მივიდნენ, ნახეს, გაოგნდნენ, გამობრუნდნენ
ზღვის დონიდან 900 მეტრზე, საქართველოს ყველაზე დიდ მუნიციპალიტეტში, რომლის ტერიტორიის საერთო ფართობი 2981.5 კმ²-ია ისეთი ცარიელი იყო შეხვედრების ოთახი, რომ ცოტა გვაკლდა, მარტოობის შიშით დავიტანჯებოდით.
კიდევ კარგი დუშეთში დაგეგმილზე ადრე ჩავედით კარგი ხალხის დახმარებით კი ექსტრემალურ რეჟიმში, ჩვენ რომ ველოდით, იმაზე მეტი ადამიანის მობილიზაცია მოვახერხეთ. ამ ნაკადიდან რამდენს აინტერესებდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ეგეც საკითხავია. სანამ იმის გააზრებას მოასწრებდნენ, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ტრენინგზე ყოფნის ნაცვლად, ამ პაპანაქებაში არაგვზე ცურვა უფრო კარგი იქნებოდა, სწრაფად და მარტივად საბაზისო ინფორმაცია მოვუყევით.
არავის ჩასძინებია, საერთოდ არავის. შეკითხვებიც იყო, პასუხებიც, გაოცებული მზერაც, როდესაც წარმატების მაგალითებზე ვლაპარაკობდით და ევროპაში ექსპორტიორ მეწარმეებს ვაცნობდით. როგორც იტყვიან „გამგებმა გაიგო“, ზოგმა მოისმინა, ზოგმაც შეისრუტა, ზოგი საერთოდაც არ გამოცხადდა. თუმცა დუშეთიდან ბევრი ისეთი ამბებიც წამოვიღეთ, მოსაყოლად რომ ღირს.
დუშეთის გამგებლის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი, მიხეილ კარიაული ისეთი კაცია, ტიტრებში რომ სპეციალური მადლობა ეკუთვნის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტრენინგის მონაწილეთა შეკრებაში დაგვეხმარა, ამას გარდა ორი ამბავი გვიამბო, ერთი პოზიტიური, ერთიც ცუდი.
პირველი ამბავი
დუშეთში რძის გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო აშენდება. რომელ სოფელში აშენდება? რა წარმადობის იქნება? რამდენი ადამიანი იქნება დასაქმებული? რა თანხად ჩაიბარებენ რძეს? სად მოხდება პროდუქციის რეალიზაცია? - ამ დეტალებზე საუბრისგან კარიაულმა თავი შეიკავა, თუმცა ის მაინც გვითხრა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მუშაობენ საწარმოსთვის მიწის გამოყოფაზე. თავდაპირველად გადამამუშავებელი საწარმო მუნიციპალიტეტის ბალანსზე იქნება და პრივატიზაციას შემდეგ მოახდენენ.
მეორე ამბავი
USAID-ს (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) დაფინანსებით დუშეთის საზღვრისპირა თემ გრემისხევში 400 მ² სათბურის მოსაწყობი მასალების სრული კომპლექტაცია ჩაიტანეს და მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემა იგეგმებოდა. გრემისხევს ოკუპირებული სამაჩაბლოს რეგიონი ესაზღვრება და ამერიკელმა დონორებმა ეკონომიკური სიდუხჭირის მძიმე ტვირთის შესამსუბუქებლად სწორედ ეს საზღვრისპირა თემი შეარჩიეს. მიხეილ კარიაული USAID-ის წარმომადგენელთა გაოგნებულ სახეებს იხსენებს, როდესაც სათბურების უსასყიდლოდ დატოვებაზე ადგილობრივებისგან უარი მიიღეს.
ერთი ადამიანიც არ გამოიძებნა გრემისხევში, ვინც საჩუქრად სათბურებს აიღებდა. დროებით სარგებლობისთვის გადასაცემად კი არ იყო გამიზნული, არამედ სათბური სამუდამოდ მას დარჩებოდა ვინც სურვილს გამოთქვამდა აეღო, გაემართა და რამე ეწამოებინა. არც შეღავათიანი კრედიტი ექნებოდა გადასახდელი და არც სხვა ბეგარა. ადგნენ და დაკეცილ, ჩაპიწკინებული სათბურები უკან წამოიღეს ამერიკელებმა. მონახავდნენ ვინმეს, ვისაც აჩუქებდნენ. მაგრამ, ალბათ, მაინც ყველას აინტერესებს რა იყო მიზეზი, რატომ თქვა უარი მოსახლეობამ საჩუქრად გამზადებული სათბურების დატოვებაზე?? სწორი პასუხია: სოციალური შემწეობის მოხსნის შიშის გამო.
რა მუხანათი რამ ყოფილა ეს სოციალური შემწეობის მოხსნის შიში. მოდის აგენტი, რომელსაც ერთი სული აქვს, რომ აღმოგიჩინოს მარჩენალი ძროხა ან მაცივარი ან ტელევიზორი ან რამე გადამალული ნივთი, რაც იქნება შემწეობის გაუქმების საბაბი და ამ წვრილმანების ნაცვლად მოულოდნელად შეეჯახება აიზბერგივით უზარმაზარ, თანამედროვე სათბურებს. და რას იზამდა ეს აგენტი? გააუქმებდა კი არა, შესაძლოა თავზე გადაეხია სოც. შემწეობის დოკუმენტი უკვე სათბურის მფლობელი ბენეფიციარისთვის. ეს ჰიპოთეტურად, რეალურად კი ვერცერთმა გრემისხეველმა გაბედა დაესაკუთრებინა სათბურები და საკუთარი თვალით ეხილა რას იზამდა სოციალური აგენტი.
სოციალური შემწეობა სარეიტინგო ქულების მიხედვით ინიშნება. ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზე ნაკლებია, ოჯახის ყველა წევრზე საარსებო შემწეობა 60 ლარით განესაზღვრება. ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში, საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე 48 ლარი ემატება. ეს არის მაქსიმუმი, რაც ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს შეუძლიათ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მიიღონ. სამაგიეროდ ვერასოდეს გავიგებთ, ამერიკული სათბურების ამუშავებისგან რა შემოსავალს მიიღებდნენ. მიხეილ კარიაულის თქმით, გრემისხეველმა გაჭირვებულმა ოჯახმა შესაძლოა 200 ლარამდე შემწეობა აიღოს. გამოდის რომ ეს მცირე, მაგრამ გარანტირებული შემოსავალი წინსვლასა და გამდიდრებაზე უარის თქმის მიზეზად იქცა.
როდის ხდება ასე? მაშინ როდესაც ადამიანებს ვკვებავთ იაფფასიანი, მაგრამ მაინც მუქთა თევზით და არც ანკესს ვაძლევთ და არც თევზაობას ვასწავლით.
რა რეაქცია აქვთ ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლებს ასეთ ფაქტებზე? მივიდნენ, ნახეს, გაოგნდნენ, გამობრუნდნენ.
რადგან ევროკავშირის ბაზარზე თვალი გვიჭირავს თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მიღწევებზე უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვს არც 200 ლარის და არც ათჯერ მეტი გამაზარმაცებელი შემწეობის სანაცვლოდ. თუმცა ეს ჩვენი მოცემულობაა და ვისაც DCFTA-ს შესაძლებლობის გამოყენებაზე კარგი გამოსავალი გეგულებათ, ქვები იმან გვესროლეთ.