ავსტრალიური კომპანია Skyland Petroleum 2016 წლისთვის რუსეთიდან, ტაჯიკეთსა და საქართველოდან ჩინეთში ნავთობისა და გაზის ექსპორტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურმა პრესამ გაავრცელა.
კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, დევიდ რობინსონის განცხადებით, კომპანია გეგმავს რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში მდებარე რამდენიმე საბადოს აქციებიც შეისყიდოს, რის შემდეგაც ენერგორესურსს მილსადენებით - „აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანე“ და „ციმბირის ძალა“ ჩინეთის პროვინციებში, ხეილუნძიანში, ლიანონში, ძიანსუს პროვინციებში, ასევე პეკინის, შანხაისა და ტიანძინში გადატვირთავს.
როგორც Skyland Petroleum ვებ-გვერდზეა აღნიშნული, რუსეთის გარდა, კომპანია საბადოების ლიცენზიას ტაჯიკეთსა და საქართველოშიც ფლობს, კერძოდ, XIG ბლოკის აქციების 20%-ს. ამავე ბლოკის 60%-ის მფლობელი კი ადგილობრივი ოპერატორი „საქართველოს ნავთობი და გაზია“. საბადოს ფართობი 289 კვადრატულ მეტრია და სამგორის ველზე მდებარეობს.
როგორც ავსტრალიური კომპანიის ქართველი პარტნიორები აცხადებენ, ჯერჯერობით, პროექტის განხორციელება მოლაპარაკებების სტადიაზეა, თუმცა, სავარაუდოდ ერთ თვეში ინვესტორებთან შეთანხმება გაფორმდება და საბადოს ძებნა -ძიების პროცესი დაიწყება.
"წინასწარი კვლევების მიხედვით, პერსპექტიული ადგილია, თუმცა, საჭიროა, განისაზღვროს, ენერგორესურსების რა მარაგებია, რამდენად კომერციულად დასაბუთებულია მისი მოპოვება არსებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით. რამდენიმე საცდელი ჭა გაბურღულია, თუმცა, საჭიროა კიდევ რამდენიმეს გაბურღვა. მარაგის მოცულობაზე 100%-იანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. პარტნიორთან შეთანხმება 90%-ით თითქმის შევძელით, ასე რომ სავარაუდოდ, ზაფხულში ძიება დაიწყება, თუ კარგ შედეგებს მივიღებთ, ექსპორტის დაწყება მომავალი წლისთვის ნამდვილად შესაძლებელია“, - განუცხადა eugeorgia.info-ს „საქართველოსა და გაზის“ წარმომადგენელმა, მიხეილ დალაქიშვილმა.
კომპანია XIG-ს გარდა კიდევ 9 საბადოს ლიცენზიას ფლობს, თუმცა, როგორც მენეჯმენტი აცხადებს, ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლებამ კვლევები შეაფერხა.
„ინვესტორებს მერყევმა ფასებმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა, ისინი თაეს იკავებენ ძიებების დაფინანსებისგან, ნაკლები მოტივაცია აქვთ. თუმცა, ბოლო პერიოდში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარზე დასტაბილურდა, თუ ასე გაგრძელდება, ვითარება ჩვენს ბიზნესშიც გაუმჯობესდება“, - აღნიშნა მიხეილ დალაქიშვილმა
ბელა ნოზაძე