სირია განადგურების ზღვარზე: არაბული ჰოლოკოსტი
სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო, გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.
დასავლეთი 2011 წლიდან დღემდე დუმს...
ერთ დროს 2-მილიონიანი ქალაქიდან, რომლის დიდ ტერიტორიას ბოლო წლების განმავლობაში მეამბოხეები, მცირეს კი “ნუსრას ფრონტი” და “დაეში” ("ისლამური სახელმწიფო") აკონტროლებდნენ, ნანგრევებისა და ცხედრების მეტი აღარაფერი დარჩა. ბაშარ ასადის მთავრობა რუსეთთან ერთად გამარჯვებას მალე იზეიმებს. პასუხი კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდება სირიელ დიქტატორს საკუთარი მოქალაქეების სისხლისღვრის ფასად მოპოვებული გაცამტვერებული ქალაქი, მარტივია - ეს იქნება ასადის რეჟიმისა და მისი სტრატეგიული მოკავშირე მოსკოვის ყველაზე დიდი პროპაგანდისტული იარაღი ვაშინგტონი-ევროპის წინააღმდეგ, კონტექსტით - „ის რაც დასავლეთმა ვერ შეძლო, შეძლო ვლადიმერ პუტინმა.“ ცოტა ხნის წინ ანტიკურ ქალაქ პალმირაში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთისთვის ალეპოს აღება ამ ომში გადამწყვეტია, ზუსტად ამიტომ გაეროსა და დუმაში სიტყვით გამოსვლისას რუსი დიპლომატები ჩვეული უტიფრობით ამტკიცებენ, რომ მათი სამიზნე ტერორისტები არიან და არა - მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ ფაქტები, რომლებიც ვიდეო და ფოტო კადრებმა ასახა და რომელსაც ალეპოელები ყვებიან, უტყუარია და საპირისპიროს ამტკიცებს.
დასავლეთი დუმს...
ალეპოსთვის ბრძოლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ანკლავი ალყაში მოაქციეს. ქალაქში 250 ათასზე მეტი ადამიანი იყო დარჩენილი. ივნისიდან დღემდე ასადის მთავრობა კონტროლს ალეპოზე დღითიდღე აღადგენდა. მეამბოხეთა გასანადგურებლად რუსეთმა არაბი მოკავშირის დასახმარებლად ჩვეულ მეთოდს მიმართა და უკვე რამდენიმე კვირაა, ალეპოზე საჰაერო იერიში არ წყდება. გაერომ მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად რეზოლუცია, როგორც ყოველთვის, დაგვიანებით მიიღო - ალმოდებული ქალაქიდან ხალხის გაყვანა ეტაპობრივად, პერიოდული შეფერხებით მიმდინარეობს. და, როგორც ყველა ომს, ამ ომსაც ჰყავს ანა ფრანკი - 7 წლის ბანა ალაბედი, ალეპოელი გოგონა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ალყაში მოქცეული და დაცემის ზღვარზე მყოფი ქალაქიდან მიმდინარე პროცესების შესახებ „თვითერში“ ინფორმაციას ავრცელებდა. ბანა ალაბედმა მშობლიური ქალაქი რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა, ალბათ, მას ისტორია იმაზე მნიშვნელოვან მისიას დააკისრებს, ვიდრე სოციალური ქსელით მედიისთვის ფაქტების მიწოდებაა. როდესაც მსოფლიო სირიის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებით დაინტერესდება, სასამართლო პროცესზე ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის სტატუსით გამოვა.
