„აწარმოე საქართველოში” დონორ ორგანიზაციებთან ერთად 4 ახალი კლასტერის შექმნაზე მუშაობს
როგორც ცნობილია, საქართველოში ბიზნეს კლასტერების შექმნის პროცესი ევროკავშირისა და GIZ-ის(გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ინიციატივით დაიწყო. ხელისუფლების მხრიდან პროექტის მთავარი პარტნიორი კი არის სააგენტო „აწარმოე საქართველოში”. კლასტერების შექმნის პროცესში სააგენტოს მედიატორის ფუნქცია აქვს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებსა და სხვა უწყებებს შორის. სააგენტო ასევე, მონაწილეობს უწყებათაშორის განხილვებში, რომელიც საქართველოში კლასტერების შექმნის პოლიტიკის განსაზღვრის თემაზე იმართება.
„ამ აქტივობების დაგეგმვის პროცესში გაჩნდა საჭიროება, გაჩენილიყო დამოუკიდებელი მხარე, რომელიც იქნებოდა ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის და კონკრეტული ინიციატივების დანერგვის დამატებით მექანიზმი. კლასტერებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სააგენტოსთან სხვადასხვა ინიციატივის წამოჭრისა და მექანიზმების შემუშავების კუთხით (მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და დაფინანსების მოძიების თვალსაზრისით)”,- აცხადებენ „აწარმოე საქართველოში”.
როგორც სააგენტოში ამბობენ, ისინი კლასტერების ჩამოყალიბების თითოეულ ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულები, კერძო სექტორს აცნობდნენ ინფორმაციას კლასტერში გაწევრიანების უპირატესობების შესახებ, მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებსა და ე.წ ვორქშოპებში. ავრცელებდნენ ინფორმაციას კლასტერის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე.
შარშან სააგენტომ ტურიზმის მხარდასაჭერად დაწყო ორი ახალი საგრანტო პროგრამა, რომლითაც ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები და სასტუმროს მფლობელები სარგებლობენ. ამ საგრანტო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველომ” კლასტერინგის მექანიზმი დაამატა, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ მეწარმეს უნდა საოჯახო სასტუმროს გაკეთება შატილში და ჰყავს ახლოს მცხოვრები ადამიანი, რომელსაც უნდა გააკეთოს ცხენების ან მოტოციკლეტების გაქირავების სერვისი, ხოლო მესამე მეზობელს რესტორნის ან მუზეუმის აშენება უნდა, ამ ერთობლიობას, ანუ ე.წ. კლასტერს, დამატებითი ქულა მიენიჭება. როგორც სააგენტოში განმარტეს, ამ მექანიზმის მიზანია წაახალისოს პარტნიორობა და ხელი შეუწყოს ტურისტული ცენტრების შექმნას.
როგორც სააგენტოში ამბობენ, კლასტერების ჩამოყალიბების მიზნით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კლასტერების შექმნაზე საქართველოში. გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) მოცემული ეტაპისთვის იკვლევს ქვეყანაში არსებულ პოტენციალს. გამოკვეთილი პრიორიტეტების საფუძველზე დაიგეგმება დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები 4 სექტორული კლასტერის შექმნის მიზანშეწონილობის დასადგენად.
„აწარმოე საქართველოს” ინფორმაციით, GIZ მშენებლობისა და საფეიქრო ინდუსტრიის კლასტერების ჩამოყალიბის მიმართულებით მუშაობს, UNDP(გაეროს განვითარების პროგრამა) შეფუთვის კლასტერის, FAO(გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) სანერგე ((seed/seedlings) კლასტერის, ხოლო ADA(ავსტრიის განვითარების სააგენტო) მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს.
