როდის ჩავანაცვლებთ იმპორტულ პომიდორს ქართულით
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წელს საქართველოში 75 ათასი ტონა პომიდორი მოიყვანეს. ეს ბოლო მონაცემია, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს ამ დროისთვის აქვს და ის წინა წლის მაჩვენებელს 17%–ით აღემატება(2012 წელს– 63,9 ათასი ტონა პომიდორი მოვიდა, 2011 წელს– 61,6 ათასი ტონა, 2010 წელს– 56 ათასი ტონა). ეს მოსავალი არსებულ მოთხოვნას, განსაკუთრებით ზამთარში, ვერ აკმაყოფილებს და ქვეყანაში კვლავაც დიდი ოდენობით იმპორტირებული პომიდორი შემოდის.
რა ოდენობის ბოსტნეულს მოიხმარს ქვეყნის მოსახლეობა, ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. მათ შორის არც ისაა ცნობილი რამდენი პომიდორი და კიტრი სჭირდება ადგილობრივ ბაზარს. მიახლოებითი ციფრის გამოსათვლელად წარმოებას უნდა დაემატოს იმპორტის მონაცემი და გამოაკლდეს ექსპორტი. თუმცა, არც ეს იქნება ზუსტი მონაცემი. მაგ, სტატისტიკის სამსახურის მიერ შინამეურნეობებში დათვლილ პომიდვრის მოცულობაში საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მოხმარებული ბოსტნეული არ შედის.
წელს იანვარ–თებერვალში ქვეყანაში 1,116 მილიონი დოლარის პომდვრის იმპორტი განხორციელდა. 2014 წელს –11,743 მილიონი დოლარის, რაც წინა წელთან შედარებით 22%–ითაა გაზრდილი(2013 წელს 9,588 მილიონი დოლარის, 2012 წელს– 6,835 მილიონი დოლარის). ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია და ამ ქვეყანაში მოყვანილი პომიდორი უწევს კონკურენციას ადგილობრივ წარმოებას, განსაკუთრებით არასეზონურ პერიოდში. თუმცა, გადამწყვეტი აქ ფასია და არა ხარისხი. იმპორტული პომიდორი ქართულთან შედარებით ზოგჯერ 50%–ით იაფია, შესაბამისად მეტი მყიდველი ჰყავს. ადგილობრივი მწარმოებლები ერთ–ერთ მთავარ ხელისშემშლელ პრობლემად სწორედ უცხოური პომიდვრის დაბალ ფასს ასახელებენ. იმპორტი არაკონკურენტული ფასით უტევს სხვა ბოსტნეულსაც –კიტრს, კარტოფილს, ნიორს და სხვა. თუმცა, ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რასაც ადგილობრივი ფერმერები საქმიანობის დროს აწყდებიან.
იაფი იმპორტი
შპს „გეოდერამ“ სასათბურე მეურნეობა წილკანში 2013 წელს 8 ათას კვადრატულ მეტრზე გააშენა. მეურნეობას ირაკლი ნანაძე რუს და ებრაელ პარტნიორებთან ერთობლივად ფლობს. სასათბურე მეურნეობაში ბოსტნეული მოჰყავთ, ძირითადად, ბულგარული წიწაკა, პომიდორი და კიტრი.
ამჟამად მეურნეობაში ჰოლანდიური ჯიშის პომიდორის „პანდაროზას“ მოსავალს ელოდებიან, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გაიტანენ გასაყიდად. როგორც ამბობენ, პომიდვრის უმეტეს ნაწილს „კარფურის“ ქსელში შეიტანენ. ნაწილი კი მარკეტებში გადანაწილდება. იმ პერიოდისთვის ბაზარზე არსებული ფასების შესაბამისად განსაზღვრავენ. ღირებულება მაქსიმალური იქნება, რადგან ქართული პომიდვრის მოყვანა ძვირი უჯდებათ.
შპს „გეოდერას“ დირექტორი სოსო მირზიაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი მწარმოებლები დიდი ხანია იმპორტირებული ბოსტნეულის ვარგისიანობის შემოწმებას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.
