ესტონეთი, ქვეყანა- წარმატების მაგალითი
ჩვენი ქვეყნისთვის კარგად ცნობილი ესტონელების მიერ განხორციელებული საგადასახადო რეფორმა, „ესტონური მოდელი“, არ არის ამ ბალტიური ქვეყნის მიერ გატარებული ერთადერთი და იშვიათი წარმატებული პოლიტიკის შედეგი .
კარგი გამგონე ამ პატარა ქვეყნისგან ბევრ სხვა მოდელს შეისწავლიდა, შეაფასებდა და, იქნებ, თავისი ქვეყნის სასიკეთოდაც გამოეყენებინა?! ესტონური წარმატებული პოლიტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით. ჩვენთვის ცნობილია საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის მიერ ესტონური გამოცდილების გაცნობის, შესწავლისა და გაზიარების მცდელობები, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის გამოცდილების უფრო სიღრმისეული შესწავლა და, შემდეგ, ამ ცოდნისა თუ პრაქტიკის ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ და ესტონეთმა პოსტსაბჭოთა პერიოდში ერთდროულად შედგეს ფეხი, არსებობდა მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ გეოპოლიტიკური მოცემულობები, რომლებიც განასხვავებდა ჩვენი და ამ ბალტიური ქვეყნის პოსტსაბჭოთა ასპარეზის სტარტს. ჩვენგან განსხვავებით, ესტონელებმა 1990-იანი წლების განმავლობაში მოახერხეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა. ოთხმოცდაათიანი წლების ჩვენეულ ეკონომიკურ უკუსვლაზე კი ბევრი არაფრის დაწერა არ არის საჭირო, რადგან ეს მძიმე ეკონომიკური, სოციალური სურათი თუ სტატისტიკურად არ წარმოგვიდგენია, დიდი ალბათობით, საკუთარ თავზე მძაფრად გამოგვიცდია. ის ეკონომიკური მიღწევები რაც ესტონელებს დამოუიკიდებლობის მიღებიდან ხუთიოდე წელში ქონდათ, სამწუხაროდ, დღემდე ჩვენთვის ბევრ სეგმენტში მიუღწეველია. მაგალითად, როგორც გრაფიკზე ჩანს, 2015 წელს საქართველოში მ.შ.პ. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 3766.6 ა.შ.შ. დოლარს შეადგენდა, ესტონეთში კი ამ მაკროეკონომიკურმა მაჩვენებელმა ამავე ნიშნულს ჯერ კიდევ 1997 წელს მიაღწია.
წყარო: მსოფლიო ბანკი
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე სახელმწიფო, საქართველო და ესტონეთი, არის საბჭოური იმპერიის ყოფილი რესპუბლიკები, ამ ორი ქვეყნის „მოღვაწეობის“ შედარებითი ანალიზი ჩვენთვის საინტერესოა, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც დღეს ესტონეთი მსოფლიოს ანცვიფრებს მიღწევებით განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა თუ სახელწიფო მმართველობის სფეროში.
ესტონეთმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა და უმალვე დაიწყო აქტიური ზრუნვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის. ეს კურსი კი იყო ურყევი და ამ მიმართულებით მყარმა და ეფექტურმა ნაბიჯებმა მალევე გამოიღო შედეგი: ესტონეთი 2004 წელს ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდა, 2011 წლიდან კი ქვეყანამ უარი თქვა ეროვნულ ვალუტაზე და ის ევროთი ჩაანაცვლა. ესტონეთის შემთხვევაში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ ქვეყანამ ოფიციალური ინტეგრაციის პირველივე წლიდან (2004), მის დამოუკიდებლობის ისტორიაში, განიცადა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2004 წლიდან 2008 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაორმაგდა, კონკრეტულად, 8,850 ა.შ.შ. დოლარიდან 18,094-მდე გაიზარდა.
ესტონეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრესთან დღემდე ინარჩუნებს პრინციპულ პოზიციას და მაქსიმალურად ცდილობს რუსული გავლენის შესუსტებას. ეს პრინციპულობა ნაწილობრივ ესტონეთში მცხოვრებ, რუსეთის გავლენის იარაღად ქცეულ, რუსულენოვან მოსახლეობის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში ვლინდება. ცხადი ფაქტია, რომ, ესტონეთმა, საქართველოსგან განსხვავებით, გაცილებით ხავერდოვნად მოახერხა პოსტსაბჭოური მძიმე ტვირთის ნაწილობრივ ჩამოშორება.
