,,ქსოვილი საქართველოდან“ კულტურული მემკვიდრეობის ევროპის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
სამეცნიერო კვლევითი პროექტი ,,ქსოვილი საქართველოდან“ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი ჯილდოს Europa Nostra-ს გამარჯვებული გახდა. ,,ქსოვილი საქართველოდან“ მასშტაბური და საინტერესო კვლევითი პროექტია, რომლის უმთავრესი მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ძველი ტრადიციების აღდგენა და თანამედროვე ყოფით ცხოვრებაში მათი დამკვიდრებაა. პროექტი, რომელმაც თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე გამორჩეული მეცნიერული დატვირთვა შეიძინა, განხორციელდა ხელოვნების სასახლის მიერ, გიორგი ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შედეგად.
საფუძვლიანმა კვლევამ გამოავლინა ახლო ურთიერთობები საქართველოსა და კავკასიის ფართო რეგიონს შორის, ასევე მათი გავლენები ერთმანეთის მიმართ. პროექტში ჩართული იყვნენ მეცნიერები, ხელოვანები და რესტავრატორები, რომლებმაც შეისწავლეს სამეფო ტანისამოსი და შექმნეს ილუსტრაციები ქართული ეკლესიებისა და მონასტრების ფრესკების მიხედვით.
ხელოვანებმა და რესტავრატორებმა შექმნეს ძველი სამეფო შესამოსელის ვიზუალები და განსაზღვრეს უნიკალური ისტორიული ნაწარმის შექმნის ზუსტი მეთოდები. გრაფიკულ ნამუშევრებზე დაყრდნობით შეიქმნა სხვადასხვა ტიპის ქსოვილები, რომლებიც დალაგდა ქრონოლოგიურად მე-8 საუკუნიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით და მოხდა მათი ფოტოზე აღბეჭდვა.
პროექტის შედეგად შეიქმნა ქსოვილის პირველი ელექტრონული მონაცემთა ბაზა კავკასიის რეგიონში. პროექტის შედეგები აჩვენებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ქსოვილის წარმოშობას, მის განვითარებას, ასევე, კავშირებსა და პარალელებს ევროპასა და აზიასთან.
“ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ პროექტის მულტიდისციპლინურ მიდგომას. მხატვრული ტექნიკების გამოკვლევამ შედეგად მოგვცა მივიწყებული ინოვაციური მიდგომები თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის”-განაცხადა ჟიურიმ
Europa Nostra-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ 4 ნომინაციაში - კონსერვაცია; კვლევა; განსაკუთრებული ღვაწლი; განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება, სულ – 17 ქვეყნის 30 ლაურეატი. ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წლის აღნიშვნის ფარგლებში, დამოუკიდებელმა ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პროექტებზე.
,,კულტურული მემკვიდრეობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია. ის აშენებს ხიდებს ხალხსა და საზოგადოებას შორის, ისევე როგორც წარსულსა და მომავალს შორის“- განაცხადა ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში, ტიბორ ნავრაჩიჩმა.
გამარაჯვებულების დაჯილდოება მოხდება სპეციალურ ცერემონიაზე 22 ივნისს, ბერლინის კონგრესის ცენტრში. ცერემონიას წარუძღვებიან მაესტრო პლასიდო დომინგო და ევროკომისარი ტიბორ ნავრაჩიჩი.
ყოველწლიურად 30-მდე პრიზი გაიცემა გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის მიღწევებისთვის ევროპის მასშტაბით. ყოველწლიურად ჟიურის მიერ შეირჩევა 7 “გრან პრის” მფლობელი ლაურეატი და ერთი ხალხის რჩეული პროექტი. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია ხალხის რჩეულის ნომინაციაში ონლაინ მისცეს ხმა მის მიერ მოწონებულ სამ პროექტს სამი სხვადასხვა ქვეყნიდან. ხმის მიცემა 10 ივნისამდე გაგრძელდება. ყველა პრიზიორს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო “გრან პრის” მფლობელებს ასევე გადაეცემათ €10,000.
2002 წელს დაარსებული ეს პრიზი ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ევროპის ეკონომიკის და საზოგადოების სტრატეგიული რესურსის როლის აღიარებას მემკვიდრეობის კონსერვაციის, კვლევის, მენეჯმენტის, განათლების და კომუნიკაციის სფეროს საუკეთესო მაგალითების აღიარებით და მათი დაჯილდოებით. Europa Nostra-ს პრიზის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა ,,შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe), რომლის წევრი საქართველო 2015 წელს გახდა.
ქეთი მელქაძე