იორმუღანლო, მზის ბატარეები, DCFTA
ეგრევე ეტყობა იორმუღანლოს, რომ აქ შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ალბათ, ბევრისთვის ცნობილია, რომ საგარეჯოს რაიონის ამ სოფელში იაფი აგრარული ბაზარია. ადგილობრივები, ეთნიკური აზერბაიჯანელები, ძირითადად მეცხოველეობას მისდევენ. როგორც ჩანს, საქმე ცუდად არ მისდით, თითქმის ყველას ორ-სამ სართულიანი სახლები „წამოუჭიმიათ“.
სანამ იორმუღანლოში ტრენინგის ჩასატარებლად წავიდოდით, გაგვაფრთხილეს, რომ საკმაოდ ჩაკეტილი თემია და ტრენინგის მონაწილეთა მოსაწვევად ადგილობრივი აქტივისტი გამოიყენეთო. ასეც მოვიქეცით, თუმცა ბევრად ნაკლები ადამიანი მოვიდა, ვიდრე ველოდით.
11 ადამიანი ძალიან ცოტაა მოტივაციისთვის. 3 საათი ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DCFTA) უნდა ილაპარაკო და ხედავ, რომ აუდიტორია თითქმის არ გყავს. ასეთ „ცარიელ სივრცეში“ მოტივაცია ალბათ თარჯიმანსაც ჩაუკვდა, რომელსაც პრეზენტაციის შინაარსი აზერბაიჯანულად უნდა ეთარგმნა. ზრდილობისთვის მაინც ვიკითხეთ, რა ენაზე სურდათ პრეზენტაციის მოსმენა. მოულოდნელად ტრენინგის მონაწილეებმა თამამად თქვეს, რომ ქართულადაც უპრობლემოდ მოისმენდნენ .
მცირეოდენი ზოგადი საუბრის შემდეგ, კონკრეტული მაგალითების განხილვაზე გადავედით. რაც მართალია მართალია, ზოგიერთს უჭირდა ქართულად ჩვენი საუბრის ზედმიწევნით ზუსტად გაგება. თუმცა კონკრეტული დისკუსია ისე გახურდა, რომ თარჯიმანმა სინქრონულად თარგმნა დაიწყო.
ყველაზე მეტი კითხვა მატყლზე დაისვა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვუამბეთ როგორ მიაღწია წარმატებას მეწარმე ზაურ კულიევმა და რაოგორ გაიტანა ბრიტანეთში ჯერ საცდელი პარტია და შემდეგ ათეულობით ტონა მატყლი. აღმოჩნდა, რომ ტრენინგის ერთ-ერთი მოანწილე სახავათ გუსეინოვი მატყლის ბიზნესშია ჩართული და ევროკავშირის ბაზრებზე მატყლის მოთხოვნისა და ფასების შესახებ უახლესი ინფორმაციის მოძიება სურდა. გუსეინოვი მატყლის შემსყიდველების მოძებნას ინდოეთში მცხოვრები მეგობრების საშუალებით ცდილობს. ევროპაში ჯერ კავშირები არ აქვს, თუმცა ბიზნესპარტნიორების გამოჩენის შემთხვევაში ექსპორტის დაწყებას გეგმავს.
ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე აზერ მახაროვი მეხორცული მესაქონლეობის განვითარებით არის დაინტერესებული, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯერ არც ბიზნესოპერატორად არის დარეგისტრირებული და არც საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნები იცის. რეალობას რომელსაც იორმუღანლოში შევეჯახეთ ასეთია: ექსპორტზე კი არა, ადგილობრივ ფერმერებს შიდა ბაზარზე მოქმედების წესების შესახებაც კი არ აქვთ წარმოდგენა, არადა ამ თემიდან ხორცპროდუქტებით დედაქალაქის უამრავი სამომხმარებლო დახლი მარაგდება.
იორმუღანლოში ყველა რეგულაციას, საკანონმდებლო ნორმასა თუ ტექნიკურ რეგლამენტს ადრე თუ გვიან აითვისებენ, მაგრამ შესაძლოა პროცესების დაჩქარება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ იორმუღანლოელი აზერბაიჯანელები ეს ის სეგმენტი არ არის, რომლებიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის უნიკალურ შესაძლებლობებს გამოიყენებენ, რომ მათთან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოების გადაიარაღებაზე საუბარს აზრი აქვს. ასეთი ფიქრი სრული სიბრიყვეა!
წარმოუდგენელია, მაგრამ იორმუღანლოს ყოფით ცხოვრებაში უკვე განახლებად ენერგიას იყენებენ. ვრცელი სახლების ვრცელ სახურავებზე მზის ბატარეების შემჩნევა რთული არ არის. ასე რომ, რა გასაკვირია, იორმუღანლოელებმა ალღო DCFTA-საც (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) კარგად აუღონ.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს