რა უშლის ხელს ქაფშიას ევროპაში ექსპორტს
შავი ზღვაში მოპოვებული ქაფშია (ხამსა) ევროკავშირის ბაზარზე ზუსტად 3 წლის წინ დაუშვეს, მაგრამ საქართველოში მომუშავე კომპანიებს მისი ექსპორტი გაუჭირდათ. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში სრული ლაბორატორიული კვლევის ჩატარება შეუძლებელია. სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ნედლ ქაფშიასა და მისი გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტებში დიოქსინის და ვერცხლისწყლის დონეს, რაც პროდუქტის უსაფრთხოების დასადგენად ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია, ვერ ამოწმებს. ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისი, სრული ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ვერც კერძო ლაბორატორიებში ხორციელდება. ქაფშიას მწარმოებელ კომპანიებს ნიმუშების გაგზავნა საზღვარგარეთ უწევთ, რაც ძვირი უჯდებათ.
ევროკავშირის მიერ აღიარებული და გახსნილი საწარმოების სიაში სულ 8 ბიზნესოპერატორია, მათ შორის 6 - გადამამუშავებელი, ხოლო 2 სამაცივრე მეურნეობაა; 8 მეწარმიდან 7-ის ფოთში მდებარეობს, ერთი - ჩოხატაურში. მხოლოდ ამ კომპანიებს შეუძლიათ გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირში.
ქართველმა მწარმოებლებმა შავი ზღვის ქაფშიას და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების -ფქვილისა და ზეთის ევროკავშირის ქვეყნებში შეტანის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ექსპორტი მათთვის რთული აღმოჩნდა. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მათ შეექმნათ, თევზის სრულ ლაბორატორიულ ანალიზს უკავშირდება.
ერთადერთი კომპანია, რომელმაც ქაფშიას ფქვილის ექსპორტი ევროკავშირში შეძლო შპს „მბმ”-ია. კომპანიამ საბერძნეთში წელს 500 ტონა ქაფშიას ფქვილი გაიტანა. კომპანიის დირექტორის ბესიკ ხარაბაძის თქმით, დამკვეთს პროდუქტი მოეწონა და მომავალშიც აპირებს თანამშრომლობას. კომპანიას სეზონზე საშუალოდ 5 ათას ტონამდე ფქვილის წარმოება შეუძლია.
შპს „მბმ”-მ ქაფშიას ფქვილის იმ პარამეტრებზე შემოწმება, რასაც საბერძნეთი ითხოვდა, საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში ვერ შეძლო. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში სრული სპექტრის კვლევა ვერ ტარდება.
ბესიკ ხარაბაძე(შპს „მბმ"-ის დირექტორი): „ექსპორტი ევროპაში ნამდვილად რთულია. ბევრ ლაბორატორიულ ანალიზს ითხოვენ, რასაც ცოდნა სჭირდება. ჩვენ უცხოეთში გავაკეთეთ ანალიზები. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას მივმართეთ, მაგრამ ისინი ძალიან სუსტები არიან, შესაბამისი კადრები არ ჰყავთ და ამ საკითხის მიმართ ზერელე მიდგომა აქვთ. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას ანალიზები წელსაც გავაკეთებინე, შარშანაც და შარშანწინაც. მაქვს მათი ანალიზის პასუხები. თევზს მხოლოდ 2-3 პარამეტრზე სინჯავენ. ფქვილის შემადგენლობაში ნაცრის და პროტეინის შემცველობის გაზომვა შეუძლიათ. ევროპისთვის ეს საკმარისი არ არის. მძიმე მეტალებზე, სალმონელას და დიოქსინზე ანალიზს ვერ აკეთებენ. წელს თევზის ფქვილიც კარგი ხარისხის გვქონდა და უცხოეთში ლაბორატორიული ანალიზიც ისე გავაკეთეთ, როგორც ევროპა ითხოვს. შემდეგ საბერძნეთიდან დამკვეთის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ნიმუშები აიღეს, ანალიზები თვითონაც ჩაატარეს, მოიწონეს ტვირთი, ფასზე მოვილაპარაკეთ და გავგზავნეთ. სასურველი იქნებოდა, ანალიზები სრულად აქ კეთდებოდეს. საზღვარგარეთ გაგზავნა აღარ მომიწევდა”.
ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად ანალიზების ჩატარების პრობლემა სხვა კომპანიებსაც შეექმნათ. მათ შორის არის შპს „აისბერგი 2”. კომპანიას ქაფშიას ფქვილისა და ზეთის ექსპორტზე მოლაპარაკებები ჰქონდა ინგლისთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან, მაგრამ შეთანხმება იმის გამო არ შედგა, რომ ლაბორატორიული დასკვნები, რასაც ეს ქვეყნები ითხოვდნენ, ვერ წარადგინა.
ირაკლი ვეკუა (შპს „აისბერგი 2”-ის დირექტორი): „ჩვენი პროდუქტები- ყინულმოყრილი ცოცხალი თევზი, ასევე, თევზის ფქვილი და ზეთი ექსპორტზე თურქეთში გაგვაქვს. ქაფშიას ფქვილისა და ზეთის გატანა ევროპაშიც ვცადეთ, რადგან ჩვენთვის ეს ბაზარი მიმზიდველია. საფრანგეთიდან იყო მოთხოვნა, შუამავალი გვყავდა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვეს. ყველა ქვეყანას სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ. იმ პარამეტრებზე, რაც მათ მოითხოვეს, საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში ანალიზები ვერ კეთდება. მათ არ აქვთ შესაბამისი მოწყობილობები. სინჯებს საფრანგეთში და გერმანიაში არსებულ ლაბორატორიებში ვაგზავნით. ლატვიამ რა ანალიზებიც მოითხოვა, გავაკეთეთ. შემდეგ კიდევ დამატებითი მოთხოვნები გაუჩნდათ და კვლავ ხელახლა გავაგზავნეთ. ამას დიდი დრო დასჭირდა, მინიმუმ 3 კვირა, ხელშეკრულების მომზადება დაგვიანდა და საბოლოოდ, მოლაპარაკება აღარ შედგა. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ანალიზებია და ამას მისი ტრანსპორტირების ხარჯი ემატება, მაგრამ ამაზე თანახმა ვართ, მთავარია, ჩვენი პროდუქტი ევროპაში გავიდეს. კარგი იქნება, თუ საქართველოში იქნება ლაბორატორია, სადაც სრული ანალიზი გაკეთდება, აღარ იქნება საჭირო ნიმუშების უცხოეთის ლაბორატორიებში გაგზავნა”.
როგორც „აისბერგი 2"- ში ამბობენ, ლაბორატორიის პრობლემაზე სახელმწიფო უწყებებთან ჰქონდათ შეხვედრები, მაგრამ ეს საქმე ადგილიდან არ იძვრის. ამიტომ კომპანია პროდუქტს თურქეთში ყიდის, სადაც ის ლაბორატორიული ანალიზები, რაც საქართველოში კეთდება, აკმაყოფილებთ.
კახა ბაბილუა(შპს „პალიასტომი 2004”-ის დირექტორი): „2018 წელს ვგეგმავდი ევროპაში გაყინული ქაფშიას ექსპორტს, მაგრამ ვერ მოვახერხე. გაყინული თევზის გატანა გადავიფიქრეთ და შემდეგ, თევზის ზეთისა და ფქვილის ექსპორტზე გადავერთეთ. მოპოვებულ ქაფშიას საქართველოში არსებულ ერთ-ერთ კომპანიას ვაძლევთ გადასამუშავებლად. კომპანია ფქვილს და ზეთს აწარმოებს და შემდეგ, ამ პროდუქტს ჩვენ აზიის ბაზარზე და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ვყიდით. საფრანგეთთან და დანიასთან გვაქვს მოლაპარაკება. პროდუქცია პოტენციურ მყიდველს გავუგზავნეთ. მან უნდა ჩაუტაროს ლაბორატორიული ანალიზი. ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. ევროპის ბაზარი, ფასის თვალსაზრისით, ჩვენთვის მისაღებია. კარგი იქნება თუ ექსპორტი გამოგვივა”.
