ევროკავშირში ვაშლზე მეტად მოთხოვნადი ზღმარტლი, ნუში, მსხალი და კაკალია
პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენით" ჩაანაცვლეს. 1 ჰა-ზე სულ მცირე 30-40 ტონა ვაშლს კრეფენ. ყოფილა წლები, როცა 1 ჰა-ზე 80 ტონა მოსავალიც აუღიათ. ბაღს შრომას და ზრუნვას არ აკლებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის სტაბილურად მომგებიან ბიზნესად მაინც ვერ იქცა. გასულ წელს მოწეული ვაშლისდიდი ნაწილიფერმერ ძმებს ისევ გასაყიდი აქვთ - შარშანდელი მოსავლის 80% ისევ სამაცივრე მეურნეობაშია შენახული. "პირველი ხარისხის ერთ კგ ვაშლს 50-60 თეთრად ვყიდით, მაგრამ მაინც არ იყიდება. მოსავალს სრულად თითქმის ვერასოდეს ვყიდით. ხშირად იძულებულები ვართ, რომ მაისში, როცა უკვე ახალი ხილი იწყებს შემოსვლას, ვაშლი წვენებში ჩავაბაროთ, 1 კგ 8-10 თეთრად", - ამბობს პაატა.
გლეხებისა და ფერმერებისთვის საქართველოში მოუსავლიანობაც და ჭარბი მოსავალიც ერთნაირი პრობლემაა.„მყიდველი არ არის. ვაშლს ვერც შიდა ბაზარზე ვყიდით და ვერც მეზობელ ქვეყნებში გაგვაქვს. სომხეთს თვითონ გააქვს ხილი ექსპორტზე. აზერბაიჯანის საბაჟო მათ ქვეყანაში შეტანილ ყოველ 1 კგ ვაშლზე დამატებით 50 თეთრის გადახდას გვთხოვს, რაც ძალიან აძვირებს ჩვენს პროდუქციას და მას არაკონკურენტულს ხდის. ქართული ვაშლი აღარც რუსეთის ბაზარზე იყიდება, ევროპულ პროდუქციას კონკურენციას ვერ ვუწევთ“, - აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში პაატა მოგელაშვილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოში 440 000 ტონაზე მეტი ხილისა და ყურძნის მოსავალი მოვიდა, ამ მოსავლის 97,9% კი წვრილ ოჯახურ მეურნეობებში მოიყვანეს. ყურძნის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით 2013 წელს საქართველოში ციტრუსი (110 000 ტონა), ვაშლი ( 68 000 ტონა), თხილი ( 39000 ტონა) და ატამი ( 23 700) მოიყვანეს.
ატამი ძირითადად კახეთში, გურჯაანისა და თელავის რაიონებში, 4721.20 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. "ვენახი გვქონდა და ყურძენს ვერ ვყიდიდით. სააკაშვილი პრეზიდენტი რომ იყო, ჩამოვიდა და გვითხრა, ვენახი გაკაჭეთ და ატამი ჩაყარეთ, ატამი უფრო შემოსავლიანიაო. მოგვცეს კომპენსაცია. ვენახი ამოვძირკვეთ და ატამი ჩავყარეთ. ვიშრომეთ, მოსავალი მოვიყვანეთ და ახლა მისი გაყიდვა გახდა პრობლემა. 2 წლის წინ მოსავალი ხეებზე გვილპებოდა, რადგან ატმის გასაყიდი ფასი დაკრეფის ხარჯსაც ვერ გვინაზღაურებდა," - ამბობს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ნათელა ყოჩიაშვილი.
2012-2013 წლებში კახეთში ერთი კილოგრამი ვაშლატამას საბითუმო ფასი 5-10 თეთრამდე, ატმის ფასი კი 40 თეთრამდე დაეცა. პროდუქციისგაიაფება ჭარბ მოსავალთან ერთად მეზობელ ქვეყნებში მისი ექსპორტის შემცირებამაც გამოიწვია: იმის გამო, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვარზე 1 კგ ატამზე საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა 2012 წელს 80 თეთრით, 2013 წელს კი 1,12 ლარით განსაზღვრა, აზერბაიჯანელი ექსპორტიორების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. გლეხებმა და ფერმერებმა გასულ წელს ატამი კარგ ფასში, 1 კგ 1-1,5 ლარად გაყიდეს. მიუხედავად ამისა, წლევანდელი მოსავლის დაბინავების პროცესს მაინც შიშით ელიან: „რუსეთის ბაზარზე ხილს თუ ვერ გავიტანთ, მოსავალი ისევ გასაყიდი დაგვრჩება“, - აცხადებს ნათელა ყოჩიაშვილი.
