თანამედროვე ცოდნის მიღება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთადერთი გამოსავალია
„საკონსულტაციო ცენტრებში თანამედროვე ფერმერობისთვის საჭირო ცოდნა პრაქტიკულად არ არსებობს“
როგორი უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურა და როგორ უნდა იყოს მასში ფუნქციები გადანაწილებული ისე, რომ კონკრეტულ დარგს თუ მიმართულებას ეფექტიანი მენეჯემნტი ჰქონდეს. eugeorgia.info დარგის რამდენიმე ექსპერტს ესაუბრა. ინფორაცია, რომელიც მათ გაგვიზიარეს იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ სამინისტროს ფუნქციები განახლებას და ზოგ შემთევავაში გარდაქმნას მოითხოვს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეფრინველეობის მიმართულებით კონტაქტი არც ერთ დეპარტამენტთან არ გვაქვს. ჩვენი დარგის საშუალო ფერმერს სახელმწიფოსთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. 5 ათასამდე მეფრინველე ფერმერმა სამინისტრო სად არის საერთოდ არ იცის. სამინისტროში რომ იკითხო დაახლოებით რამდენი მეფრინველეა ქვეყანაში, ვერც ისინი გაგცემენ პასუხს, რადგან დარგს საერთოდ არ იცნობენ“,- ამბობს მეფრინველოების საწარმო შპს „როსტერის“ დამფუძნებელი როსტომ პაპიძე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში სამინისტროს ამოცანები მკაფიოდ განსაზღვრულია. პირველ რიგში უწყება ვალდებულია, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების სტარატეგია ჰქონდეს, რაზე დაყრდნობითაც აგრარული რეფორემები უნდა განხორციელდეს. საბოლოო ჯამში, სამინისტროს უმთავრეს მიზანს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის გადამუშავებისა და სურსათის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.
სამინისტროში სულ 9 დეპარტამენტია: სოფლის მეურნეობის და სურსათის, ადმინისტრაციული, იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, საფინანსო ეკონომიკური, მელიორაციის პოლიტიკის, პოლიტიკისა და ანალიტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. საქართველოს მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული სოფლის მეურნეობის განვითარება სწორედ ამ სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით უნდა მოხდეს.
„ასოციაცია მომავლის ფერმერი“- ს თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ სტრუქტურული მოწყობით ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა იმიტომ, რომ არ არის კომპეტენტური პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს კონკრეტული მიმართულება. ყველას ყველაფერი ევალება, მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხისმგებელი არავინაა. სამინისტროში მხოლოდ სამი დარგობრივი დეპარტამენტია, დანარჩენი კი მხარდამჭერი და სერვისების გამტარებელია. დიდი ბრიტანეთის მაგალითს თუ განვიხილავთ, იქ 8 დეპარტამენტიდან მხოლოდ ერთი მუშაობს მხარდამჭერ საკითხებზე, ყველა დანარჩენი კი პროფილურია და კონცენტრირებულია ძირითად ფუნქციებზე. ლიტვაში სოფლის მეურნეობის კონკრეტული დარგების მიხედვით არის დეპარტამენტები დაყოფილი. თქვენ წარმოიდგინეთ იქ მეთევზეობის დეპარტამენტიც კი ცალკე აქვთ“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლა ISET-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ ლივნი აცხადებს, რომ „დეპარტამენტების სტრუქტურაზე მეტად მნიშვნელოვანი მათი სწორად მუშაობაა. ერთ-ერთი, რაც საქართველოს ნამდვილად შეუძლია მაგალითად, ისრაელის გამოცდილებიდან ისწავლოს, ეს არის ექსპორტის ხელშეწყობა. ისრაელში ყვავილების პატარა მეურნეობაში ვმუშაობდი. დილით მივდიოდი, ვჭრიდი ყვავილებს, ვაწყობდი თაიგულებად, შემდეგ ვდებდი მაცივარში და როდესაც 50 თაიგულს მოვაგროვებდი, ვრეკავდი