თქვენც გამოგივათ!
ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.
რეგიონებში, სადაც www.eugeorgia.info ბრიტანეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხშირად ჩადის და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება, ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებთ.
ეს ამბავიც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მოვისმინეთ.
არადა, იქვე მყოფი ახალგაზრდა მეფუტკრე სიამაყით გვიყვება, რომ 2013 წელს, აშშ-ში გამართულ ერთ-ერთ გამოფენაზე, მის მიერ ახალციხიდან გაგზავნილმა სამყურას თაფლმა პირველი ადგილი დაიკავა, მოგვიანებით გამართულ აუქციონზე კი, გამოფენაზე გასატანად გაგზავნილი სულ რაღაც 1 კგ ეს თაფლი 800 დოლარად გაიყიდა.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სწორედ ასეთ შეხვედრებზე ხვდები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია ხელისუფლებაზე მეტად უბრალო ხალხს რომ უნდა და ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივისაც მასზე მეტად რომ სჯერა. რუსულ ორბიტაზე საქართველოს დაბრუნების მსურველი ჩვენთან შესახვედრად ჯერ არავინ მოსულა.
ასე იყო პანკისშიც, სადაც შეხვედრა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ. ხეობაში ჩასულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დუისელმა ქისტმა ქალმა გვითხრა, რომ კარგად ახსოვს, როგორ დაგვტოვა რუსეთმა 2006 წლის ცივ ზამთარში გაზის გარეშე და ისიც, რა შედეგებით დასრულდა მის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ეკონომიკური ემბარგო: "მოესურვებათ, შეგვიშვებენ ბაზარზე, მოუნდებათ და ისევ გამოგვაგდებენ. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ ზარალდებიან ამის გამო გლეხები. რატომ იწყებს ხელისუფლება "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს და რატომ გვაბრუნებს ისევ რუსეთის ბაზარზე? მინდა ისეთი ხილი მოვიყვანო, ევროპაშიც და სხვა ქვეყნებშიც რომ გავა და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული არ ვიყოთ."
დუისელი ქისტი ქალი ახლა რუსეთის გარდა სხვა ქვეყნების ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ ინფორმაციას ეძებს: რომელი ხილი მოიყვანოს, სად იშოვოს ხარისხიანი ნერგები, როდის დარგოს და როგორ მოუაროს? როგორც აღმოჩნდა, რაიონში ამ კითხვებზე კომპეტენტური პასუხი ვერავისგან მიიღო.
სახელმწიფოს როლი ჩვენ - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ვიტვირთეთ და იმ მითის გასაქარწყლებლად, რომ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა უტოპიური ოცნებაა, დიდხანს და ბევრი ვისაუბრეთ.
წარმატების მაგალითებზეც ვილაპარაკეთ.
ხელისუფლების წარმომადგენლებისგან “დაკვალიანებულ“ იმ ფერმერებს, რომლებსაც ევროკავშირში ქართული პროდუქციის შეტანაზე ფიქრის და ოცნების თავიდან ამოგდება ურჩიეს, ერთ წარმატებულ მეღვინეზე - იაგო ბიტარიშვილზე ვუამბეთ.
იაგო მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში ცხოვრობს. მამა-პაპისგან დატოვებულ 1 ჰექტარ ჩინური ვაზის ვენახს კიდევ 1 ჰექტარი დაამატა და ტრადიციული ქართული წესით ქვევრის ღვინო დააყენა.
2006 წელს, როცა ბიზნესს არეგისტრირებდა, ჰკითხეს, სად აპირებდა კომპანიის დაარსებას და ვენახის გაშენებას.
უპასუხა, მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში-ო.
დამცინავად გადმოხედეს და აგრძნობინეს, ნეტაი შენ, მოგცლია, რა უნდა ჩარდახში ღვინის კომპანიას-ო.
აი, სწორედ მაშინ გადაწყვიტა იაგომ, ურწმუნო ჩინოვნიკებისთვის დაემტკიცებინა, რომ კარგი კომპანიის გაკეთება და კარგი ღვინის დაყენება ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობ სოფელშიც შეიძლება.ჩარდახის მარანში დაყენებული ღვინის პირველი პარტია იაგომ დანიაში გაიტანა. დანიას ინგლისი მოჰყვა, ინგლისს - საფრანგეთი, საფრანგეთს კი შემდეგ იტალია და შვედეთი დაემატა.
დღეს „იაგოს ღვინო“ აშშ–სა და იაპონიაშიც იყიდება, თანაც სპეციალიზებულ მაღაზიებსა და ნატურალურ ღვინის ბარებში. საფრანგეთის და იტალიის სპეციალიზებულ მაღაზიებში მისი ერთი ბოთლი ღვინო 21–22 ევრო ღირს, რესტორნებსა და ბარებში კი 2–ჯერ მეტიც.
ჟურნალმა “ფორბსმა” იმ 9 ღვინის ჩამონათვალში, რომელიც 2015 წელს აუცილებლად უნდა გასინჯოთ, იაგოს ღვინოც შეიტანა.
იაგო ბიტარიშვილის და მისი ღვინის წარმატების მაგალითი ჩემთვის გამორჩეული ამბავია, რომელზეც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ხშირად ვყვები.
ამით იმის თქმა მინდა ხოლმე, რომ სახელმწიფო მოხელის სავარძელსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის თაობაზე ღრმა პესიმიზმში ღრმად ჩაფლულ, არსახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიუროკრატებს არ დაუჯეროთ.
იაგოს გამოუვიდა! თუ მოინდომებთ, თქვენც გამოგივათ!