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც შპს ,,ქართული ხილის კომპანიას“ ეკუთვნის, 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის კრედიტი მიიღო, ხილის დამხარისხებელი იტალიური დანადგარები შეიძინა და 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო. საწარმო ხილს გლეხებისგან იბარებს, დახარისხების შემდეგ კი ის ექსპორტზე რუსეთსა და უკრაინაში გააქვს. კომპანიას წელიწადში 5 000 ტონა ხილის გადამუშავება შეუძლია. გასულ წელს უკრაინასა და რუსეთში 1200-მდე ტონა ვაშლი, ვაშლატამა, ატამი, ციტრუსი, ხურმა და კარალიოკი გაიტანეს. კომპანია ქართული ხილის ექსპორტს ევროკავშირშიც აპირებდა, მაგრამ, ჯერჯერობით, ადგილობრივი პროდუქცია ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გაუტანია: "გასულ წელს უფრო მეტი მოგება ხილის რუსეთსა და უკრაინაში გატანით გვრჩებოდა. წლევანდელ სეზონზე რა იქნება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. თუ იქნება იმდენი ხილი, რომ დავაკმაყოფილოთ რუსეთიც, უკრაინაც, მოლდოვაც, ყაზახეთიც და გარკვეული რაოდენობა ევროკავშირისთვისაც დაგვრჩება, მაშინ ევროპის ქვეყნებშიც გავიტანთ. რაც მთავარია, ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს,“- ამბობს „ქართული ხილის კომპანიის“ დამფუძნებელი ლევან ნოზაძე.
რას ითხოვს ევროკავშირი
ევროკავშირი სურსათის, მათ შორის ხილის უვნებლობას მკაცრად აკონტროლებს -მსხვილ სავაჭრო ქსელებსა და ფერმერულ ბაზრობებეზე შეტანილი ხილი პესტიციდების და სასუქების ნარჩენების შემცველობაზე მოწმდება. იმისთვის, რომ ხილი დიდი სუპერმარკეტების დახლზე მოხვდეს, ის GLOBAL GAP-ის სტანდარტით უნდა იყოს მოყვანილი. GLOBAL GAP სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტია და ის აუცილებლად უნდა დაიცვან იმ ფერმერებმა, რომლებიც ხილს, ბოსტნეულს და აკვაკულტურებს აწარმოებენ. სტანდარტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და აკვაპროდუქტის წარმოების სრულ ციკლს - ადგილის შერჩევიდან და ნიადაგის დამუშავებიდან დაწყებული, პროდუქტის დამზადებით, დაფასოებითა და შეფუთვით დამთავრებული. თუ მეურნეობა GLOBAL GAP-ის სტანდარტებს აკმაყოფილებს, ეს ევროპელი მომხმარებლისთვის ნიშნავს იმას, რომ კვების პროდუქტების წარმოება მართლზომიერად ხდება, საზიანო ეკოლოგიური გავლენა და ქიმიკატების გამოყენება კი მინიმუმამდეა დაყვანილი. როგორც www.eugeorgia.info-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ სარეალიზაციოდ განკუთვნილი პროდუქციასურსათის უვნებლობის პარამეტრებს შეესაბამება, მათი ევროკავშირის ბაზარზე დაშვება GLOBAL GAP-ის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ამისთვის ექსპორტიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სურსათში პესტიციდების და სასუქების ნარჩენების რაოდენობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ზღვრულ ოდენობას არ აღემატებოდეს. პესტიციდებზე, სასუქების ნარჩენებსა და მძიმე მეტალებზე ხილის შემოწმებას და ლაბორატორიულ დასკვნას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ითხოვს, რადგან, ევროკავშირის წესები და რეგულაციები საერთოა ყველასთვის. საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული დასკვნა გაცემული უნდა იყოს აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ. საქართველოში პესტიციდების ნარჩენებზე და მძიმე მეტალებზე დასკვნას ლაბორატორია „მულტიტესტი“ გასცემს.
