„ჯარა“ - ფილმი ტრადიციულ მეფუტკრეობასა და აჭარაზე
სტუდია EcoFilms-ი ტრადიციული ქართული მეფუტკრეობისა და აჭარის ველური, ხელუხლებელი ბუნების შესახებ 52-წუთიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს. ფილმის მთავარი პერსონაჟი ქართული ფუტკარი იქნება, მოვლენები კი აჭარაში, მაჭახელას ხეობაში, ტყის სიღრმეში ჩადგმულ ტრადიციულ ქართულ სკაში - ჯარაში და მის ირგვლივ განვითარდება.
ფუტკრის მოშინაურებამდე საქართველოში თაფლს ხის ფუღუროში დაბინავებული ველური ფუტკრისგან მოიპოვებდნენ. მოშინაურების შემდეგ მოსახლეობა ფუტკრის ბინად მათი ყოფისთვის ნაცნობ ჭურჭელს - გრძელი მორისგან, ან ხის ანაძრობი დიდი ქერქისგან გაკეთებულ სკას იყენებდა. ასეთ სკას აჭარაში ჯარას (საქართველოს ზოგიერთ ნაწილში კი გეჯას) უწოდებენ.
დოკუმენტური ფილმის სამუშაო სახელწოდებაა "ჯარა". "ჯარა" EcoFilms-ის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება. პირველი დოკუმენტური ფილმი მეცხვარეთა ცხოვრების შესახებ - "გზა" გასულ წელს გამოვიდა.
ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერი ნიკა წიკლაურია.
ნიკა წიკლაური: - ფილმ „ჯარას“ მთავარი მიზანია წარმოვაჩინოთ აჭარა, როგორც ევროპის ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი, სადაც ტრადიციული სოფლის მეურნეობა და ველური ბუნება ჯერ კიდევ ერთად თანაარსებობს. ამისთვის სიმბოლურად ავიღეთ ჯარა - ტრადიციული ქართული სკა. ფილმი სწორედ ამ პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება. გადაღებები იქნება როგორც ფუტკრის სკის შიგნით, ისე მის გარეთ. ფილმის მთავარი გმირები ფუტკართან ერთად მაღალმთიანი აჭარის ფაუნის წარმომადგენლები: დათვი, შველი, როჭო, კავკასიური სალამანდრა და სხვა ცხოველები და ფრინველები იქნებიან. აჭარის რეგიონი სწორედ თავისი ენდემური ფლორით და ფაუნითაა საინტერესო. მაგალითად, აქ ბინადრობს კავკასიური სალამანდრას ქვესახეობა, რომელიც მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება. ფილმის გმირების მეორე ნაწილი კი ადგილობრივი მოსახლეობა და ტყით მოსარგებლე მეფუტკრეები, მენახირეები და ოჯახური სასტუმროების მეპატრონეები იქნებიან. ველური ბუნების პროფესიონალური გადაღება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2014 წელს კავკასიის ველური ბუნების ფონდისთვის გვქონდა გადაღებები აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში.
- რა აუდიტორიაზეა ეს ფილმი გათვლილი?
- ფილმი გათვლილია იმ ხალხზე, ვისაც უყვარს ბუნება და ის წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ნატურალური თაფლის მწარმოებელ და ხელუხლებელი ბუნების მქონე ქვეყანას. "ჯარა" დაეხმარება ქართულ თაფლს ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქტის სახელის დამკვიდრებაში.
ჩვენი ფილმის მაყურებლები იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ მოგზაურობა და მოგზაურობისთვის მუდამ ახალ-ახალ ადგილებს ეძებენ. არის ხალხი, რომელსაც უნდა დასვენება, ველურ, ხელუხლებელ ბუნებაში ყოფნა, მთაში ფეხით სიარული და კვების ნატურალური პროდუქტების მოხმარება. ისინი ამ ფილმის მეშვეობით ნახავენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, იმ ადამიანებს, რომლებთანაც აჭარაში მოგზაურობის დროს ჩასვლა და დარჩენა შეეძლებათ.
ამ ფილმის მეშვეობით უცხოელი ტურისტები მსოფლიოს რუკაზე აღმოაჩენენ საქართველოს. ამჟამად არ არსებობს მსგავსი დოკუმენტური კონტენტი საქართველოს შესახებ. აჭარა არის მტაცებელი ფრინველების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კორიდორი მსოფლიოში, თუმცა, ამის შესახებ საქართველოშიც კი ბევრმა ადამიანმა არაფერი იცის.
ტურიზმი არ არის წასვლა რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, ეს არის წასვლა იმ ადგილზე, რომლის შესახებაც არსებობს რაღაც ისტორია. იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს, საჭიროა ისტორიის მოყოლა. ჩვენ შევქმნით ისტორიას აჭარის შესახებ და თუ შემდეგ ამ ფილმს შესაბამისი დისტრიბუცია და რეკლამაექნება, ის გაზრდის ტურისტულ ნაკადს.
და ბოლოს, არც ქართველ მაყურებელს აწყენს იმის ცოდნა, საქართველოს ფლორის და ფაუნის სახით რა სიმდიდრე გვაქვს - მითოლოგიური წარსულის გარდა ქართველებმა საქართველოს შესახებ თითქმის არაფერი იციან.
- რა ჯდება ფილმის გადაღება და ვინ აფინანსებს მას?
- ფილმის გადაღება დაახლოებით 100 000 $ ჯდება. ფილმისთვის საჭირო დაფინანსების 2/3 მოძიებულია. გადაღებას სამი დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია აფინანსებს. დარჩენილი თანხის ნაწილი მოსაძიებელი გვაქვს.
ფილმის ერთ-ერთი დამფინანსებელი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ( WWF) კავკასიის ოფისია. „ფილმის მთავარი იდეა თანხვედრაშია იმ საქმიანობასთან, რასაც ჩვენი ფონდი ეწევა - რესურსების მდგრადი გამოყენება, ტრადიციული მეურნეობა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. აჭარა ბიომრავალფეროვნების მხრივ გამორჩეული ადგილია არა მხოლოდ საქართველოსა და კავკასიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ ჯგუფის პროფესიონალიზმიც. ჩვენ ვნახეთ EcoFilms-ის წინა ფილმი - „გზა“, რომელიც ძალიან კარგად არის გაადაღებული,“ - ამბობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ( WWF) კავკასიის ოფისიის დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ზაზანაშვილი.
ფილმის გადაღება2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. „ჯარას“ პრემიერა, სავარაუდოდ, 2016 წლის შემოდგომაზე შედგება.
ფილმის ოფიციალური ვებგვერდი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
სტატიაში გამოყენებულია თემო ბარძიმაშვილის ფოტო.