ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას
7 მაისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მეორე დღეს, დილის 09:00 საათზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, გვირაბში. ამ შემთხვევის დროს 2 ადამიანი, მამა-შვილი დაშავდა.
მსგავსი შინაარსის „ახალი ამბები“, რომელსაც მასმედიის საშუალებით ყოველდღიურად ვიღებთ, ჩვენს გზებზე არსებულ სამწუხარო რეალობას ასახავს: გაუმართავი მანქანები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების დაბალი კულტურა, მაღალი სიჩქარე, გზის არ დათმობა.... ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რომლებიც ჩვენს გზებზე არსებული პრობლემების უკან დგას. მთავარი კი ის არის, რომ არც საზოგადოება, არც ხელისუფლება, არც ბიზნესი და არც მედია სათანადო ყურადღებას არ აქცევს საგზაო უსაფრთხოების სფეროს პრობლემებს, რომლებიც მანქანებისა და საგზაო დატვირთვის ზრდის გამო ყოველწლიურად კიდევ უფრო რთულდება.
საგზაო უსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო და სხვა პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ერთბაშად ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. მთავრობა, რომელსაც ბევრი პრობლემა აქვს, ამ თემაზე აქცენტს არ აკეთებს. ასეთ დროს, ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, საიდანაც შესაძლებელია, რომ საგზაო უსაფრთხოების მდგრადი და მუდმივი დაფინანსების წყარო გაჩნდეს, დაზღვევის სფეროა.
მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ინსტიტუტი კარგად მუშაობს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. დასავლეთში უამრავი ასეთი პროექტია დაფინანსებული. სავალდებულო დაზღვევას შეუძლია მნიშვნელოვანი სახელმწიფო რესურსების დაზოგვა საგზაო ავარიის შემდგომ პერიოდში. მოქნილი სადაზღვევო სისტემის დროს ეფექტურად და სწრაფად ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების, დაშავებული ადამიანის მკურნალობისა და დაფინანსების პროცესი. სავალდებულო სადაზღვევო სისტემა შეიძლება გახდეს კარგი ინსტრუმენტი გზებზე არსებული საგზაო შეჯახებების სტატისტიკის მონიტორინგისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია. არსებული მონაცემების შეგროვება ამ მიმართულებით დღეს არასრულყოფილია.
თუმცა, საინტერესოა, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდა ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის დაზღვევის წლიური (სავარაუდო) ღირებულების განსაზღვრა - რატომ ეღირება ეს სერვისი 100-150 ლარი და არა 50, ან 70 ლარი? საქართველოში რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაა და იმ შემთხვევაში, თუ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდება, კონკურენტული გარემო უნდა შეიქმნას, რაც ამ მომსახურებაზე ფასს მნიშვნელოვნად დაწევს (ეს რეალურად ხდება კომუნიკაციების სფეროში).
სავალდებულო დაზღვევის სისტემის ამოქმედების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებმა შესაძლებელია ბონუსების სისტემა (კიდევ ერთი ინსტრუმენტი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის) დააწესონ - დაზღვევის ფასში შევიდეს გზებზე გადაუდებელი ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და სხვადასხვა დამატებითი სერვისები. სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიებისთვის უნდა შექმნას მოქნილი და კონკურენტული გარემო. შევარდნაძის მმართველობის დროს სადაზღვევო სისტემის მიბმა ტექნიკურ შემოწმებაზე და მთელი სადაზღვევო სისტემის ერთი კომპანიისთვის ჩაბარება გახდა კორუფციის დიდი წყარო, რამაც ხელი შეუწყო სადაზღვევო სისტემის დისკრედიტაციას. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ კორუფციის რისკი ახლაც დიდი იქნება. საქართველომ შეძლო და კორუფცია აღმოფხვრა ბევრ სხვა, მათ შორის ბევრად უფრო რთულ სფეროებში. თუ სადაზღვევო ბაზარზე კონკურენტული გარემო და მონიტორინგის გამართული სისტემა შეიქმნება, ეს რისკი ახლა მინიმალური იქნება.
ზემოთქმულიდან და საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების აქტუალურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია სადაზღვევო კომპანიების, სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მონაწილეობით საგზაო უსაფრთხოების ფონდის შექმნა. ამჟამად ქვეყანაში არ არსებობს საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად პერმანენტული დაფინანსების წყარო და ის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუ ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდება, მაშინ, შესაძლებელია, სადაზღვევო კომპანიებმა დაზღვევიდან შემოსული თანხებიდან გარკვეული პროცენტი გადაიხადონ და შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების ფონდი, რომელშიც შევლენ კერძო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები. ფონდი ტენდერების და ღია კონკურსების გზით გასცემს თანხებს პრობლემური საგზაო მონაკვეთების შესაკეთებლად და სხვა აუცილებელი საკითხების მოსაგვარებლად. შედეგად, საზოგადოება მიიღებს ორმაგ სარგებელს: ავარიის დროს გამოწვეული დაზიანებისა და ტრავმის ხარჯების დიდ წილს საკუთარ თავზე სადაზღვევო ინსტიტუტები აიღებენ და დამატებით განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების კონკრეტული პროექტები. თუ ეს ინიციატივა დამტკიცდება, ვფიქრობთ, მას ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია დაუჭერს მხარს და, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოებაც.
ასეთი მიდგომა არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და კარგადაც მუშაობს. ფინეთი, ავსტრია, კანადა, ავსტრალია, ფიჯი, ზამბია - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, სადაც სადაზღვევო სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. საქართველოში საგზაო უსაფრთხოება მზარდი პრობლემაა, 2012 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა სიკვდილიანობა და ტრავმატიზმი. ამასთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ შეიქმნას საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტი და ფონდი, სადაც თანხების აკუმულირება კონკრეტულად საგზაო უსაფრთხოების სფეროს პრობლემების მოსაგვარებლად მოხდება. მიზანშეწონილია, რომ საყოველთაო დაზღვევაში შევიდეს გზებზე ტექნიკური დახმარების საკითხი, რაც ასევე დამატებითი სარგებელი იქნება მძღოლებისთვის. უნდა შეიქმნას ბონუსების სისტემა და იმ მძღოლს, რომელიც არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ერთი წლის მანძილზე, ბონუსების სისტემამ საშუალება მისცეს, რომ მომავალ წელს ფასდაკლებით ისარგებლოს. დღეს ავარიის შედეგად გამოწვეული ხარჯები ტვირთად ძირითადად სახელმწიფოს და დაზარალებულთა ოჯახებს აწვება. სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემდეგ დაიზოგება სასამართლო და საპატრულო პოლიციის ხარჯები, დრო და დავები უფრო მარტივად და სწრაფად გადაწყდება.
სავალდებულო დაზვევის შემოღებამ შესაძლოა ხელს შეუწყოს ტურიზმის განვითარებასაც, რადგანაც დღეს არსებული სიტუაციით გაურკვეველია, მანქანით შემოსული ტურისტის აცტოავარიაში მოხვედრის შემთხვევაში წარმოშობილი პრობლემები ვინ და როგორ უნდა მოაგვაროს.