banner
27 მარტი 2016 | 18:20 eugeorgia.info

მიწა, რომლის ყველა გოჯი სისხლი ღირს -ისრაელის დღიურები

https://eugeorgia.info/uploads/blog/მიწა, რომლის ყველა გოჯი სისხლი ღირს -ისრაელის დღიურები

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა  აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის  უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და  ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო  სტიუარდესა.

- ყვავის ყველაფერი, - მითხრა  სიამაყით გვერდით  მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

შეზარხოშებული იყო. საქართველოს წელიწადში ერთხელ -ორჯერ სტუმრობდა, კარგად წაიქეიფდა ძველ მეგობრებში, ოჯახსა და შვილებისგან მოშორებით სადღაც გაძვრებოდა“ და ხალისიანი უბრუნდებოდა -ში (ქალაქს არ ვასახელებ) თავის სუვენირების მაღაზიას.

- საქართველოში ბიზნესის წამოწყებას ხომ არ ფიქრობთ?

- მოიცა, რაა, თავი დამანებე, როგორც იტყვიან, შორს და მშვიდობით,  -  გამიღიმა და უცებ გამიშინაურდა.

ჩაძიების დრო აღარ იყო, ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი უკვე გასასვლელისკენ მიემართებოდა, სადაც აეროპორტის VIP- სერვისის წარმომადგენელი გველოდა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევა  თან არ გვქონდა. ისევე როგორც რეისის, ალბათ, ნახევარი კონტიგენტი ცალკე ოთახში გადაგიყვანეს და პასპორტების სკურპულოზური შემოწმება დაიწყეს.  გაჭიანურებული პროცედურებისა და სატელეფონო ზარის  შემდეგ  აღთქმულ მიწაზე ფეხი დავაბიჯეთ.

იერუსალიმში საღამოსკენ ჩავედით და პირდაპირ ადგილობრივ რესტორანში გავემგზავრეთ, სადაც როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ჩვენმა მეურვემ მთელი ვიზიტის განმავლობაში, ო. რ.-მ  გვითხრა, ყველაზე გემრიელ საკვებს ამზადებენ (გვარ-სახელების დასახელებისგან თავის შეკავება უსაფრთხოების მიზნით, სამინისტროში გვთხოვეს). აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი სიუხვით და ხორცეულით მოთენთილებს  ქართული საუბარი მოგვესმა - სამი ხანშიშესული მამაკაცი, თავზე „კიპებით" მოშორებით,  მაგიდასთან ისხდნენ. ო. რ.-ს ვუთხარით, რომ ეს ჩვენი მშობლიური ენაა. მან არც აცია და არც აცხელა  - სამივე ჩვენს სუფრასთან მოიწვია და გაგვაცნო.

ქუთაისში თანაკლასელები იყვნენ,  ახლობლობა  ისტორიულ სამშობლოში გააგრძელეს და მეგობრის 77-ე დაბადების დღეს ერთად აღნიშნავდნენ. იუბილარი, ქუთაისელი მესაათე, 45 წელია, უკვე ისრაელში ცხოვრობს, თუმცა, ქართული ლიტერატურის სიყვარული აქამდე არ განელებია.

- ყოველდღე რომ არ წავიკითხო ქართულად, არ შემიძლია...

"....ერთხელ მხოლოდ, ისიც ძილში,

ქართველ ქალთა ვნახე კრება....", -

ჩვენთვის მოულოდნელად აკაკის „სიზმრის“ კითხვა დაიწყო, სამი-ოთხი სტროფი ჩამოარაკრაკა ძალდაუტანებლად, მერე წაბორძიკდა, ცდილობდა, მომდევნო სტრიქონი გაეხსენებინა. თავი იმართლა - ნასვამი ვარ, თან ცოტა დაღლილი, გადამავიწყდაო.

- ზეპირად იცის ილია, აკაკი, ვაჟა, ყაზბეგი, - გვითხრა მეგობარმა.

აღტაცების  ჟივილ-ხივილი აღმოგვხვდა. რამ აიძულა,  ეს ლექსი  დაესწავლა, ფილოლოგი რომ იყოს, კიდევ ჰო... არც  სკოლის პროგრამაშია, მგონი... თან 14-კუპლეტიანია!

რაღაცნაირად შევხაროდით ერთმანეთს, ჩვენს ათასჯერ გაცვეთილ და ბანალურ, მაგრამ რეალურ 26-საუკუნოვან მეგობრობას.

- ჩემი სიმამრი მიყვებოდა, ბავშვობის მეგობარი ჰყოლია ქართველი, ხელაშვილი. ნაცისტებმა სხვებთან ერთად ორივე ტყვედ  ჩაიგდეს. დაიწყეს ებრაელების გადარჩევა, კაცობით  ამოწმებდნენ (წინდაცვეთის მიხედვით - ავტ..). ხელაშვილმა გაიარა კონტროლი. მერე  ჩემს სიმამრს მიუბრუნდა და უთხრა, რას გაიგებენ, შენს მაგივრადაც მე გავალო. ამან დაუშალა, მეც მომკლავენ და შენცო. მეგობარმა არ დაუჯერა.  ფაშისტები ვერაფერს მიხვდნენ. ჩემი სიმამრი სულ ამბობდა ხოლმე - ვინ გაგიკეთებს ამას,  თავის სიცოცხლეს ასე ვინ გარისკავსო...

-  ჩემმა შვილმა კარგად იცის ქართული, მაგრამ შვილიშვილმა - აღარ, -

დანანებით თქვა ერთ-ერთმა.  ორივე ვაცნობიერებთ, რომ  ამ მოგონებებს მოფრთხილება და კვება სჭირდება, თუმცა, ორ თაობაში, ალბათ, მაინც გაილევა.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში

დილიდან ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში გავეშურეთ. ოთხი მაღალი თანამდებობის პირი ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასა და საფრთხეებზე  პრეზენტაციას რამდენიმე საათის განმავლობაში გვიტარებდა. ალბათ,  უცხოელი ჟურნალისტების მოწვევის ძირითადი მიზანიც ეს არის.

ისრაელის მთავრობის შეშფოთების მიზეზი ირანისთვის სანქციების მოხსნა და სირიის კონფლიქტია: მათ საზღვრებთან ყველაზე დიდი საფრთხეა დაბანაკებული:

1. სამხრეთით - ღაზის სექტორს - ცნობილი „ჰამასი“ მართავს, რომელიც 2007 წელს პალესტინის ამ ნაწილში ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ისრაელის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა უარყო და უარი არც ძალის გამოყენებაზე თქვა. ისრაელმა (სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთან ერთად)  „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. დღეს ქვეყანა ოფიციალურად  მხოლოდ პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე მმართველ ძალასთან, „ფატაჰთან“ ურთიერთობს, რომელიც აღიარებულია, როგორც პალესტინის ლეგიტიმური ხელისუფლება.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ჰამასს“, როგორც შიიტურ დაჯგუფებას, ერთმორწმუნე ირანი წლების განმავლობაში აფინანსებს და წვრთნის.

2.ჩრდილო-დასავლეთით „ჰეზბოლაა“. ის ირანის დახმარებით დაფუძნდა და მთავარი მიზანი ისრაელის მიერ  1983 წელს ოკუპირებული ლიბანის ტერიტორიების გათავისუფლება იყო (რასაც მიაღწია კიდეც 2000 წელს), თუმცა, „ჰეზბოლა“ იმდენად მოძლიერდა, რომ მისმა პოლიტიკურმა ფრთამ საკანონმდებლო ორგანოში ადგილები მოიპოვა, გაცილებით  ძლიერია, ვიდრე ლიბანის არმია, ფლობს საკუთარ ტელევიზიასაც.