ახლა კი, იმისთვის, რომ ამ შედარებითმა ანალიზმა ისტორიულ ჭრილში არ გადაინაცვლოს, განვიხილოთ ესტონეთში განხორციელებული წარმატებული სახელმწიფო პროგრამები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებაში.
ეკონომიკური რეფორმები, E-ეკონომიკა
ცენტრალიზებული გეგმიური ეკონომიკის რელსებიდან საბაზრო ლიბერალურ ეკონომიკაზე გადასვლა იყო პირველი ეტაპი, რომელსაც, ბუნებრივია, თან სდევდა პრივატიზაციის დიდი მაშტაბები. 2000-იანი წლების დასაწყისში ესტონეთის დაბალმა გადასახადებმა, სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ და მდიდარმა ადამიანურმა რესურსებმა მიმზიდველი პირობები შექმნა უცხოური პირდაპირი თუ პორტფელური ინვესტიციებისთვის.
საგადასახადო რეფორმების უფრო დაწვრილებით განხილვისას აღსაღნიშნავია, რომ ესტონეთში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები 1995 წლიდან გადაიდგა, მოგების გადასახადის (კორპორატიული გადასახადი მოგებაზე) რეფორმა კი 2000 წელს განხორციელდა, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრებოდა გაუნაწილებელი მოგება. ეს მოდელი 2017 წლიდან ჩვენც დავნერგეთ, თუმცა, სავარაუდოა, რომ ამ მოდელისგან ეკონომიკური სარგებლის მიღებას შეაფერხებს არასტაბილური მაკროფაქტორები (არასტაბილური ვალუტის კურსი, პოლიტიკური ციკლები და ა.შ.), რომლებსაც ბიზნესში რეინვესტირების სტიმულის შემცირებისა და უცხოელი ინვესტორების დაფრთხობის პოტენციალი აქვთ. ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით, ესტონეთში პოლიტიკური ციკლები მისსავე რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მცირე რყევებს განიცდის, სავალუტო კურსის სტაბილურობას კი ამ ქვეყანამ ევროს შემოღებით მიაღწია. შესაბამისად, ესტონეთის ეკონომიკასა თუ ბიზნეს სექტორზე ნეგატიური მაკროფაქტორების გავლენა შემცირდა.
2001 წლისთვის ესტონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 75 % კერძო ფირმების მიერ იქმნებოდა. სწორედ ამ კომპანიებმა, სხვა ბალტიისპირა ქვეყნებთან შედარებით, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს შედარებით მცირე ეკონომიკური ზარალი განიცადეს. ამ კუთხით, ესტონეთის ეკონომიკის მდგრადობის მიზეზების შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა, ძირითადად, „დაუბეგრავი რეინვესტირებული მოგება“ (ამ მოდელმა ესტონურ კომპანიებს საშუალება მისცა აქტივები გაეხადათ უფრო ლიკვიდური, შესაბამისად, ესტონური კომპანიები ფინანსურ კრიზისს გაცილებით მედგრად დაუხვდნენ ვიდრე დანარჩენი ბალტიისპირა სახელმწიფოები) და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება სახელდება.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს წამყვან გამოცემებში ხშირად იბეჭდება ესტონეთის „ელექტრონული ეკონომიკის“ შესახებ. მსგავსი აჟიოტაჟი სავსებით გასაგებია, ვინაიდან 1.3 მილიონიანი მოსახლეობით ქვეყანამ განახორციელა მნიშვნელოვანი მიღწევები ინფორმაციულ ტექნოლოგიებში (IT), უფრო ზუსტად, მის დანერგვაში თითოეული ესტონელის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების ყოვლისმომცველმა განვითარებამ კი, თავისთავად, ირიბი ან პირდაპირი ასახვა ჰპოვა ესტონეთის ეკონომიკურ ზრდაზე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში IT, „ციფრული სექტორი“ ესტონეთის ეკონომიკის ყველაზე სრაფად მზარდი სეგმენტებია. მაგალითად, 2005 წლისთვის IT სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 9.3% იყო, 2015 წლისთვის კი ამ მაჩვენებელმა 15%-ს მიაღწია. IT სფეროს განვითარება აისახა ესტონეთის ბიზნეს სექტორის საქმიანობაში, სახელმწიფო მმართველობის სპეციფიკურ მიმართულებებში და, ზოდაგად, თითოეული ეკონომიკური სუბიექტის საქმიანობაზე.
