თაფლის წარმოება, ექსპორტი და დამაბრკოლებელი ფაქტორები
ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს. რატომ არის ევროპის ბაზარზე ყველაზე მარტივი თაფლის შეტანა და რას აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო და მეფუტკრეთა გილდია?
თაფლს ფუტკარი ყვავილების ნექტრისა და მტვრისგან ამზადებს. ის სამასამდე სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის: შაქრებს, ვიტამინებს, მინერალებს, ფერმენტებს, ორგანულ მჟავებს, აზოტოვან ნაერთებსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. თაფლს სამკურნალო თვისებებიც აქვს: სპობს მავნე ბაქტერიებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აჩქარებს ქსოვილთა რეგენერაციას და ამავე დროს ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელი მოქმედებითაც გამოირჩევა. ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება. ევროპელი მომხმარებელი თაფლს ძირითადად ბუნებრივ დამატკბობელად ხმარობს. "ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოდან თაფლის იმპორტით. თუ ადრე თაფლი დელიკატესის კატეგორიაში გადიოდა, ამჟამად უკვე ჩვეულებრივი საკვების კატეგორიაში გადის. ევროკავშირს თაფლის ადგილობრივი მოხმარების 55%, დაახლოებით 150 000 ტონა, სხვა ქვეყნებიდან შეაქვს," - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა.
ამჟამად საქართველო წელიწადში დაახლოებით 4000 ტონა თაფლს აწარმოებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი - 17 ტონა თაფლი ( 116 700 აშშ დოლარის ღირებულების) ექსპორტზე 2013 წელს გავიდა. გასულ წელს მეფუტკრეებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ 5,4 ტონა ( 54 200 აშშ დოლარის ღირებულების) თაფლი გაიტანეს. "ეს უმნიშვნელო რაოდენობაა იმ შესაძლებლობასთან შედარებით, რაც საქართველოს აქვს," - აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა.
ქართული თაფლი ბოლო წლების განმვლობაში ექსპორტზე ძირითადად ლიბიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ერაყსა და ლიბანში გადის. გასულ წელს ამ ქვეყნებს ჩინეთისა და კორეის რესპუბლიკის სახით ახალი საექსპორტო მიმართულებები დაემატა. შარშან ჩინეთში 0,3 ტონა, ხოლო კორეის რესპუბლიკაში 0,1 ტონა თაფლი გავიდა. ექსპორტზე თაფლი ძირითადად შპს "ფუტკარას" გააქვს. "ჩვენი ძირითადი მომხმარებელები არაბეთის და აზიის ქვეყნები არიან. ევროკავშირის ქვეყნებიდანაც არაერთხელ გვქონდა შემოთავაზება იქ ქართული თაფლის გატანაზე. პირველი ასეთი შემოთავაზება ერთ-ერთი მსხვილი ავსტრიული დისტრიბუტორისგანან ჯერ კიდევ 5 წლის წინ მივიღეთ. ქართული თაფლი ძალიან მოეწონათ, მაგრამ შემოთავაზებას ერთი მოთხოვნა ახლდა თან: თაფლი აუცილებლად მონოფლორული, ანუ ერთი სახეობის მცენარისგან უნდა ყოფილიყო მიღებული. საქართველოში კი ძირითადად პოლიფლორული - რამდენიმე სახეობის მცენარის ყვავილისგან მიღებული თაფლი გვაქვს. პირველად მაშინ მივხვდი, რომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა არც ისე მარტივი იქნებოდა," - ამბობს მეფუტკრეობის განვითარების ჯგუფ "ფუტკარას" დირექტორი მიხეილ თეთრუაშვილი.