კომპანიაში, რომელიც სახელმწიფომ ექსპორტის მხარდასაჭერად შექმნა. საღამოს დიდი სამაცივრე ავტომობილი მოდიოდა, ეს ჩემი 50 თაიგული მიჰქონდა აერპორტში, საიდანაც სხვა ფერმერების მიერ გაკეთებულ 5 ათას თაიგულთან ერთად იგზავნებოდა ამსტრედამში მსოფლიოს ყველაზე დიდ ყვავილების ბაზარში. ეს კომპანია ყვავილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებდა , გაჰქონდა ამსეტრდამში, იღებდა ფულს და შემდეგ თითოეულ ფერმერს უნაწილებდა ყვავილების რაოდენობის მიხედვით. ისეთ მცირე ფერმერს, როგორიც მე ვიყავი, დამოუკიდებლად ამსტერდამის ბაზარზე შესვლა არ შემეძლო სწორედ ამიტომ შეიქმნა ექსპორტის ხელშესაწყობად სახელმწიფო კომპანია. საქართველოში ასეთი კომპანია არ არსებობს“.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი რომან კაკულია 1997- 2005 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. კაკულია იხსენებს, რომ სამსახურეობრივი ვიზიტის ფარგლებში 2003 წელს ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობის სპეციფიკის გაცნობის საშუალება მიეცა: „იქ სოფლის მეურნეობაში 2000 თანამშრომელი მუშაობდა. აქიდან 1000 ადამიანი სხვადასხვა დარგის მეცნიერი იყო. ეს მეცნიერები ყველგან დადიოდნენ და პროდუქტების წარმოებას აკვირდებოდნენ. ამის შემდეგ კი ფერმერებს წარმოების უკეთეს მეთოდებს ასწავლიდნენ. ამას ყველაფერს უფასოდ აკეთებენ. ამას გარდა, ბროშურებს უტოვებდნენ, სადაც ახალი ტექნოლოგიები დეტალურად იყო აღწერილი. ეს მეცნიერები განმეორებით მიდიოდნენ იგივე ფერმერებთან და წარმოების გაუმჯობესების დინამიკას აანალიზებდნენ. იქ არ ელოდებიან, ფერმერი კონსულტაციაზე როდის მივა. დარგის სპეციალისტი თვითონ მიდის ფერმერთან და თავში "უტენის" იმ ინფორმაციას, რაც წარმოების გასაუმჯობესებლად აუცილებელია“.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერებისთვის კვალიფიციური ინფორმაციის მისაწოდებლად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სულ 54 საკონსულტაციო ცენტრი აქვს.
„საკონსულტაციო ცენტრების პირდაპირი მოვალეობაა შეაგროვონ და გასცენ სრულყოფილი ინფორმაცია ადგილებზე და კვალიფიციური კონსულტაცია მიაწოდონ ფერმერებს, თუმცა სრულყოფილი კონსულტაციები ჩვენს ქვეყანაში სამეცნიერო კვლევით ცენტრებშიც ვერ გაიცემა და მუნიციპალიტეტების დონეზე ექსტენციის ცენტრებში ეს მითუმეტეს წარმოუდგენელია. საკონსულტაციო ცენტრებში თანამედროვე ფერმერობისთვის საჭირო ცოდნა პრაქტიკულად არ არსებობს, რაღაც დონის ინფორმაციას აწვდიან, მაგრამ სანდო კონსულტაციის გაცემა მათ უბრალოდ არ შეუძლიათ“, - ამბობს ISET-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი.
სოფლის მეურნეობის განვითარებაზე პასუხისმგებელ სამინისტროს დამკვირვებლის როლი კი არ უნდა ჰქონდეს, პროცესესების აქტიური მონაწილე უნდა იყოს აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი „იაპონიაში დარგების შესაბამისად შექმნილია დივიზიონები, რომლებშიც სპეციალისტებთან ერთად წარმატებული ფერმერებიც შედიან. მაგალითად ისრაელში არის სოფლის მეურნეობის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფერმერებს ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდაში ეხმარება. იქ არსებობს ექსტენციის მოდულები და ფერმერი პირდაპირ ამ გამზადებულ მოდულს ნერგავს. ინოვაციები სახელმწიფო სტრუქტურაში უნდა იხარშებოდეს. საბოლოოდ ფერმერებმა ეს ტექნოლოგიები თავად უნდა დანერგონ, მაგრამ ძირითადად ამ ყველაფრის გამტარი სახელმწიფო უნდა იყოს. ეს არის ისეთი საზოგადო სიკეთე, რასაც ვერც კერძო ერთეული კომპანიები შექმნიან და ვერც კერძო ფერმერები. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამაზე პასუხისმგებელობა არავის აკისრია“.