სირიის ომის ტრაგედია ის არის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა და ბავშვების მასობრივი დაობლება მხოლოდ ალეპოში არ დაწყებულა. ამ კონფლიქტში კეთილი მხარე არ არსებობს. რევოლუციის დაწყებიდან მალევე პროდასავლური ოპოზიცია საზოგადოების ნდობას კარგავს, ძლიერდებიან ექსტრემისტული ძალები, ხოლო დიქტატორი ასადის რეჟიმის ერთადერთ დადებით თვისებას - სეკულარიზმს - ჩალის ფასი აქვს მაშინ, როცა პრეზიდენტის ბრძანებით, 2011 წელს მის დასამხომად გამართულ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეებს ჯარი ცეცხლს უხსნის. ეს დასაწყისის დასაწყისია. მოგვიანებით ბაშარ ასადი მეამბოხეების გასანადგურებლად ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, რაც ასობით ადამიანის სიკვდილს, ნაყოფის პათოლოგიებსა და სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებას გამოიწვევს. ასადის სტრატეგია დაუნდობელია, მიზანი - ძალაუფლების შენარჩუნება. ის „არაბული გაზაფხულის“ ერთადერთი გადარჩენილი დიქტატორია. ასადი ამბოხის ჩასახშობად მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. „კასრის ბომბებით“ ანადგურებს, რასაც მოგვიანებით, 2015 წლის თებერვალში, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყოფს და ყველაფერს დასავლური მედიის პროპაგანდას აბრალებს. ომის დაწყებიდან მალევე ასადი მუამარ კადაფს და პოლპოტს ემსგავსება - იგი ცივილიზებული სამყაროსგან გარიყული დიქტატორის სტატუსს ირგებს. სირია, როგორც სახელმწიფო, განადგურების პირასაა, როცა 2014 წლის დასაწყისში ქვეყანას ახალი ეპიდემია ატყდება თავს - თვითგამოცხადებული სახალიფო, იგივე ერაყისა და ლევანტის (სირიის) ისლამური სახელმწიფო, „დაეში“, რომლის მიზანი ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ ევროპის რუკის შეცვლაა. „ალ ქაიდაზე“ გაცილებით ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია გეოპოლიტიკური წესრიგის შეცვლას ქრისტიანების, შიიტების, იეზიდების და ქურთების გენოციდით იწყებს. მალე მისი საცეცები ევროპასაც მისწვდება... „დაეშის“ ანტიკური სისასტიკით მოგებული ბაშარ ასადი რჩება და მოსკოვს აქვს საბაბი ისლამური სახელმწიფოს აღორძინებაში ჯერ შეერთებული შტატები დაადანაშაულოს, შემდეგ კი სირიაში შეიჭრას და ტარტუსსა და ლატაკიაში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან იერიში დაიწყოს.
დასავლეთი დუმს... დუმს შიიტური ირანიც, რომელიც ექსტრემისტი სუნიტების მსხვერპლად ქცეული შიიტი მუსლიმების დასაცავად ასადის რეჟიმის მხარდაჭერის გარდა არაფერს აკეთებს.
ერთ-ერთი მძიმე დღე, რამაც სირიელი ბავშვების ტრაგედია მსოფლიოს ნათლად დაანახა, იყო ჰულას მასობრივი მკვლელობა 2012 წლის 25 მაისს. ასადის რეჟიმის მხარდამჭერმა რადიკალურმა დაგჯუფება საბიჰამ ქალაქ ჰულაში 108 ადამიანი მოკლა,ძირითადად, ქალები და 49 მცირეწლოვანი. ერთი წლის თავზე ასადის მთავრობამ ადრასა და გუტაში მშვიდობიანი მოსახლების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც 1500 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. შემდეგ იყო შემზარავი კადრები ჰომსიდან - პოლიეთილენის პარკებში გახვეული პატარა ზომის სხეულები. იმ დღეს ექსტრემისტებმა კიდევ ერთი სკოლა ააფეთქეს.
როცა სირიელი მშობლები მზის ჩასვლამდე შვილებს მარხავენ, მეორე დღეს შიმშლით თუ აფეთქების შედეგად, სირიელი და რუსი ჯარისკაცების, თუ „დაეშის“ ხელით სხვა ბავშვები იხოცებიან. მათი სიკვდილი სირიისთვის ყოველდღიურობაა. გაეროს ანგარიშის მიხედვით, სირიაში 100 ათასი გარდაცვლილიდან 7 ათასი ბავშვია (2011 წლიდან დღემდე სირიაში 300 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა), მათ შორის 2 ათასამდე მცირეწლოვნის ასაკი ათ წელს არ აღემატება. ომის შედეგად 10 სირიელიდან 5 სკოლაში ვერ დადის, 2 მილიონზე მეტი შიმშილობს, 10-დან 5-ს სამედიცინო დახმარება და ვაქცინაცია ესაჭიროება, თითქმის 6 მილიონი კი უსახლკაროდაა დარჩენილი.
დასავლეთი წუხს, მაგრამ ეს წუხილი ევროპის საზღვრებს არ სცდება. სწორედ ამ დუმილის გამო, სწორედ იმის გამო, რომ სირიის სამოქალაქო ომი დაწყებისთანავე ვერ შეჩერდა, თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორი სამ კონტინენტს ერთდროულად მისწვდა. სწორედ უმოქმედობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში 30-წლიანი პაუზის შემდეგ რუსი ჯარისკაცები ჰეგემონიური იდეებით დაბრუნდნენ, სადაც ვლადიმერ პუტინს არაბული ვნებების განხორციელებაში ხელს ვეღარავინ შეუშლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქვეყანას გადარჩენა არ უწერია.