თაფლის საფრანგეთში გატანის წინადადება მიიღო მეფუტკრეთა კოოპერატივ "აგრო აპის " დამფუძნებელმა აბრაამ სოლომნიშვილმაც. "აგროაპი" 2011 წელს 8 მეფუტკრემ დაარსა. საფუტკრე მეურნეობა, სადაც ამჟამად ფუტკრის 160 ოჯახი ჰყავთ, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს. "ფრანგული კოოპერატივი, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა, 85 მეფუტკრეს აერთიანებს. ეს კოოპერატივი მხოლოდ ადგილობრივი წარმოებით არ კმაყოფილდება. ის თაფლს სხვადასხვა ქვეყნებშიც ყიდულობს, დამუშავებული პროდუქცია კი ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. ჩვენი თაფლი მოეწონათ და მზად იყვნენ, ეყიდათ. მაგრამ ამისთვის ჩვენი მხრიდან მინიმუმ 20 ტონა თაფლის მიწოდებას ითხოვდნენ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ. 20 ტონა თაფლს ერთი მეფუტკრე ვერ მოაგროვებს. ამას სჭირდება მეფუტკრეების გაერთიანება,” - აცხადებს სოლომნიშვილი.
მეფუტკრეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქართული თაფლის ევროპაში შეტანას ხელი, შესაძლოა, მისმა სიძვირემაც შეუშალოს. ამჟამად საქართველოში წარმოებული კილოგრამი თაფლი ადგილობრივ ბაზარზე 10-25 ლარად იყიდება. ევროკავშირში 1 კგ არგენტინული თაფლი დაახლოებით 3 ევრო ღირს და ის ქართულ თაფლზე გაცილებით იაფი გამოდის. იგივე ფასი აქვს მექსიკურ და ავსტრალიურ თაფლსაც. კიდევ უფრო იაფი, დაახლოებით 2 ევრო ღირს ჩინური თაფლი. "ავსტრიელები თაფლის ფასითაც დაინტერესდნენ. შევთავაზეთ ჩვენი ფასი - 1 კგ 5 ევროდ. ძალიან ეძვირათ,"- ამბობს მიხეილ თეთრუაშვილი.
კომპანია „ბრეტის“ ხელმძღვანელი და მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან ხელშეწყობის შემთხვევაში ევროპის ბაზარზე ადგილი შესაძლოა, ძვირადღირებული ქართული თაფლისთვისაც მოიძებნოს: "ქართული თაფლი თავისი ხარისხით და საგემოვნო თვისებებით იმდენად გამორჩეულია, ევროკავშირის ბაზარზე რომ შევიდეთ, ყველაზე ძვირი ქართული თაფლი იქნება. სხვებმა უნდა იფიქრონ, როგორ გაგვიწიონ კონკურენცია ჩვენ. თუმცა, ამას მთავრობის მხრიდან დახმარება და ბაზარზე პროდუქტის სწორი წარდგენა სჭირდება," - ამბობს კეპაშვილი.
აბრაამ სოლომნიშვილი აცხადებს, რომ ფრანგი იმპორტიორების აზრით, ქართული თაფლი ადგილს მაღალ საფასო სეგმენტში დაიკავებს: "როცა ნახეს თაფლი, ხარისხი ძალიან მოეწონათ და აღნიშნეს, რომ ჩვენი თაფლი სხვა თაფლთან შედარებით ძვირად გაიყიდება: თუ სხვა თაფლი ღირს 2 ევრო, ქართული თაფლი 6-7 ევრო ეღირება".
ქართული თაფლის გამორჩეულ ხარისხსა და საგემოვნო თვისებებზე ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე ხუან ეჩანოვეც: "ქართული თაფლი, შესაძლოა, უფრო ძვირია სხვა თაფლთან შედარებით, მაგრამ გაცილებით მაღალხარისხიანია. ევროპაში არის მომხმარებელი, რომელიც მზადაა მეტი გადაიხადოს, თუკი ეცოდინება ქართული თაფლის წარმოშობის ისტორია და ის, რომ ეს თაფლი მაღალი ხარისხისაა. საქართველომ უნდა გაწიოს სერიოზული ძალისხმევა იმისთვის, რომ ქართული თაფლი ბრენდად აქციოს – ევროპელმა მომხმარებელმა უნდა გაიგოს, რომ ქართული თაფლი განსაკუთრებული თაფლია, რომ ის განსხვავებულია, მდიდარია ბევრი სასარგებლო ვიტამინით და ელემენტით და განსაკუთრებით ნოყიერია. ევროპელებს უნდა აუხსნათ, რომ თქვენი ფუტკარი თავისი გრძელი ხორთუმით სხვა ფუტკრებისგან განსხვავდება და ის განსაკუთრებულია. პროდუქტის ბრენდირებასა და რეკლამირებაზე ძალისხმევა მთავრობამაც უნდა გაწიოს და მეწარმემაც".
მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროპის ბაზარზე ქართული თაფლის სწორ წარდგენაში მეფუტკრეებს მთავრობა უნდა დაეხმაროს: "ქართულმა თაფლმა განსხვავებული ნიშა უნდა დაიკავოს. ევროპელ მომხმარებელს უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ნატურალური და ორგანული პროდუქტი, რომ ქართული ფუტკარი უნიკალურია: მას სხვადასხვა გამოფენებზე ოქროს სამი მედალი აქვს აღებული. ქართულ ფუტკარს ყველაზე გრძელი ხორთუმი აქვს და ნექტარს ისეთი ღრმა სანექტრეებიდანაც იღებს, რომლებსაც სხვა ვერცერთი ჯიშის ფუტკარი ვერ სწვდება. გამორჩეულია საქართველოს ფლორაც. აქ არსებული მცენარეების 3/4 მსოფლიოში სხვაგან არსად ხარობს. მსოფლიოში წაბლის თაფლი სულ სამ ქვეყანას აქვს, აქედან ერთი საქართველოა. ადგეს მთავრობა და ამ ინფორმაციის შემცველი რეკლამა “ევრონიუსზე” გაუშვას. ხომ საინტერესეო რეკლამაა? მარკა გამოუშვას ქართული ფუტკრის შესახებ! ქართული ფუტკარი დღესაც ძალიან პოპულარულია. რეკლამას წვრილ-წვრილი მეფუტკრეები ვერ გააკეთებენ", - ამბობს კეპაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს მთავარი უპირატესობა წაბლის თაფლია. მასზე დიდი მოთხოვნაა აზერბაიჯანში, თურქეთსა და საბერძნეთში. ამ ქვეყნებში წაბლის თაფლი ძირითადად, სამგზავრო ავტობუსებით, მცირე ზომის ჭურჭელით გააქვთ და 1 კგ დაახლოებით 30 დოლარი ღირს.
ანტიბიოტიკები და გადაიარაღება, როგორც მთავარი პრობლემა
ევროკავშირს თაფლის შემოწმებასთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნები აქვს. ამ მოთხოვნებიდან ყველაზე მთავარი თაფლში ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენების დადგენაა. გარდა ამისა, მკაცრად არის გაწერილი თაფლში ზოგიერთი ნივთიერების დასაშვები რაოდენობა და საერთოდ აკრძალული ნივთიერებები. ამ ეტაპზე თაფლის შემოწმება ანტიობიოტიკების და პესტიციდების ნარჩენებზე საქართველოში არცერთ ლაბორატორიას შეუძლია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოში თაფლის ხარისხობრივ მონიტორინგს 2012 წლიდან ატარებს. ლაბორატორიული კვლევისთვის თაფლის სინჯები ლატვიის ქალაქ რიგაში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია -„ბიორში" იგზავნება. 2013 წელს ამ ლაბორატორიაში თაფლის 42 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 17 სინჯში ანტიბიოტიკების ნარჩენები აღმოჩნდა. 2014 წელს ამავე ლაბორატორიაში კვლევისთვის საქართველოს სხვადასხვა მეურნეობებიდან და მაღაზიებიდან აღებული თაფლის 103 სინჯი გაგზავნეს. "ლაბორატორიულ შემოწმებას საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის დაცვის და ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობისთვის ვატარებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელი არ იყოს. რიგაში გაგზავნილი 103 სინჯიდან 32 ნიმუშში, ანუ მესამედში, ანტიბიოტიკების ნარჩენები ისევ აღმოჩნდა," - აცხადებს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე.
კვლევის შედეგები დამაკმაყოფილებელი რომც ყოფილიყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე მეორე დღესვე დაუბრკოლებლად შევიდოდა. ამ ეტაპზე ევროკავშირი საქართველოს თაფლის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას სწავლობს. თაფლის ნიმუშების ლაბორატორიული შემოწმება ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. გარდა ამისა, მოწმდება საქართველოს საკანონმდებლო ბაზა და თაფლის მწარმოებელთა ინფრასტრუქტურა. 2014 წლის ნოემბერში საქართველოში ევროკავშირის ექსპერტები ჩამოვიდნენ, ამ ეტაპზე მთავრობა მათგან კონკრეტულ რეკომენდაციებს ელოდება, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს თაფლის ექსპორტს.
"რიგაში ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენს მეფუტკრეებს პროფესიული ცოდნა არა აქვთ. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში 3900-4000 ტონა თაფლი იწარმოება. ჩვენი ინფორმაციით, მეფუტკრეობას 50 000-ზე მეტი ადამიანი მისდევს. მათი 99,6% მოყვარულია. მხოლოდ რამდენიმე მეფუტკრეს ჰყავს ფუტკრის 300, ან სამასზე მეტი ოჯახი. მოყვარული მეფუტკრეების ცოდნის დონე ძალიან დაბალია. როცა ევროკავშირი გაძლევს უფლებას, რომ მის ბაზარზე თაფლი შეიტანო, სახელმწიფომ უნდა კეთილი ინებოს და მეფუტკრებს ცოდნის ამაღლებაში დაეხმაროს. ადამიანს, რომელსაც ფუტკრის 20-30 ოჯახი ჰყავს, სწავლის ფული არ აქვს. მეფუტკრემ უნდა იცოდეს, რას მოითხოვს მისგან თაფლის ტექნიკური რეგლამენტი და ისიც, როგორ უნდა შეასრულოს ეს მოთხოვნები. მონიტორინგს, რომელიც 2012 წელს დაიწყო, მუდმივი სახე უნდა ჰქონდეს. ამ მონიტორინგისთვის საქართველოში უნდა არსებობდეს ლაბორატორია, რომელსაც ექნება საერთაშორისო აღიარება და ევროკავშირის მიერ იქნება აკრედიტებული. თაფლი უნდა გამოკვლეული იყოს ამ ლაბორატორიაში და ამ კვლევების საფუძველზე გაიცეს სერტიფიკატი, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს. თუ ეს პროცედურა ვერ ან არ განხორციელდება, ვერცერთი გრამი თაფლი ვერ გავა ევროკავშირში. მეეჭვება, რომ წელს ევროკავშირში თაფლის გატანა მოვასწროთ," - ამბობს კეპაშვილი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ომარ კაჭარავა აცხადებს, რომ ანტიბიოტიკების ნარჩენებსა და პესტიციდებზე თაფლის ევროკავშირის სტანდარტით შემოწმებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2015 წლის სექტემბრიდან შეძლებს. როგორც კაჭარავა აცხადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტრენინგების სახით ფერმერებთან გარკვეული საგანმანათლებლო სამუშაო უკვე ჩაატარა. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ თაფლის სინჯებში, რომელსაც სააგენტო წელს აიღებს, მავნე ნარჩენები აღარ აღმოჩნდება და თაფლი ექსპორტისთვის მზად იქნება.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ ანტიბიოტიკების ნარჩენებში არ არის. იმისთვის, რომ მეწარმეებმა საფუტკრე მეურნეობა ევროკავშირის ტექნიკური რეგლამენტების და მოთხოვნების შესაბამისად მოაწყონ, ფულია საჭირო. ამჟამად მეფუტკრეთა დიდი ნაწილი თაფლს ალუმინის ან თუთიის ცენტრიფუგებში წურავს, რასაც ევროკავშირი კატეგორიულად კრძალავს. მეწარმეებს არც შესაბამისი სტანდარტის შესანახი ჭურჭელი აქვთ. თაფლი, როგორც წესი, მცირე რაოდენობით იყიდება, რაც მეწარმეებს შემოსავლის შეგროვების საშუალებას არ აძლევს. "მეფუტკრეს აუცილებლად სჭირდება იაფი კრედიტი. პრობლემა ის არის, რომ ცოცხალ საქონელს - ცხვარი იქნება ეს, ძროხა თუ ფუტკარი, კომერციული ბანკები მაღალი რისკის შემცველ ფაქტორად აფასებენ და ასეთი საქონლის მფლობელ ფერმერს მეურნეობის განვითარებისთვის სესხს არ აძლევენ. თუ ადამიანს საწარმო აქვს, პროექტის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მას იაფ კრედიტს მისცემენ. მეფუტკრეს, რომელსაც ფუტკარი ჰყავს, საწარმო არ აქვს. ფუტკრის ოჯახების გამრავლებისთვის და მეურნეობის გადაიარაღებისთვის მათ ფულს არავინ აძლევს,"- ამბობს თეთრუაშვილი.