IT სფეროს განვითარება იყო ესტონეთის მთავრობის სტრატეგიული არჩევანი. მაგალითად, ესტონეთის მთავრობამ გაატარა სპეციალური პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც ესტონეთის მოსახლების დაახლოებით 80% ID ბარათების საშუალებით ელექტრონულად ახორციელებს საბანკო ტრანზაქციებს, ელექტრონულად მიუწვდებათ ხელი საჯარო და ფინანსურ საგადასახადო მომსახურეობაზე და, ზოგადად, ელექტრონულად შეუძლიათ მრავალი ტიპის ოფიციალური ხელშეხკრულებების გაფორმება.
ესტონეთი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2014 წელს დანერგა ე.წ. „ელექტრონული მოქალაქეობა“ (E-residency). ამ სტატუსის მქონე პირს, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან ხელი მიუწვდება ისეთ მომსახურეობებზე, რომლებიც აუცილებელია კომპანიის დასაფუძვნებლად და მის სამართავად. „ელექტრონული მოქალაქეობის“ ფარგლებში არაესტონელ პირებს საშუალება მიეცათ ესტონეთის ტერიტორიაზე დისტანციურად დაეფუძვნებინათ და ემართათ კომპანიები თუ ფირმები. მსგავსი მმართველობითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელ ინვესტორებს საშუალება მიეცათ ელექტრონულად განეხორციელებინათ კომპანიის დაფუძვნება, ბანკებთან და საგასახადო ორგანოებთან ურთიერთობა. “ელექტრონული მოქალაქეების” რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 2017 წლის იანვრისთვის დისტანციურად დაფუძვნებული კომპანიების რიცხვმა 1300-ს მიაღწია, ესტონეთში ოპერირებადი კომპანიის მფლობელების და ამ ფირმებში დასაქმებულების ჯამურმა რიცხვმა 5000 ელექტონული მოქალაქე შეადგინა. ესტონეთის 1.3 მილიონიანი მოსახლეობის ფონზე კი ეს სტატისტიკური რიცხვები საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ესტონეთში, ჯერ კიდევ 2001 წლიდან, პოპულარული გახდა ელექტრონული არჩევნების გეგმა, რომელიც IT სექტორის განვითარების იდეით „შეპყრობილი“ მთავრობისგან მოდიოდა. შედეგად, ესტონეთი გახდა მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2005 წელს საპილოტო ადგილობრივი თვითმმართველობის და 2007 წელს საპარლამენტო არჩევნები „ელექტრონულად“ წარმატებით ჩაატარა.
მსგავსი ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი პროცესების გადატანა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოითხოვს მძლავრ კიბერუსაფრთხოებას და ესტონეთმა ამ მიმართულებითაც ეფექტური ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, რუსეთიდან 2007 წლიდან გაზრდილი კიბერთავდასხმების საფრთხის გამო ესტონეთი ყველაზე აქტიურად ჩაერთო ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ერთობლივ კიბერუსაფრთხოების პროგრამაში.
სტარტაპ-ესტონეთი (start-up Estonia)
2015 წლის მონაცემებით ესტონეთი ერთ სულ მოსახლეზე სტარტაპების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ესტონეთში სტარტაპების ბუმს მრავალი ფაქტორი განაპირობებს.მათ შორის უმნიშვნელოვანესია: საგადასახადო გარემო (დაუბეგრავი გაუნაწილებელი მოგება), კომპანიის დარეგისტრირების მარტივი პროცედურა (ინტერნეტის საშუალებით შეზღუდლი პასუხისმგებლობის ტიპის ფირმისა თუ ორგანიზაციის დარეგისტრირება შესაძლებელია ნახევარ საათში), IT სექტორის წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები და სტაბილური ეკონომიკური მაკრო გარემო.