3. ჩრდილო-აღმოსავლეთით - სირიაა, სადაც 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომი დღეს ფართომასშტაბიან კონფლიქტშია გადაზარდილი და სადაც ჩართულია მსოფლიო ზესახელმწიფოები. მართალია, საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის ჩრდილოეთით მიმდინარეობს, მაგრამ ვითარება მყიფეა, ხოლო ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები კი - საკმაოდ ახლოს.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიუხედავად მრავალჯერადი ომებისა, თითქმის  ყველა  მეზობელი არაბული ქვეყნის  ლეგიტიმურ მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, თუმცა,   დიალოგის წარმართვას არაოფიციალურ დაჯგუფებებთან ვერ ახერხებენ.

4.  ყველაზე დიდ შეშფოთებას ისრაელში მაინც მისი დაუძინებელი მტერი -  ირანი- იწვევს. ირანს ისრაელის სახელმწიფოებრიობა დღემდე არ უღიარებია და მუქარის რიტორიკას მისი მისამართით წლების განმავლობაში არ ეშვება, თან ყველა ტერორისტულ დაჯგუფებას აფინანსებს,

- არავინ იცის, რა მოხდება ათი წლის შემდეგ, ირანელები საკმაოდ ჭკვიანი ხალხია, დასავლური სანქციების მოხსნით მათ ეკონომიკაში დიდი ფული შემოვა, რასაც სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებენ, რეგიონში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდება, ძალთა ბალანსიც დაირღვევა.

მაინტერესებს, გრძნობენ თუ არა თავს დაღალატებულად აშშ-ის მხრიდან, რომელიც მათი სტრატეგიული პარტნიორია. ებრაელი დიპლომატები საკითხს მოხერხებულად თავს არიდებენ. თუმცა, ის ფაქტი, რომ ჩვენი ისრაელში ყოფნისას პრემიერ-მინისტრმა ბენჯამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ  ობამასთან შეხვედრაზე უარი თქვა, ეჭვების საფუძველს იძლევა.

ისრაელელი ექსპერტები გაცილებით თავისუფლად გამოთქვამენ თავიანთ აზრებს. ერთ-ერთ ანალიტიკურ ორგანიზაციაში ვიზიტისას გვითხრეს, რომ ბარაკ ობამას ინიცირებულმა რბილმა და დისტანციურმა პოლიტიკამ  ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების მოგვარებაში, უკუშედეგი გამოიღო.

- ფუნდამენტალისტებს სიტყვებით ვერ გადაარწმუნებ.

ძალის გამოჩენის პოლიტიკა თავის მეზობლებთან ისრაელს უკვე აპრობირებული აქვს - ორი ჯარისკაცის გატაცებისთვის დაწყებულ საომარ მოქმედებას ლიბანის მხარეს 1000 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მას ხშირად ადანაშაულებენ სამხედრო ძალის არაპროპორციული გამოყენებაში, მაგრამ ვინ იცის, ვინ არის მართალი.

- არაბული გაზაფხულისა და დემოკრატიული ცვლილებებისთვის არაბული ქვეყნები მზად არ აღმოჩნდნენ, რეჟიმები შეიცვალა, მაგრამ უფრო რადიკალისტური ძალებით. საჭირო იყო მეტი ჩართულობა დასავლეთის მხრიდან, პროცესები არ უნდა მიეშვათ თვითდინებაზე, მიიჩნევენ ექსპერტები.  ყველგან არასტაბილური მდგომარეობაა: არეულობაა იემენში, ლიბიაში, ეგვიპტეში და ლიბანშიც, საუდის არაბეთი, რომელიც არაბული სამყაროს ლიდერი, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და ნავთობის მსოფლიო მარაგების მეოთხედის მფლობელია, უახლოეს პერიოდში გამოწვევების წინაშე დადგება- მათი მეფე  უკვე 81 წლისაა, მემკვიდრის საკითხი კი გაურკვეველია. მუსლიმურ სამყაროში ლიდერობისთვის ბრძოლა მიდის, რომლის კატალიზატორი სირიის კონფლიქტი გახდა. თურქეთის პოლიტიკამ გავლენა მოეპოვებინა სირიაზე ( ის ოტომანების იმპერიის შემადგენლონაში ოთხი საუკუნის განმავლობაში შედიოდა), კრახი განიცადა. აშშ-ის დახმარება ბაშარ ასადის ხელისუფლების, თუ ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ მებრძოლ ჯგუფების  მიმართ არასაკმარისი აღმოჩნდა და „ბრძოლის ველზე“ ვაკუუმი წარმოიშვა. ცარიელი ადგილი კი რუსეთმა სწრაფად შეავსო, როგორც ისრაელში აცხადებენ, ყველაზე მეტად ამ ომში რუსეთმა „იხეირა“. რომელმაც ორი და შეიძლება სამი კურდღელიც დაიჭირა - კვლავ აჩვენა სამყაროს, რომ  ანგარიშგასაწევი ძალაა, გააძლიერა დასუსტებული ბაშარ ასადის ხელისუფლება, რომელიც მისი მოკავშირეა, ევროკავშირის სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებზე სავარაუდო შიდა უკმაყოფილება დროებით გადაიტანა საგარეო პოლიტიკაზე.

ბრძოლის ველზე პრაქტიკულად აშშ და რუსეთი დარჩნენ  - რასაც ადასტურებს რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დატოვოს სირია. რაზე შეთანხმდნენ, კაცმა არ იცის, - შესაძლოა, სულაც უკრაინის საკითხი იყოს,  - მიიჩნევენ ექსპერტები.

ისრაელს სირიის ომში დამკვირვებლის როლი უკავია - გასაგებია,  ახლო აღმოსავლეთში ბოლო 70 წლის განმავლობაში არსებული ყველა კონფლიქტის მიზეზად ხშირად მას ასახელებენ, სამხედრო დაპირისპირებები მეზობლებთან ისედაც არ აკლია. სირიის ომი მისი ომი არ არის.  აქ შიიტები და სუნიტები ვერ რიგდებიან.

ჩვენი ჟურნალისტი ვერ ისვენებს, აინტერესებს, როგორ შეხვდა ისრაელი რუსეთის  ჩართვას კონფლიქტში, რომელმაც დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა დაიმსსახურა - რუსეთმა ხომ რეალურად  აშშ-ის მოკავშირე ძალები შეასუსტა.

- ჩვენი პრემიერი საბრძოლო მოქმედების დაწყებისთანავე გაფრინდა მოსკოვში, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან და მისგან გარანტია მიიღო, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ გადმოვა. თუ შემთხვევით, თვითმფრინავი გადაკვეთს საზღვრებს, წინასწარ გვატყობინებენ.  

- რა გარანტია გაქვთ, რომ რუსეთი თავის სიტყვას შეასრულებს?

- ის არ დაარღვევს თავის სიტყვას, - მომჩვენა, თუ გაფიცხდა ექსპერტი, -მის ინტერესებში არ შედის ისრაელთან კონფლიქტი.

ყველას თავისი აწუხებს, ჩვენ - რუსეთი, ისრაელს - ირანი.

- რუსეთს სხვა გზა არ დარჩენია, ის ფიქრობს, რომ ნატოს გაფართოება მის დასუსტებას გამოიწვევს, შეიძლება, მთლად შორსაც არ იყოს სიმართლისგან, ამიტომ ვერასდროს შეეგუება კავკასიის დათმობას. ამავე დროს ირანიც ჩნდება რეგიონში მოთამაშედ, რომელსაც კავკასიაში პრეტენზიები რუსეთამდე გაცილებით ადრე,  საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა, იგივე გავლენა ჰქონდა თურქეთსაც და აშშ, რომელიც აცნობიერებს ამ სტრატეგიული ადგილის მნიშვნელობს.

- რა იქნება ხვალ სამხრეთ კავკასიაში, თქვენ რას ფიქრობთ?

- რადგან ჩვენსავით აქამდე მოხვედით, ესე იგი, შეძლებთ არსებობას. შეიძლება, უფრო მეტადაც იზრდება თქვენი ფასი, - იღიმის, თუ ამას ღიმილი ჰქვია.

