ინდუსტრიული პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანას ტექნიკური ბარიერები აფერხებს
“ეკონომიკა რომ აადუღო, დუღილის ცენტრები უნდა შექმნა. ზემოდან კი არ უნდა ჩამოუშვა ინვესტიცია, ქვემოდან უნდა ამოუშვა, ბაზარი გააცხელო.”
კომპანია “საქკაბელი” თითქმის ერთი წელია ევროკავშირის ბაზარზე შესვლას ცდილობს, თუმცა პროცესი ტექნიკური ბარიერების გამო ფერხდება. კომპანიამ პროდუქტის სერტიფიცირებისთვის უცხოელი ექსპერტები უნდა დაიქირავოს, რაც დროსთან ერთად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ევროკავშირი კი საკუთარ ბაზარზე მხოლოდ სერტიფიცირებულ პროდუქტს უშვებს და ამ გზით იცავს საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოებას.
“ევროპული ტიპის პროდუქტის წარმოებისთვის გარკვეული მოთხოვნებია, რასაც ტექნიკურად ვაკმაყოფილებთ, მაგრამ არის სერტიფიცირების პროცესი, რასაც დიდი თანხა სჭირდება. შესამოწმებლად უცხოელი ექსპერტი უნდა მოიწვიო. თუ არ გააკეთე სერტიფიკატი, პროდუქციას ვერ შეიტან. თუ შეტანის გარანტია არა გაქვს, სერტიფიკატის გაკეთებას რა აზრი აქვს. მომხმარებელს,რომელსაც ჩვენი კაბელები უნდოდა, პროექტი ჰქონდა, რომელიც დაასრულა და აღარ სჭირდება. ახლა, სხვა უნდა მოვძებნოთ და ისევ დადგება დღის წესრიგში სერტიფიცირების პროცესი და, ასე, უსასრულოდ იწელება“-ამბობს კომპანია “საქკაბელის” ხელმძღვანელი ედიშერ მამალაძე.
ევროკავშირში ექსპორტის დროს, ერთ-ერთი ბარიერი სერტიფიცირების პროცესს უკავშირდება. კომპანიაში საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტების დანერგვის შემდეგ, უნდა შემოწმდეს შეესაბამება თუ არა სერვისი ან პროდუქტი შესაბამის სტანდარტს. შემოწმებას ახორციელებს აკრედიტებული ლაბორატორია. ლაბორატორიის აკრედიტაციას კი საქართველოში აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ახდენს, რომელიც ჯერ არ არის საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ცენტრის მიერ აკრედიტებული ლაბორატორიების მიერ პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება, შესაძლოა, ევროპამ არ აღიაროს. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ჩიტაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში, მეწარმეებმა ევროკავშირში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოებს უნდა მიმართონ.
“ინდუსტრიულ ნაწარმთან დაკავშირებით სულ 21 ევროპული დირექტივაა. აქედან, ის დირექტივა, რომელიც კაბელებს მოიცავს, ჯერ ტექნიკურ რეგლამენტად მიღებული არ არის საქართველოში, თუმცა კომპანიას შეუძლია ამ რეგლამენტში განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისად აწარმოოს პროდუქცია. ევროკავშირის ბაზარზე გატანა კი შეუძლია შემდეგი სქემით: პროდუქციაზე სერტიფიკატის მისაღებად გამოიყენოს ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში აკრედიტებული ლაბორატორიის მომსახურება და ამ სერტიფიკატით პროდუქტი ევროკავშირში შეიტანოს. შესაძლოა, მეტის გადახდა მოუწიოს, ჩვენი აკრედიტაციის სისტემის აღიარების შემდეგ კი იმავე მომსახურებაზე დაბალი დანახარჯი ექნება”-ამბობს გიორგი ჩიტაძე.
ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში და DCFTA
არსებული ტექნიკური ბარიერების გაუქმებას ისახავს მიზნად საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ბარიერების გასაუქმებლად კი საჭიროა ევროკავშირის წესებთან დაახლოება. ერთ-ერთი, რასაც ევროპა ითხოვს, სტანდარტების შესაბამისობაა, რითაც საზღვრავს რა ტიპის პროდუქტი უნდა მოხვდეს ბაზარზე. ევროკავშირში მწარმოებლები საერთაშორისო (ისო-ISO) ან ევროპულ სტანდარტებს იყენებენ. მსოფლიოში სულ 45 ათასამდე სტანდარტია. საქართველოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, დეპარტამენტს ყველა მათგანზე მიუწვდება ხელი.
