სამი კაცის ამბავი
ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) ტრენინგებზე ყოველთვის საინტერესო ან მოულოდნელი ამბები ხდება, მით უფრო ისეთ რეგიონებში, სადაც ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ მწირი ინფორმაციაა. იმისათვის რომ არაფერი გამოგვრჩეს ბოლო ტრენინგების თავგადასავლიდან, სამი კაცის ამბავს მოგიყვებით.
პესიმისტი კაცი
ცდილობდა, რომ საკუთარი აზრები ჩვენთვის თავს მოეხვია. სამოც წელს გადაცილებული კაცი იყო, შესაძლოა სამოცდაათს მიტანებულიც, მაგრამ ისე მხნედ და ჯანსაღად გამოიყურებოდა, ვიზუალის მიხედვით, ალბათ, მაინც ყველას გაუჭირდებოდა მისი ასაკის გამოცნობა. ახალგაზრდული შემართებით გვეკამათებოდა, ხანდახან მისთვის აშკარად წამგებიან თემებში შესვლის დროს ბავშვურ სიჯიუტეს იჩენდა და საერთოდ არაფერზე გვეთანხმებოდა. ეტყობოდა, რომ საკუთარი გზა და ხედვა ჰქონდა.
ჩვენ ვესაუბრებოდით ევროკავშირის ბაზარზე ვაჭრობის უპირატესობებზე, ის არ გვაცდიდა და სხვა თემებზე გადადიოდა. ჩვენ ვესაუბრებოდით DCFTA-ს სარგებელზე ადგილობრივი ბაზრისთვის და ის კვლავ თავის გზით „მიერეკებოდა“. კითხვაზე: „კარგია თუ ცუდი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა რომ გვაქვს“ ? მან გვიპასუხა, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რომ ბლეფია ევროპული და სახელმწიფოს დახმარების პროგრამები. ამ კაცის პესიმიზმი ვერც მეწარმე ცეზარ კახაძემ გააქარწყლა (შპს “რძის პროდუქტების კომპანია“), რომელიც ამავე ტრენინგს ესწრებოდა და, რომელმაც ისაუბრა საერთაშორისო დონორების დახმარებით, როგორ შეძლო საწარმოს გადაიარაღება და ყველის ექსპორტზე გატანა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პესიმისტი კაცი ზურაბ კაკალაძე კოოპერატივის „აგრო+“ წევრია, წალკაში ცხოვრობს და კარტოფილი მოჰყავს. სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წამომადგენელმა გვითხრა, რომ ჩვენს პესიმისტს ევროკავშირის თემაზე არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია. შეხვედრიდან შეხვედრამდე იცვლება, მოსვლა არასდროს ეზარება და მეც ყოველთვის ვურეკავ, რადგან ვხედავ, რომ ყოველ ჯერზე სკეპტიკურ შეხედულებებს იშორებსო.
სხვა წალკელებს ევროკავშირთან ვაჭრობაზე არაფერი საწინააღმდეგო არ დასცდენიათ - პირიქით, თუმცა ის კი გაგვიმხილეს, რომ ბანკებს და მიკრო საფინანსოებს მცირედ დარღვევებზე „შავ სიაში“ ვყავართ და სესხების აღებაზე ყველა გზა მოჭრილი გვაქვსო. ფაქტია, რომ ამ ხალხის პრობლემა გადასაჭრელია და მოსახლეობის ჯგუფებზე პესიმიზმის გავრცელების საშიშროება არსებობს. აი, მაშინ კი რთული იქნება „ევროპული ოცნების“ ასრულება.
გამგებელი გაგიკა
ისე აინტერესებდათ ნინოწმინდაში ევროკავშირის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, რომ შეხვედრის დაწყებამდე თითქმის ერთი საათით ადრე შეგროვდნენ. წალკაში არ გავჩერებულვართ, ამიტომ ჩვენც ადრე მივედით. მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფეხი შევდგით თუ არა ტრენერები გამგებელთან გამოგვიძახეს. ასეთი შემთხვევა სხვაგან არ გვქონია, ცოტა გაგვიკვირდა, მაგრამ კაბინეტის ზღურბლიდან მომღიმარი და კეთილგანწყობილი გამგებლის დანახვაზე, გაკვირვებამ და გაოცებამაც გადაგვიარა.