ევროკავშირთან შედარებით რუსეთს ხილის უვნებლობასთან მიმართებაში ბევრად ნაკლები მოთხოვნები აქვს. მაგალითად, რუსეთი არ ითხოვს პესტიციდებისა და სასუქების ნარჩენებზე პროდუქციის შემოწმებას. ამის გამო ექსპორტიორებს ხილის რუსეთში გატანა ურჩევიათ. თუმცა, რუსეთის ბაზარზე, რომელიც ქართული ხილისთვის ბოლო 1 წლის განმავლობაში ერთ-ერთი დიდი საექსპორტო ქვეყანა იყო, გასული წლის ბოლოდან ხილი აღარ გადის.
რუსეთის ბაზარზე შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ექსპორტიორი კომპანია "ფრუტილიას" დამფუძნებელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი. მას რამდენიმე წელია, რაც ქართული ხილი: ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ციტრუსი და ატამიექსპორტზე დსთს ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელორუსში, უკრაინასა და ყაზახეთში გააქვს. გასულ წელს ამ ქვეყნების ჩამონათვალს რუსეთიც დაემატა, მაგრამ წლის ბოლოს იძულებული გახდა რუსეთში ექსპორტი შეეჩერებინაა. "შარშან დაახლოებით 300 ტონა ვაშლი გავიტანეთ საქართველოდან. ექსპორტი დეკემბერში შევაჩერეთ. აზერბაიჯანში ხილი ამ ქვეყნის დისკრიმინაციული საბაჟო პოლიტიკის გამო ვერ შეგვაქვს. უკრაინასა და რუსეთში ექსპორტის შეჩერების მიზეზი კი გრივნას და რუბლის გაუფასურებასთან ერთად ჩვენი პროდუქციის მაღალი ფასი და დაბალი ხარისხია. რუსეთის ბაზარზე ვაშლი მოლდოვას და პოლონეთსაც შეაქვს. პოლონეთში დაფასოებული 1 კგ ვაშლი 30 ევროცენტი ღირს, რუსეთში კი მისი გასაყიდი ფასი 1 კგ-ზე 1 აშშ დოლარია. საქართველოში ფერმერები 1 კგ კარგ ვაშლს 1ლარსგვიფასებენ. ამას შეფუთვის, გადასახადებისა და ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება და საბოლოო ფასი 1 დოლარზე მაღალი გამოდის. ბუნებრივია, ამ პირობებში ქართული ვაშლიკონკურენტუნარიანი ვერ იქნება. ხილი ყაზახეთშიც გაგვაქვს, მაგრამ ხშირად ვერ ვაწვდით იმ რაოდენობის და ხარისხის პროდუქციას, რასაც ითხოვენ. კარგად იყიდება ის ხილი, რომელიც ცოტაა, და ბევრ ქვეყანაში არ მოდის, მაგალითად, ვაშლი "სინაფი", მსხალი "პატარძალა" და შვინდი".
როგორც ბეჟიტაშვილი ამბობს, იმისთვის, რომ ქართული ხილი კონკურენტული იყოს, მეწარმეს მისი მოყვანა რაც შეიძლება იაფი უნდა დაუჯდეს: "გამოსავალი ახალი ჯიშების გაშენებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაშია. პოლონური ვაშლი იმიტომ არის იაფი, რომ იქ 1 ჰა-ზე 70 ტონაზე მეტი ვაშლი მოჰყავთ. სანამ ქართველი ფერმერები დიდ ფართობებზე ხეხილის ახალი, თანამედროვე ჯიშების ბაღებს არ გააშენებენ, თანამედროვე ტექნოლოგიებს არ დანერგავენ და პროდუქციის შენახვის მიზნით სამაცივრე მეურნეობებს არ მოაწყობენ, მანამდე ქართული ხილი არაკონკურენტული იქნება".