- სირიაში რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

ისრაელი ექსპერტები რამდენიმე ვერსიას ამუშავებენ,  ყველაზე საუკეთესო  ამ ეტაპზე სტატუს კვოს შენარჩუნებაა,  რომელიც ძალიან მყიფეა და ნებისმიერ დროს შეიძლება, „აფეთქდეს“. ყველაზე მეტად  გლობალურ ბატალიებში, რა თქმა უნდა,  სირია დაზარალდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ძველ სახეს  (სავარაუდოდ, საზღვრებს) ქვეყანა, ალბათ, ვეღარასდროს დაუბრუნდება, რაც შეეხება ეკონომიკას, ომამდელ მაჩვენებელს, ამ წუთსაც რომ შეწყდეს კონფლიქტი, 20 წლის შემდეგ თუ მიაღწევს,

-საწყალი სირია,- გულწრფელად შემეცოდა, რადგან ქართველებმა კარგად ვიცით ომების ფასი.

 

ჰოლოკოსტის მუზეუმი

მასპინძლები იერუსალიმის ღირსშესანიშნაობებს გვაცნობენ: სიონის მთა, ძველი იერუსალიმი, გოდების კედელი გოლგოთა, ჯვრის მონასტერი, ჰოლოკოსტის მუზეუმი Yad Vashem. ის საკმაოდ დიდი, ციხესავით რუხია.  სურათები და ისტორიები,  სიკვდილის ქარხნების მაკეტები,  ნაცისტთა მიერ ქვეყნების მიხედვით დაწვრილებით აღრიცხული, ბალანსში გამოყვანილი  აბრაამის შვილთა რაოდენობა, რომლებიც უნდა განადგურდეს, რამდენი საზარელი ფაქტია გამოფენილი... უამრავი მნახველი ირევა - ჯგუფ-ჯგუფად  დადიან  სკოლის მოსწავლეები,  ჯარისკაცები.. დიდები, პატარები.. ნამდვილი სახალხო მსვლელობაა!

- ჯარისკაცები პატრიოტული სულისკევეთებისთვის ასამაღლებლად მოჰყავთ?

- განათლებას ჩვენს ჯარში დიდი როლი უკავია, - მპასუხობს ჩვენი „მეურვე“.

ჯარისკაცების თემას ხუდღიანი ვიზიტის ბოლოს კიდევ ერთხელ მივუბრუნდით, როცა ლიბანის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ო.რ.-მ ჩერქეზების ორი სოფელი დაგვანახა.

- ისინი აქ მეცხრამეტე საუკუნეში დასახლდნენ, ებრაელების პირველი ალიის დროს. ეს კიდევ ერთი ნიშანია, თუ რამდენად დიდი დადებითი და წამახალისებელი შედეგი მოიტანა ისრაელელების ძალისხმევამ და გარჯამ ამ მიწებზე.  მას შემდეგ ჩერქეზები აქ  ცხოვრობენ, მუშაობენ და ჯარშიც მსახურობენ.

- ჩერქეზები ერთ-ერთი საუკუთესო მებრძოლები იყვნენ კავკასიაში, - ვეუბნები.

- მე მიმაჩნია, რომ ისრაელელი ჯარისკაცი მსოფლიოში ყველაზე კარგი ჯარისკაცია, -  დასრულებული არ მაქვს, ისესწრაფად მპასუხობს ჩვენი მასპინძელი.-  ის განვითარებული და განათლებულია, პირდაპირ ბრმად კი არ იბრძვის ომში, არამედ, ინდივიდუალურად აფასებს ვითარებას და ამის მიხედვით მოქმედებს. შეიძლება, ჩვენს არმიაში კლასიკური გაგებით არ იყოს სანიმუშო დისციპლინა, სამაგიეროდ, უკეთესი შედეგები  აქვს.

ერთი ადამიანის სიცოცხლესაც აქ განსაკუთრებული ფასი აქვს, ეს აშკარაა. გილად შარითის, ისრაელელი ჯარისკაცის ნაცვლად, რომელიც „ჰამასმა“ დაატყვევა, ისრაელის ხელისუფლებამ 2011 წელს 1027 პალესტინელი დაკავებული გაათავისუფლა.

 

რაღაცნაირი დაძაბულობა და შემართება, მიღწეულით ერთგვარი სიამაყე იგრძნობა ყველგან...

რომაელების მიერ პირველ საუკუნეში განადგურებულმა და მთელს მსოფლიოში დაფანტულმა  ისრაელელებმა ისტორიულ სამშობლოში მასობრივად დაბრუნება პირველად მე-19 საუკუნეში დაიწყეს. ამ მოძრაობას სიონისტური ეწოდება და საფუძველი უნგრელმა ებრაელმა, ჟურნალისტმა ჰერცლმა საკუთარი წიგნის „ებრაული სახელმწიფო“ დაუდო. ჰერცლი მიიჩნევდა, რომ აღთქმულ მიწაზე  არა ღვთის და მესიის გამოჩენის შემდეგ, როგორც მანამდე სწამდათ, არამედ საკუთარი ძალისხმევით უნდა დაბრუნებულიყვნენ.

ისრალელებმა სტრატეგია დასახეს: მიწები შეესყიდათ პალესტინაში. არაბები, რომლებიც ჯერ კიდევ ისლამის მიღების დროიდან ცხოვრობდნენ,  თავდაპირელად ყურადღებას არ აქცევდნენ, მით უფრო, რომ ხშირად  ახლადჩამოსულებს უდაბნოში, უნაყოფო მთა-გორიან ადგილებზე დასახლება უწევდათ. თუმცა, სულ მალე, კოლონისტების რიცხვი შესამჩნევად გაიზარდა, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ ბრიტანეთმა  პალესტინა ოტომანებს წაართვა (ისინი ოთხი საუკუნის განმავლობაში მართავდნენ).  1917 წელს კი გამოსცა ბელფორის დეკლარაცია, რომლის მიხედვით, პალესტინა ებრაელი ხალხის სამბობლო უნდა გამხდარიყო, თუმცა, ამავე დროს არ დაირღვეულიყო დანარჩენი ხალხის ეროვნული და რელიგიური ინტერესები.

ებრაელი ემიგრანტების ნაკადი შემდეგ წლებში (განსაკუთრებით კი ნაცისტური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ) დიდი ტემპებით იზრდებოდა, დემოგრაფიული სტრუქტურა პალესტინაში სწრაფად იცვლებოდა, რაც ადგილობრივ არაბებში უკმაყოფილებას იწვევდა. კონფლიქტები და აჯანყებები სისტემატურ ხასიათს იღებდა, 1939 წელს კიდევ ერთი სისხლიანი არეულობის შემდეგ ბრიტანეთმა ვალდებულება აიღო, რომ 10 წელიწადში პალესტინის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, ხოლო ებრაელ მიგრანტებზე ლიმიტი (ხუთ წელიწადში - 75 ათასი ადამიანი) დააწესა.

