გიორგი კუხიანიძე(ფერმერი): „კლასტერის სარგებელს რომ დაინახავენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან გაერთიანება ბევრ ფერმერს მოუნდება”
გიორგი კუხიანიძეს სასათბურე მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აქვს, სადაც პომიდორი, კიტრი, ბულგარული წიწაკა, მწვანილი და სხვა სახეობის ბოსტნეული მოჰყავს. მებოსტნეობა მათი ოჯახის ტრადიციული საქმიანობაა. გიორგი ამბობს, რომ მისი ბაბუა სოფლის მეურნეობას მისდევდა, შემდეგ ბოსტნეულის მოყვანა მამამ გააგრძელა. ახლა კი სასათბურე მეურნეობის გაფართოებას გიორგი ცდილობს. მან 10 თანასოფლელთან ერთად გადაწყვიტა კოოპერატივი ჩამოაყალიბოს, რაც მოსავლის გაერთიანების საშუალებას მისცემთ. ფერმერები წყალტუბოდან ვარაუდობენ, რომ ამ გზით, ბოსტნეულის რეალიზაციის პრობლემის მოგვარებას უკეთ შეძლებენ.
გიორგი კუხიანიძე(ფერმერი): „სათბური 3 ათასი კვადრატულ მეტრზე მაქვს გაკეთებული. მაქვს თავისუფალი მიწის ნაკვეთიც, ე.წ. ღია გრუნტიც, მაგრამ, იქ ბოსტნეული ვერ მომყავს. სათბურში ცოტ-ცოტა ყველა სახეობის ბოსტნეულს ვთესავ. წინასწარ არ ვიცი, როგორი კლიმატური პირობები იქნება, რომელი ბოსტნეული უფრო კარგ მოსავალს მომცემს, რა ფასი ექნება, ამიტომ ერთ სახეობის იმედად ვერ ვიქნები. სხვადასხვა ბოსტნეულს ვთესავ, შერეული მოსავალი რომ მქონდეს. ერთი თუ წამგებიანი აღმოჩნდება, ზარალს მეორე სახეობა გადაფარავს.
-სათბურში მოყვანილ ბოსტნეულს სად ყიდით?
-მოსავლის ნაწილს საკოლმეურნეო ბაზარში ვყიდი, ნაწილი კი მოვაჭრეებს მიაქვთ, რომლებსაც ბოსტნეული სასტუმროების ქსელებში და რესტორნებში შეაქვთ. ასე ყიდიან საკუთარ პროდუქტს ფერმერები ჩემს მეზობლად. იმის გამო, რომ ჩვენ სათბურებში მოწეული ბოსტნეული მცირეა, რესტორნებისა და სასტუმროებისთვის რეგულარულ მიწოდებას ცალკეული ფერმერი ვერ ახერხებს. იძულებული ვართ პროდუქტი გადამყიდველს იაფად მივყიდოთ. ამის გამო დანაკარგი ძალიან დიდია, არადა ფინანსური შემოსავალი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ მცირე ფერმერებმა გადავწყვიტეთ, ჩამოვაყალიბოთ კოოპერატივი -„იმერული ბოსტნეული”. კოოპერატივი იმისთვის გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია გავაერთიანოთ და მომხმარებლებს პირდაპირ, შუამავალი რგოლის გარეშე მივაწოდოთ. ამ გზით ჩვენი მოგების მარჟა გაიზრდება. შუამავლების გარეშე ჩვენ უკეთ განვსაზღვრავთ, მოსავალი კლიენტს რა ფასად მივაწოდოთ. მათ მიერ დადგენილ შესყიდვის ფასებზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული, რომელიც მუდმივად არასტაბილური და მერყევია.