ბაზარი და მისი მოთხოვნები
გიორგი მჭედლიძე პროფესით აგრონომია. რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც სპეციალობითაც იმუშავა და ნერგების დამყნობა და გამოყვანა ისწავლა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გორის რაიონის სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ახალი სანერგე მეურნეობა მოაწყო. მეურნეობაში კაკლის, ნუშის, მსხლის, ზღმარტლის, შვინდის და ტყემლის ნერგები გამოჰყავს. "ყველა ეს ხილი ფერმერისთვის მომგებიანია. ვაშლის ნერგები შეგნებულად არ გამოგვყავს. მსოფლიოში ვაშლის ჭარბწარმოებაა. ევროკავშირს საკმარისზე მეტი ვაშლი აქვს. წლების განმავლობაში ქართული ვაშლის ძირითადი ბაზარი რუსეთი იყო. სამხრეთ რუსეთში ვაშლის ისეთი უნიკალური ბაღები გააშენეს, მათი მსგავსი საქართველოში არსად მინახავს. ვაშლის ბაღები საქართველოში საკმარისი რაოდენობით გვაქვს, სწორად თუ მოვუვლით, მოსავალი შიდა ბაზრისთვისაც გვექნება და ქსპორტისთვისაც. მე მოსახლეობას უფრო მოთხოვნად და მომგებიან ხილის ნერგებს ვთავაზობ. ვაშლის მოყვანას სჯობს, ნუში და კაკალი მოვიყვანოთ, გლეხს ის უფრო მეტ მოგებას მისცემს. 2004 წლის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე კაკალზე და ნუშზე მოთხოვნა და ფასი ყოველწლიურად იზრდება. თურქმა ფერმერებმა უკვე აუღეს ალღო ახალ ტენდენციას და კაკლის და ნუშის ახალ ბაღებს აშენებენ".
მჭედლიძე ამბობს, რომ მსოფლიოში ცნობილი კაკლის ჯიშის - ,,ჩანდლერის’’ და ,,ნონპარელისა’’ და ,,პადრე და ბუტეს’’ ჯიშის ნუშის ნერგები გამოჰყავს.
ჩანდლერის ჯიშის კაკალი თეთრი ლებნით, თხელი ნაჭუჭით და მაღალი გამოსავლიანობით გამოირჩევა და მსოფლიოში დიდი მოთხოვნითაც სარგებლობს. მისი კალამი და კვირტი მეწარმეს აშშ-დან შემოაქვს. 1 ჰა-ზე გაშენებული "ჩანდლერის" კაკლის ბაღიდან ფერმერს 4-5 ტონა სუფთა ნიგოზის მიღება შეუძლია. ნერგის ფასი ხელშეკრულების ფორმაზეა დამოკიდებული. კაკალი 15-დან 18 ლარამდე ღირს, ნუში 6-10 ლარი, შინდი - 6-7, მსხალი - 8, ხოლო ტყემალი 4-5 ლარი.
სანერგეში დათვალეს, რომ კაკლის ბაღის გაშენება 1 ჰა-ზე ფერმერს დაახლოებით 10 000 ლარი დაუჯდება. ამ ფასში სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში (რომელიც კონტრაქტის მიხედვით 2 ან 3 წელი გრძელდება) ყოველთვიური კონსულტაციებიც შედის. კოსულტაციების დროს ფერმერებს ხეხილის სწორ მოვლასაც შეასწავლიან. მჭედლიძის თქმით, ხეხილის თანამედროვე ჯიშების უპირატესობა ისიც არის, რომ პირველ მოსავალს დარგვიდან რამდენიმე წელიწადში იძლევიან და საბჭოთა პერიოდის ხეხილთან შედარებით უხვმოსავლიანობითაც გამოირჩევიან. "ჩვენ დავეხმარებით გლეხებს და ბაღს მსხმოიარე მდგომარეობამდე მივაყვანინებთ. ნერგი თვითღირებულებას 3 წელში დაფარავს და გლეხი მე-4 წელს მოგებაზე გავა".
"დანერგე მომავალი"
2015 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროექტი - "დანერგე მომავალი" დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ბაღის გაშენების, ან სანერგე მეურნეობის შექმნის მსურველებს სამინისტრო თანადაფინასებით დაეხმარება: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს პროექტების მართვის სააგენტო დაფარავს. დადგენილია საქართველოს ცალკეულ რეგიონში გასაშენებელი ნერგების სახეობები და თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მოცულობაც. ასე მაგალითად, კახეთში ატმის, ქლიავის, ბალის, ხურმის, ბროწეულის, კაკლის და ნუშის ბაღების გაშენება დაფინანსდება, ატმის ერთ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა კი 3,5 ლარი იქნება. რა კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს გასაშენებელი ხეხილის სახეობები და დგას თუ არა ამ შერჩევის უკან მარკეტინგული გათვლა? როგორც www.eugeorgia.info-ს პროექტების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რეგიონებისთვის მრავალწლოვანი ხეხილის კულტურები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა შეარჩია - ძირითადად იმის მიხედვით, რომელ რეგიონში რომელი ხილი უფრო კარგად მოდის.