1948 წელს ბრიტანეთის პალესტინიდან გასვლის წინა დღეს ებრაულმა სახელმწიფომ - „ისრაელმა“ დამოუკიდებლობა გამოაცხადა,  ნაცისტური რეჟიმის  მიერ  განხორციელებული ეთნოწმენდის ფონზე, რომელსაც მილიონობით ებრაელი შეეწირა, ისრაელი საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე დიდმა მოთამაშეებმა აღიარეს (თუმცა, არანაკლები როლი ითამაშა თავად ებრაელი  ლობისტების გავლენამ). გაერომ შეიმუშავა ქვეყნის განაწილების გეგმა, რომლის მიხედვით,  მიწა თითქმის თანაბრად ერგოთ არაბებსა და ებრაელებს, იორდანეს დასავლეთ სანაპირო და სამხრეთით - ღაზის სექტორი არაბებს, დანარჩენი- ებრაელებს, იერუსალიმი კი საერთაშორისო ზონად გამოცხადდა. თუმცა, ამ გეგმით ორივე მხარე უკმაყოფილო დარჩა.  1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს, რომელიც მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთან ერთდროულად აწარმოა, ისრაელმა დაიკავა ღაზა,  დასავლეთ სანაპირო, იერუსალიმი, ეგვიპტეს სინაის კუნძული, ლიბანის სამხრეთ ნაწილი და სირიის გოლანის სიმაღლეები. აღნიშნული ტერიტორიები ნაწილ-ნაწილ უკან დააბრუნა, თუმცა,  საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, იერუსალიმი კვლავ მის იურისდიქციაში რჩება, ისევე როგორც გოლანის სიმაღლეები. ამავე დროს,  ისრაელმა „ჰამასის“ სათავეში მოსვლის შემდეგ ღაზის ბლოკადა მოახდინა. აღსანიშნავია, რომ  რამდენიმე მილიონი პალესტინელი კვლავ ლტოლვილია მეზობელ ქვეყნებში, ოქსფამის 2015 წლის სტატისტიკით, ღაზის სექტორში 40% უმუშევარია, 80% კი ელემენტარულ დახმარებას საჭიროებს. პალესტინელი არაბები მიიჩნევენ, რომ ისრაელმა მათი ტერიტორიების 80% მიიტაცა. მათ სოლიდარობას მუსულმანური ქვეყნები უცხადებენ. ისრაელს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2014 წლამდე  მეზობელ ქვეყნებსა და პალესტინასთან დაუსრულებელი საომარი კონფლიქტები ჰქონდა.

 

ღაზას სექტორი

 Kerem  Shalom-ის საბაჟო- გამშვები პუნქტი პრაქტიკულად ერთადერთი არხია, საიდანაც  ღაზას 1,4-მილიონიანი მოსახლეობა გარესამყაროსგან არსებობისთვის აუცილებელ ნივთებს იღებს. უზარმაზარი ბეტონის კედლების საზღვარი ისრაელმა პალესტინისგან გასამიჯნად  2007 წლიდან აამოქმედა. იმ  მოტივით, რომ ტერორისტების საბრძოლო იარაღით მომარაგება აღეკვეთა, ისრაელმა პალესტინას პრაქტიკულად ყველა გზა ჩაუკეტა - როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო. ტვირთები პალესტინაში ისრაელის გავლით აშდოდის პორტიდან შემოდის, შედეგ კი ტრაილერებით Kerem  Shalom-ის  უზარმაზარ ტერმინალებში ხვდება.

კონტროლის განსაკუთრებული სიმკაცრის გამო (გაურკვეველი მიზეზებით, გასულ წლებში აკრძალვა ხშირად საკვებსა და ჰიგიენური დანიშნულების პროდუქციასაც ეხებოდა)  საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელი არაერთხელ  გააკრიტიკა. ოქსფამის შარშანდელი მონაცემებით, ისრაელის საბრძოლო რეიდების შედეგად 300 ათასამდე პალესტინელი უსახლკაროდაა დარჩენილი, მის აღსადგენად საჭირო სამშენებლო მასალების გატარებაზე კი ისრაელი უარს აცხადებს (მიზეზი - მათი გამოყენება სანგრებისა და საიდუმლო გვირაბების ასაშენებლად).

- ბოლო ორი წელია, ტრაილერების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ეგვიპტესთან „ჰამასს“ ურთიერთობა გაუუარესდა და ერთადერთი  გამშვები პუნქტი „რაფა“ დახურა. ისრაელი -პალესტინის საზღვარს  დღეში 800-დე ტრაილერი კვეთს“, - აცხადებს ავტომატით შეიარაღებული საბაჟოს თანამშრომელი და ტერმინალში შეფუთულ ტვირთს გვიჩვენებს.მას საგულდაგულოდ ამოწმებენ, მათ შორის, სკანერებით და ძაღლებით.

- ყველაფერი შედის პალესტინაში, გარდა ისეთი ნივთიერების, რომელიც შესაძლოა, ბომბების გასაკეთებლად გამოიყენონ,  

- რამდენად ხშირად გხვდებათ აკრძალული ნივთერებები?

- პრაქტიკულად ყოველდღე. საგანგებოდ მალავენ.

 ერთ-ერთი ფუთა გახსნა, საიდანაც გაზქურის ჩამრთველი ამოიღო:

- როგორც ჩანს, ამ გაზს ადგილზე აწყობენ, ეს კარგი ნიშანია, ეკონომიკა ასე თუ ისე ვითარდება.

ტერმინალში მხოლოდ რამდენიმე სურათის გადაღების უფლება მოგვცეს. ცოტა ხნის შემდეგ სხვა რაკურსი მომეწონა, ტელეფონი ამოვიღე.  ერთ-ერთმა მხლებელმა ხელით ცაში გამოკიდებული ბურთი მაჩვენა.

- იქ კამერაა, გიღებენ.

საზღვრის მონახულების შემდეგ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეგვახვედრეს. საკმაოდ დატვირთული და საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინა- რა მოცულობით ტვირთი გადის და რა ფორმით ურთირერთობენ რეჟიმთან, რომელსაც არ ცნობენ...

- პალესტინაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაა წარმოდგენილი, გაერო, ოქსფამი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, USAID, წითელი ჯვარი, გარდა ამისა, ყველა მუსულმანური სახელმწიფოსთვის პრესტიჟის საკითხია მათ დახმარება. საუდის არაბეთს, თურქეთს, ყატარს - ყველას თავისი ფონდი და წარმომადგენლობაა აქვს გახსნილი. უამრავი საერთაშორისო დახმარება მიდის, თუმცა, ამით, ძირითადად, „ჰამასი“  მდიდრდება. შეთანხმების მიხედვით, ისრაელი პალესტინის ღაზას სექტორს წყალს და ელექტროენერგიას აწვდის, მათ საფასურს   დასავლეთ სანაპიროს  პალესტინის ლეგალური მთავრობა იხდის, გადასახადს კი მოსახლეობიდან „ჰამასი“  კრეფს.

-ქვეყანაში ეკონომიკა რითი იკვებება ჰუმანიტარული დახმარების გარდა?

- პალესტინა სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს, ამ მიზნით ხშირად ისრაელის ექსპორტიორ ფირმებთან თანამშრომლობენ.

 

მგზავრთა გადაადგილებისთვის მეორე საკონტროლო-გამშვები პუნქტი,  Erez-ია გახსნილი. პალესტინის მოსახლეობა ისრაელის ნებართვით მას ძირითადად, სამი გარემოების გამო კვეთს -  ისრაელის აეროპორტის გავლით უცხოეთში გასამგზავრებლად, პილიგრიმობის  და ჯანდაცვის პრობლემების გამო.  ჩვენ ვინტერესდებით, როგორ აკონტროლებენ, ვის მისცენ ნებართვა და რამდენად არიან დაზღვეულნი ამ შემთხვევაში ტერორისტული აქტების მოწყობისგან.  

- საზღვართან ჩვენი წარმომადგენელი ხვდება და თვითმფრინავში ჩაჯდომამდე არ სცილდებათ.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ყველაზე მეტად მაინც ღაზაში საიდუმლო გვირაბების მშენებლობა აწუხებს. როგორც სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, პალესტინელები საკუთარი ტერიტორიიდან მათ, სულ მცირე, 15 კმ სიგრძეზე წლების განმავლობაში თხრიან,  გვირაბის დიამეტრი ხშირად იმხელაა, რომ ტრაილერიც კი გაეტევა,

ეგვიპტესთან დამაკავშირებელი ათასამდე  გვირაბი არსებობდა და იქიდან კონტრაბანდა გაედინებოდა, თუმცა, ეგვიპტის  ხელსუფლებამ  ყველა ააფეთქა. ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ ზემოდან, მაგრამ მიწისქვეშ, ჯერჯერობით, ამის გაკეთება არ შეგვიძლია.

