ბოლო ერთი წლის განმავლობაში საინვესტიციო გარემო უცხოელებისათვის გაუარესდა
„საინვესტიციო გარემო საქართველოში არის ნეგატიური“ - ასე აფასებენ ექსპერტები, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში უცხოელებისათვის შექმნილ საინვესტიციო გარემოს. არასახარბიელო საინვესტიციო ვითარება უკვე გამოისახა ციფრებშიც. კერძოდ, 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 18 მილიონი აშშ დოლარით იკლო და 923,3 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2013 წელს ეს რიცხვი 941,9 მილიონ დოლარს შეადგენდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ საქართველოს მთავრობამ არ იზრუნა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, უახლოეს მომავალში, უცხოელი ინვესტორების ძალიან მცირე რაოდენობა დარჩება საქართველოში.
რამ გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება? ამ კითხვაზე ექსპერტებს, ეკონომისტებს და თავად ინვესტორებს რამდენიმე პასუხი აქვთ. ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში არსებულ ვითარებას და რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დაპირისპირებას უკავშირდება, რაც საქართველოზეც აისახა. თუმცა, როგორც გლობალური იურიდიული ფირმის DLA Piper-ის პარტნიორი საქართველოში, თედ ჯონასი ამბობს, ამ ფაქტორების გადაფარვა საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო, რაც არ გააკეთა.
”მთავრობას უნდა ემუშავა ბევრი, რათა დაერწმუნებინა უცხოელი ინვესტორები, რომ მიუხედავად რუსეთთან დაკავშირებული პრობლემებისა და იმ მოსაზრებისა, რომ რეგიონში არც ისე კარგი ეკონომიკური ვითარებაა, საქართველო არის განსხვავებული ადგილი ინვესტიციებისთვის. ვინაიდან ის არის ცენტრალურ აზიასა და ჩინეთთან დამაკავშირებელი კორიდორი. თუმცა, მთავრობამ ამისთვის არაფერი გააკეთა, პირიქით ნეგატიური ნაბიჯები გადადგა“, - აღნიშნა eugeorgia.info-სთან თედ ჯონასმა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტების სერია არის მთავარი მიზეზი იმისა, რამაც ბოლო პერიოდში უცხოელი ინვესტორების საქართველოდან წასვლა გამოიწვია. თუმცა, იურისტები და ექსპერტები შინაარსის გარდა, კანონპროექტების შემუშავების ხანგრძლივ პროცესებსა და არასწორი სიგნალების შესახებაც საუბრობენ.
„მოლოდინი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც შენ ინვესტორი ხარ და არ იცი რა კანონს მიიღებენ, გადაიფიქრებ ინვესტიციის განახორციელებას, ვინაიდან არ იცი რა იქნება მომავალში. ამიტომაც თავიდანვე მთავრობის მხრიდან უნდა იყოს ერთი გაცხადებული კურსი, თავიდანვე უნდა გავიგოთ, საით მივდივართ - ლიბერალური რეგულაციები გვინდა თუ მკაცრი რეგულაციები. ერთი გზავნილი არ მოდის მთავრობისგან, რაც ცუდ გავლენას ახდენს ინვესტორებზე“ - ფიქრობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მონიტორინგის პროექტის ხელმძღვანელი, ლევან ნატროშვილი.