ჩვენ სოფელში 11 ფერმერია გაერთიანების მსურველი. მაგრამ ჯერ კოოპერატივის, სამომავლოდ კი კლასტერის სარგებელს რომ დაინახავენ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან გაერთიანება ბევრს მოუნდება. გაწევრიანების სურვილი რომ გაუჩნდეთ, ამისთვის მწარმოებლების ცოდნის დონე უნდა ავამაღლოთ და გაერთიანების სიკეთე უკეთ დავანახოთ. ფერმერული მეურნეობების გამსხვილების გარეშე სოფლის მეურნეობის სფეროს პერსპექტივა არ აქვს.
გვინდა ჩვენ მეურნეობებში ევროპული სტანდარტები დავნერგოთ, გავიგოთ რა მოთხოვნები აქვს ევროპულ ბაზარს და ის პროდუქტი მოვიყვანოთ, რაზეც ბაზარზე არის მოთხოვნა. ეს ცოტა შორეული გეგმაა. ჯერ გვინდა ბოსტნეულით ადგილობრივ ბაზარი მოვამარაგოთ.
-11 ფერმერის ნაკვეთი ჯამურად რამდენ ჰექტარს შეადგენს?
-სულ დაახლოებით 6 ჰექტარია. ზოგს 1,5 ჰექტარი აქვს, ზოგის ნაკვეთი 2 ჰექტრამდეა. ეს ბევრი არ არის. მცირე ფერმერებისთვის, რომლებიც გამსხვილების აუცილებლობას ჯერ ვერ ხვდებიან, ჩვენ უნდა გავხდეთ მაგალითი. შემდეგ შემოგვიერთდებიან ჩვენი მეზობლებიც, მეგობრებიც და რაც უფრო ბევრი ფერმერი გვეყოლება გვერდით, მით უკეთესი იქნება. ახლა საგაზაფხულო ბოსტნეულის თესვას ვიწყებთ. ამ პერიოდში მწვანილს აღარ ვთესავთ, რადგან გაზაფხულზე მისი ფასი იკლებს და სათბურში მისი მოყვანა მომგებიანი არ არის. მიმდინარე სეზონზე სათბურში პომიდორი, კიტრი და ბულგარული მოგვყავს. შემოდგომაზე უკვე მწვანილს დავთესავთ.
-ნიადაგისთვის რა სახის სასუქს იყენებთ?
-ნიადაგისთვის დანამატებს თითქმის არ ვიყენებ. შხამქიმიკატებით მხოლოდ ბოსტნეულის შეწამვლას ვახორციელებთ, სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ. ვკითხულობთ სპეციალურ ლიტერატურას, რომ გავიგოთ, ფერმერებს ბოსტნეული ევროპაში როგორ მოჰყავთ. ვცდილობ, ევროპული წესები ჩვენ მეურნეობაშიც დავნერგოთ. ასევე, ვურთიერთობთ იმ ადგილობრივ ფერმერებთან, რომლებსაც ბოსტნეული ევროპული სტანდარტით მოჰყავთ. ვცდილობთ მოვიპოვოთ ინფორმაცია, რა სახის პროდუქციას ითხოვს მომხმარებელი.
გვინდა სათბურებში „Global Gap”-ის სტანდარტი დავნერგოთ, მომხმარებელს ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს, რომ ჩვენი პროდუქცია უხარისხოა ან მავნეა მათი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია. ჩვენ სასაწყობო მეურნეობას სათანადოდ მოწყობა სჭირდება. რაც გვაქვს, ის ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება. ბოსტნეულის იმ მეთოდებით მოყვანა, როგორც ამას ჩვენ მამა-პაპა აკეთებდა, მოძველებულია. ახალი ტექნოლოგიების და სტანდარტების დანერგვაა საჭირო.
-კიდევ რა პრობლემები გაქვთ მცირე ფერმერებს?
-ყველაზე მეტად თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე აგრონომი გვჭირდება, რომელიც ბოსტნეულის სწორად მოყვანას გვასწავლის. გვეტყვის, როგორ გავზარდოთ მოსავლიანობა, რა სათესლე საშუალებები შევიძინოთ, შხამ-ქიმიკატები რა დოზით გამოვიყენოთ, ნათესებისთვის ზედმეტი რომ არ იყოს და მომხმარებელს ჯანსაღი პროდუქცია შევთავაზოთ.