 


მაშავი

ღაზას  საზღვართან,  „ნეთივ ჰა’ასარას“ მაშავში (ჩვენებურად სოფელში) მივდივართ.  ყველა სახლის ეზოში ნაირფერ ქოთნებში ჩარგული ყვავილები გვხვდება.  სოფლის ცენტრში  საღებავებით ლამაზად „კლასობანას“  უჯრებია დახატული. მაშავის „სოფლის კლუბში“  ჟურნალისტებისთვის  ტრადიციული სადილის - კუსკუსის, სალათისა და ხორცის შემდეგ , პრეზენტაცია გველოდება. დიდ რუქებზე მონიშნულია  მაშავის ადგილმდებარეობა - პირდაპირ  „ფრონტის ხაზზე“  მდებარეობს.  სოფელში 210 ოჯახია და ბომბებისგან დასაცავი რვა თავშესაფარი.

- ჩემი ოჯახი ღაზას სექტორში მიწას ფლობდა და მეურნეობაც აწყობილი გვქონდა. 2005 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით,  ებრაულმაა მოსახლეობამ  სექტორი დატოვა. ძალიან განვიცადეთ, მას შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტეთ, სადავო ტერიტორიაზე აღარ დავსახლებულიყავით, მოვიძიეთ ყველაზე ახლო ადგილი ჩვენს ძველ სამყოფელთან, ისევ დავიწყეთ მეურნეობის აღდგენა, ვიფიქრეთ, რომ დავზავდით,  ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით...  სულ ტყულად. ბოლო 10 წელია, სტრესში ვცხოვრობთ,  კვირის განმავლობაში, ალბათ, 3-4 ღამეს თავშესაფარში ვატარებდით. წარმოიდგინეთ,  სულ 2-5 წუთი გაქვს, გააღვიძო ბავშვები, ჩააცვა და უახლოეს თავშესაფარში გაიქცე.  ასეთ შიშს ყველაზე ძლიერი მებრძოლებიც ვერ უძლებენ,  - ვუსმენ 38 წლის  ფერმერი ქალბატონის ჰ. ფ.-ს საუბარს, რა შემართება და ქარიზმაა, დაბადებით ორატორია! 

- ღია კონფლიქტების დროს სოფელში დღეში, საშუალოდ, 5 ჭურვი სკდებოდა. ჩვენ 24 საათს შვიდ დღეს მობილიზებულები ვართ,  იმდენჯერ წყდებოდა ხანდახან გაკვეთილები, რომ  მასწავლებელი ბავშვების გაყვანას თავშესაფარში ვეღარ ასწრებდა, გადაწყდა ახალი სკოლის აშენება, რომელიც მთლიანად თავშესაფარი იქნებოდა.

თავშესაფრის კედლები მასიური კელდებისგან აშენებულია,  რკინის კარებით,  ბუნდოვნად მახსენდება სკოლაში ცივი ომის დროიდან შემორჩენილი პლაკატები გაცრეცილი რუსული შრიფტით და ნახატებით სამოქალაქო თავდაცვის საშუალებებზე.

სკოლის ავტობუსის გაჩერების ადგილიც კი პატარა თავშესაფარია, უფანჯრებო,  სქელკედლიანი, გარედან ნაირფერად მოხატული, ბავშვებისთვის.

- ჩემი 6 წლის ბიჭი მეგობარმა დაპატიჟა, მისი მოშავი აქედან 40 კმ-შია. მისვლისთანავე იკითხა:  სად არის აქ უახლოესი თავშესაფარიო? მისმა მეგობარმა არ იცოდა, იქ  ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის. როგორც კი დაბრუნდა, მაშინვე მითხრა- წარმოგიდგენია, არსებობს  ადგილები თავშესაფრების გარეშე!

ბომბების მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ- მათ  გაძლიერებული კონტროლის სისტემები იცავთ, მაგრამ ფარული გვირაბების აჩრდილი არ ასვენებთ.

- ჩაძვრება ტერორისტი პალესტინის მხრიდან და აქ, შუა სოფელში ამოძვრება, როცა უნდა, რასაც უნდა, იმას გააკეთებს.. ჩემი მეზობელი რამდენიმე თვეა, გაიძახის, რომ ბურღვის ხმა ესმის, ვეღარ გამიგია, ნამდვილად ესმის, თუ შიშიგან ელანდება, -  იცინის.

ალიან მაინტერესებს  ისრაელელი ფერმერის სამეურნეო გამოცდილება, მით უმეტეს,  ასეთ რისკიან ადგილზე, მხოლოდ ის გავიგე, რომ ბოსტნეულის თესლი მოჰყავთ მთელს სოფელს და ერთად ყიდიან ექსპორტზე, ჩაძიების შანსი არ მომეცა - პრეზენტაცია უსაფრთხოების საკითხზეა.

- როგორც კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრებლებს, სახელმწიფო კომპენსაციას თუ გიხდით?

-არა, - მოკლედ და კონკრეტულად.

თუმცა, მახსენდება, რომ ისედაც სახელმწიფო დახმარების უამრავი პროგრამა და ფონდია, ალბათ, აუცილებლობა არ არსებობს.

- ვინმეს გიჟები ვეგონებით, შეგვეკითხება - რატომ არ მივდვივართ აქედან...  მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რამდენიმე კილომეტრით რომ გადავსახლდეთ, იქაც მოვლენ. ვერ ეგუებიან ისრაელის არსებობას. ამ საზღვრის ნამდვილი მცველები ჩვენ ვართ.

 

მიწა 

ისრაელში მიწას ვერ იყიდით - 1960 წელს მიღებული კანონით, მისი გადაცემა  იზღუდება. მიწების 93% - სახელმწიფო საკუთრებაშია. როგორც ყველგან, სახელმწიფო მფლობელობა მის ადმინისტრირებას მოუქნელს ხდის, მშენებლობის ნებართვის მიღების მსურველები კი რთულ ბიუროკრატიულ ბარიერებს ეჯახებიან.

- ღამეს ნახევარი იერუსალიმი ჩაბნელებულია და იცით, რატომ? ყველა უცხოეთში მცხოვრებ ისრაელელს აქ სურს ბინის ყიდვა, წელიწადში შეიძლება, 10 დღეს ჩამოვიდეს, დანარჩენ დღეებში კი, უბრალოდ დაკეტილია, საცხოვრებლის მინიმალური ფასი 300 ათასი დოლარიდან იწყება, ნორმალური კი- მილიონი დოლარი ღირს, - ამბობს ო.რ.

2007 წლიდან უძრავი ქონება ისრაელში ორჯერ გაძვირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით, არსებული ფასები, რეალურ ღირებულებას 30%-ით აჭარბებს.

- ეს საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც დაოჯახება და ცალკე ცხოვრება  სურთ,  ვინც ადრე ბინის ყიდვა მოასწრო, პრაქტიკულად, გაუმართლა, მთავრობა ცდილობს, უძრავი ქონების დეფიციტი მოაგვაროს...

 

წყალი

მინიავტობუსით სამხრეთიდან ჩრდილეოთის  საზღვრისკენ მივდივართ. უკვე ორი-სამი ასეული კმ გავიარეთ, ავტობანის  ბორდიურებს მიღმა, მიწის უმცირეს ნაგლეჯზეც კი, გორებსა თუ მინდვრებზე, ყვეელგან,  გველებივით გაწოლილან  ყავისფერი რეზინის მილები..  წვეთოვან სარწყავ სისტემებზე მუშაობა  ისრაელელმა სიმჰა ბასმა  ჯერ კიდევ 1959 წელს დაიწყო. მაოცებს მათი შემართება და სიჯიუტე  - ხეებითა თუ ყვავილებით ჩააქრონ უდაბნოს ბერწი სიყვითლე.... თბილისში, ჩემს ეზოშიც კი, მგონი, უკეთესი მიწა მაქვს...

- ეს მდინარე იორდანეა, - გვეუბნება ჩვენი მასპინძელი და გვაკვირდება.

ეს არის ბიბლიური მდინარე, სადაც ქრისტე მოინათლა?! პატარა სოფლის მდინარეს ჰგავს, ზაფხულში რომ დაშრება... კოჭებსაც კი ვერ დაისველებს კაცი...

