ნაციონალისტების ამბოხი - კრემლის რეალური გეგმა საქართველოში?
გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტში შეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორის ნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდა წამყვანი მაკედონიური ოპოზიციური პარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, განაცხადა, რომ ამ კრიზისის მიზეზი ევროკავშირის და ამერიკის მიერ ბალკანეთში „დიდი ალბანეთის“ შექმნის ფარული გეგმა იყო. გამოდის, მაკედონიის პარლამენტში ნაციონალისტების შეჭრა რუსეთის მიერ მართული თუ არა, სულ მცირე წახალისებული იყო.
მაკედონიამდე იყო მონტენეგრო, სადაც შარშან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის კვალი ისევ რუსეთამდე მივიდა. ანალიტიკოსების დაკვირვებით, მონტენეგროს პარლამენტის მიერ ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების რატიფიკაციის პრევენციას რუსეთი ასეთივე სისხლიანი გზით გეგმავდა.
ერთი კვირის წინ ჩემი ამერიკელი თანამშრომელი, რომელიც ახლახანს მაკედონიაში იმყოფებოდა, გაოცებული მიყვებოდა, როგორი გააქტიურებული იყო ამ პროევროპულ ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა. მართლაც, ბოლო წლებში მთლიანად ევროპაში რუსეთის საინფორმაციო ომის მიზანი ნაციონალისტური ძალების დახმარებაა - ზოგან ძალადობის (როგორც ბალკანეთში), ზოგან არჩევნების გზით ისინი სულ უფრო მეტად უქმნიან საფრთხეს პროევროპულ მთავრობებს და დემოკრატიას, და ამით კრემლის წისქვილზე ასხამენ წყალს.
23 აპრილს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო მარი ლე პენი, რომელიც, გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირიდან საფრანგეთის გამოსვლაზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებდა. ლე პენი არც მალავდა პუტინთან კავშირებს, იღებდა რუსულ დაფინანსებას, იწონებდა მოსკოვის ქმედებებს უკრაინაში, და სათავისოდ იყენებდა მიგრანტების საწინააღმდეგო განწყობებს, რომელსაც რუსული პროპაგანდისტული „მედია“ საშუალებები- Russia Today და Sputnik - და სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი საიტები აქტიურად აღვივებდა ფრანგულ საზოგადოებაში.ლე პენის კონკურენტის მაკრონის საზიანოდ საფრანგეთში გაავრცელეს ქართველებისთვის კარგად ნაცნობი თემა, მითი იმაზე, რომ თითქოს ეს უკანასკნელი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა იყო. კრემლმა კინაღამ მიაღწია მიზანს. რომ არა 2%-იანი სხვაობით პირველ ტურში გამარჯვებული მაკრონის - ამ ერთი შეხედვით გამოუცდელი პოლიტიკოსის წარმატებული საარჩევნო კონტრსტრატეგია, - ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა - საფრანგეთი - ახლა უკვე კრემლისადმი მეგობრულად განწყობილი ევროკავშირის მოწინააღმდეგე პრეზიდენტის ხელში იქნებოდა.საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევამ მანამდე უკვე შეაშფოთა ამერიკელები.
ანალოგიურად, გერმანიაში, სადაც ასევე არჩევნები ახლოვდება, დასავლურ ლიბერალიზმთან და მიგრანტებთან დაკავშირებული კრემლის დეზინფორმაციის სტრატეგია აქტიურად მუშაობს კანცლერ ანგელა მერკელის წინააღმდეგ - ბოლო პერიოდში ხან ვითომ ტერორისტ სირიელ მიგრანტთან გადაღებული ქალბატონი მერკელის სელფი გავრცელდა,ხანაც სირიელი მიგრანტების მიერ „ასობით“ გერმანელი ქალის თუ 13 წლის გოგოს გაუპატიურების შესახებ ვრცელდებოდა ცრუ ცნობები.კრემლის „სიცრუის მანქანის“ მიზანი ყველგან ერთია - ევროპულ ქვეყნებში და ამერიკაში ევროკავშირის და ნატოს მომხრე მმართველების ნაცვლად ნაციონალისტური ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რათა შემდგომ მათ უარი თქვან ან დაასუსტონ ეს ინსტიტუტები - ეს დღემდე ყველაზე წარმატებული სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტები - და ამით რუსულ ელიტას ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული დასავლეთის სანქციები მოეხსნას,პუტინს კი უკრაინაში,საქართველოში და მთელ რეგიონში თავისუფალი მოქმედებისთვის ხელ-ფეხი გაეხსნას.
