პატარა შესაძლებლობები ხშირად დიდი მიღწევების დასაწყისი შეიძლება გახდეს
შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობა იყო და მათთვის არსებულ საგრანტო პროექტებზე ინფორმაციის მიწოდება, თუმცა ცოტა ხანში მივხვდით, რომ ჩვეულებრივი საუბარი, რომელიც დაიწყო სხვადასხვა თემების განხილვით: მიწა, ბოსელი, ძროხა, რძე, ყველი - გადაიზარდა, რაღაც უფრო მეტში, როგორიც არის: უნიკალური ყველის სახეობა „ტენილი“, მისი დამზადების ტექნოლოგია და არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი.
მეორე დღესვე, თითოეულმა ჩვენგანმა დავიწყეთ სახელმწიფოს მიერ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამების მოძიება, რომელიც დაეხმარებოდა ინასარიძეებს მიზნის მიღწევაში - ააშენონ ყველის ქარხანა თავისსავე ფერმაში და შეძლონ რძის შეგროვება საკუთარი და სოფელში არსებული რესურსებით. ამით ისინი თანასოფლელების დასაქმებასაც შეუწყობენ ხელს და რაც ყველაზე მთავარია, აწარმოებენ სამცხე-ჯავახეთის მხარისთვის დამახასიათებელ ყველის მრავალფეროვან სახეობებს.
აღმოჩნდა, რომ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, არ არის ამომწურავი, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღება იყოს შესაძლებელი პროექტის ჩვენ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ამიტომ მომიწია დამატებითად დამერეკა ცხელ ხაზზე და ვწვეოდი რამოდენიმე სერვის ცენტრსაც. ძირითად შემთხვევაში, მხვდეობოდა სრული მზაობა ინფორმაციის მოწოდების კუთხით და პერსონალსაც გააჩნდა შესაბამისი კომპეტენცია. თუმცა, საინტერესოა, რომ ხშირ შემთხვევაში მიწევდა იმაზე პასუხის გაცემა, რომელი ორგანიზაციიდან ვარ და ვის წარმოვადგენ, არადა ხომ შეიძლება უბრალოდ დაინტერესებული პირი ვიყო და საჯარო ინფორმაციის უფრო დეტალურად მიღება მსურდეს?.. ჯერჯერობით ამ ბარიერის არსებობის მიზეზი ვერ ამოვხსენი.
მიღებული ინფორმაციის გალინა და რუსლანთან შეჯერებისას ავარჩიეთ შემდეგი პროექტები: 1) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში - „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამა და 2) სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს - პროექტი „გადამამუშავებელი საწარმოს თანადაფინანსება“.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო და 1 აპრილს დასრულდა. პროექტის პირობის თანახმად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ თავისი იდეის განსახორციელებლად მოიპოვონ სახელმწიფო თანადაფინანსება (5000 ლარამდე 1 მეწარმე, 10000 ლარამდე 2 მეწარმე, 15000 ლარამდე 3 მეწარმე). ამავე დროს თითოეული მეწარმის თანამონაწილეობა არის მინიმუმ 1000 ლარი.
პირველ რიგში დაგვჭირდა სააპლიკაციო ფორმის შევსება (პირველი ეტაპი). განმცხადებელს აქვს საშუალოდ ერთი თვე იმისთვის, რომ დაამუშავოს და ატვირთოს ბიზნეს იდეა, რომელშიც აგრეთვე უნდა იქნას მითითებული ისეთი ინფორმაცია, როგორიც არის განმცხადებლების რაოდენობა, მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები, საწარმოს ტიპი და საქმიანობა. რადგანაც ჩვენ ეს ინფორმაცია და მონაცემები არაერთხელ გვქონდა განხილული და შეჯერებული, აპლიკაცია მალევე ავტვირთეთ და გადავედით მოლოდინის ამაღელვებელ ეტაპზე.