2015 წლის 15 იანვარს ხელი მოეწერა ევროკავშირის დახმარების პროგრამას, რომლის მთავარი მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებაში და საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში. ამ მიზნით საქართველო ევროკავშირისგან მომდევნო 4 წლის განმავლობაში 44,5 მლნ ევროს მიიღებს ( აქედან 25 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარებაა). შეთანხმების თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ რეგულაციებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მეწარმეობის განვითარების სააგენტო უნდა დაეხმაროს, სააგენტოს კი მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების სამოქმედო გეგმა ჯერ კიდევ არ დაუწერია.
თაფლთან ერთად ექსპორტზე შესაძლოა, ფუტკრის რძე, შხამი, ყვავილის მტვერი, დინდგელი, ცვილი და ჭეო გავიდეს. "არანაკლები საექსპორტო პოტენციალი აქვს ფუტკრის რძეს და დინდგელს. ფუტკრის რძის ყველაზე დიდი მომხმარებელი იაპონიაა. იქ რადიაციული დაბინძურებით გამოწვეული ზიანის პრევენციის მიზნით ყველა ბავშვი იღებს ფუტკრის რძეს და ამ პროცესს სახელმწიფო აფინანსებს. დინდგელის შესყიდვით ფრანგი და ჩინელი ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ, "- ამბობს თეთრუაშვილი. როგორც ირკვევა, თაფლზე არანაკლები საექსპორტო პოტენციალი აქვს ქართულ დედა ფუტკარსაც.
დედა ფუტკარი
ქართული ფუტკარი
უნიკალური თვისებების გამო ქართულ დედა ფუტკარზე მაღალი მოთხოვნაა. ამჟამად მისი ექსპორტი არ ხორციელდება. ამიტომ ის უცხოეთში ძირითადად კონტრაბანდული სახით გადაჰყავთ. ადგილობრივ ბაზარზე 1 ცალი დედა ფუტკარი 20-25 ლარი ღირს, უცხო ქვეყანაში გადაყვანის შემთხვევაში კი მისმა ფასმა, შესაძლოა, 100 დოლარსაც გადაააჭარბოს.
ქართული ფუტკარი თავისი გრძელი ხორთუმით არის ცნობილი. მისი ხორთუმის სიგრძე 7,2 მმ-ს აღწევს. ასეთი გრძელი ხორთუმი სხვა არცერთი ჯიშის ფუტკარს არ აქვს. გრძელი ხორთუმის გამო ქართული ფუტკარი ნექტარს ისეთი სანექტრეებიდანაც იღებს, რომლებიც სხვა ჯიშის ფუტკრებისთვის მიუწვდომელია. მშვიდ და სტაბილურ კლიმატურ პირობებში ქართული ფუტკრის ერთ ოჯახს 100 კგ-მდე თაფლის მოტანა შეუძლია.