არასწორი სიგნალების გარდა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტები და მიღებული გადაწყვეტილებებია. ასე მაგალითად, 2013 წელს მთავრობამ მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. 2014 წლის 24 ივნისს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი განჩინებით არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნო ეს გადაწყვეტილება. მას შემდეგ დაიწყო კანონის ცვლილებაზე მუშაობა. იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“, თუმცა დარგის ექსპერტების მოსაზრებით, იგი მაინც არახელსაყრელია უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინაიდან ზღუდავს მათ შეიძინონ მიწა საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად. კერძოდ, ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხოელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მემკვიდრეობის გზით აქვს მიღებული; ასევე, თუ უცხოელი იქორწინებს საქართველოს მოქალაქეზე ან გახდება ქართული კომლის წევრი. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა, თუმცა, დამტკიცებული არ არის, ვინაიდან კომიტეტებში აზრთა სხვადასხვაობაა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ თუ ინვესტორი, რომელსაც სურს სოფლის მეურნეობაში ფულის დაბანდება, არჩევანის წინაშე დადგება - ბულგარეთში ჩადოს ფული თუ საქართველოში, ის ამ პირობებში აირჩევს ბულგარეთს, სადაც გაცილებით უფრო მიმზიდველი პირობებია საქართველოსთან შედარებით:
უცხოელებისთვის მიწების გასხვისებაზე მორატორიუმმა და ახალი კანონპროექტის შემუშავებამ არაერთი უცხოელი ფერმერის საქართველოდან გაქცევა გამოიწვია. ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას იხენებს იურისტი დავით კლდიაშვილი:
„სანამ მიწების გასხვისების ახალ კანონს მიიღებდნენ ერთი წლით ადრე დაიწყო მოლაპარაკევევი გურიაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. იყო საუბარი შპს-ის წილის ყიდვაზე. ინვესტორი შპს-ის წილის ნაცვლად იღებდა ვალდებულებას, 1 200 000 ლარამდე ინვესტიცია განეხორციელებინა ჩაის პლანტაციებში. საბოლოოდ მხარეები, რომ შეთანხმდნენ და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაიგეგმა, მოულოდნელად პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უცხოელებზე მიწების გასხვისების შეზღუდვის შესახებ. შედეგად ეს ინვესტიცია არ განხორციელდა”.
მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შედეგად დაზარალდა ირანელი ფერმერი, მორტეზა ღოლამიც. რომელიც საქართველოში 2013 წელს, ჯერ კიდევ მაშინ ჩამოვიდა, როდესაც მიწების შესყიდვაზე პრობლემა არ იყო და ამ მხრივ გარემო უცხოელი ფერმერებისათვის მიმზიდველი იყო. მორტეზამ ოჯახთან ერთად საქართველოში დაიწყო ბიზნესი, გურჯაანში იჯარით აიღო მიწა.
მორტეზა ღოლამი ახლა სამშობლოშია და საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, ამის მიზეზი ამჯერად სავიზო რეჟიმის გამკაცრებაა. მას პრობლემა ექმნება ელექტრონულად ვიზაზე განაცხადის გაკეთების გამოც.
„ახლა ვაგვარებ ვიზის პრობლემას, მაგრამ ახალ ელექტრონულ ვიზებთან დაკავშირებით პრობლემაა. ისინი ითხოვენ აპლიკაციაში ”მასტერ ქარდის” ანგარიშის ნომრის მითითებას, ირანულ ბანკებში კი ”მასტერ ქარდები” დაბლოკილია სანქციების გამო“, - აღნიშნა მორტეზამ.
„ათეულობით შემთხვევაა, როდესაც ადამიანებს გაურვეველი მიზეზების გამო არ აძლევენ ბინადრობის ნებართვას. არის ასეთი შემთხვევებიც, როცა ერთი ოჯახის წევრების ნაწილს აძლევენ ნებართვას, ნაწილს არა. მიზეზად კი ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე მიზეზს ასახელებენ. კერძოდ, იმ პირს რომელიც ითხოვს ნებართვას, აცხადებენ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საშიშ ადამიანად. ამ გადაწყვეტილებას უშიშროების სამსახური იღებს, მაგრამ რა კრიტერიუმებით აფასებენ ადამიანს, ეს ცოტა გაუგებარია“ - ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი.
ბინადრობის ნებართვის არგაცემასთან დაკავშირებით ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც კონკრეტულ მაგალითებზეა საუბარი.