საქართველოში ბოლო არჩევნებმა თითქოსდა დამშვიდების საშუალება მოგვცა - ერთბაშად ამოვისუნთქეთ, როდესაც ღიად პრორუსული პარტია - ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ - პარლამენტს მიღმა დარჩა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენ ქვეყანაში ჩრდილოელი მეზობლის მიმართ სიმპათია საკმაოდ დაბალია. კონტრასტი კიდევ უფრო დიდია, თუ ჩვენ ქვეყანას შევადარებთ ასევე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, მოლდოვას, სადაც ახლახანს პრორუსი პრემიერიც კი აირჩიეს. უფრო მეტიც, NDI-ის ბოლო გამოკითხვამ, რომელშიც ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის 90%-იანი, ხოლო ნატო-ს მიმართ 80%-იანი მხარდაჭერა დაფიქსირდა, ჩვენ ხელისუფლებას თვითკმაყოფილებისკენაც კი უბიძგა. მაგრამ კრემლის რეალური გეგმები სიმშვიდის საშუალებას როდი იძლევა.
როგორც ჩანს, მოსკოვში კარგად ხვდებიან, რამდენად დაბალი და უპერსპექტივოა პრორუსული პარტიების მიმართ მხარდაჭერა საქართველოში.ბურჯანაძის პარტიის მარცხი,ისევე როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და, განსაკუთრებით, უვიზო მიმოსვლის შემოღების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილგანწყობა მიუთითებს, რომ ქართველებში ევროკავშირის პოპულარობა მაღალია, რუსეთის მიმართ უნდობლობა კი - ღრმა. ქართველების გულის მოგება ალბათ მაინც შეიძლება, მაგრამ ის კრემლისგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში უფრო დამთმობი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს, რაც, როგორც ჩანს, არ შედის მოსკოვის გეგმებში (საკმარისია გავიხსენოთ ახლახანს სოხუმში ლავროვის ვიზიტი და საოკუპაციო ხაზის მუდმივი გადმოწევა). „ქართული ოცნების“ მთავრობის რუსეთისადმი მოზომილი რიტორიკა და პრაგმატული მაგრამ მაინც პროდასავლური კურსი კრემლისთვის ბოლომდე მისაღები არაა (გავიხსენოთ, რამდენად მიუღებელი იყო მისთვის უკრაინის და სომხეთის შემთხვევაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება). ამასთან, კრემლი ხვდება, რომ დასავლეთთან დაპირისპირებაში და აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მოულოდნელად გაუარესებულ ურთიერთობებში მისი ყოველი მცირე წარუმატებლობით საქართველოს პროდასავლური კურსის შეცვლის იმედი სულ უფრო იწურება დ აუცილებლად აისახება თბილისის მეტ ნაბიჯებში დასავლეთისკენ. ამ მიზეზთა გამო, სავარაუდოდ რუსეთს დაწყებული აქვს მუშაობა ალტერნატიულ გეგმებზე, რომ ამ პროცესს პრობლემები შეუქმნას.
