„ერთგულების“ აუტანელი სიმსუბუქე
ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა. ანუპ კეპლე (ასე ჰქვია მას) კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა და დღეს Washington Post-ში ერთ-ერთი რუბრიკის რედაქტორია. ჩემმა მეგობარმა კი რამდენიმე წლის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტი დაამთავრა (Nieman Fellowship-ის სტიპენდიით) და ამერიკულის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ახდენა გადაწყვიტა. კერძოდ, 2013 წელს რამდნემე თვე ცდილობდა სახელმწიფო სტრუქტურაში თავისი ადგილი ეპოვა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა: სამსახური ვერ იშოვა, ვერც საჯარო მოხელეების ყურადღება მიიპყრო და კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა (დღეს ნიუ-იორკში კერძო კომპანიაში მუშაობს). არ გეგონოთ, რომ ახლა American Dream-ზე, ან შტატების განათლების სისტემაზე უნდა გესაუბროთ. ეს შესავალი იმისთვის დავწერე, რომ დიდი სურვილი მაქვს, ნეპოტიზმთან დაკავშირებით ჩემი აზრი გაგიზიაროთ. რეალურად, ნეპოტიზმი ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა. ნეპოტიზმი ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი არსებობს, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მაგალითად, ნეპოტიზმის ამაზრზენი შედეგია, როცა ყოვლად გამოუცდელ პიროვნებას კომპანიის ფინანსურ დირექტორად ნიშნავ.
ასეთ შემთხვევაში ასობით ადამიანთან ერთად, სავარაუდოდ, დირექტორიც დაზარალდება და შესაძლოა, მაშინ მაინც ინანოს, რომ სისხლით ნათესაობა, ან მეგობრობა პროფესიონალიზმზე მაღლა დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში უმუშევრად დარჩენა ყინვაში ფეხსაცმლის გარეშე დარჩენაზე უარესია, კერძო კომპანია მაინც კერძო კომპანიაა და წარუმატებლობასა და მარცხზე პასუხისმგებლობა მილიონობით ადამიანის მიერ არჩეულ გუნდს არ ეკისრება. მართლაც, როცა საუბარია 5-მილიონიან სახელმწიფოზე, საქმე გაცილებით მძიმედ არის. საქართველო არ არის შპს, ან რომელიმე გიგანტი კომპანიის შვილობილი ფირმა, სადაც ბოსები თავიანთ უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალ და ხშირ შემთხვევაში, ხარბ ნათესავებს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისე ნიშნავენ, რომ მათი უნარებითა და ცოდნით არც კი ინტერესდებიან. მითუმეტეს, ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის „სიკეთეს“. ასეთ შემთხვევაში არგუმენტად ერთგულება და ნდობა სახელდება, არადა სინამდვილეში ეს არგუმენტები იმდენად უსუსურია, რომ განსჯადაც არ ღირს. რამდენიმე კვირის წინ ნაცნობი შემხვდა. უმაღლესი განათლება არ აქვს, მაგრამ ეს პრობლემა არ იქნებოდა, სახელმწიფო სტრუქტურაში რომ არ მუშაობდეს. ამ ნაცნობ გოგოზე ერთი ნაცნობი ბიჭი გამახსენდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე დამსახურებების გამო წლების განმავლობაში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა, უმაღლესი განათლება კი არც მას ჰქონდა მიღებული. ერთი სიტყვით, პარტიისა და ცალკეული ადამიანებისადმი „დამსახურებების“ გამო სახელმწიფომ ისინი შეიფარა. მერე რა, თუ წინადადების გამართულად ჩამოყალიბება არც ერთს არ შეუძლია. მერე რა, თუ ელექტრონული ფოსტა სამეცნიერო ფანტასტიკა ჰგონიათ. მერე რა, თუ ამ ამ ადიმიანებს ხელფასს ჩვენ ვუხდით.
სამაგიეროდ, ორივე მთავრობა უპირატესობას „ერთგულ“ ადამიანებს ანიჭებს. დღეს ეს ერთგულება მხოლოდ პარტიისადმი ერთგულებას არ ნიშნავს. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ყოფილი და ჯერ კიდევ მოქმედი წევრებისგან მსმენია, რომ მათ ერთგულება არ დაუფასდათ. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ „გადააგდეს“ (გაგიკვირდებათ და ორი-სამი „გადაგდებული“ მართლაც პროფესიონალია). ცხადია, მხოლოდ პარტიული ნიშნით თანამდებობაზე დანიშვნას არავითარი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, ისევე როგორც მეგობრისა და ახლო ნათესავისთვის სახელმწიფო სტრუქტურაში უსაფრთხო ადგილის გამონახვას. ცოტა ხნის წინ მერიიდან 150-მდე ადამიანი გაათავისუფლეს. ცხადია, ასეთი „დიდი წმენდა“ ყოველთვის იწვევს კითხვებს, მაგრამ ამ კითხვებს ყოველთვის უპასუხოდ ტოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ გიგი უგულავა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთ პროტაგონისტად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ გულის სიღრმეში მჯერა, სამსახურიდან დათხოვილი თანამშრომლების ნაწილი ახალ მუნიციპალურ მთავრობას მუშაობის საშუალებას არ მისცემდა, რომ ბევრი მათგანისთვის სამუშაო ადგილი სწორედ პარტიის წინაშე ჩადენილი „საგმირო საქმეების“ გამო იყო შექმნილი, შეუძლებელია, ამდენ ადამიანს შორის სულ მცირე ერთი მაინც არ იყოს უსამართლობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, ვინ დაიკავებს მათ ადგილს. hr.gov.ge-ზე რამდენიმე ვაკანსია მერიაში უკვე გამოცხადდა. ალბათ ფანტასტიკის სფეროა გვჯეროდეს, რომ რიგითი მოკვდავების მიერ გაგზავნილ CV-ის მართლაც წაიკითხავენ და კონკურსი სამართლიანად ჩატარდება. მახსოვს, ერთხელ ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ კარგ კადრებს სანთლით ეძებს. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობის წევრები სანთლით ძებნის რიტუალს დახურულ კარს მიღმა ატარებენ, სადაც მოხალისეებად გაოგნებული ნათესავები და მეგობრები მონაწილეობენ. რაც დრო გადის, „ქართული ოცნება“ ამ კარზე სულ უფრო მეტ კლიტეს ადებს, რომელიც ისე ძლიერად არის გადარაზული, რომ ხალხის ხმა, ისევე როგორც CV, იქამდე ვეღარ აღწევს.