რუსულად მოგვესალმა, მე ქართულად დავუბრუნე და მანაც ქართულად გააგრძელა: „მე გაგიკა ვარ“. ჩვენც გავეცანით. გამოგვკითხა რა თემებზე სასაუბროდ ჩავედით მის მუნიციპალიტეტში. ისე დავიწყეთ, რომ ვინ გაგვაჩერებდა? თუმცა საუბარში არც გაგიკას დასჯაბნიდა ეგრე ადვილად ვინმე. მოგვაყარა და მოგვაყარა თავისი აზრები. მოკლედ გაგვაცნო ნინოწმინდის სპეციფიკა: მოსახლეობის რაოდენობა, მდებარეობა ზღვის დონიდან სოფლის მეურნეობის გავრცელებული დარგები და ა. შ. ეს ყველაფერი რომ არ გვცოდნოდა, გამგებლის მონათხრობიდან ნინოწმინდაზე წარმოდგენა ასე თუ ისე შეგვექმნებოდა.
გამგებელი განსაკუთრებით მეცხოველეობას ჩაუღრმავდა. უცბად თავმომწონედ გამოგვიცხადა: „ნინოწმინდა საფრანგეთს ჰგავს, აქ თითო მოსახლეზე ერთი მეწველი ძროხა მოდის, 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მეწველი ძროხებიც მაგდენივე რაოდენობით გვყავს“.
ამ არგუმენტით გაგიკამ, მეცხოველეობის დიდი პოტენციალის წარმოჩენა სცადა. იქვე დააყოლა, რომ განვითარებისთვის ადგილობრივ მეწარმეებს ფული სჭირდებათ. მოკლედ მანაც ფერმერების მთავარ თავსატეხად ფინანსების ნაკლებობა დაასახელა. ამ მიმართულებით არაფერი ახალი არ უთქვამს, მაგრამ ეტყობოდა, რომ საკითხებს იცნობდა და გულიც შესტკიოდა ადგილობრივების გასაჭირზე.
გაგიკამ ამერიკაში ექსპორტიორი ნინოწმინდელი მეწარმეც გვიხსენა და მის პრობლემებზე საუბრის დაწყებას აპირებდა, რომ სწორედ ამ დროს კაბინეტში ვიღაც ვეებერთელა კაცი შემოვიდა. ეს მთასავეთ კაცი აღმოჩნდა სწორედ ის, ვისაც ყველის საწარმო აქვს და მცირე მოცულობით ამერიკაში აგზავნის. ეს კაცი ტრენინგზე მივიპატიჟეთ, გაგიკ კარსლიანს კი დავემშვიდობეთ.
HACCP-ის მაძიებელი კაცი
ნინოწმინდის შეხვედრა იყო ერთ-ერთი საუკეთესო. 30 ადამიანზე მეტი მოვიდა, აქედან ზოგი მეწარმე იყო, ზოგიც საჯარო მოხელე. ტრენინგი ადგილობრივი მედია საშუალებებითაც გაშუქდა. ჩართულობა იყო გამორჩეული. ამ შეხვედრაზე უკმაყოფილებაც გამოხატეს: „თუ DCFTA 2014 წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ამის შესახებ ჩვენ რატომ არაფერი ვიცოდით“?! პირველად ასეთი საყვედური პანკისში გვითხრეს, მაგრამ ეს საყვედური ხელისუფლებას ეკუთვნოდა, რომელიც ვალდებულია, რომ ნებისმიერ მოქალაქემდე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ს შესახებ ინფორმაცია მიიტანოს.
ცხადია, ბევრი შეკითხვა დაისვა კარტოფილის წამროებასა და ექსპორტის შესაძლებლობაზე, ჩვენ შევძელით, რომ კარტოფილსა და სხვა პროდუქტების (ნიორი,თაფლი, ხორცი, რძე) ექსპორტზე არასწორი მოლოდინები არ შეგვექმნა. შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ბაზარზე არსებული ნიშების შესახებ ინფორმაცია მუდმივად უნდა მოიძიონ და ნიშური პროდუქტები აწარმოონ. ხარისხობრივი და უვნებლობის პარამეტრების გაუმჯობესების გარეშე, რომ ევროკავშირში ექსპორტზე გასვლა წარმოუდგენელია, ამ მოსაზრებასაც ყველა დაეთანხმა.
ამ შეხვედრის ცენტრალური ფიგურა, რა თქმა უნდა, „შპს ალპური ჯავახეთი“-ს დირექტორი სამველ დარბინიანი იყო. ეს სწორედ ის კაცი გახლავთ, გაგიკამ რომ თავის კაბინეტში გაგვაცნო. სამველის საწარმო დღეში საშუალოდ 8 ტონა რძეს აწარმოებს, მაგრამ წარმადობის 20 ტონამდე გაზრდის შანსიც არის, სურსათის ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტი HACCP-ი (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა) რომ დანერგილი ჰქონდეს.
სამველმა სულგუნის ტიპის ყველის საცდელი პარტია შეერთებულ შტატებში რამდენჯერმე გააგზავნა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა იმისათვის, რომ ამერიკაში სტაბილური ექსპორტი დაიწყოს, იქაური შემკვეთები HACCP-ის სტანდარტის დანერგვას სთხოვენ. სამველს სომხურ დიასპორაში კარგი კავშირები აქვს, იმდენად კარგი, რომ შესაძლებელია ამერიკაში ქართული წარმოების ყველი მათი დახმარებით 800-მდე რესტორანს მიაწოდოს.
„შპს ალპური ჯავახეთი“ დღეში 300-500 კილოგრამამდე ყველს აწარმოებს, ამას გარდა კარაქსაც აკეთებენ, თუმცა იმისთვის რომ საწარმომ შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს, 200 ათასი დოლარის ინვესტიცია სჭირდება. ეს თანხა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას და დანადგარების გადაიარაღებასაც ეყოფოდა. სამველის მეგობარი ეკონომისტების გამოთვლებით, საკუთარი ინვესტიციებით „შპს ალპური ჯავახეთი“ HACCP-ისთვის საჭირო თანხების შეკოწიწებას 2017 წლისთვის შეძლებს. „ეს კი ათი წლის შემდეგ, ჩემი პენსიაზე გასვლის შემდეგ იქნება“, - ხუმრობს სამველ დარბინიანი.
სამველის აზრით, მისი საწარმო გაცილებით მალე შეძლებს HACCP-ის დანერგვას იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო და უცხოელი დონორები სწორად გაანაწილებენ გრანტებსა და იაფ კრედიტებს. თავისი არგუმენტის გასამყარებლად მას მაგალითიც მოჰყავს: „ერთი ჩემი ნაცნობი ყველს ჩემგან ყიდულობს და სხვადასხვა მარკეტების ქსელს აბარებს, გააკეთა განაცხადი დონორებთან და მოულოდნელად 80 ათას დოლარამდე მოცულობის გრანტი აიღო. საწარმოს მოწყობის შემდეგ მალევე დაკეტა კარი და ახლაც დახურულია. ძალიან ვეცადე, მაგრამ ასეთი გრანტი მე ვერ ავიღე. მესმის ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ლამაზი არ არის, მაგრამ ეს სიმართლეა“, - ამბობს სამველი.
P.S. წალკა ახალქალაქის გზაზე ცოტა დამუშავებული და ბევრი აუთვისებელი ადგილია. ადგილობრივები დღე და ღამეს ასწორებენ, შეღამების დროსაც კი კარტოფილის ყანებში არიან ან ნახირს სახლებისკენ მიერეკებიან. როცა ნახირი სამანქანო გზას გიღობავს, დგახარ და უყურებ, როგორ არის გაფენილი დიდი და პატარა მინდვრად და როგორი დიდი ძალისხმევით, პირველყოფილური მეთოდებით თესენ კარტოფილს. და სწორედ მაშინ გამწარებული ფიქრობ, რატომ არ ყიდის კვირიკაშვილი ან სხვა ხელისუფალი ლენდ კრუიზერს და რატომ არ ყიდულობს ამ ხალხისთვის „ნიუ ჰოლანდი“-ს ან სხვა მოდელის თანამედროვე ტრაქტორებს?