სიმართლე რომ ვთქვათ, რუსეთი არც არასოდეს აკეთებდა გათვლას საკუთარი თავის როგორც დასავლეთის ალტერნატიული განვითარების კურსის თუ მიმზიდველი იდეოლოგიის შეთავაზებაზე (გარდა მართლმადიდებლობის და მორალური ფასეულობების დაცვისა). მისი ამოცანა იყო უფრო დესტრუქციულ-დივერსიული, უფრო ნეგატიური, ვიდრე პოზიტიური - სამიზნე ქვეყნებში ქაოსის შეტანა, ლეგიტიმური მთავრობების, ლიბერალური ფასეულობების, ნატო-სა და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროინტეგრაციის მიმართ საზოგადოებებში უნდობლობის, სიძულვილის, ეჭვის და გაურკვევლობის შეტანა, მათ დასასუსტებლად. ოკუპირებულ საქართველოშიც მიზანი სწორედ ესაა, იმ სხვაობით, რომ ჩვენთვის ეს კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება.
ნაცვლად პრორუსული თუ ევრაზიული კავშირის მხარდამჭერი პლატფორმების პოპულარიზაციის წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობისა,კრემლს ურჩევნია ნიადაგი შეამზადოს „მართვადი ქაოსის“ პოლიტიკის გატარებისთვის. ამ მიზნისთვის საკმარისია ნაციონალისტური განწყობების და პლატფორმების გააქტიურება. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი წინააღმდეგობის ცენტრი, მით უკეთესი კრემლის მიზნებისთვის. ამიტომაა, რომ საქართველოში კრემლი ახალისებს ნაციონალისტურ (ე.წ. „პროქართულ“), ანტითურქულ, ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ („დასავლეთი გვრყვნის“ გზავნილის პრიმატით)განწყობებს სხვადასხვა პოლიტიკოსის პირით და მედიასაშუალებით.
დაკვირვებული თვალი აუცილებლად შეამჩნევდა, ბოლო წლებში როგორ სოკოებივით იზრდება ჩვენ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკოსები (მაგ. სანდრო ბრეგვაძე), საზოგადოებრივი მოძრაობები და მედიასაშუალებები, რომლებიც მიზანმიმართულად და უწყვეტად ტირაჟირებენ ინფორმაციას დასავლეთიდან მომდინარე კულტურულ საფრთხეებზე. ხშირად ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებიან ან სულაც არ არიან პოლიტიკოსები, და ბევრი მათგანი შეიძლება სულაც არ იყვნენ პირდაპირ მართული კრემლიდან, მაგრამ ეს განა რამეს ცვლის?! საჭირო მომენტში კრემლი იმედოვნებს ყველა მისთვის მისაღები ძალის მობილიზებას და გაერთიანებას. ეს კრიტიკული მომენტი შეიძლება იყოს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები (ლევან ვასაძე „შესანიშნავი“კანდიდატი იქნებოდა ამ მიზნისთვის) ან სპონტანურად, უფრო ადრეც კი - ის თუ, როდის დადგება ეს დრო, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება დაძაბულობა დასავლეთსა და რუსეთს შორის გლობალურად და მათ შორის საქართველოსა და ჩვენ რეგიონში.
შემთხვევითი არაა, რომ მედიის განვითარების ფონდის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი (32,7%) იდენტობასთან, ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთანაა დაკავშირებული. ჩვენ მოქალაქეებს მუდმივად უკიჟინებენ, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, ინცესტს, პედოფილიას, ზოოფილიას, გარყვნილი ცხოვრების წესს, ებრძვის ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, მართლმადიდებლობასა და ოჯახის ინსტიტუტს.
პრობლემის მასშტაბებზე კარგად მეტყველებს მხოლოდ ბოლო ერთ თვეში გავრცელებული (დეზ)ინფორმაცია: უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ სირიელი მიგრანტების მიღებაზე, თურქების მიერ აჭარაში გოგოს გაუპატიურებაზე, კახეთში არაბული სოფლების დაარსებაზე, ქისტების მიერ ქართული ქრისტიანული სამლოცველოს დანგრევაზე, თურქეთისთვის ქართული მიწების გადაცემაზე, ანკარაში პრემიერის დამამცირებელ მიღებაზე და თურქეთის მიერ ეროვნულ დღესასწაულად დიდგორობის გამოცხადების დაბლოკვაზე. ასევე, ბოლო დროს კვლავაც უამრავი იყო ლგბტ თემებზე გაკეთებული სკანდალური განცხადებები. სამწუხაროდ, მსგავს განცხადებებს და „ამბებს“ ბევრი სააგენტო და საიტი , ასევე ტელევიზია, აქტიურად ავრცელებს.