„პომიდვრის მოყვანა ჩვენ ძვირი გვიჯდება, შესაბამისად მეტ ფასს ვადებთ. ხალხს საშუალება არ აქვს და ისევ თურქულს ყიდულობს, რომელიც უხარისხოა და პესტიციდებით გაჯერებული. რა შემოდის ქვეყანაში, ამის კონტროლი არ ხდება. რომ შეეემოწმებინათ, გამოჩნდებოდა რა შემოდის და ვის როგორი პროდუქტი მოჰყავს. მაგრამ ამას ყურადღება არ ექცევა. თურქული პომიდვრით ჩოგბურთი შეგიძლია ითამაშო და არ დაზიანდეს. შუაზე რომ გაჭრი, შიგნით თეთრი და უხეშია, ან მწვანეა, ეს პესტიციდების სიჭარბეს აჩვენებს. ჩვენ სასუქს ეკონომიურად ვიყენებთ, ნიადაგში მის დონეს სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით ვზომავთ. ადგილობრივ მეწარმეებს გვინდოდა ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა, დიდი რაოდენობით პომიდორი ერთობლივად შეგვეტანა ბაზარზე, ფასი შეთანხმებულად დაგვეწია და დემპინგური ფასით გაგვეძევებინა იმპორტული პროდუქტი, მაგრამ არ მოხერხდა. ერთობლივი მოქმედება არ გამოგვივიდა. ჩვენი პომიდორი თხელკანიანია და ტრანსპორტირებას ვერ უძლებს, ეს ხარჯებს გვიზრდის, მაგრამ ხარისხზე ვმუშაობთ და არა რაოდენობაზე, ამიტომ ისევ ძვირიანის მოყვანას ვამჯობინებთ. მაღალი ფასის გამო საქართველოში მოყვანილ პომიდორს მხოლოდ მაღალმსყიდველუნარიანი მომხმარებელი იძენს. ამიტომ იმპორტს ჯერჯერობით ვერ ჩავანაცვლებთ, რადგან პომიდორი საკმარისი რაოდენობით არ მოდის, მით უმეტეს ზამთრის სეზონზე. მაგრამ ახლა სათბურების გაფართოება დავიწყეთ, იაფი აგროსესხი ავიღეთ, წლიურად 1%–ის გადახდა გვიწევს, რაც ძალიან დიდი შეღავათია. თანაც ჩვენ მოსავალზე მორგებული გადახდის გრაფიკი გვაქვს, თანხას მოსავლის მიღების დროს ვიხდით, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელია. რამდენიმე წელიწადში იმედი მაქვს, რომ იმპორტული პომიდვრის დიდწილად ჩანაცვლებას შევძლებთ.“,– ამბობს შპს „გეოდერას“ დირექტორი.
საწარმოში ამბობენ, რომ ჯერჯერობით ადგილობრივი ბაზარის უზრუნველყოფაზე მუშაობენ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ, როცა მოსავლიანობა გაიზრდება, ბოსტნეული ექსპორტზეც გაიტანონ. საორიენტაციო ბაზარი რუსეთი იქნება, რომელიც ტერიტორიულად ახლოსაა და მათთვის ტრანსპორტირება გაუიოლდებათ. საწარმოს შემოთავაზებები აქვს ევროპიდანაც.
„ფერადი ბულგარული წიწაკა შარშან, ჰოლანდიიდან შემოტანილი თესლით მოვიყვანეთ. ხარისხიანი მოსავალი როცა ნახეს, ჰოლანდიელებს ისე მოეწონათ, რომ გვთხოვდნენ გაგვეგზავნა. მაგრამ ვერ შევძელით, რადგან მცირე რაოდენობით იყო. მათ კი რეგულარული მიწოდება სჭირდებათ. სამომავლოთ ამ საკითხზეც ვიმუშავებთ“,– ამბობს სოსო მირზიაშვილი.