ესტონეთის მთავრობის მიერ ინიცირებული „სტარტაპ-ესტონეთი“ პროგრამა დღემდე წარმატებით ხორციელდება. საბოლოო მონაცემების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში გაერთიანებულია 450 სტარტაპი, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით (145) კომპანიები IT სექტორში მოღვაწეობენ, შემდეგი ყველაზე დიდი ჯგუფები კი ინდუსტრიულ ( 111 კომპანია) და ფინანსურ სექტორშია (34 სტარტაპი) თავმოყრილი.
„სტარტაპ-ესტონეთის“ პროგრამის ფარგლებში სტარტაპებისთვის ხორციელდება:
- მხარდამჭერი მარკეტინგული ღონისძიებები;
- კომპანიების დამფუძვნებლებისა და დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლება;
- ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა;
- ყველა იმ მარეგულირებელი დაბრკოლებების შემცირება, აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის ბიზნესის წამოწყებასა თუ განვითარებას.
გარდა „სტარტაპ-ესტონეთისა“, ესტონეთში არსებობს სტარტაპ-აქსელერატორი კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ დამწყები კომპანიებისთვის სტარტაპ ეკოსისტემის გაუმჯობესებაზე. სტარტაპების დასახმარებლად ესტონეთში არსებობს კომპლექსური მიდგომა და აქტიური ქმედებებიც ხორციელდება.
საქართველო კი ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს დგამს. ინოვაციური ბიზნეს ხელშეწყობის „სტარტაპ საქართველო“ პროგრამას უკვე ყავს მაღალტექნოლოგიური პროფილის 70-მდე კონკურსის გამარჯვებული. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ სააგენტო ეცნობა და სწავლობს ესტონურ გამოცდილებას, რაც კარგი პრაქტიკაა, თუმცა აუცილებელია სტარტაპების წინაშე არსებული პრობლემებისადმი სახელისუფლებო დონეზე ერთიანი მიდგომა და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად აქტიური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, აუცილებელია სამთავრობო ინიციატივით შეიქმნას სტარტაპ-აქსელერატორი ორგანიზაციები თუ კომპანიები, რომლებიც აქტიურად იმუშავებენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ქართული სტარტაპებისთვის.
საბაზისო განათლება
ესტონეთში, ისევ როგორც მთლიანად ევროპის მაშტაბით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტია და, სავარაუდოდ, შემდგომი უახლოესი წლების განმავლობაში ეს დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება.
ესტონელები არ ჯერდებიან მათ ყველაზე ცნობილ „ციფრულ წარმატებას“, Skype”-ს, და უკვე 2012 წლიდან ესტონეთის უმეტეს სკოლაში იწყება პროგრამირების საგნობრივი სწავლება პირველიდან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ამ პროგრამამდე ესტონეთის სკოლებში არსებობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერიმენტული პროგრამები, რომელთა წარმატების შემდეგ მოხდა მათი უფრო ფართომაშტაბიანი დანერგვა. 2015 წელს ესტონეთის სკოლებში სტარტაპების სპეციალური კურსებიც კი ტარდებოდა. და ბოლოს, OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) 2015 წლის საერთაშორისო სტუდენტების (საბაზისო საფეხურზე) ცოდნისა და უნარების კვლევის თანახმად ესტონეთი მსოფლიოს პირველ ხუთეულში შედის, ევროპაში კი პირველ ადგილზეა.
არსებობს სხვა კვლევებიც, რომელიც ესტონეთში განხორციელებული საგანმანათლებლო სასკოლო პროგრამების წარმატებაზე მიუთითებს. ესტონური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მრავალი პროგრამის ერთ-ერთი საერთო მახასიათებელი, სწორედ, „წარმატებაა“. აქედან გამომდინარე, ეს ქვეყანა ჩვენთვის საინტერესო კვლევის ობიექტია.
ჩვენ ვერ ვხედავთ გადაულახავ დაბრკოლებას, რომელიც შეაფერხებს ესტონური გამოცდილების ადაპტირებულ დანერგვას საქართველოს განათლების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციისა თუ სხვა მნიშვნელოვან სექტორებში, ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ გვმართებს ამ ქვეყნის საქმიანობის უფრო სიღრმისეული შესწავლა.
მირიან ეჯიბია (ISET-ის მაგისტრი)