საქართველოს გაზის საგა - მძაფრსიუჟეტიანი სერიალი უგმიროდ
გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.
მაშ ასე, როგორც ენერგეტიკის მინისტრის პირველადი განცხადებებიდან გახდა ცნობილი, საქართველოში გაზმომარაგება წლიდან წლამდე იზრდება და, შესაბამისად, დამატებითი მოცულობით (მისი თქმით, 30%ით მეტი, თუმცა ენერგეტიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი მაჩვენებელი ზრდის მხოლოდ 10%-ს ადასტურებს) გაზის შემოტანა აუცილებელი იყო, რაც ადვილად მოგვარებადი იქნებოდა სომხეთში გაზრდილი ენერგომოთხოვნების საფუძველზე გაზრდილი ტრანზიტიდან ჩვენთვის გაზრდილი სატრანზიტო საფასურის - ანუ იგივე გაზით - გადახდის გზით. შემდეგ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან პრესაში გაჟონილი არ-აფიშირებული შეხვედრების ფონზე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველაფერი მიმართულია საქართველოს ენერგომომარაგების დივერსიფიცირებისკენ და მათ შორის, განიხილება ირანიდან გარკვეული ოდენობით გაზის იმპორტი, რომელიც სომხეთის გავლით, ანუ იგივე “გაზპრომის” სისტემის გავლით საქართველოში შემოვიდოდა. ენერგეტიკის მინისტრის ბოლო განცხადების საფუძველზე უკვე ირკვევა, რომ საუბარია საქართველოსთვის სომხეთისთვის გატარებული გაზის 10%-ის ფულადი ეკვივალენტის გადახდაზე. თუმცა გაზზე ფასის ყოველწლიური რყევის (უფრო დაცემის) გამო, შესაძლოა ეს სცენარი ჩვენთვის სულაც არ იყოს მომგებიანი. ამავე დროს, აზერბაიჯანული მხარის (“სოკარი”) არაერთი განმარტებით, აზერბაიჯანს აქვს სრული შესაძლებლობა დააკმაყოფილოს საქართველოს გაზრდილი მოთხოვნა.
პარადოქსია, ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლოგიკური და ობიექტური არგუმენტაცია, რომ საქართველოს ენერგომომარაგებას სჭირდება მეტი დივერსიფიცირება (“სოკარს” ნამდვილად მონოპოლური პოზიცია უკავია საქართველოში) და ამავე დროს სახეზეა “გაზპრომთან” დაახლოების აქტიური მცდელობების ფონზე საზოგადოების სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ჩაყენება.
ამავე დროს რა თანმდევი პროცესები ახლავს ამ მოვლენებს რეგიონალური და გლობალური მასშტაბით? ევროკავშირის რუსული გაზით მომარაგების ტენდენცია კლებისკენ მიუთითებს (Eurogas-ის 2013-2014 წლების, და აშშ-ს ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის 2010-2013 წლების სტატისტიკის მიხედვით 205-დან 185 მლნ კუბ მეტრამდე) რუსეთის თურქეთთან დადებული გაზმომარაგების პროექტები გაყინვის სტადიაში შევიდა, სომხეთის მოთხოვნილებები გაზზე უზრუნველყოფილია “გაზპრომის” მიერ და გარკვეული რაოდენობა (383მლნ კუბ.მ 2014-ში) ირანიდანაც შემოდის გამომუშავებული ელექტროენერგიის ისევ ირანისთვის მიწოდების მიზნით (3კვს ერთი კუბური მეტრი მიწოდებული გაზისთის). მიმომხილველთა მტკიცებით ირანს არ გააჩნია სერიოზული პოტენციალი გაზმომარაგების მყისიერად გაზრდისთვის (ინფრასტრუქტურის ჩამორჩენილობის და მზარდი შიდა მოხმარების გამო, მას თითქმის არ რჩება გასაყიდი გაზი). ხოლო ზოგადად ირანული გაზის ფასი ბევრ ანალიტიკოსში აღძრავს ეჭვებს მისი ბაზარზე დაბალი კონ კურენტუნარიანობის შესახებ, რომ აღარ ვილაპარაკოთ საქართველოში ტრანზიტის პირობებში მისი ფასის გარდაუვალ გაზრდაზე. ინტრიგაში თავისი წვლილი შეაქვს აზერბაიჯანსაც, რომელიც ასევე “გაზპრომთან” მართავს კონსულტაციებს რუსეთიდან ქვეყანაში დამატებითი გაზის შემოტანის შესახებ (აქამდეც ახორციელებდა) და ვერ მოახერხა შაჰ-დენიზის მილსადენის სრული დატვირთვა (გამტარუნარიანობა 9 მილიარდი კუბური მეტრი, 2015 წელს გაატარა მხოლოდ 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შახდენიზის გაზის საბადოდადან).
სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის სატრანზიტო კვოტის (დაახლოვებით 200 მილიონი კუბური მეტრის) ფულადი განაღდება ანუ ფიზიკური ამოვარდნა მოხმარების ბაზრიდან მართლაც ქმნის დამატებითი გაზის შემოტანის აუცილებლობას. თუმცა რუსეთი არ წავიდოდა ამ მოლაპარაკებებზე თუ შესაძლო დამატებითი გაზის ფასი მისთვის მომგებიანი არ იქნებოდა, ანუ საუბარია საქართველოსთვის უფრო მაღალი სატრანზიტო კვოტის განაღდების ფასი. ამ ფონზე რაციონალურ არგუმენტად შეიძლება ასევე მოგვევლინოს გაზოტურბინებზე მომუშავე ელექტროსადგურების მწყობრში შეყვანა როგორც საქართველოში (დაგეგმილი 500მგვტ.) ასევე სომხეთში (500მგვტ.), და გაზგასამართი სადგურების რაოდენობის ზრდა, რომელთა გაზმომარაგება ზრდის ქვეყანაში იმპორტირებული გაზის მოცულობას. თუმცა, ამ შემთხვევაში ლოგიკური იქნებოდა ენერგო(გაზ)მომარაგების და მოხმარების დინამიკის და დეტალების შესახებ საზოგადოების გამჭირვალე და წინსმწრები ინფორმაციული უზრუნველყოფა. მხოლოდ ენერგომოხმარების წლიური 10%-იანი ზრდის ფონზე გაზმომარაგების 30%-ით გაზრდის აუცილებლობის ჯიუტი მტკიცება აშკარად კონტრპროდუქტიულია და ერთი ორად ზრდის ისედაც არსებულ სპეკულაციებს პოლიტიკურად პრობლემურ კომპანიასთან ფარული მოლაპარაკებების გამო. ხოლო თუ საქმე გვაქვს უფრო რადიკალურ სცენართან, რომელიც კომერციული გაზის ბაზარზე აზერბაიჯანული მხარის ჩანაცვლებას ითვალისწინებს (არსებული კონტრაქტის დარღვევა), აუცილებელია, გაირკვეს თუ რა შედეგებს გამოიღებს ეს ნაბიჯი, როგორც კომერციული, ასევე და განსაკუთრებით ე.წ. სოციალური გაზის ფასწარმოებაზე (თუ სოკარმა ცალმხრივად გაზარდა ფასი).