კომპანია “გეოპროვიჟენი” შემოდგომაზე ცხოველების საკვებს ევროკავშირში გაიტანს
საქართველოში დამზადებული პირველი საკვები პროდუქტი ცხოველებისთვის ევროკავშირის ბაზარზე მიმდინარე წლის მესამე კვარტალში გამოჩნდება. “გეოპროვიჟენი” დასაწყისისთვის წელიწადში 1000 ტონა ცხოველის (ძაღლის) საკვებს დაამზადებს. იგეგმება წარმოების გაზრდა, მოთხოვნის შესაბამისად. კომპანიის დამფუძნებელი, დავით ბარდაველიძე ამბობს, რომ კონკურენცია ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ დიდია, თუმცა, საქართველოში დამზადებული ცხოველების საკვები კონკურენტული იქნება ფასისა და ხარისხის გათვალისწინებით.
“გეოპროვიჟენი” იმპორტირებული ქათმის გულმკერდის ანათალებისგან ორი სახის ძაღლების საკვებს დაამზადებს. პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, თუმცა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებაც განიხილება.
“ნედლეულს მივიღებთ იმპორტით ან ბრაზილიიდან ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან, რომელთაც ექნებათ შესაბამისი სერტიფიკატი. მომავალში კი როდესაც სურსათის უვნებლობას ექნება აღიარება ხორცპროდუქტებზე, ჩავანაცვლებთ ადგილობრივი ნედლეულით”- ამბობს დავით ბარდაველიძე.
“გეოპროვიჟენის” 80% წილის მფლობელია “ჯორჯიან პროდაქტსი”, კომპანია, რომელიც ამზადებს 25 სახეობის ცხოველების ავეჯს და ევროკავშირში ექსპორტზე გააქვს. კომპანია უკვე მეოთხე წელია თანამშრომლობს ევროკავშირში ერთ-ერთ სადისტრიბუციო ფირმასთან, რომელიც ლიდერია ცხოველთა მოვლის სფეროში. “ჯორჯიან პროდაქტსმა” ასორტიმენტი გააფართოვა და გასულ სამ თვეში წარმოება წინა წელთან შედარებით 25%-ით გაზარდა. ცხოველების ავეჯისა და ე.წ. გარდენჰაუსების შემდეგ, კომპანიის დამფუძნებელს გაუჩნდა იდეა, რომ შეესწავლა ცხოველების საკვების ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებში. 6 თვიანი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ მიმართულებას პოტენციალი გააჩნდა. შეთავაზებული იდეა მოიწონეს ევროპელმა პარტნიორებმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ “გეოპროვიჟენი” მალე ევროკავშირში კიდევ ერთ ნიშას დაიკავებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში “გეოპროვიჟენმა” მხარდაჭერა მოიპოვა. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიაწოდოს.
“ხელშეწყობა როგორც ქართული ისე ევროპული მხრიდან დიდია. საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია. საწარმოში დაინერგება ყველა ის სტანდარტი, რასაც ევროკავშირი გვავალდებულებს და შეიქმნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. პირველი პარტია გაიგზავნება გერმანიაში საფრანგეთსა და იტალიაში, ასევე ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში, ვინაიდან ჩვენს ევროპელ პარტნიორს აქვს ძალიან კარგი სადისტრიბუციო ქსელი ევროკავშირის მასშტაბით.”- ამბობს დავით ბარდაველიძე
ცხოველების საკვების ბაზარზე ევროკავშირში დიდი კონკურენციაა. საკვების იმპორტი ძირითადად ჩინეთიდან და ტაილანდიდან ხორციელდება, ასევე, წარმოება საკმაოდ მაღალია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ქეთი მელქაძე