-  ზუსტად ასეთი რეაქცია ჰქონდა მარკ ტვენსაც, როცა პირველად  ნახა იორდანე,  - ეღიმება ო.რ.-ს. - აშკარად იმედები გავუმართლეთ.

ისრაელის მიწის მხოლოდ 20% ირწყვება ბუნებრივად, დანარჩენს - წყლის გადამზიდავი ეროვნული ქსელი ახორციელებს. წყალი  ჩრდილოეთით -  გალილეის ზღვიდან ქვეყნის მთელ სიგრძეზე  სამხრეთამდე მიედინება.  გიგანტური მილების,  წყალსაქაჩი სადგურებისა და რეზერვუარების  კომპლექსის მშენებლობა ისრაელმა 1953 წელს დაიწყო და 10 წელში დაასრულა. მაშინდელი კურსით პროექტი 420 მილიონი ისრაელის ლირა დაჯდა. თუმცა, წყლის დეფიციტი ქვეყანას მაინც ვერ  მოუხსნა. არცთუ იშვიათად, მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთამ ისრაელს წყლის გამო კონფლიქტებიც ჰქონდა, ერთ-ერთი დაპირისპირება კი 1964 წელს ომში გადაიზარდა. სულ რამდენიმე წელია,  რაც ისრაელმა  უდაბნო საბოლოოდ დაამარცხა: ხმელთაშუაზღვის წყლის რესურსის ათვისება დაიწყო - უზარმაზარი საწარმოები ააშენა, რომლებიც ზღვის წყალს მარილს აცლიან. წყლის დალევა ონკანშიც შეიძლება უკვე.

- ძვირია თქვენთან წყალი?

-პატარა ბაღი მაქვს, მისი მორწყვასთან ერთად 100 დოლარი მიჯდება თვეში, - მპასუხობს ო.რ.

სოფლის მეურნეობა მაღალგანვითარებული ინდუსტრიაა,მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ბუნებრივი პირობები ამისთვის არ არსებობს. დღეს ისრაელი  სურსათზე საკუთარი მოთხოვნის  95%-ს აწარმოებს,  არის ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორი, ასევე ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი აგროტექნოლოგიებში

- ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობა რენტაბელობა შემცირდა, საერთაშორისო ფასები დაეცა, ამიტომ ისრაელი მთლიანად გადაერთო არასეზონზე თავისი პროდუქციის ექსპორტირებით.

გამახსენდა, რომ ისრაელს  ცნობილი  სელექციონერები ჰყავს- ხილისა თუ ბოსტნეულის თუნდაც ერთი თვით ადრე მოყვანა - უკვე გარანტირებული ნიშაა ბაზარზე.

 

ულტრაორთოდოქსები

ყველგან ქალაქებში, გზებზე ფაციფუცით და საქმიანად მიდი-მოდიან გრძელკულულებიანი, შლაპებსა და დამახასიათებელ კოსტუმში გამოწყობილი ისრაელელები. მაღალტექნოლოგიურ, ვესტერნიზებულ ქვეყანაში ტრადიციულ სამოსში ჩაცმულების რაოდენობა ცოტა მეუცნაურება.  ეს ულტრაორთოდიქსი ებრაელები არიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აღთქმულ მიწაზე მხოლოდ მესიის გამოჩენის შედეგად უნდა დაბრუნებულიყვნენ.  ისინი ისრაელის სახელმწიფოს უარყოფენ და, ძირითადად, რჯულის შესწავლით არიან დაკავებულნი.

ჩემს მასპინძელს თავზე კიპა აფარია, რაც  ნიშნავს, რომ სიონისტია

- ულტრაორთოდოქსები არ მუშაობენ, უფლება აქვთ, არ წავიდნენ ჯარში, სადაც  არის შანსი, რომ  ომში მოხვდე, სამაგიეროდ,  სახელმწიფოსგან ყველა სარგებელს იღებენ, - ხმაზე ეტყობა, რომ უკმაყოფილოა.

- ბევრნი არიან?

-  მათი რაოდენობა  მოსახლეობის 10%-ია,  როგორც წესი, მრავალშვილიანები არიან.

 

კიდევ ქართველი ებრაელები

ერთ-ერთ  ვახშამზე ო.რ.-მ  ისრაელის პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოდან ემოგრირებული ებრაელი გაგვაცნო.

როგორც ვხვდებით, ორი ქვეყნის სამთავრობო ურთიერთობებში აქტიურად იყო ჩართული. ჩვენს შორის მეგობრული და შინაურული საუბარი გაიმართა, რაღა თქმა უნდა, ქართულ ენაზე.

- ძალიან ბევრს ვეცადეთ, ისრაელს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი  გაეუქმებინა.  ახლა ცოტა უხერხულობა წარმოიშვა,  ბევრი მოდის საქართველოდან  და  სამუშაოდ არალეგალურად რჩება. ეს უკვე ძალიან შესამჩნევია. ამიტომ ისრაელმა ძალიან გაამკაცრა საზღვარზე კონტროლი, ხშირად ჩვეულებრივ ტურისტებსაც ექმნებათ პრობლემები, - წუხს.

გვიმხელს, რომ საქართველოდან ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ჯვრის მონასტრის შესყიდვაში დახმარება სთხოვა, თუმცა, საქმეში ჩარევისგან თავი შეიკავა.

-მონასტრის მფლობელებს შორის დავაა, თანაც რელიგიურ საკითხებს სიფრთხილე სჭირდება.

-ვინ იქნება, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი, - ვვარაუდობ და ისიც გვიდასტურებს.

წუხს, რომ საქართველოს მთავრობა პასიურობს ისრაელის სახელისუფლებო რგოლებთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

- ჩამოვიდნენ, უწყებების დონეზე ითანამშრომლონ, ჩვენი გამოცდილება გამოიყენონ, ასეთი წარმატებული ქვეყანაა, ამხელა რესურსია.

აინტერესებს, რამდენად დაცულია ახალი ხელისუფლების პირობებში კერძო საკუთრება, ნდობა ისრაელელი ბიზნესმენებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. 

საუბარი ტურიზმს შეეხო. მისი თქმით,  საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის, ცნობადობა  ისრაელში ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა (ეს ო.რ.-მააც არაერთხელ აღნიშნა და მიზეზად აქტიური სარეკლამო კამპანია დაასახელა). თუმცა, ყოფილის პარლამენტარის აზრით, ირანისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ისრაელელი ტურისტების განწყობაზე მაინცდამაინც დადებითად ვერ იმოქმედებს.

-მათ უნდათ, რომ გარანტირებულად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, ხომ შეიძლება, ირანელმა ტურისტმა რამე მოიმოქმედოს.


...

ლიბანის საზღვართან ლიკა დაგხვდა -19 წლის გოგონა, რომელიც საქართველოდან 12 წლის ასაკში გადმოსახლდა. ლამაზი და თბილი... როგორც ყოველთვის, უცებ შეგვიყვარდა ერთმანეთი.

ლიკამ სკოლა შარშან დაამთავრა და სამხედრო სამსახურს შეუდგა. ჯარში  პრესსამსახურში მუშაობს, რისთვისაც მცირე გასამრჯელოსაც კი იღებს,

- არჩევანს თავად ვაკეთებთ, არიან გოგოები, რომლებიც საბრძოლო დანაყოფებს ამჯობინებენ. ისინი ჩვენზე მეტ ანაზღაურებას იღებენ. მე ყოველ საღამოს სახლში მივდივარ, ისინი თვეობითაც რჩებიან ნაწილში.

- ჯერ არ ამირჩევია პროფესია, აქ ასეთი წესია, კოლეჯის დამთავრების შემდეგ ერთ წელს ბავშვები ისვენებენ, ერკვევიან, რა უნდათ... საქართველოში რომ ვეუბნები ჩემს მეგობრებს, უკვირთ, იქ ხომ პირდაპირ აბარებენ უნივერსიტეტებში.

