„ჰაკა“ რომელიც არ გკლავს, გაძლიერებს
„ასეთი ტრეინინგი ასჯერ გვაქვს მოსმენილი, ამ ორმოცდაათი კაციდან მალე აქ სამიც აღარ დარჩება, კონკრეტულზე გადადით“, - ეს სიტყვები ცოტა არ იყოს ირონიულად ჟღერდა, რაღაცნაირად მუქარასაც შეიცავდა. როცა „სხვის მოედანზე თამაშობ“ ასეთი პაექრობა მოსალოდნელია, მაგრამ არც ისე სასიამოვნოა, რადგან DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლების შეხვედრა გვქონდა და სპორტული შეჯიბრის მონაწილეებად თავს იმ ეტაპზე ბუნებრივად ვერ განვიხილავდით.
მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ. შესაძლოა „მართვის სადავეებიც“ დაგვეკარგა, თუმცა გვიშველა იმ გამოცდილებამ, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში (ა/ო ,,კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი“) თითქმის 4 წლის განმავლობაში დაგროვდა.
გამგებლის მოადგილეს მხარი რამდენიმე ფერმერმაც აუბა და კინაღამ მოქმედება იმ სცენარით განვითარდა, რასაც გამგებლის მოადგილე დაგვპირდა. ჩვენი ზომიერი სიხისტის მიუხედავად, მონაწილეთა რაოდეობა არ შეთხელდა რადგან სურდათ დამარცხებულებსა და გაწბილებულებს დაგვესრულებინა პრეზენტაცია.
პოზიციათა დაპირისპირებამ განსაკურებულ სიმწვავეს მაშინ მიაღწია, როდესაც სტატისტიკური ინფორმაციით გამოყენებით რუსეთის ბაზართან შედარებით ევროკავშირის ბაზრის უპირატესობზე ვისაუბრეთ. დამსწრეებიდან არავის სჯეროდა რომ ევროპელები რუსებთან შედარებით პროდუქტების შესაძენად უფრო მეტს ხარჯავენ და სწორედ ამიტომ და კიდევ ბევრი რამის გამოც, ევროკავშირის 500 მილიონ მომხმარებლიანი ბაზარი ყველა მწარმოებელისთვის მიმზიდველია.
სიტუაცია ძალიან რთული იყო, ამიტომ გადაჯგუფება მოგვიხდა, თითოეული ტრენერი მოვერგეთ არსებულ რეალობას და კონკრეტული მაგალითების განხილვისთვის მოვემზადეთ. აუდიტორიას მიაჩნდა, რომ კონკრეტულ მაგალითებზე საუბარი ევროინტეგრაციის მომხრე „მისიონერების“ (ამ შემთხვევაში ჩვენი) სისუსტე იყო, მაგრამ სკეპტიკურ განწყობებში გადატეხა სწორედ აქედან დავიწყეთ.
აღმოჩნდა, რომ თხილის მწარმოებელი რეგიონის ფერმერებმა არ იცოდნენ თხილის ევროკავშირში ექსპორტის რეალური სტატისტიკა. როდესაც საქართველოს მსოფლიო თხილის მწარმოებელ ტოპ-ხუთეულში მყოფ ქვეყნად დავასახელეთ, ცხადია, გაკვირვებული და ამაყი გამომეტყველებაც ბევრს დაეტყო.
აშკარა იყო, რომ საპასუხო ლელო დავდეთ და მოკლე დროშიც კიდევ რამდენიმე ბურთიც დავამიწეთ. დეტალურად განვიხილეთ ევროპული და სახელმწიფოს დახმარების პროგრამები, ვიმსჯელეთ ფინანსების ხელმისაწვდომობაზე. იმაზეც რომ მეწარმეებს განვითარებისთვის ტექნოლოგიების ცოდნა სჭირდებათ. ყურადღების მიღმა არ დაგვიტოვებია არც ერთი აქტუალური საკითხი. აუდიტორია აშკარად გაიხსნა. მას შემდეგ რაც ყველამ შეძლო საკუთარი პოზიციის თუ წუხილის გამჟავნება, სკეპტიკოსები ან შეუმჩნნევლად შემოგვეცალნენ ან გადმოვიბირეთ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კერძო საუბრებში სკეპტიციზმის უკანასკნელი შემოტევებიც დამაჯერებლად მოვიგერიეთ. გამგებლის მოადგილემ გვითხრა, სკეპტიკოსის როლი იმიტომ მოირგო, ყოველდღიურად უამრავი სკეპტიკოსისთვის თავად ჰქონდა პასუხი გასაცემი და მათ დასარწმუნებლად მტკიცე არგუმენტები სჭირდებოდა. გაირკვა, რომ ასეთი არგუმენტებით მისი აღჭურვა მეტ-ნაკლებად შევძელით. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სხვა მოწინააღმდეგეებმაც აღიარეს, რომ ოპონირებას მხოლოდ და მხოლოდ სანდო და სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვების მიზნით გვიწევდნენ.
მარტვილი კრაკოვთან დამეგობრებული ქალაქია. მარტვილიდან საჯარო მოხელეები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები კრაკოვში გამოცდილების გასაზიარებლად გამგზავრებას აპირებდნენ. ჩვენი საინფორმაციო შეხვედრა სწორედ პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტის წინა პერიოდს დაემთხვა და მაღალი ალბათობით პოზიტიური გავლენაც ექნება.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სკეპტიკური აუდიტორიის „ჰაკა“-მ არ გაგვტეხა. „ჰაკა“ რომელიც არ გკლავს, გაძლიერებს.