FAO-ს მხარდაჭერით ფერმერები აგროწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნობიან
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერით ქართველი ფერმერებისთვის მომზადდა საინფორმაციო ბროშურები, სადაც დეტალურად არის აღწერილი ცალკეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების და პირუტყვის მოვლა-შენახვის ტექნოლოგიები.
პირველ ეტაპზე ბროშურები მომზადდა კარტოფილის, თხილისა და სიმინდისწარმოების ეფექტურ ტექნოლოგიებზე, ასევე პირუტყვის მოვლის, რძის ჰიგიენისა და პირველადი დამუშავების შესახებ. ბროშურები განკუთვნილია ფერმერებისთვის, ვისაც სურს გაეცნონ მცენარეთა და ცხოველთა მოვლის თანამედროვე მეთოდებს. ბროშურაში დეტალურად არის აღწერილი კულტურების მოყვანის ფაზები. დიდი ყურადღება ეთმობა ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების კვლევასა და წარმოების ტექნოლოგიების გაცნობას და შეიცავს რეკომენდაციებს დაავადებების საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამ ყოველივეს ცოდნა კი ფერმერების მიერ ნაწარმოები პროდუქციის ხარისხხის გაუმჯობესებისა და მოსავლიანობის ზრდის გარანტია.
თითოეული თემატური ბროშურა რამდენიმე ათას ეგზემპლარად დაიბეჭდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში გავრცელდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა კერესელიძე: „ფერმერებს ბროშურები ურიგდებათ ჩვენს საკონსულტაციო ცენტრებში, ასევე საველე გასვლებისა და მუნიციპალიტეტებში შეხვედრების დროს. ცოტა ხნის წინ იუსტიციის სახლის რაიონულ ცენტრებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდები დაიდგა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია აიღოს სასურველი საინფორმაციო მასალა“.
აღნიშნული ბროშურა ინტერაქციულია. რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ მკითხველს შეუძლია შეავსოს კითხვარი, რომელიც ბოლო გვერდზეა მოთავსებული, შეაფასოს განხილული საკითხების სარგებლიანობა და დააბრუნოს ახლომდებარე სასინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოხდება მონაცემების დამუშავება, რაც მათ დაეხმარებათ საკონსულტაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გეგმავს მსგავსი ბროშურების მომზადებას ვაშლისა და მანდარინის წარმოების, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადებების პრევენციისა და ცხვრისა და თხის მოვლა-შენახვის საკითხებზე.
ბროშურების ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია: www.enpard.ge
შეგახსენებთ, რომ ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის - FAO ტექნიკური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გახსნა. 2013 წლიდან მოყოლებული, რაიონების მასშტაბით 54 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი დაარსა, აქედან 9 რეგიონალური ცენტრია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს. FAO - ს ხელშეწყობით მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონსულტანტების გადამზადება და ცენტრების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით 250, 000 ფერმერმა მიიღო საჭირო ინფორმაცია, რაც ფერმერთა საერთო რაოდენობის 30-40%-ია. საგულისხმოა, რომ FAO-ს დახმარებით საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით ფერმერებისთვის გავრცელდა ვიდეო გაკვეთილები მებოცვრეობაზე, რძის რეგლამეტსა და სილოსის მოყვანაზე. ავიდეოები ასევე რუსულ ენაზეც ითარგმნა და სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ფერმერებს დაურიგდა.