იმპორტი ავიწროვებს საქართველოში მოყვანილ კიტრსაც. შპს „ვიდი–კაპიტალის“ სასათბურე მეურნეობის დირექტორი ოთარ ფხაკაძე ამბობს, რომ თურქული შეტევისთვის რომ გაეძლო, ე.წ. შუშა კიტრის მოყვანა დაიწყო, რომელიც უფრო მაღალ საფასო სეგმენტშია, მაგრამ იაფფასიანი იმპორტული კიტრი მომხმარებელს მაინც ართმევს.
„თურქეთიდან კიტრი ზამთრის სეზონზეც ზოგჯერ ბაზარზე ძალიან დაბალ ფასად შემოაქვთ, კილოგრამი 80–90 თეთრად, თავიანთი ნიშა რომ დაიკავონ. ადგილობრივი მომხმარებელიც იძულებულია ისევ უხარისხო თურქული იყიდოს, რომელიც ქართულთან გემოვნური თვისებებით ახლოსაც ვერ მივა. ამ მწვავე კონკურენციის გამო შუშა–კიტრის მოყვანაზე გადვერთეთ, რომელიც პრემიუმ სეგმენტის სახეობად ითვლება. მისი რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს, რადგან ასეთი კიტრი ქვეყანაში არ შემოდის“, – ამბობს ოთარ ფხაკაძე.
სათბური ხობში 3 წელია მუშაობს და კიტრი, მწვანილი და სალათი მოჰყავთ. სათბური 0,5 ჰექტარზეა განლაგებული. მას ბუნებრივი თერმული წყლებით ათბობენ. კვადრატულ მეტრზე 10–11 კილოგრამს კრეფენ, რაც საქართველოს პირობებში კარგ მოსავლად ითვლება. ფერმერს პროდუქტის 99% აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად თბილისში მოაქვს. ნაწილი საკოლმეურნეო ბაზარში შედის და შემდეგ მარკეტებში ნაწილდება. ნაწილი კი „კარფურის“ ქსელში იყიდება.
საქართველო–თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს, რაც ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობასა და იმპორტზე შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს გულისხმობს. ასეთ რეჟიმს ქვეყნები დეფიციტის თავიდან აცილების და ტარიფების დარეგულირების მიზნით მიმართავენ.
თურქეთიდან იმპორტირებულ პომიდორზე ნოემბრიდან მაისამდე ნულოვანი საბაჟო განაკვეთი მოქმედებს. ხოლო როცა საქართველოში ადგილობრივი პომიდორი შემოდის, იმპორტი12%–იანი საბაჟო განაკვეთით იბეგრება.
2012 წელს თურქეთიდან 10,444 ათასი ტონა, 2013 წელს– 14,3 ათასი ტონა, 2014 წელს– 19,45 ათასი ტონა პომიდორი შემოვიდა(მთლიანი იმპორტის 26%. იმპორტის მოცულობით მეორე და მესამე ადგილს სომხეთი და ირანი იკავებს). საქართველოდან თურქეთში პომიდვრის იმპორტი არ ხორციელდება. ამასთან, თურქეთს საქართველოდან პომიდვრის შეტანაზე ქვოტა აქვს დაწესებული– წელიწადში 600 ტონის ოდენობით.
რაც შეეხება ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ბოსტნეულის უვნებლობის კონტროლს, სურსათის ეროვნული სააგენტო შემოწმებას ყოველწლიურად შემთხვევითი შერჩევის გზით ახორციელებს. 2014 წელს სხვა ბოსტნეულთან ერთად პომიდორიც შემოწმდა. დარღვევები არ აღმოჩენილა და პესტიციდების შემცველობას ზღვრული ნორმებისთვის არ გადაუჭარბებია. თუმცა, იმპორტირებული იყო თუ არა შემოწმებული პომიდორი, უცნობია. სააგენტო მონაცემებში მწარმოებელს არ აკონკრეტებს. პროდუქციის წარმომავლობის გარკვევა იმ შემთხვევაში ხდება, თუ ამა თუ იმ პროდუქტში დარღვევა გამოვლინდა.
