DCFTA Facility-ის განსახორციელებლად საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ბანკებს 400 მილიონამდე ევრო გადაეცემათ
ევროკავშირისა და EBRD-ის ფინანსური დახმარებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ადგილობრივი ბანკები 400 მილიონამდე ევროს მიიღებენ. ევროკავშირის წილი აქედან 19 მილიონი ევროა, რომელიც ტექნიკურ დახმარებაზე, ინვესტირების სტიმულირებასა და რისკის გაზიარებაზე განაწილდება, EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კი-380 მილიონ ევროს სესხებისა და სავაჭრო გარანტიების სახით გადასცემს ადგილობრივ პარტნიორ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც შემდეგში ამ თანახას მცირე და საშულო მეწარმეებზე გასცემენ.
აღნიშნული დახმარება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამის- DCFTA facility-ის ფარგლებში განხორციელდება. პროგრამის მიზანია კორპორაციული მართვისა და წარმოების ხარისხის გასაუმჯობესებლად (მანქანა-დანადგარების შესაძენად) საჭირო სესხები მეწარმეებმა ბანკებიდან გამარტივებული პირობებით მიიღონ. პროგრამაში საკრედიტო ხაზთან ერთად გათვალისწინებულია გრანტების გაცემაც.
ევროკავშირის მიერ შემუშავებული პროგრამა ბიზნესს დაეხმარება წარმოების პირობები და ინფრასტრუქტურა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაში (DCFTA) არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. დახმარება განკუთვნილია როგორც ექსპორტზე ორიენტირებულ, ასევე იმპორტის ჩასანაცვლებლად მომუშავე საწარმოებისთვის.
როგორც EBRD-ს წარმომადგენლობაში eugeorgia.info-ს განუცხადეს, მაისის ბოლოსთვის საერთაშორისო ინსტიტუტი გეგმავს თბილისში დიდი ფორუმის გამართვას, სადაც მოწვეულ ადგილობრივ მეწარმეებს პროგრამის პირობებს გააცნობენ. ივნისში კი განაცხადების მიღება დაიწყება