eugeorgia.info-ს ჩარევის შემდეგ ქონების მართვის სააგენტომ მეწარმეს ბიუროკრატიული ბარიერები მოუხსნა
4-წლიანი ლოდინის შემდეგ "Mბლოკ კომპანიას" ბიზნესის გაფართოების შანსი ეძლევა
"DOING BUSINESS"-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველო, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზე, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 26 ქვეყანას შორის კი პირველ ადგილზე დასახელდა. თუმცა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი არა ბიზნესის კეთების, არამედ ბიზნესის დაწყების სიმარტივეს გულისხმობს. ბიზნესმენთა უმეტესობა აღიარებს, რომ ამ მხრივ, საქართველო მართლაც დაწინაურდა, მაგრამ ბიზნესის წარმოების სისტემური პრობლემები ისევ უცვლელი დარჩა, განსაკუთრებით წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის.
წვრილი ბიზნესის პრობლემებს 2 ბიზნესმენის მაგალითზე გაგაცნობთ.
შპს "Mბლოკ კომპანია"
შპს "Mბლოკ კომპანია", რომელიც 2006 წელს დაარსდა, სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს. საწარმოში, რომელიც დღეში 2500 ბლოკს უშვებს, 22 ადამიანია დასაქმებული. მათი საშუალო ხელფასი 800-900 ლარია. "Mბლოკ კომპანიას" დირექტორი დავით კომლაძე ამბობს, რომ ბიზნესის გაფართოება შეუძლია და შესაბამისი გეგმაც აქვს, მაგრამ ამისთვის მიწა სჭირდება, ეკონომიკის სამინისტრო კი კომპანიისთვის მიწის გადაცემას აჭიანურებს: "მაქვს საშუალება, რომ ბიზნესი გავზარდო. 300 000 ლარის ინვესტიცია რომ ჩავდო, წარმოების მოცულობაც და კომპანიაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაც გაორმაგდება. დიღომში, ჩვენი საწარმოსგვერდით ნაგავსაყრელი იყო. გავწმინდეთ ეს ტერიტორია და გავარკვიეთ, რომ მიწა, სადაც ეს სპონტანური ნაგავსაყრელი იყო მოწყობილი, სახელმწიფოს ეკუთვნის. 2011 წლიდან ვცდილობ, რომ მიწის ეს ნაკვეთი ან გრძელვადიანი იჯარით მომცენ, ან მომყიდონ. სულ 2200 კვ. მეტრია. ამჟამად ამ ნაკვეთს არასასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი აქვს. ნაკვეთზე გადის სანიაღვრე არხი და კანალიზაციის მილი. შესაბამისად, ის შენობის ასაშენებლად არ გამოდგება. ნაკვეთის სარგებლობაში გადმოცემის თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტოს წერილობითი განცხადებით რამდენჯერმე მივმართე. ოფიციალური პასუხი არასოდეს მიმიღია. ერთხელ შემომთავაზეს 5-წლიანი იჯარა, თვეში 3500 ლარი უნდა გადამეხადა. არც თანხა და არც იჯარის ვადა ჩემთვის მისაღები არ იყო: გრძელვადიანი იჯარის გარეშე ინვესტიციას ვერ ჩავდებ. ამის შემდეგ ნაკვეთი აუქციონზე გამოიტანეს. მიწა, რომლის 1 კვ. მ მანამდე 50 ლარი ღირდა, 150 ლარად იყო შეფასებული. პირობებში არ იყო მითითებული, რომ მიწის აღნიშნულ ნაკვეთს აქვს ხარვეზი და იმის გამო, რომ იქ სანიაღვრე და საკანალიზაციო მილი გადის, ის შენობის ასაშენებლად არ გამოდგება. მიუხედავად ამისა, ნაკვეთი არ გაიყიდა, თუმცა აუქციონის ჩავარდნის გამო მიწაზე ფასი არ შემცირდა. ეს ადგილი რომ ჩემი იყოს, ან გრძელვადიანი იჯარით მომცენ მისაღებ ფასად, სტაბილურობის განცდა და ბიზნესის გაფართოების უფრო მეტი სტიმული მექნებოდა".
სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში www.eugeorgia.info-ს განუცხადეს, რომ თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 2 200 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.72.14.036.404) როგორც საიჯარო, ისე საბაზრო ღირებულება 2014 წლის მარტში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განსაზღვრა, სააგენტოს კი აუქციონზე ქონების აუდიტის მიერ განსაზღვრულ ფასზე ნაკლებ თანხად გატანის უფლება არ აქვს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა აუქციონი მყიდველის არარსებობის გამო ხელმეორედ ტარდება.
ინდმეწარმე "ბაგრატ მეზურნიშვილი"
საკუთარი მცირე ბიზნესის განვითარებას ვერც ბაგრატ მეზურნიშვილი ახერხებს. ის აშშ-დან საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა და ინდმეწარმე "ბაგრატ მეზურნიშვილი" დაარსა. ახლა მას მცირე საწარმო აქვს, სადაც სუნელებს, ჭაჭას და ღვინოს აფასოებს.
"მინდოდა, ჩემი ჭაჭა და ღვინო ავიალაინერების ბორტზე გამეყიდა, მაგრამ მთელი ბაზარი მონოპოლიზებული აღმოჩნდა: მსხვილ კომპანიებთან აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები და წვრილი ბიზნესი ამ ბაზაზრზე ვერ შევა. ძალიან პრობლემურია მსხვილი სავაჭრო ობიექტებიდან ჩვენი კუთვნილი თანხის აღებაც. "პოპულმა" თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და ვალს არ გვიბრუნებს. კანონებიც ისეთია, ჩივილს აზრი არა აქვს. არც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში გვეხმარებიან: მოსახლეობასთან ერთად 10 წელია ვითხოვთ, რომ ლილოს დასახლებაში, იქ, სადაც საწარმო მაქვს, გაზი შემოიყვანონ. გაზის ცენტრალურ ტრასას ჩვენ - მოსახლეობა და მეწარმეები ვერ გავაკეთებთ. რომელ ინსტანციას აღარ მივმართეთ, კოლექტიური წერილები გავგზავნეთ, მაგრამ შედეგი არ არის. დასახლებაში გაზი რომ იყოს შემოყვანილი, სოკოს სათბურსაც გავაკეთებდი. ვითხოვთ გზის გაკეთებასაც. გზის 200-300-მეტრიანი მონაკვეთია გასაკეთებელი, ვერც მის გაკეთებას მივაღწიეთ. მსხვილ ბიზნესს ხელისუფლებასთან ახლო ურთიერთობა აქვს და საკუთარ პრობლემებს ადვილად აგვარებს. ჩვენ ზემოდან გვიყურებენ და არაფრად გვაგდებენ. იმის მაგივრად, რომ განვვითარდე, ბიზნესი უკან-უკან მიდის. საწარმოში, სადაც 11 ადამიანი იყო დასაქმებული, ახლა მხოლოდ 3 მუშაობს".
P.S. www.eugeorgia.info-მ თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 2 200 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 01.72.14.036.404) საიჯარო და საბაზრო ღირებულების თაობაზე ეკონომიკის სამინისტროს და ქონების მართვის სააგენტოს წერილობითი კითხვებით მიმართა. სტატიაზე მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ქონების მართვის სააგენტო მიწის ნაკვეთს აუქციონზე ხელახლა გაიტანს და მის საიჯარო ღირებულებასაც შეამცირებს.