“სავალდებულოა ტექნიკური რეგლამენტი ანუ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული უმაღლესი კრიტერიუმები, სტანდარტი კი წარმოადგენს გზებს ამ კრიტერიუმების მისაღწევად. არა აქვს მნიშვნელობა, რას და როგორ აწარმოებ, მთავარია, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები დააკმაყოფილო. ამერიკულ სტანდარტს გამოიყენებ, შიდასაწარმოო თუ ევროპულს, ეს მეწარმეზეა დამოკიდებული. ეს სისტემა შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ სფეროზე-იქნება ეს სურსათი თუ ინდუსტრიული პროდუქცია“-ამბობს ჩიტაძე.
ინდუსტრიული პროდუქტის საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე გასატანად, მეწარმე, პირველ რიგში, ნერგავს საერთაშორისო ან ევროპულ სტანდარტს, რომლის მისაღებადაც მიმართავს სტანდარტების სააგენტოს, ასევე, შეუძლია სტანდარტი შეიძინოს ევროპაში.ევროკავშირი ითხოვს მეტროლოგიის დარგში დაახლოებასაც, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ერთიანი ზომისა და წონის დადგენას, ვინაიდან, ვაჭრობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტროლოგიური გაზომვები. კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ევროკავშირს აქვს, ბაზრის ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებაა. საქართველოში ინდუსტრიულ პროდუქციასთან დაკავშირებით მსგავსი ზედამხედველობის ორგანოები ჯერ არ შექმნილა.
რა შეუძლია შესთავაზოს საქართველომ ევროპას?!
eugeorgia.info დაინტერესდა, რა პერსპექტივა აქვს ქართულ ინდუსტრიულ ნაწარმს ევროპის ბაზარზე და რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ ევროპას. საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა სერგო ჯაყელმა, რომლის სახელსაც უკავშირდება ინოვაციური გამოგონება, ბამბუკის პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით. ჯაყელმა ტექნოლოგია ჩინეთში შეისწავლა და საკუთარი საწარმო შექმნა. თავიდან პარკეტის გამოშვება და კომპოზიტზე მუშაობა დაიწყო, მოგვიანებით კი გამოიგონა ბამბუკის ავეჯი და გასაშლელი სახლი, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ტემპერატურას ინარჩუნებდა. საქართველოში წარმოებული ინდუსტრიული ნაწარმი ევროპაში ჯერ კიდევ მაშინ მოხვდა, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ არსებობდა. ჯაყელი მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნის მთავარი კოზირი ინოვაციები, ტექნოლოგიები და ბრენდად ქცეული პროდუქცია უნდა იყოს.
“2006 წელს კვიპროსიდან ჩამოსული იყო ბიზნესმენი და შევთავაზეთ სავარძელი, რომლის საწოლად გადაკეთება შეიძლებოდა. დაინტერესდა, მარტივი, მაგრამ მისთვის ახალი იყო. ბოლო კონტეინერი ომის დროს გავაგზავნეთ და 3 თვის შემდეგ მიაღწია კვიპროსზე. ევროპას უნდა შესთავაზო ბრენდი, გაიტანო ისეთი რამ, რაც ცოტაა და სხვაგან არ არის. მაგალითად, ევროპაში ბევრი ღვინო აქვთ, მაგრამ როდესაც გაიგეს ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ამის შემდეგ გამოიჩინეს დაინტერესება. მიმართულება უნდა აირჩიო ისეთი, სადაც არის სეგმენტი, რომელშიც “ჩაჯდები”, ჩემი ბამბუკის წარმოებით კი ამის გაკეთება შემიძლია”
ქართული ბამბუკის გადამამუშავებელი საწარმო “ამმა” რეგიონებში ცენტრების გახსნასაც გეგმავდა, თუმცა გეგმის განხორციელება ვერ მოესწრო. პროფესორი ჯაყელი 2011 წელს სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენების ბრლდებით დააკავეს და 2 წელი ციხეში გაატარა. სერგო ჯაყელი დღეს თავისუფალია, თუმცა მის ინოვაციურ გამოგონებას დღემდე ყადაღა ადევს, საწარმოს მუშაობა შეჩერებულია, საქმე ისევ სასამართლოშია. 68 წლის ფიზიკა-მათემატიკის პროფესორი დარწმუნებულია, რომ შესაძლებლობა, რომ მისცენ, საკუთარი პროდუქტით ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად გავიდოდა.