ერიკ ლივნის აზრით, ფერმერებს საკონსულტაციო ცენტრებში მიღებულ ცოდნაზე მეტად კერძო სექტორთან თანამშრომლობა გამოადგებათ: „სოფლის მეურნეობისთვის კერძო სექტორის ექპერტიზის ჩართვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ექსტენციის ცენტრები კარგია, მაგრამ ისინი კერძო სექტორთან ერთად უნდა მუშაობდნენ. კერძო სექტორი გჭირდებათ, ვინც ამ პროდუქციას ყიდულობს. მაგალითად, ერთის მხრივ, გყავთ კარტოფილის მწარმოებლები, მეორე მხრივ არსებობს ჩიპსების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც ნებისმიერი კი არა, არამედ სპეციფიკური სახის კარტოფილი სჭირდება. ამ კომპანიის მეპატრონემ ფერმერებს ან კოოპერატივებს უნდა ასწავლოს რა სახის კარტოფილი როგორ მოიყვანოს და მერე მათგან ამ კარტოფილს თვითონ იყიდს. მან ზუსტად იცის, რაც სჭირდება, იცნობს ტექნოლოგიას, ასევე ეს კერძო სექტორის წარმომადგენელი დაინტერესბული და მოტივირებულია ამ ფერმერებისგან კარგი ხარისხის პროდუქცია მიიღოს “.
ისრაელის ღია უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ეკონომისტი რეზო ხაჟომია მიიჩნევს, რომ ურთულესი სასტარტო პირობების დაძლევა მთავრობის დახმარების გარდა თვითორგანიზებულობითაცაა შესაძლებელი. მისი თქმით, ისრაელის სოფლის მეურნეობის წამატება ამის საუკეთესო მაგალითია: „ურთულესმა პირობებმა საბოლოოდ გაწვრთნა და გამოწრთო ის ადამიანური რესურსი და ეროვნული ხერხემალი, რასაც ეყრდნობა დღევანდელი ისრაელის სახელმწიფო. რაც შეეხება კონკრეტულად სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძვლებს, დიდი წვლილი ამაში მიუძღვის კოლექტიურ მეურნეობებს და დასახლებებს „კიბუცებს“. ეს არ იყო იმ ტიპის კოლმეურნეობები, რაც ჩვენ კოლექტიურ მეხსიერებს ახსოვს შავ ლაქად, სადაც ეს მეურნეობები იყო ნაკარნახევი და ნაძალადევი საბჭოთა ნომენკლატურის მიერ, არამედ ეს იყო იდეოლოგიურ საფუძვლებზე შექმნილი მცირე კომუნები, რომლებიც საერთო დოვლათის შექმნაზე ზრუნავდნენ “.
რატი კოჭლამაზაშვილი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ცოდნის მიღება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთადერთი გამოსავალია: „მოკლევადიან პერსპექტივაში ძველი კადრები ევროპულ, თანამედროვე ყაიდაზე უნდა გადაამზადონ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი უნდა მოხდეს ახალგაზრდების წახალისება და თანამედროვე ცოდნის მიცემა. პრიორიტეტები უნდა მიენიჭოს რეგიონებში მცხოვრებლებს თუ ისინი სოფლის მეურნეობის დარგებში მიიღებენ განათლებას და ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრებში იმუშავებენ. ის ცოდნის დეფიტიტი რაც დღეს არსებობს, შესაძლოა ამ გზით შევავსოთ და თანამედროვე რელსებზე დავდგეთ“.
ზურაბ მოდებაძე