შესაძლებელია თუ არა საქართველოში ქაფშიას სრული ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სააგენტოში ვიკითხეთ და ასეთი პასუხი მივიღეთ:
„თევზის ფქვილის ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ლაბორატორიებში შესაძლებელია ყველა კვლევის ჩატარება."
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში კი დაგვიდასტურეს, რომ ქაფშიას ფქვილში დიოქსინისა და ვერცხლისწყლის დონეს ვერ ამოწმებენ.
ირაკლი გულედანი(სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი): „ქაფშიაში დიოქსინისა და ვერცხლისწყლის შემცველობის შემოწმებას ძვირადღირებული აპარატურა სჭირდება. ასევე ძვირი ჯდება შესაბამისი რეაქტივების შეძენა. აპარატის ჩართვა გამართლებული 100 ნიმუშისთვის იქნება. რამდენიმე ნიმუშის გამოსაკვლევად მისი ამუშავება დიდ ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ ფინანსურად წამგებიანია. ზოგიერთ პარამეტრზე კვლევა იმდენად ძვირი ჯდება, რომ ევროპაშიც მხოლოდ 2 თუ 3 ლაბორატორია აკეთებს. სამწუხაროდ, კვლევისთვის ნიმუშები ჩვენთან არ მოაქვთ. თუ რომელიმე კომპანიას არ შეუძლია საქართველოში სრული კვლევა ჩაატაროს, ჩვენ, ერთი ფანჯრის პრინციპით, შეგვიძლია მოვემსახუროთ და ევროპაში მის გაგზავნაში დავეხმაროთ. თუ ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან მოთხოვნა მცირეა, ამ პარამეტრებზე კვლევა რატომ უნდა დავნერგოთ საქართველოში? შეგვიძლია, ეს კვლევა ევროპაში გავაკეთებინოთ”.
ცოცხალი და გაყინული ქაფშიას ექსპორტი
კიდევ უფრო რთულია საქართველოდან შავ ზღვაში დაჭერილი ქაფშიას ევროპაში ექსპორტი, განსაკუთრებით ნედლი სახით. ეს რამდენიმე ქართულმა კომპანიამ უკვე სცადა, თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ ისინი მოპოვებულ თევზის დიდ ნაწილს თურქეთში ყიდიან. ნაწილი გაყინული სახით ექსპორტზე გადის აზიასა და სამხრეთ ამერიკაში.
კახა ბაბილუა(შპს „პალიასტომი 2004”-ის დირექტორი): „ეჭვი მეპარება, ნედლი ქაფშიას ევროპაში ექსპორტი გამოვიდეს. მისი შორ მანძილზე ტრანსპორტირება სარისკოა. ნედლი პროდუქცია მალფუჭებადია და ევროპამდე მის ჩატანას დრო სჭირდება. გაყინული სახით მისი ევროპაში ექსპორტი შეიძლება მოხერხდეს თუ გემზე სამაცივრე დანადგარში მოთავსდება. ამჟამად გაციებული ქაფშიას თურქეთში ვყიდით, სადაც მას ყინავენ და დამუშავებაც იქ ხდება. დაჭერილი თევზის დაახლოებით 20%-ს ახალი თევზის სახით ასევე თურქეთში გაგვაქვს”. .
დარგის პრობლემები
შავ ზღვის საქართველოს აკვატორიაში ქაფშიას სეზონური რეწვის საშუალო რაოდენობა – 80 ათასი ტონაა. 2019 წელს თევზმჭერი კომპანიებისთვის გამოყოფილმა საერთო კვოტის ოდენობამ 95 ათასი ტონა შეადგინა. ასათვისებელ რესურსს ლიცენზიის მქონე თითოეული კომპანია მათი კვოტის შესაბამისად ინაწილებს. მათთვის გადასახადების დაკისრება გამოყოფილი კვოტის შესაბამისად ხდება, რაც ზოგიერთ კომპანიას ზარალს აყენებს. შპს „მბმ”-ის ხელმძღვანელი ბესიკ ხარაბაძე მთავრობის მიერ კვოტის არასწორად დადგენაზე მიუთითებს, რაც კორუფციული გარიგებების საფუძველზე ხდება.