ყველაფერი მაინტერესებს, როგორ შეძლო ადაპტაცია, როგორ ურთიერთობენ სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრირებული ისრაელელები, რომელი ჯგუფი უფრო დაწინაურებულია.

-ამბობენ, რომ  ადრე იყო მსგავსი დაყოფა, აშკენაზები - ამერიკასა და ევროპიდან წამოსული ისრალელები უფრო დომინირებდნენ, ახლა აღარ არის განსხვავება, ყველაფერს აკეთებენ, რომ რამე გამოგივიდეს ცხოვრებაში.

- საქართველოში უფრო მკაცრი და პატრიარქალური წესებით ცხოვრობენ ებრაელები,  ადრე თხოვდებიან,  როგორ ეგუებიან თქვენები?

- კი, აქ თავისუფალი ცხოვრებაა, ჩემი მეგობრები ხუმრობენ, ბიჭები, შენზე რამე რომ ვიფიქრო, ალბათ, მამაშენთან მოგვიწევს ლაპარაკიო...

- მე ვეუბნები, არა მარტო მამაჩემთან, არამედ, დედაჩემთან, ბებიაჩემთან და მთელს ჩემს მაფიასთან-თქო- იცინის.

 

- მინდა, ჩემი გვარი შევიცვალო,  ის გერმანული წარმოშობისაა, მაგრამ მე არაფერი მაკავშირებს გერმანიასთან, აქ დავიბადე. მამაჩები პოლონეთიდან ჩამოვიდა. დაველაპარაკე მამაჩემს ამ თემაზე, მაგრამ გაგონებაც არ სურს, - გვითხრა ერთხელ ო.რ.-მ.

- რატომ? ისე ლამაზად ჟღერს...

- განსხვავებული გვარები ხელს უშლის ისრაელის ხალხის შეკავშირებას და გაერთიანებას, -  ეს კაცი თავისი ქვეყნის ნამდვილი მანიაკია, ოღონდ კარგი გაგებით.

- ამის გამო სულაც არ მოსწონთ ქართველი ებრაელების ასეთი ახლო სულიერი კავშირი საქართველოსთან, - ასკვნის ქართულად ჩვენი ერთ-ერთი ჟურნალისტი. გაღიზიანება ო.რ-სთვის ნამდვილად არ შემიმჩნევია, როცა ჩვენ ქართველ ებრაელებს  სითბოთი ვხვდებით და საათობით ველაპარაკებით მისთვის გაუგებარ ენაზე, უფრო უკვირს, მგონი.

 

ჰაბიბი

ჰაბიბი დაქირავებული არაბი მძღოლია. ახალგაზრდა,  მოწესრიგებული, მშვენივრად ფლობს ინგლისურ ენას, როგორც ალბათ, მთელი ისრაელი (ოთხი თუ სატელევიზიო არხი დავითვალე, სადაც უცხოური ფილმები სუბტიტრებით გადიოდა, ეტყობა, ენის შესწავლას დიდ ყურადღებას უთმობენ).

ემჩნევა, რომ კარგი იუმორი აქვს და ადამიანებთან ურთიერთობაც  უყვარს, თუმცა, თავშეკავებულად გვეკონტაქტება.

ისევე როგორც  ო.რ , არსად გვშორდება,  გზაში, სასტუმროში, მაგრამ არასდროსაა ჩვენთან ერთად სუფრასთან.

ალბათ, იერარქიას იცავს, ან ასეთია განაწესი. ან, უბრალოდ, არ უნდა.

საერთო ტრაპეზს რომ  ვერ ვიზიარებთ, ჩვენი ქართული ხასიათი  ვერაფრით ეგუება, თუმცა, სტუმრები ვართ,  შესაფერის ქუდს  ვიხურავთ და ვცდილობთ, არ შევიმჩნიოთ.

ერთ-ერთმა მაინც ვერ მოითმინა და გამოჰკითხა: აღმოჩნდა, რომ ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა, ვიდრე შესაფერის სამსახურს იპოვნის, მძღოლად მუშაობს.

 

ლიბანის საზღვარი

ჰარ ადდირს  მთა კი ჰქვია, თუმცა, ჩვენთვის, ალბათ, უფრო მაღალი გორაკია. აქ  2006 წელს ლიბანთან ომში დაღუპული 121  ებრაელი ჯარისკაცის უკვდავსაყოფად მათი მშობლების მიერ აშენებული გადასახედია.  შუშების მოაჯირებზე სახელები და გვარებია ამოტვიფრული. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მხიარული და აქტიური პიროვნება გამოდგა. წინ, რამდენიმე კილომეტრში ლიბანური დასახლებებია, სადაც „ჰეზბოლაა“ გამაგრებული.

-  200-მდე სოფელია საზღვართან ახლოს, აქედან თითეულში 2000-მდე მაცხოვრებელია. „ჰეზბოლას“ მებრძოლები მათ სახლში ცხოვრობენ, აქედან ვხედავთ კიდეც. მაგალითად, თუ პირველ სართულზე ჰეზბოლას წევრები არიან, მეორეზე - ოჯახი ცხოვრობს.  პროვოკაციის დიდი საფრთხეა, , სროლა რომ დაიწყონ ჩვენი მისამართით, იძულებულნი ვართ, ვუპასუხოთ, მაგრამ უბრალო მოსახლეობას ხომ ვერ ვესვრით? დილემის წინაშე ვართ.

ისრაელელი თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებლები შიიტები არიან, შესაბამისად, ერთმორწმუნე „ჰეზბოლას“ წევრებს გმირებად და გამათავისუფლებლად აღიქვამენ.

- თუნდაც არ ეთანხმებოდნენ, ვინ გაუწევთ მეომრებს წინააღმდეგობას?

 

სირიის საზღვარი

გოლანის მაღლობზე მივემგზავრებით, სირიის საზღვართან, ამ სტრატეგიული ადგილიდან მთელი საზღვარი კონტროლდება, ვინც ფლობს, უპირატეს მდგომარეობაში ის არის. 2009 წელს ისრაელმა ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების პირობა დადო, მაგრამ ახლა ამისთვის აღარავის სცხელა. აბრა გვიჩვენებს, რომ 60 კმ-ში დამასკოა. ვერ დამიჯერებია, რომ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილთან ასე ახლოს ვიმყოფები. საომარმა მოქმედებებმა 5 წლის განმავლობაში  უკვე 270 ათასი ადამიანი შეიწირა.

კაფე და რკინის დეტალებისგან დამზადებული ჯარისკაცები, თანამედროვე ხელოვნების  ნიმუშები - გოლანი ტურისტული დანიშნულების ადგილს ჰგავს, პატარა ბავშვები კიპებით თავზე დარბიან და არემარეს ცნობისმოყვარეობით ათვალიერებენ, ზოგი სურათებს იღებს,  უკეთესი ბუნებაა. ზემოდან დავყურებთ ისრაელის მხარეს დამუშავებულ მიწებს და გამყოფ ხაზს, საიდანაც სირიული დასახლებები მოჩანს. ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული პრეზენტატორი გვიხსნის, ახლომახლო სად რომელი სამხედრო დაჯგუფებაა განლაგებული. ჯერჯერობით, სიმშვიდეა, თუმცა, მრისხანე ISIS-ის ჩრდილი თითქოს მაინც გვეფინება.

მართლაც, რა ახლოსაა ახლო აღმოსავლეთი!

 

სირიელი დაჭრილები

 ჩრდილოეთ საზღვართან, ქალაქ საფედისკენ გავემგზავრეთ, ისრაელელების წმინდა ქალაქში, სადაც ერთი ნაწილის რწმენით, ქვეყნიერებას მესია უნდა მოევლინოს. ზივის საავადმყოფო ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სირიაში დაჭრილებსაც ემსახურება. ომმა ხომ სირიის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის 70% გაანადგურა.

- პირველად საზღვართან დაჭრილი 2013 წელს მოიყვანეს და დატოვეს. ისრაელის ხელისუფლებას  დიდი ფიქრის დრო არ ჰქონდა, ან უნდა დაეტოვა ბედის ამარა, ან საკუთარ თავზე აეღო მათი მკურნალობა. მას შემდეგ მარტო ჩვენმა საავადმყოფომ 600-ზე მეტი პაციენტი მიიღო.