- ლატიჰ ფაკირი მოჰამედ ალარკოკლი – ტურისტული კომპანია Blue Sky LTD-ს მფლობელი, გარდა ამისა ფლობს ტუროპერატორებს სომხეთსა და მალაიზიაში, საქართველოში სხვა უძრავ ქონებას; 10000$-დან 20000$-მდე თანხა ბანკში;
- მანაფ ნოორი ფაიზალ ფაიზალი – სავაჭრო-სატრანსპორტო კომპანია Al Rawasi LTD 50000-60000$ თანხა ბანკში;
- აბდულჰადი აჰმედ აბედ დილამი – ტურისტული კომპანია Al Hadi LTD; სხვა უძრავი ქონება; 10000-20000$ თანხა ბანკში;
- სამირ აბდულა სუჰაილ ალ სუჰაილი – სავაჭრო-სატრანსპორტო კომპანია Barash Honey LTD; 60000-70000$ თანხა ბანკში;
- მოჰამედ ნასარ სალმანი – Babelon Company LTD; 10000-2000$ თანხა ბანკში, ჰყავს ქართველი მეუღლე.
- ნარენდრა სინგჰ კანდჰარი - ინდოეთის მოქალაქე, ინდმეწარმე დღგ-ის გადამხდელი; მისი საქმიანობა გულისხმობს ბათუმში მშენებლობებისთვის პროდუქტის მიწოდებას, ერთი წელია რაც ქვეყანაში იმყოფება. ჰქონდა რეკომენდაცია ორი ქართული კონტრაქტორი კომპანიისგან.
ჩამოთვლილთაგან ყველამ უარი მიიღო ბინადრობის ნებართვაზე“ -წერია დასკვნაში.
ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ პრობლემებზეა საუბარი GRASS-ის დასკვნაშიც:
„ახალმა რეგულაციებმა იმდენად მოუხერხებელი გარემო შექმნა, რომ უცხოელები იძულებული ხდებიან შეამცირონ საქართველოში ვიზიტების რაოდენობა და, შესაბამისად, დახარჯული თანხები და ჩადებული ინვესტიციები”.
ინვესტორები დააფრთხო შრომის ახალმა კოდექსმაც, რომლის მიხედვით, დამსაქმებელს გაურთულდა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა, თუმცა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ფიქრობს, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით უფრო პრობლემური იყო სიგნალები და არა თვითონ კანონი, რომელიც მიიღეს:
„იყო რამდენიმე არსებითი ცვლილება, თუმცა, ისინი არ იყო იმდენად ცუდი, ვიდრე ის რომ მიღების პროცესი გაიწელა, თავიდან პარლამენტში შეიტანეს სხვა ინიციატივა, მერე მთავრობამ დაიწყო ამაზე საუბარი. იუსტიციის სამინისტრომ აიღო ეს თავის თავზე და ეს პროცესი ერთ წელს გაგრძელდა, რაც ცუდი სიგნალი იყო. ვრცელდებოდა ინფორმმაცია, რომ ახლა რაღაც კატასტროფას გააკეთებენ და საერთოდ ვერ გაუშვებ სამსახურიდან ადამიანს, ამ გაურკვევლობამ, რა თქმა უნდა, იქონია ბიზნესზე გავლენა”.
ინვესტორებისთვის პრობლემაა კიდევ ერთი კანონი, ეს არის “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონი, რომელშიც 2013 წლის 29 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დადასტურების ვადა 5 სამუშაო დღიდან 30 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შესახებ ინვესტორები ვალდებული არიან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარადგინონ საქართველოს მთავრობის აუდიტორული დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გასცემს საინვესტიციო ვალდებულების დადასტურების შესახებ წერილს, რომლის საფუძველზეც ინვესტორს შეუძლია უკვე თავისუფლად განკარგოს ეს ქონება მესამე პირებზე, მოიზიდოს პარტნიორები და ა.შ. ვადის 5 სამუშაო დღიდან 30 კალენდარულ დღემდე გადაწევა კი ქმნის პრობლემებს იმ შემთხვევაში თუ ინვესტორს სურს ამ ქონების გაყიდვა ან ახალი პარტნიორების შემოყვანა მოკლე ვადაში. მითუმეტეს, როდესაც 30 კალენდარული დღის ვადასაც არ იცავს სახელმწიფო ქონების სააგენტო. ამას ადასტურებს ჩვენ მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაც. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2012-2014 წლებში სულ 19 საინვესტიციო ვალდებულების დადასტურების დოკუმენტი გაიცა, აქედან 8 შემთხვევაში ინვესტორებს დადასტურების წერილი 30-დღიან ვადაში არ მიუღიათ. ერთ-ერთ შემთხვევაში ინვესტორი აღნიშნული დოკუმენტის მოპოვებას 4 თვე ელოდა. ეს არის სერიოზული შემაფერხებელი გარემოება, ვინაიდან ბიზნესისთვის თითოეული წუთი მნიშნელოვანია. გაწელილი ვადების გარდა, ექსპერტები საუბრობენ ბიუროკრატიულ პროცედურებზეც, რაც ასევე აფერხებს ინვესტორების საქმიანობას.