სატელევიზიო არხის „ობიექტივის“ ეთერით მუდმივ რეჟიმში გადაცემული ნაციონალისტური გზავნილების დამსახურებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიღო ხმების 5% და მოიპოვა საპარლამენტო მანდატები და შესაბამისად, ტრიბუნა. მაგრამ განა ეს ერთადერთი ნაციონალისტური ძალაა?
ნაციონალისტური თემებით მანიპულირება აქვს მთავარ სტრატეგიად არჩეული ასევე ახლადშექმნილ მოძრაობა „ქართული იდეას“, რომელიც სოციალურ ქსელებში რაზმავს თანამოაზრეებს და თბილისის ქუჩებში ხშირად აწყობს აქციებს ლიბერალების, სოროსის, მაკკეინის და მიგრანტების წინააღმდეგ. მათი მომხრეების რიცხვი მზარდია. ნაციონალისტური პლატფორმები ასევე გააქტიურებულია სოციალურ ქსელში: მაგალითად, ფეისბუქ-ჯგუფები „ეროვნული ძალა“, „ანტილიბერალური კლუბი“ და „ანტი-პარადოქსი“ ათობით ათას მომხმარებელს აერთიანებს და მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას და გზავნილებს (ხშირად ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილად), თუ როგორი გარყვნილია დასავლეთი და როგორ ემუქრება საფრთხე ჩვენ იდენტობას.როგორც „ქართული იდეის“, ისე პრორუსული პარტიების პატრიოტული ლოზუნგების მქონე წარმომადგენლების გარშემო ხშირად იკვეთება კავშირები რუსეთში მოღვაწე პოლიტიკოსებთან თუ ბიზნესმენებთან.
„ქართული იდეის“ მხრიდან ხშირია განცხადებები, რომ ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს და მოვიდეს „ჭეშმარიტად პატრიოტი“ ძალა. სწორედ ამ შინაარსის წერილი გაუგზავნა თბილისში სტუმრად მყოფ უნგრეთის ნაციონალისტ პრემიერს ვიქტორ ორბანს. რას უნდა ნიშნავდეს ასეთი განცხადებები, თუ არა მათ შესაძლო მზადებას შესაბამისი მომენტისთვის?!
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების 90%-იანი მაჩვენებელი სულაც არ გამორიცხავს მოსახლეობის ამ ნაწილში ძლიერ ნაციონალისტურ (პატრიოტულ) ფასეულობებს. ყველა კვლევაში გამოკითხულთა მესამედი ევროკავშირში ქართული იდენტობის მიმართ საფრთხეებს ხედვას, მათ შორის პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ახალგაზრდები. „ქართველობას გვართმევენ“ცნობებით გაღიზიანებულ ჯგუფებში ბრბოს (ფსიქოლოგიის) ფორმირება სწრაფად შეიძლება მოხდეს შესაბამისი თრიგერის (საბაბის) გაჩენისას და მათი ორგანიზებისას. 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ აქტივისტების მიმართ ძალადობის და 2017 წლის 11 მარტს ეთნიკური მოტივებით ინსპირირებული ბათუმის არეულობის შემთხვევები გვაჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს განწყობები და აღქმები კონკრეტულ ქმედებებში - არა მხოლოდ საარჩევნო ჯიხურში, არამედ ქუჩაშიც.
ის, რაც ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად მაკედონიაში მოხდა სულაც არაა გამორიცხული საქართველოშიც. ნაციონალისტური ამბოხი საფრთხეს უქმნის თვითკმაყოფილ ხელისუფლებას და საზოგადოების ყველა ჯანსაღ ნაწილს. ის მხოლოდ კრემლის ინტერესებშია...