ტაბაწყური ევროპული ღირებულებებიდან ასე ახლოს და ასე შორს
იყო და რა იყო რა, იყო ერთი სოფელი ტბის პირას. ისეთი სოფელი, ისეთი სახლებით, რომელში ცხოვრებაზეც ერთხელ რომ მაინც ყველას უოცნებია. მთებში ჩაკარგულ ამ დასახლებულ ადგილას ორი გზით მიხვალთ. აქედან ერთ-ერთი შემოდგომაზევე დიდთოვლობის გამო იკეტება. სოფლის ერთადერთ იმედად მთელი ზამთარი მეორე გზა რჩება.
სოფელში მდებარე ტბა და მიმდებარე ტერიტორიები აღკვეთილად არის გამოცხადებული, ამიტომაც წყალმცურავ ფრინველებს მონადირეების შიში არ აქვთ, რადგან ნადირობა აკრძალულია. ფრინველები არც მოსახლეობას უფრთხიან და ნაპირთან ახლოს დაცურავენ. ფრთებს ატყაპუნებენ, თევზებს იჭერენ, გამომწვევად ყვინთავენ და მალევე ჩნდებიან წყლის ზედაპირზე.
ტბის ნაპირებთან გაშლილ მინდვრებზე ცხენები ძოვენ, გაკვირდებიან, ფრუტუნებენ, მცირე ხანში კი ყურადღებას აღარ გაქცევენ. შინაური ცხოველებიდან იშვიათად ძაღლებსაც შეამჩნევთ, სიავის არაფერი ეტყობათ, უფრო მეგობრულები არიან. ყეფით არემარეს არ იკლებენ. სოფლის მყუდრო სურათში ძაღლებიც მშვიდად ჯდებიან.
ადამიანებს ქუჩაში ვერ ნახავთ. ყველას თავის საქმე აქვს და მუყაითად შრომობენ შეუმჩნევლად თავიან სახლებსა და ფერმებში შეკეტილები. გზის გასაკვლევად ხმის გამცემის ნახვა რთულია. თუ გაგიმართლა და ვინმე შეამჩნიე, სწრაფადვე უნდა მიაწიო შეკითხვა, სანამ ისევ საქმის საკეთებლად გაეშურება და თვალთახედვის არედან გაქრება.
ტბა ულამაზესია თავისი ქვიანი და ასევე ალაგ-ალაგ ქვიშიანი პლაჟით. ამ ტბას კლდიანი ნაპირებიც აქვს, საიდანც გადახედვის შემდეგ სურვილი გიჩნდება ფრთები გამოისხა და წინ გაშლილი სივცეები გადასერო. შესაძლოა ორბიტადანაც გახვიდე, მაგრამ როგორც კი გახსენდება, აქ რატომ ჩამოხვედი, მაშინვე ზღაპარი მთავრდება და აუტანელი, მძიმე რეალობა სიფათში მოულოდნელ სილას გაწნავს.
თბილისიდან 5 საათის მგზავრობის შემდეგ ამ სოფელში ჩადიხარ. ბაკურიანის მხრიდან ცოტა უკეთესი გზაა, ვიდრე წალკიდან. ჩვენ ბაკურიანის მხრიდან წავედით, გადავიარეთ უღელტეხილი და გრუნტიანი გზით მივედით სოფელ ტაბაწყურში. სკოლასთან რამდენიმე ადამიანი შევნიშნეთ და თითქმის 100 პროცენტით დავრწმუნდით, რომ ეს ხალხი ნამდვილად ჩვენ გველოდებოდა.
სოფლის მაღაზიის სასაწყობე ფართში გავმართეთ შეხვედრა 15-20 კაცთან. ფიცრები გავწიგამოვწიეთ, ნოუთბუქი ბანანის ძველ ყუთებზე შემოვდგით და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებზე დავიწყეთ პრეზენტაცია. როგორც გავარკვიეთ ამ 200 კომლიან სოფელში DCFTA-ს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სოფლის დეპუტატს ანდრუშ ირიციანს აქვს. ტრენინგის დამსწრეთა მობილიზებაში სწორედ ის დაგვეხმარა. კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა შეხვედრამ. გაირკვა, რომ აქ ძირითადად მერძევეობის მიმართულებას მისდევენ. შეკრებილთანაგ ზოგს რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმოს შექმნაში დახმარება სჭირდება და ზოგსაც ფერმის გაკეთება სურდა.
ახალ სტანდარტებზე წარმოდგენაც არ აქვთ, რძის რეგლამენტს არ იცნობენ, იაფი კრედიტების შესახებ სრულ უიმედობაში არიან. ერთი შეხედვით ავტონომიურად და იზოლირებულად ცხოვრობენ, მუშაობენ, არსებობენ და სანამდე გასტანს ასე, ამის პროგნოზირება რთულია.
ტაბაწყურის მდებარეობას თუ გავითვალისწინებთ, სრულიად შესაძლებელია, რომ აქ ისეთი ოაზისი მოეწყოს, სადაც ნატურალური პროდუქტების წარმოება გაჩაღდება და რეალიზაციის პრობლემაც მოიხსნება ასეთ პროდუქტზე მოთხოვნის გამო. მოვლენების ასეთი განვითარება ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, ამოისუნთქონ, აგრო ტურიზმი და სასტუმრო მომსახურება განავითარონ. ის ცხენები კი რომლებიც მინდვრებს დეკორატიულად აფორმებენ, შესაძლოა საცხენოსნო ტურებში ეფექტურად ჩაებან. აქაურ კარტოფილს და მარილში გამოყვანილ თევზს ისეთი გემო აქვს, ერთი ულუფის სანაცვლოდ ნახევარ სამეფოს რომ დაგათმობინებს.
ტაბაწყური სამოთხეა ზეციური არსებების ნაცვლად ფუსფუსა მშრომელი ადამიანებით გატენილი. თუ აქ თანამედროვე ცოდნა და საწარმოო ტექნოლოგიები შევა, არა მგონია, რომ ხიბლში ჩავარდნენ, პირიქით სასწაულად განვითარდებიან. ამის სურვილი მათ სწორედ ჩვენთან შეხვედრის დროს გამოხატეს.
წამოსვლისას უკვე დათოვლილი უღელტეხილი გადმოვკვეთეთ, თუ ასეთი პირი ექნა ამინდს, ბაკურიანის მხრის გზა ორ კვირაში ჩაიკეტება და მოსახლეობა ცივილიზაციასთან დამაკავშირებელი ორი გზიდან ერთს ხანგძლივი დროით დაკარგავს, თუმცა დარჩება კიდევ ერთი გზა იმედის ნაპერწკლად.
მოსახლეობისთვის ალბათ მნიშვნელობა არ აქვს რომელი გზით მიაღწევს მათთან სახელმწიფოს მხარდაჭერა, კერძო სექტორის ინტერესი, დონორების დახმარება თუ ტურისტული ნაკადები. მთავარია, დროულად მიაღწიოს. მანამდე კი ზღაპრული ტაბაწყური ევროპული ღირებულებებიდან ასე ახლოს და ასე შორს არის.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს