წაკითხვისთანავე გაავრცელეთ
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართველი ფერმერების დასახმარებლად, საკონსულტაციო სერვისების დანერგვას გეგმავს. “სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის პროექტის” თანახმად, რომლის განხილვაც გუშინ, სასტუმრო „Holiday Inn“- ში გაიმართა, სერვისები თავდაპირველად, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაინერგება. ეს იქნება საპილოტე ღონისძიებები, რომლებიც 2018-2019 წლებში განხორციელდება. შემდეგ კი მოხდება რეპლიკაცია დანარჩენ რეგიონებში.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს რეგიონებში არსებული საკონსულტაციო სერვისების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას იმისთვის, რომ მათ ფერმერთა რეალური დახმარება შეძლონ. პრობლემებზე საუბრისას, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა აღნიშნა, რომ ექსტენციის თანამშრომლები ფერმერთა კონსულტაციებს სამუშაო დროის მხოლოდ 40%-ს უთმობენ. მისივე თქმით, ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება, რომელიც აქამდე კონსულტანტებს ევალებოდათ, მომავალში თვითმმართველობებს უნდა გადაეცეთ, კონსულტანტები კი მთელ დროს ფერმერებთან მუშაობაში დახარჯავენ.
“სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტარატეგიის პროექტის” თანახმად, კონსულტანტები დახმარებას გაუწევენ მხოლოდ იმ ფერმერებს, რომლებიც დასაქმებულები არიან შემდეგ სფეროებში: მეფუტკრეობა, მეღორეობა, მესაქონლეობა, მეკარტოფილეობა, მეხილეობა და მევენახეობა. თუმცა, მინისტრის მოადგილეს შეხვედრაზე არ დაუკონკრეტებია, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა აღნიშნული სფეროები. როცა შესაბამისი კითხვა დავუსვი, ამის პასუხად რევაზ ასათიანმა ზოგადი კვლევა დაასახელა. ზოგად კვლევაზე დაყრდნობა კი რამდენად შედეგიანია, ამის განხილვისთვის დროის კარგვა ნამდვილად არ ღირს.
მინისტრის მოადგილეს ისიც ვკითხე, ფერმერთა საქმიანობის შერჩეულ სფეროებში რატომ არ იყო, მაგალითად, ტყის არამერქნული პროდუქტების წარმოება. ამ კითხვის პასუხად მან თქვა, რომ ამ დარგს მეხილეობა მოიცავს. მას შემდეგ რაც განვმარტე, რომ ტყის არამერქნული პროდუქტები ბევრად უფრო ფართო ცნება ვიდრე მეხილეობის კატეგორია, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ დარგის ჩამატება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები X რაოდენობას მიაღწევენ, თუმცა აქვე აღიარა, რომ არ ფლობს ინფორმაციას აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაზე.
რატომ უნდა გამახვილდეს ყურადღება ტყის არამერქნულ პროდუქტებზე?
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იდენტიფიცირებული სფეროები (მეფუტკრეობა, მეღორეობა, მესაქონლეობა, მეკარტოფილეობა, მეხილეობა და მევენახეობა) არის ის მიმართულებები, რაშიც უნდა მოხდეს აგრო კონსულტანტების კვალიფიკაციის ამაღლება. მათ კი ეს ცოდნა ფერმერებს უნდა გადასცენ, რაც საფუძველი იქნება მწარმოებლურობის გაზრდის, პროდუქციის უვნებლობის პარამეტრების და ხარისხის გაუმჯობესების. ამას გარდა, ფერმერები კონსულტანტებისგან საჭირო მარკეტინგულ რჩევებს და ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტების შესახებ ინფორმაციასაც მიღებენ.
სპეციალისტების აზრით, საქართველოს პროდუქტების მასობრივი მწარმოებელი ვერ გახდება. სამაგიეროდ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ათვისება საქართველოს ნიშური პროდუქტების წარმოებით შეუძლია. სოფლის მეურნეობის მიერ იდენტიფიცირებული 6 სექტორიდან რამდენია ევროკავშირის ბაზარზე ნიშური მიმართულება? შეგვიძლია ვთქვათ, მხოლოდ მევენახეობა/მეღვინეობა. ამ სფეროში კი ცოდნა მეტ-ნაკლებად ფერმერებს აქვთ. არის თუ არა ტყის არამერქნულ პროდუქტებზე მოთხოვნა ევროკავშირის ბაზარზე? პასუხი ცალსახად დადებითია. ევროკავშირის ბაზარზე ტრენდულია ველურად მზარდი ნატურალური და ბიო პროდუქტები ან ამ პროდუქტების გადამუშავებით მიღებული ნაწარმი. თუ ნიშურია ის მიმართულება, რის შესახებაც მე კითხვა დავსვი, მაშინ რატომ არ აქვს ნაფიქრი ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს? საკონსულტაციო ცენტრში როდესაც ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი მივა და ტყის არამერქნული პროდუქტების შესახებ კვალიფიციური კონსულტაცია დასჭირდება, რა პასუხი ექნებათ მისთვის? პასუხი ვერ ექნებათ, რადგან კონსულტანტების კვალიფიკაციის ამაღლება ამ კუთხით ახალ სტრატეგიაში ჩადებული არ არის.
ჩემი კითხვის შემდეგ სხვა კითხვების პასუხის დროს მინისტრის მოადგილემ ახსენა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებს კეთილგანწყობილ არასამთავრობოებთან და გაუძნელდება მათთან თანამშრომლობა, ვინც საკითხების გადაჭრის გზებს არ სთავაზობს და „კარგი იქნებოდა ასე გაკეთებულიყო“ მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებზე არადა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე კეთილგანწყობილ ადამიანებს ვთავაზობთ ტყის არამაერქნული პროდუქტების წარმოების პოტენციალის მოკლე, მაგრამ საგნობრივ აღწერას (წყარო: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო - RCDA) .
რა არის ტყის არამერქნული პროდუქტები?
ტყის არამერქნული პროდუქტები მოიცავს ტყეში არსებულ ყველა სახის ბიოლოგიურ პროდუქტს გარდა ხის მერქნის. ტყის არამერქნული პროდუქტებს განეკუთვნება, ყველა სახის სამკურნალო სამედიცინო და საკვები მცენარეები და საკვები მცენარეები, როგორიცაა: კოწახური, თხილი, შინდი, კუნელი, კომში, ლეღვი, კაკალი, წყავი, მაჟალო, ზღმარტლი, თუთა, ტყემალი, კვრინჩხი, ბროწეული, პანტა, ნუში, ასკილი, ჟოლო, მოცხარი, უნაბი, მოცვი, მაყვალი, პანტა, ჯონჯოლი, ბამბუკი, სატაცური, დეკა, სოკო, ასევე არამერქნული ტყის პროდუქტებში შედის ფიჩხი, ქერქი, ნეშომპალა, გირჩი, ტყის მიწა, ტორფი, ფუტკარი და სხვა.
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ტყეებში უხვადაა გავრცელებული სხვადასხვა სახის ტყის არამერქნული მცენარეული პროდუქტები რომლის ხარისხი, სარგებლიანობა და გემური მაჩვენებლები ძალზე მაღალია. სულ საქართველოს ტყეებში მოიპოვება 2000-ზე მეტი სახეობის ტყის არამერქნული პროდუქტი.
როგორ გამოიყენება ტყის არამერქნული პროდუქტები?
არამერქნული ტყის პროდუქტები გამოიყენება საკვებად, საკვების დანამატად, კოსმეტიკაში, ფარმაკოლოგიაში, მეცხოველეობის საკვების დანამატად, სხვადასხვა სახის ხელნაკეთობების და საწვავის დასამზადებლად.
ტყის არამერქნული პროდუქტებისგან შეიძლება დამზადდეს: ჩირი, წვენი, მურაბა, ჯემი, ლუდი, ბურახი, ზეთი, წნილები, ეთერზეთი, სამკურნალო საშუალებები, არომატიზირებული ჩაი.
სარეალიზაციო ბაზრები
ამჟამად საქართველოში ტყის არამერქნულ პროდუქტებს სხვადსხვა ფორმით მოიხმარს და ამუშავებს 23 კომპანია და სავაჭრო ქსელი. მათი საშუალო წლიური მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქტებზე შეადგენს 1500-2000 ტონას. დიდი მოთხოვნაა ტყის არამერქნულ პროდუქტებზე ევროპაში, ამერიკაში და აზიაში. არამერქნული ტყის პროდუქტების საშუალო წლიური ბრუნვა ევროპაში შეადგენს 15 მილიარდ ევროს, აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ეს ბაზარი 10-15%-ით იზრდება. არამერქნული ტყის პროდუქტების დიდი მომხმარებლები არიან დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები, თურქეთი.
ეკონომიკური სარგებელი
ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვების, გადამუშავების, შენახვის დარეალიზაციის მდგრადი სისტემის შექმნა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს სასოფლო რეგიონების განსაკუთრებით მთიან რეგიონებში სოციალურ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და სიღარიბის დაძლევაში.
P.S. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების კეთილგანწყობის მოპოვებაზე ზრუნვის ნაცვლად სჯობს, რომ იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ ექსტენცია და ამისთვის კონკრეტული წინადადებებიც წარმოვადგინოთ. ჩვენ საკითხი არგუმენტირებულად (მაგრამ შესაძლოა ვიღაცის წარმოდგენაში არაკეთილგანწყობილად) წამოვჭერით, ახლა კი სიტყვა სოფ. მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს ეკუთვნით. სწორედ მათგან ველოდებით რაციონალური მეთოდების შემუშავებას ეფეტქიანი საკონსულტაციო სერვისის შესაქმნელად. ახლო მომავალში საინფორმაციო ვებ პორტალზე www.eugeorgia.info ტყის არამერქნული პროდუქტების შესახებ სიღრმისეული კვლევითი მასალა განთავსდება (მასალაში აღწერილი იქნება ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მოპოვების საკანონმდებლო შეზღუდვებიც). მანამდე კი ეს ბლოგი კეთილგანწყობილებმა და არაკეთილგანწყობილებმა წაკითხვისთანავე გაავრცელეთ.