რატომ ვერ გაბრწყინდა იბერია და რატომ არ მართლებს ეკონომიკური განვითარების რეცეპტები (ნაწილი IV: უცხო ქვეყნების რეფორმების კოპირება)
უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.
რეფორმის ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადექვატურად, პროპორციულად და დროულად პასუხობს ის არსებულ გამოწვევებს კონკრეტულ გარემო-პირობებში. შესამაბისად, განვითარებული ქვეყნების წარმატებული რეფორმები ამ ქვეყნებში არსებული გარემოებების შესატყვისად არის აგებული და მათმა კოპირებამ განვითარებად ქვეყნებში და, მათ შორის, საქართველოში შეიძლება ვერ გამოიღოს სასურველი შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ერთი ზომის სამოსი ყველას ერთნაირად არ ერგება“.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოხდეს უცხოური პრაქტიკის გათვალისწინება. სხვისი წარმატების თუ შეცდომების გაანალიზება მნიშვნელოვანია, მაგრამ უცხო ქვეყნების რეფორმების კოპირება იმის ნაცვლად, რომ ლოკალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე მოხდეს რეფორმის აგება, შესაძლოა გახდეს მისი წარუმატებლობის მიზეზი.
გარდა ამისა, კონკრეტული რეფორმის ეფექტის დადგენა არც ისეთი ადვილია. ყოველთვის არ ნიშნავს, რომ რადგან ქვეყნის განვითარების ინდიკატორების გაუმჯობესება კონკრეტულ რეფორმას მოყვა, ის აღნიშნულმა რეფორმამ გამოიწვია. შესაძლებელია, საქმე გვქონდეს უბრალო დამთხვევასთან და გაუმჯობესების მიზეზი სხვა ფაქტორები იყოს. შესაბამისად, ასეთი რეფორმის სხვა ქვეყანაში დანერგვით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს. იმისათვის, რომ დადგინდეს მიზეზობრიობა გატარებულ რეფორმასა და დამდგარ შედეგს შორის, სასურველია კომპლექსური ემპირიული კვლევების ჩატარება და ჰიპოთეზის ტესტირება ექსპერიმენტული ან კვაზი-ექსპერიმენტული მეთოდებით.
ემპირიული კველვის უამრავი მეთოდი არსებობს: შეჯვარება (matching), ინსტრუმენტული ცვლადები (2SLS), წყვეტილი რეგრესია (regression discontinuity), რეგრესია პანელური მონაცემებით და ფიქსირებული ეფექტებით (fixed effect) და ა.შ. თითოეულ მეთოდს აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები, მათი გამოყენება კონკრეტულ გარემოებებზე და მონაცემების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული.
საჭიროა კველვისას გამოვრიცხოთ უკუმიზეზობრიობა, გავაკონტროლოთ სხვა ცვლადები, რომელსაც შეიძლება გავლენა ქონდეს ჩვენს დამოკიდებულ და დამოუკიდებელ ცვლადებზე და ა.შ. მაშინაც კი თუ რეგრესიის ცხრილის სხვადასხვა ინდიკატორები (მაგალითად p value) დამაკმაყოფილებელ დონეებს გვიჩვენებს, საკმარისი არ არის, რომ კვლევის შედეგის სანდოობა ვაღიაროთ. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ აქვს სისტემურ შეცდომებს, რომელსაც შეიძლებოდა კვლევის შედეგზე მოეხდინა გავლენა.
ძალიან მნიშვნელოვანია საკვლევი ნიმუში სწორად იყოს შერჩეული და განისაზღვროს სწორი პოპულაცია თუ ვისზე შეიძლება კვლევის შედეგების განზოგადება (ექსტრაპოლაცია). ამიტომ, მაშინაც კი თუ კარგად ჩატარებული ემპირიული კვლევა აჩვენებს, რომ, მაგალითად, იაპონიაში კონკრეტულმა რეფორმამ მართლაც გამოიწვია დადებითი შედეგი, ეს არ გვაძლევს გარანტიას, რომ საქართველოშიც იგივე მოხდება, რადგან პოპულაციები ერთმანეთისაგან განსხვავდება.
ამ საკითხებს უნდა მივაქციოთ ყურადღება სხვა ავტორების კვლევების გამოყენებისასაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი
- არამონეტარული ხარჯებისა და სარგებლის ვალუაცია (მონეტარული ღირებულების მინიჭება ე.წ. გამომჟღავნებული ან ნაამბობი პრეფერენციების მეთოდებით);
- ე.წ. სოციალური ფასდათმობის განაკვეთის (social discount rate) შეფარდება, (რომელიც დადგენილი უნდა ჰქონდეს წესით სახელმწიფოს);
- მიღებული ჯამების შედარება ერთმანეთთან.
მაგალითისთვის განვიხილოთ ამ რამდენიმე ხნის წინ მედიით გაშუქებული მსჯელობა სავალდებულო ჯარის აღდგენასა და სრულად საკონტრაქტო ჯარზე უარის თქმის შესახებ, რომლის არგუმენტად მისი ეკონომიურობა დასახელდა. თუმცა, ეკონომიურობის განსაზღვრა მხოლოდ პირდაპირი მონეტარული ღირებულებით არ უნდა მოხდეს და უნდა გავითვალისწინოთ რიგი ფაქტორები:
- ზარალი, რომელიც ინდივიდს ადგება ერთი წლით სწავლის და სამსახურისთვის თავის დანებების დროს;
- ზარალი, რომელიც დამსაქმებელ კომპანიას ადგება ნიჭიერი ინჟინერის ან მენეჯერის ერთი წლით დაკარგვით;
- ამის შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი საგადასახადო ზარალი ბიუჯეტისთვის და ა.შ.
აქედან გამომდინარე, რეფორმის სწორად შერჩევა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და მის შესაფასებლად მხოლოდ პირდაპირი მონეტარული ფასი არ არის საკმარისი. ასევე, არ არსებობს გარანტია, რომ სხვა ქვეყნის, თუნდაც ყველაზე წარმატებული რეფორმების საქართველოში გადმოღება სასურველ შედეგს გამოიღებს.