“ეკონომიკა რომ აადუღო, დუღილის ცენტრები უნდა შექმნა. ზემოდან კი არ უნდა ჩამოუშვა ინვესტიცია, ქვემოდან უნდა ამოუშვა, ბაზარი გააცხელო. როდესაც ინოვაციაზე ვესაუბრები ახალგაზრდებს, ყველას გიგანტური იდეები აქვს, უნდათ ჰუდონი ააშენონ. თუ იცი როგორ ვითარდება მსოფლიო, ისიც უნდა მოიფიქრო, რომ ახალ ეტაპზე გადადიხარ, ენერგიის ახალი წყარო ჩნდება და შეიძლება ეს გიგანტები ძვირი დაგიჯდეს. მუშაობის შესაძლებლობა რომ მომცენ, გავაგრძელებდი ჩემს საქმეს და 1-2 წელიწადში მთელ ინდუსტრიას შევქმნიდი.”
ევროპული დირექტივები და ACAA
ინდუსტრიის დარგების განვითარების პარალელურად, საქართველომ კანონმდებლობაში 21 ევროპულ დირექტივა უნდა დანერგოს. პროდუქცია, რომელიც რეგულაციას ექვემდებარება მოიცავს: სათამაშოებს, სამედიცინო მოწყობილობებს, სამშენებლო მასალებს, ლიფტებს, საბაგირო და ელექტრომოწყობილობებსა და ფეთქებად მასალებს. ამ ეტაპზე მიღებულია 6 დირექტივა, მათ შორის: ლიფტის უსაფრთხოების, ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების, წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლის, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების, თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების ეფექტურობის მოთხოვნებისა და რეკრეაციული მცურავი საშუალებების შესახებ. დანარჩენი 15 დირექტივის დანერგვა ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 8 წლის განმავლობაში მოხდება.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დაადასტურებს, რომ საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა, ინსტიტუტები და სტანდარტები სრულადაა დაახლოებული მის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან, შესაძლებელი იქნება ე.წ. ACAA შეთანხმების (შეთანხმება შესაბამისობის შეფასებისა და ინდუსტრიული პროდუქტების აღიარების შესახებ) გაფორმება, რომელიც ერთ ან რამდენიმე სექტორს მოიცავს. ACAA უზრუნველყოფს მხარეებს შორის ვაჭრობას იმავე პირობებით, რაც გამოიყენება ამავე პროდუქციით ვაჭრობისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ACAA-ს ერთ-ერთი წინაპირობა აკრედიტაციის ცენტრის საერთაშორისო აღიარებაა. როდის უნდა მიიღოს აკრედიტაციის ცენტრმა აღიარება- თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით ვადა არ არის განსაზღვრული. eugeorgia.info-მ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა შეკითხვით- ხომ არ აფერხებს ეს ევროკავშირში პრდუქციის გატანის მსურველ მეწარმეებს- “ვერ გეტყვით, რომ ეს აფერხებს ექსპორტს. თუ ევროკავშირის ბაზარზე უნდა გასვლა, შეუძლია იქ აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაცია ჩამოიყვანოს და გააკეთებინოს შესაბმისობის შეფასება. რასაკვირველია, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ამიტომ, გვინდა ადგილობრივადაც გვყავდეს საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის ცენტრი, რომლის მერ აკრედიტებული კერძო ლაბორარტორია ასევე საერთაშორისოდ აღიარებული იქნება. ამას დიდი მუშაობა და რეფორმები სჭირდება, რაც მიმდინარეობს. ვერ გეტყვით კონკრეტულ ვადას, როდისთვის იქნება ეს შესაძლებელი”- განაცხადა საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნიამ.
აკრედიტაციის ცენტრში კი განაცხადეს, რომ ევროპელ ექსპერტთა შემფასებელ მისიას წლის ბოლოს ელოდებიან: “ევროპის აკრედიტაციის ორგანიზაციის ასოცირებული წევრობა აუცილებელი წინაპირობა იყო ასოცირების შთანხმების გასაფორმებლად. დაწყებულია მოლაპარაკება ორმხრივი აღიარების შესახებ, ველოდებით მათი მხრიდან შეფასებას. ვიმედოვნებთ, 2016 წლის ბოლოს მივაღწევთ შეთანხმებას ”- აღნიშნა აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა გოგოლიძემ.
სანამ ქვეყანა 21-ივე დირექტივას საკუთარ კანონმდებლობაში გადმოიტანს, ევროპის ბაზარზე მოხვედრის მსურველ კომპანიას ერთი გზა რჩება- ევროკავშირის რეგლამენტში განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისად აწარმოოს პროდუქცია და სანამ ეროვნული აკრედიტაციის ცენტრი საერთაშორისო აღიარებას მიიღებს, გადაიხადოს მეტი და დაიქირავოს ევროპაში აკრედიტებული ლაბორატორია პროდუქციის შესაბამისობის შესაფასებლად.
მაიკო გაბულდანი