ქართულ-პოლონური ბიზნეს-პროექტი საფრთხის წინაშეა

”საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი რეპუტაცია, რომ აქ შეიძლებოდა ბიზნესის კეთება მარტივად, თუმცა, პრაქტიკულად აღმოვაჩინეთ, რომ ეს არც ისე მარტივი ყოფილა”.
კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც არაერთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა, იმისათვის რომ უცხოელ ინვესტორებთან ერთად ბიზნეს-პროექტი განეხორციელებინა შპს ”ჯიველის” მფლობელი, ზურაბ ჭარბაძეა. თითქმის ერთი წლის წინ ჭარბაძემ კახეთის რეგიონში ღვინის ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა. პროექტის განხორციელების მიზნით, მისი დახმარება პოლონელმა ინვესტორმა, იურეკ მარიან ბერძიმ გადაწყვიტა. ჭარბაძემ პოლონელ პარტნიორებთან ერთად ორგანიზაცია გასული წლის ივნისის დასაწყისში დააფუძნა. მათი მიზანი იყო ქარხანა რთველამდე აეშენებინათ იმისათვის, რომ პირველი მოსავლის მიღება იმავე წელს მოესწროთ.
”ჩვენ პოლონელ ინვესტორებთან ხუთწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ამ პერიოდის განმავლობაში მე შევძელი ისინი დამერწმუნებინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ფულის ჩადება. ჩვენი მხარისთვის მევენახეობა და, შესაბამისად, ღვინის ქარხანა ყველაზე აქტუალური იყო. ამიტომაც განვიხილავდით ღვინის ქარხნის მშენებლობას, რომელსაც მიებმებოდა ღვინის ტურიზმი. პროექტის ფარგლებში უნდა აშენებულიყო დიდი სასტუმრო, სადაც შეიძლებოდა არამხოლოდ ტურისტული ჯგუფების შემოყვანა, არამედ სპორტული ღონისძიებების ჩატარებაც. მაგრამ პირველივე დღესვე შეგვექმნა პრობლემა” - ამბობს ჭარბაძე.
ორგანიზაციის დაფუძნებისთანავე ჭარბაძემ თელავის ადგილობრივ ხელისუფლებას ნებართვისთვის მიმართა. ბიზნესმენს სავარაუდო პროექტიც მზად ჰქონდა, თუმცა, მუნიციპალიტეტში მას უთხრეს, რომ მშენებლობის დასაწყებად იმ მიწის კატეგორია უნდა შეეცვალა, სადაც ქარხნის აშენება იგეგმებოდა.
მიწის კატეგორის შეცვლის საკითხს მთავრობა განიხილავს. ადრე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იუსტიციის სახლი იღებდა, თუმცა, ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ პროცედურა შეიცვალა.
დღევანდელი რეგულაციით,მსურველი თავდაპირველად განცხადებით მიმართავს იუსტიციის სახლს, იუსტიციის სახლი კი მას მთავრობას, კერძოდ იუსტიციის სამინისტროს უგზავნის განსახილველად. თუ რა ვადებში განიხილავს მთავრობა მას და რა პროცედურებთანაა დაკავშირებული, ეს უცნობია.
სწორედ ამიტომაც, ზურაბ ჭარბაძეს მოუწია ორი თვე დალოდებოდა კატეგორიის შეცვლას. ლოდინის პერიოდში კი იგი ქარხნის მშენებლობას ვერ ახერხებდა.
”მე საათები და წუთები მქონდა გამოყოფილი ამისთვის და არა თვეები. მივმართე ბიზნესომბუცმენს, ეკონომიკის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, კანცელარიას. პასუხი არცერთგან არ მიმიღია. საჯარო რეესტრის სააგენტომ მითხრა რომ ჩემი განცხადება შეჩერებული იყო, ვინაიდან ის უნდა განეხილათ სამთავრობო სხდომაზე. კანცელარიაში და ეკონომიკის სამინისტროში ჩავედი, იქ ვერავის შევხდი. ძალიან ბევრი ვიაქტიურე და საბოლოო ჯამში კატეგორია შევცვალე ორ თვეში. თუმცა, ეს იყო აგვისტოში და რთველიც მალე დაიწყო. ამ დაბრკოლების გამო შეიქმნა პრობლემა დანარჩენი სხვა სფეროების ინვესტირებასთან დაკავშირებითაც” - აღნიშნა ჭარბაძემ.