დაუგეგმავი მოსავალი
რა მოსავალს შეიძლება ველოდოთ ქვეყანაში, რამდენია პომიდორი, კიტრი, ხახვი თუ ჭარხალი, არავინ ითვლის. შესაბამისად ფერმერი წინა წელს მიღებული მოსავლის ოდენობით და ფასებით ხელმძღვანელობს. ხშირად ამის საფუძველზე ირჩევს რომელი ბოსტნეული მოიყვანოს.
ამის გამო წელს ბაზარზე პომიდვრის დეფიციტი შეიქმნა. როგორც ფერმერები ამბობენ, შარშან პომიდორს დაბალი ფასი ჰქონდა, ამიტომ ბევრმა ის შემოდგომაზე სათბურებში აღარ მოიყვანა.
„2013 წელს კიტრს კარგი ფასი ჰქონდა, ამიტომ 2014 წლის ოქტომბერ–ნოემბერში, როცა მოსავლის დაგეგმვა დაიწყეს, კიტრის დარგვა გადაწყდა. ფერმერებმაც სათბურებში მასობრივად კიტრი დათესეს. ასეთი ტენდენციაა წელს ყველგან– დასავლეთშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც. ამის მიზეზი ინფორმაციის დეფიციტია. ფერმერებმა არ იციან, რომელი კულტურა და რა ოდენობით მოიწიონ. ერთ წელს შეხედავენ კიტრი კარგად იყიდება, იმას დათესავენ. მეორე წელს ჭარბი ოდენობით მოვიდა, ფასი დავარდება, მომდევნო წელს დაანებებენ თავს მას და სხვას დათესავენ და ა.შ. გაისად ჩვენც ისევ კიტრის დათესვას ვაპირებთ. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ფერმერების უმრავლესობა ისევ პომიდორს მიუბრუნდება, კიტრს შედარებით ცოტა მოიყვანს და მაღალი ფასი ექნება“, ამბობს ოთარ ფხაკაძე.
„პირველ წელს ჰოლანდიური კიტრი „ევოლუცია“ დავთესეთ. გაზაფხულზე კარგი მოსავალი მოგვცა. მაგრამ იმ წელს ბევრმა დათესა, ბევრიც შემოიტანეს და ამის გამო ისეთი მომგებიანი არ აღმოჩნდა, კიტრის ნათესები შევამცირეთ და პომიდორით ჩავანაცვლეთ“, ამბობენ „გეოდერაში“.
ინფორმაცია, რა ოდენობის მოსავალი მოვა ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთი წლით ადრე არ აქვს. უწყებაში მხოლოდ უკვე დათესილი ფართობებიდან მისაღები მოსავლის შესახებ აგროვებენ ინფორმაციას და ისიც რამდენიმე სახეობის პროდუქტზე. როგორც სამინისტროში ამბობენ, ამა თუ იმ პროდუქტზე მოსალოდნელი მოთხოვნისა და ფასების შესახებ კვლევებს, როგორც წესი, მსხვილი ფერმერები თავად აკეთებენ.
ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი ფატი მამარდაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა ატარებდეს ფასების მონიტორინგს, რომ რამოდენიმე წლის მონაცემებზე დაყრდნობით ფასებზე პროგნოზის გაკეთება იყოს შესაძლებელი. ამას თან უნდა ახლდეს მოვაჭრეების და ბაზრის სხვა მონაწილეების ხშირი გამოკითხვები, რათა ზუსტი ანალიზი და პროგნოზი გაკეთდეს.
„ფერმერები ხშირად ეყრდნობიან წინა წლის გამოცდილებას: თუ ფასი მაღალი იყო, მაშინ მეტს დარგავენ, რაც შემდეგ წელს ფასს დააგდებს. ამ შემცირებულ ფასზე დაყრდნობით, მომდევნო წელს ნაკლებს დარგავენ, რაც ფასს ისევ გაზრდის. განსაზღვრული პერიოდი შემდეგ მოსალოდნელი არის რომ ფერმერის ცდომილება (განსხვავება მის მიერ პროგნოზირებულ ფასსა და რეალურს შორის) თანდათან შემცირდება და პროგნოზირებული და რეალური ფასები ერთმანეთს დაუახლოვდება. თუმცა თუ ამ მოდელის არასტაბილურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მაშინ ეს ცდომილება პირიქით შეიძლება გაიზარდოს კიდეც.
აუცილებელია, რომ საინფორმაცი-საკონსულტაციო ცენტრებმა ფერმერებს მიაწოდონ საჭირო ცონდა და ინფორმაცია: თუნდაც ის, რომ ერთი წლის ფასზე დაყრდნობით არ შეიძლება პროდუქციის დაგეგმვა. მოსალოდნელი მოსავლისა და ფასების პროგნოზირებას ბევრ ქვეყანაში გამოიყენებენ და ფერმერებისათვის ამ კონსულტაციის გაწევა ანალიზებზე დაყრდნობით ხდება“, ამბობს ფატი მამარდაშვილი.
სათესლე მასალის პრობლემა
ჰოლანდიური ჯიშის „პანდაროზა“ წილკანში შარშან პირველად დათესეს. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. პომიდორს 6 თვის განმავლობაში უნდა ჰქონოდა ნაყოფი, მაგრამ მოსავალი მხოლოდ 3 თვეს ჰქონდა. „პანდოზა“ ზამთარში გაფუჭდა და მოსავალი აღარ მოისხა. კომპანიაში ამის მიზეზად არასწორად შერჩეულ სათესლე მასალას ასახელებენ.
„კარგი თესლი არ მოგვაწოდეს ან მომწოდებელმა გააბუქა ამ ჯიშის შესაძლებლობები. ასეც ხდება, რომ თესლის შემომტანი ფირმები არ ფლობენ ინფორმაციას ბოსტნეულის სახეობების შესახებ, არ იციან როგორ პირობებში ხარობს და იძლევა ნაყოფს ან უხარისხო თესლს ყიდიან. რაც ლარი გაუფასურდა, მას შემდეგ ბევრმა ფირმამ კიდევ უფრო იაფფასიანი თესლის იმპორტი დაიწყო. მაისიდან პომიდვრის ხელახლა დათესვას დავიწყებთ და გვინდა 3–თვიანი ჯიში შევარჩიოთ. აგვისტოში ვაპირებთ სხვა ჯიშებიც მოვსინჯოთ, რომელიც ზამთრის პირობებშიც მოისხამს ნაყოფს. გამოდის, რომ ექსპერიმენტებს ვატარებთ, მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიეთ, რომ სასურველი სახეობები ვიპოვოთ“,– ამბობენ „გეოდერაში“.
ძვირი ენერგომატარებლები
სასათბურე მეურნეობების ხარჯი დიდწილად ბუნებრივი აირის მაღალი ტარიფია. წილკნის სასათბურე მეურნეობა კუბ.მეტრ აირში 83 თეთრს იხდის.
„შარშან ბუნებრივი აირში 112 ათასი ლარი გადავიხადეთ. ენერგომატარებლებზე დაბალი ფასის პირობებში ჩვენი წარმოება გაცილებით დიდი იქნებოდა. ახლა გადავწყვიტეთ სათბური გავაფართოვოთ, მაისში ფართს 8 ათას კვადრატულ მეტრს კიდევ მივუმატებთ და ქვანახშირით გვინდა გავათბოთ. ბევრმა სათბურმა დაიწყო ქვანახშირის ღუმელების გამოყენება, რადგან ბუნებრივ აირთან შედარებით დაახლოებით 20%–ით იაფი ჯდება. თურქეთში შევუკვეთეთ ქვანახშირის გამათბობელი, რომელიც ერთ ჰექტარს გაგვითბობს. ეს გამოსავალი მოვნახეთ“, ამბობს „გეოდერას“ დირექტორი.
პრობლემების მიუხედავად სასათბურე მეურნეობები მომგებიანი ბიზნესია. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე დიდი მეურნეობის მშენებლობა დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ წარმოება მომავალი წლისთვის მოიმატებს და დროთა განმავლობაში ბოსტნეულის ადგილობრივი მწარმოებლები იმპორტის მეტი წილის ჩაანაცვლებას შეძლებენ.
ნონა ქვლივიძე