აუცილებლად გვჭირდება აგროდაზღვევა. ჩვენ მოსავალს კერძო სადაზღვევო კომპანიები არ აზღვევენ. არადა, კლიმატური პირობების გამო დიდ ზარალს განვიცდით.
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის მიმართვას ვერ ვახერხებთ, გრანტით რომ ვისარგებლოთ ან რომელიმე პროექტში ჩავერთოთ. ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არც დრო გვაქვს, სხვადასხვა უწყებებში რომ ვიაროთ ან შესაბამისი პროექტი დავწეროთ, რადგან ნაკვეთში მუდმივად ბევრი საქმეა. გაერთიანების შემთხვევაში, ამ საკითხებს მმართველი ჯგუფი მიხედავს, რომელიც კოოპერატივს თუ კლასტერს ეყოლება. მთავარია, პროდუქციის მოცულობის შესაქმნელად და ცოდნის გასაზიარებლად, კლასტერის სიკეთე და უპირატესობა ფერმერებმა კარგად გაიაზრონ.
- სათბურისთვის რა სახის ტექნოლოგიები გჭირდებათ?
- სათბურში ტექნოლოგიები არ გვაქვს, რადგან ეს დიდ თანხებს მოითხოვს. მხოლოდ წვეთოვანი სარწყავი და ე.ე. დაწვიმების სისტემები გვაქვს დამონტაჟებული. არ გვაქვს გათბობის სისტემა, რადგან ეს დიდი ხარჯია. შეშა ძვირი მოსაპოვებელია, ამიტომ გასათბობად მის გამოყენებას ვერ მოვახერხებთ. გათბობის სხვა საშუალებები, მაგალითად, ბუნებრივი აირი ან ნავთობპროდუქტები მოსავალს გააძვირებს, რაც მის რეალიზაციას გაართულებს. შესაბამისად, გათბობის საშუალებების გამოყენება აზრს კარგავს.
------------------------
მიმდინარე თუ დაგეგმილი პროგრამები, რომლითაც სასათბურე მეურნეობების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ:
-FAO ევროკავშირთან ერთად ახორციელებს ფერმერების ხელშეწყობის პროექტს, რომელიც სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნას ითვალისწინებს. სადემონსტრაციო ნაკვეთის შერჩევა რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულების შესაბამისად ხდება. შერჩეულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე მიწის დამუშავებას ფერმერი საკუთარი ხარჯით ახორციელებს, ხოლო FAO-ENPARD -ის პროექტი აფინანსებს საჭირო სასუქების, პესტიციდებისა და მულჩის შეტანას. ასევე, პროექტი ითვალისწინებს ფერმერისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემის დამონტაჟებას და სხვა ტექნიკური ხასიათის დახმარებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტრენინგების თეორიული და პრაქტიკული კურსის ჩატარებას. ტრენინგი გრძელდება ნათესი კულტურის მოყვანის სრული ციკლის პერიოდში- იწყება მიწის მომზადებით და კულტურის შერჩევით, გრძელდება მოსავლის აღებისა და შენახვის პერიოდის ჩათვლით. ტრენინგების საშუალებით უკეთესი პრაქტიკის გაზიარება ხდება იმ ფერმერებისთვისაც, რომლებიც სადემონსტრაციო ნაკვეთის მახლობლად იმყოფებიან.
-სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროექტს უახლოეს მომავალში დაიწყებს „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო" / Arda. პროექტის პირობების შესახებ ინფორმაციას სააგენტო უახლოეს მომავალში გაავრცელებს.
-სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის პროექტის დაწყებას გეგმავს USAID -ის პროექტი „ზრდა საქართველოში". პროექტის პირობების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ თანადაფინანსების უკეთესი პირობებით სასოფლო კოოპერატივები ისარგებლებენ.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.