პირველი ეტაპის პასუხმაც არ დააყოვნა. რეგისტრაციის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გალინას დაუკავშირდნენ და მიიწვიეს ტრენინგზე, რომელზეც გააცნეს ბიზნეს გეგმის მომზადებისთვის საჭირო სტანდარტები და მოთხოვნები. ამ პროექტში სამცხე-ჯავახეთიდან 2000-ზე მეტი განაცხადი გაკეთდა. აქედან შემდეგ ეტაპზე 700 ბენეფიციარი გადავიდა. 3 მაისიდან ისინი ბიზნეს გეგმების კონკურსში ჩაერთვებიან. პროექტის ხელმძღვანელების ვარაუდით, საბოლოოდ მათგან მინიმუმ 300 მეწარმე დაფინანსდება.
რაც შეეხება მეორე პროექტს, ის გათვლილია შემდეგი სახის თანადაფინანსებაზე: ა) სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსება, რაც პროექტის ჯამური ღირებულების 40% შეადგენს, ბ) შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50% და გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა - პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%-ისა. პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი საწარმოს შექმნის პროექტის ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 200 000 აშშ დოლარზე ნაკლები. (ეს არის პირობების მხოლოდ ნაწილი, ინფორმაციის დეტალურად მოსაძიებლად შეგიძლიათ ეწვიოთ „ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ ვებ-გვერდს).
პირველი ეტაპი არის განაცხადის შევსება, შემდეგ კი - პროექტის შედგენა. პროექტის განხილვის საფუძველზე, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის შემდეგ ეტაპზე დაშვების შესახებ, რომლის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც - ბენეფიციარი ადგენს ბიზნეს გეგმას. გეგმის შედგენის შემდგომ სააგენტო შეიმუშავებს წერილს კომერციული ბანკისთვის, რის შემდეგაც ბანკი იღებს გადაწყვეტილებას პირობადადებული სესხის დამტკიცების შესახებ.
მოცემული პროექტისთვის განაცხადის შესავსებად საკმაოდ ძირფესვიანად მოგვიწია დეტალების გათვლა და კონსულტაციის გავლა სხვადასხვა დაწესებულებაში: სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო.
ასევე რეკომენდაციები გაგვიწიეს სხვადასხვა სპეციალისტებმა და წარმატებულმა ქართველმა მეყველემ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ. მისივე რჩევით მოვინახულეთ რძის გადამამუშავებელი საწარმოები წალკაში და მიმდებარედ - „ვიტა პროდუქტი“ და შპს „სანტა“, რათა გვენახა როგორ მუშაობს პრაქტიკაში - ჩვენ მიერ შეგროვებული თეორიული მასალა.
ასევე, გალინამ და რუსლანმა მიმიწვიეს ანდრიაწმინდაში, დავათვალიერე მათი ფერმა, ვისაუბრეთ საწარმოს სავარაუდო მდებარეობაზე, მოვინახულე გალინას მიერ მოწყობილი „ყველის კუთხე“ და რა თქმა უნდა მივირთვი მათ მიერ მომზადებული „ტენილი“ ყველი და მესხური ხაჭაპური, რომლის გამოცხობაც, როგორც ამიხსნეს მთელი ხელოვნებაა. იქვე მოგვივიდა აზრად, რომ ყველის საწარმოსთან ერთად, მომავალში - აგროტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალია ანდრიაწმინდაში, სადაც მოხდება ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრებისთვის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, მესხური სამზარეულოთი გამასპინძლება და ყველის მომზადების საინტერესო პროცესში ჩართვა.
პირველი ეტაპი - განაცხადის განხილვა, საშუალოდ 10 სამუშაო დღეს საჭიროებს და პასუხს 10 მაისამდე ველოდებით. მანამდე კი, პროცესი პრაქტიკულად არ წყდება, ახალ-ახალ იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს და გვჯერა, რომ პატარა შესაძლებლობები ხშირად დიდი მიღწევების დასაწყისი შეიძლება გახდეს.
ლეილა დარასელია