მიუხედავად ორთვიანი ლოდინისა, იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ზურაბ ჭარბაძისთვის მიწის კატეგორიის შეცვლის პროცედურა არ გაჭიანურებულა.
“ავთანდილ ჭარბაიძის განცხადება დანიშნულების ცვლილების თაობაზე წარმოდგენილ იქნა 2014 წლის 9 ივნისს, ხოლო საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო 2014 წლის 5 აგვისტოს, რაც მსგავსი ტიპის წარმოებისთვის გონივრული ვადაა და პროცესის გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია” - აღნიშნა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მარიამ სხილაძემ.
ბიზნესმენ ჭარბაძის პრობლემები მიწის კატეგორიის შეცვლით არ ამოწურულა. მომდევნო ეტაპზე შემაფერხებელი ის მორატორიუმი გახდა, რომელიც 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა და რომლის მიხედვითაც უცხოელს არ ჰქონდა უფლება შეეძინა სასოფლო-სამეურნეო მიწები. მართალია მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხოთ და არა იურიდიულ პირებს. მიწები კი ზურაბ ჭარბაძისა და პოლონელი ინვესტორის მიერ დაფუძნებული ერთობლივი ორგანიზაციის საკუთრებაში უნდა გადასულიყო, რაც მორატორიუმის გამო შეუძლებელი იყო, რადგან უცოელი ინვესტორი ამ შემთხვევაში არაპირდაპირ ხდებოდა ქართული მიწის მესაკუთრე.
”ჩემსა და ჩემს პარტნიორს შორის წილები 50-50 პროცენტითაა განაწილებული. შეთანხმება ასეთი გვქონდა, რომ პოლონური მხარე დებდა ფულს და მე უნდა ჩამედო ჩემს კუთვნილებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები, სადაც ვენახები უნდა გაგვეშენებინა. მორატორიუმის გამო მე ჩემი ვალდებულება ვერ შევასრულე. მანამდე ინვესტორი გვაფინანსებდა, თუმცა, ამის შემდეგ ინვესტორმა დაიწყო ფიქრი გაეგრძელებინა დაფინანასება თუ არა. მე თვითონაც უხერხულ სიტუაციში ვიყავი. ადამიანს გარანტია არ ჰქონდა და ფულს დებდა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო. ამიტომაც ვეცადე ჩემი ძალებით მომეძიებინა ფინანსები.” - განაცხადა ბიზნესმენმა.
ზურაბ ჭარბაძემ გადაწყვიტა ამჯერად დაფინანასების თხოვნით ბანკისთვის მიემართა: ”იმ დროისათვის ქარხანა იმ დონეზე იყო აშენებული, რომ ბანკსაც ინტერესი გაუჩნდა დავეფინანსებინეთ. შესაბამისად 150 000 დოლარით დამაფინანსა ”თი-ბი-სი” ბანკმა. მოლაპარაკებული ვიყავით, რომ 600 000 გვჭირდებოდა საერთო ჯამში, რათა სრულად დაგვესრულებინა რაც გვინდოდა. ბანკში მითხრეს, რომ როგორც კი პირველ პროდუქციას გადავტვირთავდი, დანარჩენ 450 000-საც მომცემდნენ. 17 თებერვალს ჩვენ უკვე გავიტანეთ პროდუქციის პირველი პარტია პოლონეთში”.
ამის შემდეგ დაიწყო პრობლემების მესამე ეტაპი. ქვეყანაში შექმნილი ინფლაციის და ეკონომიკური კრიზისის გამო, ბანკმა ზურაბ ჭარბაძეს უარი უთხრა დაფინანსების გაგრძელებაზე.
”17 თებერვლიდან სამი კვირის მერე მითხრეს უარი. არასწორია, როდესაც ბანკს ჩემგან მილიონის უზრუნვეყოფა აქვს უძრავი ქონების სახით და არ რისკავს რომ მომცეს 600 000. ამას გარდა, ჩვენ 400 ტონამდე ღვინო გვაქვს, სულ მცირე 2 ლარად რომ გავყიდოთ 800 000 გამოდის. ეს ხომ სტარტ-აფი არ არის. ჩვენი ბიზნესი მუშა პროცესშია” - აღნიშნა ზურაბ ჭარბაძემ.
გააგრძელებს თუ არა ”თი-ბი-სი” ბანკი ბიზნესმენის დაფინანსებას, ეს უცნობია. როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, თეონა დოლიაშვილმა აღნიშნა, სესხების გაცემა არ შეჩერებულა. თუმცა, ლარის კურსის ცვალებადობის გამო გარკვეულ ბიზნესებს აკვირდებიან: ”ლარის კურსის ცვალებადობის გამო ვაკვირდებით იმ ბიზნესებს, რომლებიც სენსიტიური არიან და შესაძლოა მათი ჯამური მომგებიანობა გაუარესდეს მიკრო და მაკრო ფაქტორების გამო”.
თუ ბანკმა დაფინანსება არ გააგრძელა, ჭარბაძემ არ იცის რას მოიმოქმედებს.
”პოლონელ ინვესტორებს ვაცნობე, რომ ბანკი აღარ მაძლევს თანხას და ეს პროცესი გაიწელა. მე მათ ვთხოვე ჩამოსულყვნენ და ენახათ რომ მე ამ დროის მანძილზე მუშაობა არ შემიჩერებია. ახლა ეს ხალხი დაბრუნდება თავის ქვეყანაში, იფიქრებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება, გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ თუ უარი იქნება, მე ამ წუთში ვერ ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო. ვინაიდან ჩამოსასხმელი ხაზი შეკვეთილი მაქვს, სხვა დანადგარებიც, და კიდევ 30 000 ევრომდე მჭირდება ბოთლი და საცობი რომ შემოვიტანო, თვითონ მშენებლობის დამთავრებისთვის 150 000 ლარამდეა საჭირო. ამიტომ თუ დაფინანსება არ მექნება, ვფიქრობ ეს დიდი ზარალი იქნება ჩემთვის” - ამბობს ჭარბაძე.
რაც შეეხება თავად პოლონელ ინვესტორს, ის შეწუხებულია შექმნილი პრობლემებით. თუმცა, იმის გამო რომ მას დიდხნიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს ქართველ ბიზნესმენთან, საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საბოლოოდ შეწყვეტის გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
”ყველა ინვესტორმა გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მიიღოს, ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური და საბანკო სისტემის ფაქტორები, ასევე, კანონმდებლობის მხრივ არსებული ვითარება. საქართველოს ჰქონდა ძალიან კარგი რეპუტაცია, რომ აქ შეიძლებოდა ბიზნესის კეთება მარტივად, თუმცა, პრაქტიკაში აღმოვაჩინეთ, რომ სინამდვილეში არც ასე მარტივადაა საქმე, ასევე საბანკო სისტემითაც იმედგაცრუბულები დავრჩით. თუმცა, მიუხედავად ამ პრობლემებისა, არ წავედით, ვინაიდან აქ შევხვდით ზურაბს. გაოცებულები ვართ, საქართველოში რამდენი ნიჭიერი ადამიანია, ისინი საქმისთვის ბოლომდე იხარჯებიან ამიტომაც გადავწყვიტე თავდაპირველად ინვესტირება” - გვითხრა ინვესტორმა იურეკ მარიან ბერძიმ.
პოლონელი ინვესტორი აღნიშნავს, რომ პროექტის გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა ფინანასების მოპოვებას შეძლებს ერთობლივი ორგანიზაცია. ზურაბ ჭარბაძე კი ბანკისგან თანხმობის მიღებას და პოლონელი ინვესტორის გადაწყვეტილებას ელოდება.
თამთა ჯიჯავაძე