"დანერგე მომავალის" განხორციელებაზე 2 წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმედი აქვს, რომ პროექტის შედეგად საქართველოში 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღი გაშენდება და 30 – 40 ახალი სანერგე მეურნეობა შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს შიდა ბაზარზე იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლებას და ამავე დროს გაზრდის საექსპორტო პოტენციალსაც.
შპს „აგრო 1959“-ის დამფუძნებელი გელა ხანიშვილი აცხადებს, რომ "დანერგე მომავალი" სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია: "5 ჰა ფართობის მქონე ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისთვის ხელშეწყობა ნიშნავს იმას, რომ აგრარული სექტორი გლეხური მეურნეობებიდან ფერმერულ მეურნეობაზე გადავა, რაც ძალიან კარგია".
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ პროექტში ჩართვას ბევრი მსხვილი ფერმერი აპირებს. მათ შორის არის „ქართული ხილის კომპანიაც“. www.eugeorgia.info-სთან საუბარში ლევან ნოზაძე აცხადებს, რომ თანამედროვე ბაღის გასაშენებლად მიწის შესყიდვას ვერ ახერხებს: "გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კონტრაქტორებთან ურთიერთობის და სტაბილური ფასის შენარჩუნებისთვის ჩვენი ექსპორტის მინიმუმ 30-40% -ს საკუთარი პროდუქციით უნდა ვავსებდეთ. გვინდა ახალი ბაღი გავაკეთოთ, სადაც სერტიფიცირებულ იტალიურ და ბერძნულ ნერგებს დავრგავთ, თანამედროვე წვეთოვან სისტემას დავაყენებთ და სადაც ყველა მსურველი შეძლებს, რომ ჩამოვიდეს და ნახოს სად, რა პიროებებში მოგვყავს ხილი და როგორ ვუვლით მას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის. კახეთში 150 ჰა-მდე მიწის ყიდვას ვაპირებთ. გვინდა, რომ ხელისუფლებამ მიწა სიმბოლურ ფასად გადამოგვცეს. ეკონომიკის სამინისტროს და ადგილობრივ თვითმართველობას ჯერ კიდევ 5 თვის წინ მივმართეთ, მაგრამ პროცესი ბიუროკრატიული ბარიერების გამო ფერხდება".
„დანერგე მომავალის“ ფარგლებში ხეხილის ახალი ჯიშების გაშენებას პაატა მოგელაშვილიც აპირებს. პაატა მიიჩნევს, რომ სანამ ასქართველოში დიდი ბაღები არ გაშენდება და ფერმერული მეურნეობები ბევრ და ხარისხიან მოსავალს არ მიიღებენ და მანამდე ქართული ხილი ევროკავშირშიც და რუსეთშიც არკონკურენტული იქნება. ფერმერი ფიქრობს, რომ ევროპაში ყველაზე დიდი პერსპექტივა ბიოპროდუქციას აქვს. ამიტომ, 1 ჰა-ზე საცდელი ბიომეურნეობის გაკეთება უკვე დაიწყო.
ფერმერებს იმედი აქვთ, რომ ევროპული მოთხოვნების დანერგვის შემდეგ ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც გაჩნდება. ხილის ახალი ჯიშების გაშენების და ბევრი და ხარისხიანი მოსავლის მიღების შემდეგ კი ახალ ბაზრებზე ექსპორტის პერსპექტივაც გაჩნდება.
სტატისტიკური ინფორმაცია
2013 წელს რუსეთში ექსპორტზე 49 ტონა ვაშლი გავიდა, ყაზახეთში - 372, ხოლო ბელარუსში - 119 ტონა.
2013 წელს საქართველოში 5500 ტონა ვაშლი შემოიტანეს. ყველაზე მეტი ვაშლი საქართველოში ტრადიციულად თურქეთიდან შემოდიოდა. 2013 წელს თურქეთს პირველობა ირანმა ჩამოართვა. მაშინ ირანიდან 4390 ტონა ვაშლი შემოიტანეს, თურქეთიდან კი 625 ტონა ვაშლის იმპორტი განხორციელდა.
მანანა ვარდიაშვილი