ებრაელ მედიკოსებს მტრულად განწყობილი ქვეყნიდან  უმძიმესი დაჭრილების, განკურნება უწევთ, უმეტესობა კიდურებს კარგავს, როგორც საავადმოფოში აცხადებენ, ერთი პაციენტის მკურნალობა და პროთეზით აღჭურვა ისრაელის მთავრობას 10-15 ათასი დოლარი უჯდება.

- 12  წლის სირიელი ბიჭი გვყავდა, თამაშისას ხელში ყუმბარა აუფეთქდა და სულ დაბრმავდა. დედამ და ძმამ ვირზე შესვეს და საზღვართან მოიყვანეს. კიდურები შევუნარჩუნეთ, თუმცა, მხედველობა -ვერა. ხომ იცით მაინც ბავშვია, მხიარული და ხალისიანი იყო. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვასწავლიდით, როგორ გადაადგილებულიყო ჯოხით, ერთ დღეს ეზოში დავინახე, ნაყინს ჭამდა მოწყენილი. ვკითხე მიზეზი - მითხრა, სახლში არც აბაზანა მაქვს და არც კბილების ჯაგრისი, რაში მჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა? გული მომიკვდა , - არაბ სოციალურ მუშაკს თვალები აუწყლიანდა.

ამასობაში ექიმიც შემოდის, ბელარუსიდან ემიგრირებული მედიცინის დოქტორი,  სურათებს გვაჩვენებს -  ომის კოშმარები. ჩატარებული ოპერაციები- ფანტასტიკის სფერო! 

- 25 წლის მამაკაცს მუხლი აფეთქების შედეგად საერთოდ აღარ ჰქონდა,  წვივი ბარძაყზე მხოლოდ წვრილი ძვლით ეკიდა. შემეცოდა მოსაჭრელად. არადა, სისხლდენით დაიცლებოდა. ავდექი და ამოვუტრიალე და წინიდან მივამაგრე ბარძაყზე, ჭრილობებს პირი რომ შეეკრა.  ერთ თვეს ასეთ მდგომარეობაში იყო - უცნაური სანახავი იყო, თვითონაც კი ვერ უსწორებდა თვალს. როცა შეუხორცდა, წვივი საწყის მდგომარეობას დავუბრუნეთ, ბარძაყის ძვალთან შევაერთეთ და „გავზარდეთ“. მართალია, მუხლს ვერ ხრის, სამაგიეროდ, ხეიბარი არ არის, - აცხადებს ექიმი

ისტორიები უამრავი, ერთმანეთზე გულისამაჩუყებელი.

- ძალიან მაწუხებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩემს  განკურნებულ პაციენტებზე ვეღარაფერს ვიგებ. რამდენიმე თვის შემდეგ  უკან, სირიაში ბრუნდებიან, სადაც არც ინტერნეტია და არც სხვა კომუნიკაციები.

იხსენებს, როგორ უმკურნალა 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ საქართველოს ექვს მოქალაქეს (მაშინ ისრაელის მთავრობის დახმარებით 36 ქართველმა სამხედრომ ისარგებლა).

-საკმაოდ მძიმე ჭრილობები ჰქონდათ, ერთი მათ შორის, ქალი იყო. ძალიან მაინტერესებს მათი ბედი, იქნებ, დამიკავშირდნენ,

- ასეთ დაზიანებებს ჩვეულებრივ მდგომარეობაში იშვიათად იღებენ ადამიანები, საომარი ტრავმების მკურნალობის შედეგად დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა, ძალიან მინდა ეს ცოდნა ქართველ კოლეგებსაც გავუზიარო, თუ უნდათ, აქ  გვეწვიონ, თუ უნდათ, თავად ჩამოვალ...-  მოწოდებით ექიმია.

პალატაში შევდივართ. პერსონალი გვაფრთხილებს, რომ დაჭრილების სახე სურათებში არ გამოვაჩინოთ, არც სახელები და გვარები ვახსენოთ - მათ სამშობლოში დაბრუნებისას მოღალატეებად შერაცხავენ, ან შეიძლება, ისრაელის გადაბირებულ ჯაშუშებად ჩათვალონ და სიცოცხლესაც გამოასალმონ.

 ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი წევს, ექიმს ყველა თბილად ესალმება

- ესენი ქართველი ჟურნალისტები არიან, თქვენს სანახავად მოვიდნენ.

ყველაზე ახალგაზრდას, 20-24 წლის თუ იქნება, ბარძაყამდე პროთეზი საწოლზე უდევს, ზედ ფეხსაცმელი აცვია,

- პროთეზიც მაჩუქეს და „კონვერსის“ ბოტასიც, - იკრიჭება. რატომღაც ყველაზე მხიარული ისაა, რომელსაც ფეხი არ აქვს.

მეორე უფრო დაღვრემილი ჩანს, ამბობს, რომ ოჯახი აღარ ჰყავს.

გვეუბნებიან, რომ მეომრები არ არიან, ალბათ, იტყუებიან,  თუნდაც იყვნენ. ეს ადამიანები ხვალ სურთ, თუ არა, თავისი ფეხით, თუ პროთეზით უკან უნდა დაბრუნდნენ და  სიკვდილის მანქანაში გადაეშვან, ჩვენ კი პალატაში შევდივართ და   უცხო ფრინველებივით ვათვალიერებთ.

ცუდად გავხდი, ერთი სული მაქვს, საავადმყოფოს როდის გავეცლები.

 

თელ-ავივი - ქალაქი, რომელსაც არ სძინავს

ომი, ტერორისტები, სირია და ირანი ბოლო დღეს თელ-ავივმა დაგვავიწყა. გიდმა ექსკურსია ცნობილი კიოსკიდან დაიწყო, სადაც 1915 წელს 66 ებრაელმა ოჯახმა კენჭისყრით ადგილები მოინიშნა და ქალაქის შენება დაიწყო. იერუსალიმისგან განსხვავებით, თელ-ავივი თანამედროვე მაღალსართულიანი ქალაქია, რომელსაც პრეტენზია აქვს, გახდეს მსოფლიოს დაწინაურებული ეკონომიკური  ცენტრი. აქ ახალგაზრდები ბედის საძიებლად მოდიან და ხშირად, პოულობენ კიდეც.

- დღის განმავლობაშიც კი, როგორც ხედავთ, კაფეები ხალხით სავსეა - ყავას სვამენ, ჭორაობენ... გაიფიქრებ, ნეტავ, როდისღა მუშაობენ... სინამდვილეში ერთმანეთს თავის ბიზნესგამოცდილებას უზიარებენ, თუ ვინმეს რამე იდეა აქვს, უწუნებენ, ან იწონებენ. კონკურენტებად კი არ აღიქვამენ, არამედ, შესაძლო პარტნიორად.

თელ-ავივის კონცეფცია „ნონ-სტოპ-ქალაქი“ -ყველაზე ახალგაზრდული და ყველაზე ტოლერანტული -  გიდმა  ღამის ცხოვრებით გაგვაცნო.  ტური ქართული  რესტორნიდან დაიწყო, სადაც აზერბაიჯანული მუსიკა უკრავდა; გზად ცისარტყელას დროშით დამშვენებულ არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენელთა რესტორანს გავუარეთ.  ვოიაჟი ქალაქში კიდევ სამი, თუ ოთხი განსხვავებული „ჟანრის“ კლუბების მონახულებით დასრულდა, სადაც კონტროლიც უმაღლეს დონეზე ტარდებოდა (მას ჩვენი მასპინძელი დიპლომატიც დაექვემდებარა) და გართობაც.

ფოტო გალერეა იხილეთ ლინკზე: 
http://www.photosnack.com/nozadze/pdzcft7o8.html

წაკითხულია
19852
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე ავტორის სხვა სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner