ჰყავს, რომელებიც ტვირთის გადატანასთან ერთად ახორციელებენ მის გაგრილებას, სხვადასხვა წერტილში მიწოდებას, შენახვას ანუ დამკვეთს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობენ. ჩვენთან ასეთი გადამზიდავები არ არსებობენ. ეს სიტუაცია ვაჭრობასაც აფერხებს და ინვესტორის შემოსვლასაც.
ამ სიტუაციაში მთავარი ამოცანა უნდა იყოს წარმოების განვითარება, რასაც უნდა დაემატოს ოპერატორების სერვისის გაუმჯობესება, ლოჯისტიკის სფეროს სპეციალისტების, მენეჯერების მომზადება, სასაწყობო ტერმინალებისა და ტექნოლოგიების განვითარება, ეს ერთობლიობაში ბიძგს მისცემს ამ სექტორის ზრდას.
ლოგისტიკური კლასტერები ევროპაში
ბოლო მონაცემებით, ლოგისტიკურ სექტორში ევროპაში 7.9 მილიონი ადამიანია დასაქმებული. მათი საშუალო წლიური ხელფასი კი 28,4 ათას ევროს შეადგენს. ამ მაჩვენებლებით, ლოგისტიკის ინდუსტრია ევროპის სხვა განვითარებად სექტორებს შორის მოწინავე ადგილს არ იკავებს, თუმცა, ლოგისტიკის სექტორი გამოირჩევა მაღალი საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლით, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 2.3%-ს შეადგენს. ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის კლასტერების მიმართულებით ევროპის წამყვან ქვეყნებს შორისაა ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, დანია, საფრანგეთი, ირლანდია და ისლანდია. ლოგისტიკის ინდუსტრია და მასთან დაკავშირებული კლასტერები სწრაფად მზარდია ბალტიისპირეთის ქვეყნებში. მათ შორის ლატვია გამოირჩევა, სადაც ყველაზე მეტი ლოჯისტიკური კომპანია და „სტარტაპია“ შექმილი.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.