ფერმერების უდიდეს ნაწილს სხვა ქვეყნებთან შეღავათიან სავაჭრო რეჟიმებზე წარმოდგენა არ აქვს
ფერმერთა 72%-ს სხვა ქვეყნებთან არსებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შესახებ წარმოდგენა არ აქვს, - ასეთია „მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისa და ინფორმირებულობის კვლევის“ შედეგი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ ჩაატარა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია იუწყება, გამოკითხული 500 რესპონდენტიდან ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე (DCFTA) ინფორმაციას 94 ფერმერი ფლობდა (18,8%), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) – 33 (6,6%). ხოლო ზოგადი პრეფერენციული სისტემების შესახებ (GSP) მხოლოდ -1; დანარჩენმა 358 ფერმერმა აღნიშნულ რეჟიმებზე არაფერი იცოდა, ისევე როგორც კვლევაში მონაწილე სამმა ექსპორტიორმა კომპანიამ.
ინფორმაცია იმ მოთხოვნებზე, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანისთვის, გამოკითხულთა, თითქმის, ნახევარს (48% -ს), არ ჰქონდა. ზოგად ინფორმაციას ფლობდა 24 (4,8%), ვეტერინარული მოთხოვნების შესახებ წარმოდგენა ჰქონდა 147 ფერმერს (29,4%), სანიტარულსა და ფიტოსანიტარულზე - 199-ს (39,8%), სურსათის უვნებლობაზე კი - 225-ს (45%-ს). აღსანიშნავია, რომ სამივე ტიპის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას 141 რესპონდენტი ფლობდა.
„ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, იმის გათვალისწინებით, რომ DCFTA-ის და ყველა შესაბამისი მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით დაკავებულია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ ბევრი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია. შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად რა მოთხოვნებია დაწესებული პროდუქციის მიმართ, უმრავლესობამ ზუსტად არ იცის, ბევრი პასუხობს. რომ პროდუქტი უნდა იყოს ბიო, ასევე საუბრობენ სერთიფიცირების, აცრების, ლაბორატორიული შემოწმების, ჰიგიენური, ეტიკეტირების, შენახვის პირობების, შხამ-ქიმიკატებისა და პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე“, - აცხადებენ კვლევის ავტორები.
ფერმერებისთვის ევროკავშირის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყარო (36%-ისთვის) საინფორმაციო საშუალებებია (ტელევიზია, რადიო და ა,შ). მეორე ადგილზე აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციები (21,2%), შემდეგ ადგილებს ინაწილებენ სოფლის მეურნეობის სამინისტრო (14,9%), სხვა ფერმერები (3,6%), ადგილობრივი ხელისუფლება (1,8%).
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოებას და, კონკრეტულად, ფერმერებს მიეწოდოთ სათანადო ინფორმაცია DCFTA-ის შედეგების შესახებ. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს როგორც დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე შესაძლებლობებს, რასაც იძლევა აღნიშნული ხელშეკრულება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენება. რეგიონული სატელევიზიო და მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით“, - აღნიშნულია კვლევაში.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, მთავრობამ უნდა განუმარტოს მოსახლეობასა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომ ევროკავშირთან ინტეგრირება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის მოდერნიზების საქმეში მხოლოდ დადებით როლს შეასრულებს.
„საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა იყოს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება რეგულირების ახალი სტანდარტების - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიკვლევადობის,უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის საშუალებების შესახებ. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება დროთა განმავლობაში ფერმერებზე მოახდენს გავლენას და უბიძგებს მათ უფრო უვნებელი და მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტები აწარმოონ“, - მიიჩნევენ კვლევის ავტორები.