ქართული ფუტკარი განსაკუთრებით შრომისმოყვარეა. ის ადრე დილიდან გვიან საღამომდე მუშაობს, ყველაზე შორ მანძილზე დაფრინავს და ნექტარს მცირე წვიმის დროსაც კი აგროვებს, მაშინ როცა სხვა ფუტკარი სკიდან არ გამოდის. გარდა ამისა, მშვიდია და მეფუტკრეს მასთან დამცავი საშუალებების გარეშე მუშაობის საშუალებას აძლევს.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფუტკრის საჯიშე მეურნეობა, სადაც ქართული მთის რუხი ფუტკარი გამოჰყავდათ, საბჭოთა პერიოდში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში მდებარეობდა. იმ დროისთვის ქართული დედა ფუტკარი ექსპორტზე 50-მდე ქვეყანაში გადიოდა. მეურნეობა 90-იან წლებში დაიშალა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი მაია ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ქართული ფუტკარი უკანასკნელ წლებში მისსავე სამშობლოში დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა: "არასწორმა მთაბარობამ, დარგისადმი არაპროფესიონალურმა მიდგომამ, ზოგ შემთხვევაში კი სხვა ქვეყნებიდან ფუტკრის უკანონო შემოყვანამ, მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა მისი წმინდა სახით შენარჩუნებას. ამიტომ, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი მისი გენოფონდის შენარჩუნებაა.
პირველ რიგში სამუშაოების განხორციელება გადავწყვიტეთ ქართული ფუტკრის მეგრულ პოპულაციაზე - ეს ის ფუტკარია, რომელმაც ქართულ ფუტკარს მსოფლიო აღიარება და სამი ოქროს მედალი მოუპოვა. ჩვენი მუშაობის ძირითადი შედეგი იქნება მეცნიერული ბაზის შექმნა ქართული ფუტკრის სანაშენე მეურნეობისათვის, რომელიც კვლევების შედეგად შერჩეულ სარეპროდუქციო მასალას გამოიყენებს. მოგვიანებით მოხდება დედა ფუტკრების ხელოვნურად გამოყვანა, განაყოფიერება და რეალიზაცია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, რაც საერთაშორისო ბაზარზე მის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს."
ქართული დედა ფუტკარი შესაძლოა, ქვეყნისთვის ისევ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს, მაგრამ ამისთვის გარკვეული სამუშაოები უნდა ჩატარდეს: "21-ე საუკუნეში გენეტიკური პასპორტიზაციის გარეშე საქართველოდან ფუტკარს არავინ გაიყვანს. ექსპორტისთვის ფუტკარს უნდა ახლდეს სერტიფიკატი, რომელიც მხოლოდ შესაბამისი აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაიცემა. ამჟამად მსოფლიოში ფუტკარზე მოთხოვნა გაზრდილია. მითუმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში ფუტკრის 30% დაიხოცა."
ცენტრში უკვე შექნილია სანაშენე მეურნეობის აღდგენის და განვითარების გეგმა. "ექსპედიციური კვლევის საფუძველზე ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოძიებულია იზოლირებული ადგილი ლეუკუნე-ხობისწყლის ხეობის ერთ-ერთ უბანში. სულ მალე დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები მუხურის ყოფილი საჯიშე მეურნეობის ტერიტორიაზე. გაზაფხულიდან საიმედო საფუტკრეებისა და ფუტკრის ოჯახების მოძიებას და სასელექციო-სანაშენე საქმიანობას დავიწყებთ," - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ალექსანდრე კორძახია.
ოფიციალური სტატისტიკა
"საქსტატის" ცნობით, 2013 წელს საქართველოდან ექსპორტით 6-ჯერ მეტი თაფლი გავიდა (17 ტონა - 116,7 ათასი დოლარის ღირებულების), ვიდრე 2012 წელს (2,7 ტონა - 29,2 ათასი დოლარის ღირებულების).
2013 წელს ყველაზე მეტი თაფლი ლიბიაში გავიდა (12,9 ტონა - 62,4 ათასი დოლარის ღირებულების), 2012 წელს კი ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო, სადაც 2,6 ტონა თაფლი გავიდა.
თაფლის ადგილობრივმა წარმოებამ საქსტატის მონაცემებით 2010 წელს – 4 200 ტონა, 2011 წელს – 2 700, 2012 წელს – 4 100, ხოლო 2013 წელს 3 900 ტონა შეადგინა.
2014 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი 5 ქვეყანაში განხორციელდა. საუდის არაბეთში თაფლის ექსპორტმა 4,3 ტონა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - 0,1 ტონა, ჰონკონგში - 0,6 ტონა, ჩინეთში - 0,3 ტონა, ხოლო კორეაში - 0,1 ტონა შეადგინა.
მანანა ვარდიაშვილი