„თევზჭერის ბიზნესი განვითარების ზღვარზე მოვიდა და აღარ იზრდება. ამ ბიზნესში განვითარების პერსპექტივა არის, ბევრად მეტი თანხის მოძრაობა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ მთავრობის კურსი და რეგულაციები ისეთია, რომ ეს სექტორი წინ ვეღარ წავა. თვითონ მთავრობა ზღუდავს მის განვითარებას. ამაში სხვადასხვა სამინისტრო ერთდროულად არის ჩართული. ეკონომიკის სამინისტრო, სანაპირო-სასაზღვრო პოლიცია, ყველა ერთად იგულისხმება. ყველა თავისკენ ექაჩება.
ამ პრობლემას მხოლოდ კვოტების დარეგულირება ვერ უშველის. ჩვენი კომპანიის წილი საერთო კვოტაში არის 25%, რაც მის საკუთრებაში არსებული აქტივის შესაბამისად დგინდება. საერთო წლიური კვოტა ხან 60 ათასი ტონაა, ხანაც 90 ათასს ტონას აწესებენ. ეს ოდენობა რა გათვლებს ეფუძნება, ვის ეკითხებიან, არ ვიცით. ბიუჯეტში გადასახდელი თანხა საერთო კვოტაში ჩვენი პროცენტული წილის შესაბამისად იანგარიშება და არა ათვისებული თევზის მიხედვით. შეიძლება ფიზიკურად არ იყოს თევზი ზღვაში და ნაკლები დავიჭირო, გამოდის, რომ არდაჭერილ თევზზე მბეგრავენ. ამის გამო, 1,5 მილიონი ლარით მეტი მაქვს გადახდილი ბიუჯეტში. იმის გამო, რომ კომპანიას მეტი აქტივი აქვს, ზარალზე ვართ. ეს გარემოება ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის. ზოგიერთი ჩვენი კონკურენტი კვოტას თავის პროცენტულ წილზე ირგებს. მთავრობა ისე ალაგებს ამას, რომ ზარალი მივიღოთ. კონკურენტ კომპანიებს ლობირებს. წლების განმავლობაში მთავრობასთან დიდი გაუგებრობა გვაქვს. გამოდის, რომ არ უნდათ თევზჭერის განვითარება. ამ სექტორში ბევრი გადაულახავი პრობლემაა, რომელიც დღემდე ვერ გადაიჭრა. გემსაშენი გვჭირდება. აჯობებდა, სახელმწიფო თევზსაჭერი გემებისთვის ნავსაყუდელის მოწყობაში დაგვხმარებოდა”,- ამბობს ბესიკ ხარაბაძე.
შავ ზღვაში დაჭერილი ქაფშია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, თევზის ადგილობრივი წარმოება მთლიანი მოხმარების მხოლოდ 10-15%-ს აკმაყოფილებს. 2014-2020 წლებში საქართველოში სულ 113 ათასი ტონა თევზის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის 90% მოდის გაყინულ თევზზე, ხოლო დანარჩენი 10% ცოცხალ თევზზე, ახალ ან გაციებულ თევზსა და თევზის ფილესა და თევზის სხვა ხორცზე.
იმპორტთან შედარებით უმნიშვნელოა ექსპორტის მაჩვენებელი. 2014-2020 წლებში საქართველოდან 37 ათასი ტონა თევზის ექსპორტი განხორციელდა. ამ პერიოდის განმავლობაში ექსპორტირებული თევზის 80% -ს ახალი, ან გაცივებული თევზი იყო. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებელი წლების მიხედვით საკმაოდ არასტაბილურია. ყველაზე დიდი რაოდენობით თევზი თურქეთის მიმართულებით გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ცოცხალი ან გაცივებული თევზის ექსპორტში უდიდესი წილი არა ფერმერულ მეურნეობებში წარმოებული თევზს, არამედ, შავ ზღვაში დაჭერილ ქაფშიას და სხვა სახეობების თევზს უკავია.
სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.