როგორ ხდება სექტორების შერჩევა კლასტერებისთვის და რა პროცედურებს მოიცავს კლასტერების შექმნის პროცესი, ამის შესახებ „აწარმოე საქართველო” განმარტავს: „კლასტერის ჩამოყალიბების პროცესში პირველ რიგში, ხდება პოტენციური სექტორის გამოვლენა სიღრმისეული კვლევის საფუძველზე. იმართება ინდივიდუალური შეხვედრები კერძო სექტორთან, კომპანიების მზაობის გასარკვევად. ამავე დროს, ხდება მათი ინფორმირებულობის გაზომვა კლასტერის მნიშვნელობის თაობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე (შექმნამდე) კლასტერების მიმართ კომპანიებს საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ, რადგან კლასტერის შინაარსი კონკურენტისთვის შიდა ინფორმაციის გაზიარებად აღიქმება. სწორედ მოცემული სტერეოტიპული დამოკიდებულების ცვლილება და მათთვის ერთობლივი მუშაობის შედეგიანობის მკაფიოდ წარმოჩენაა ერთ-ერთი საკვანძო ნაბიჯი ამ პროცესში.
პრიორიტეტული სექტორების განსაზღვრის შემდგომ კი მნიშვნელოვანია, მოხდეს კომპანიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება კლასტერების აუცილებლობის შესახებ, თუ რა უპირატესობების მოტანა შეუძლია ასეთი ორგანიზაციას. ამასთანავე, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა განისაზღვროს ერთიანი სტრუქტურა, რომელიც გააერთიანებს მხარდამჭერ მექანიზმებს, წამახალისებელ აქტივობას თუ სხვა კონკრეტულ, მიზანმიმართულ ჩარჩოებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კლასტერების გზით განვითარებას”,- ამბობენ „აწარმოე საქართველოში”
საინტერესოა, რას აკეთებს მთავრობა კლასტერების ხელშეწყობისთვის. რა შეღავათით სარგებლობენ კლასტერში გაერთიანებული საწარმოები სახელმწიფო პროგრამის მხრიდან, აქვთ თუ არა მათ დაფინანსების მიღების თვალსაზრისით რაიმე სახის უპირატესობა სხვა კერძო ბიზნესთან შედარებით. ამ კითხვით ჩვენ სსიპ „აწარმოე საქართველოს” მივმართეთ. ირკვევა, რომ კლასტერის წევრებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით რაიმე შეღავათი არ აქვთ. მათთვის „მხოლოდ გამოფენებში მონაწილეობის დროს თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობა არ არის შეზღუდული”. თუმცა, სააგენტოში ამბობენ, რომ კლასტერში თავმოყრა და ძალების გაერთიანება, საწარმოებს აძლევს საშუალებას, გაზარდოს შანსები დაფინანსების შეღავათიანი პირობებით მოსაპოვებლად.
„კლასტერების ჩამოყალიბება და სათანადოდ მართვა ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდას, ინოვაციების დანერგვას, რესურსებზე წვდომას და კონკურენტუნარიანობას. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ერთობის არსებობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკის განვითარების კუთხით.
მცირე და საშუალო ბიზნესისათვის კლასტერი წარმოადგენს დამატებით შესაძლებლობას, ჰქონდეთ მუდმივი წვდომა მათი სექტორის შესახებ განახლებულ ინფორმაციასა თუ შესაბამის ინფრასტრუქტურასთან. სექტორის სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობით კონკრეტულ მეწარმეს შეუძლია ახალი კომპეტენციების შეძენა, კონკურენციის წახალისება, ასევე ექმნება შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა კვალიფიციურ მუშახელზე. შეზღუდული რესურსების პირობებში, კომპანიათა ერთობა გულისხმობს დამატებითი სახსრების მოძიებას, მანქანა-დანადგარების, ნედლეულისა თუ ბიზნეს სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. დამოუკიდებლად ოპერირება კი კონკრეტულ არხებზე წვდომას ზღუდავს. კლასტერისთვის სარგებლის მომტან გარემოს სწორედ მოცემული შესაძლებლობები ქმნის.
ამასთან, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამოწვევის გათვალისწინებით, კლასტერი სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც აერთიანებს მცირე და საშუალო მეწარმეებს და აძლევს შესაძლებლობას საერთო ძალებით განვითარდნენ, შეიძინონ მანქანა-დანადგარები და უზრუნველყონ საერთო შეკვეთების დროული და ეფექტური მიწოდება”,- ამბობენ „აწარმოე საქართველოში”.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.