„ინვესტორმა უნდა დაამტკიცოს რომ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში, ამისთვის მან აუდიტორული დასკვნა უნდა წარადგინოს. თუმცა, ხშირად არის პრობლემები, როცა აუდიტორმა არ იცის რა ფორმით დაწეროს დასკვნა, ვინაიდან არ არსებობს განსაზღვრული ფორმატი. არც ის არის განსაზღვრული რა არის ინვესტიცია. მქონდა ერთი შემთხვევა, როდესაც უცხოელს ჰქონდა კოტეჯები, რომელსაც აქირავებდა, ეს კი მას ინვესტიციად არ ჩაუთვალეს. ცოტა გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ მიიღოს დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ ახორციელებს ინვესტიციებს“ , - აღნიშნავს ლევან ნატროშვილი.
უცხოელი ინვესტორებისათვის ნეგატიური გარემოს შექმნასა და არასასურველი კანონების მომრავლებაზე საუბრობს მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია PUBLICIS HEPTA GEORGIA-ის ხელმძღვანელი, ირინა საკი:
„საქართველოს მთავრობის სიგნალები სამწუხაროდ არ არის პოზიტიური ინვესტორებისთვის. შესაძლოა, ამ კანონებს ჰქონდეს კარგი მიზნები, თუმცა, მათი მიღების და განხორცილების დრო არის არაეფექტური. თუ გადავხედავთ ბოლო ცხრა თვის ისტორიას საქართველოში, კანონებს ძალიან სწრაფად ცვლიან. ისინი იღებენ მოულოდნელ გადაწყვეტილებებს. შედეგად თანდათან უფრო და უფრო სარისკო ხდება ინვესტიციების განხორციელება საქართველოში“.
იმისათვის, რომ გარემო გაუმჯობესდეს, საქართველოში DLA Piper-ის პარტნიორის, თედ ჯონასის აზრით, საჭიროა მთავრობამ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინოს.
„პირველ რიგში მთავრობამ არ უნდა მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც არ იქნება კარგი უცხოელი ინვესტორებისთვის. მეორე რიგში, როგორც მე ვხვდები საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებიდან მათ აქვთ ძალიან დიდი თანხები მიღებული, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის უნდა დაიხარჯოს. თუმცა ისინი ამ თანხებს არ ხარჯავენ, ეს კი ეკონომიკას აზიანებს. და მესამე, მათ უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური სტრატეგია. ეს საჭიროა ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვისაც“, - ამბობს თედ ჯონასი.
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის აზრით კი, თუ ხელისუფლებამ არ გადადგა საჭირო ნაბიჯები ინვესტორების შესაჩერებლად, ის სხვა ქვეყნებს კონკურენციას ვეღარ გაუწევს.
„საქართველო მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით კონკურენციის გაწევას ცდილობს. სხვა ქვეყნების დიდი ნაწილი ამჟამად უფრო მიმზიდველ პირობებს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს, ვიდრე საქართველო“, - აღნიშნავს ფადი ასლი.
თუ რას ფიქრობენ ეკონომიკის სამინისტროში, აქვთ თუ არა მათ შემუშავებული სტრატეგია და იგეგმება თუ არა კონკრეტული ზომების მიღება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ეს ჩვენთვის უცნობია. რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ამ უწყებიდან კითხვებზე პასუხების მიღება ვერ შევძელით.
თამთა ჯიჯავაძე