მარტივი უნარჩვევები ფერმერებისთვის - შენახვა, შეფუთვა, ტრანსპორტირება
მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიმცირისა, ისრაელმა შეძლო და მსოფლიოს აჩვენა, რომ სწორად ორგანიზებისა და შრომისმოყვარეობით სანიმუშო სოფლის მეურნეობის წარმოების აწყობა უდაბნოშიც კი შესაძლებელია.
- თქვენ კარგად იცნობთ ისრაელის გამოცდილებას სოფლის მეურნეობის სფეროში, ამ გამოცდილებიდან რისი გათვალისწინება იქნებოდა სასარგებლო საქართველოსთვის?
- ერთ-ერთი, რაც საქართველოს ნამდვილად შეუძლია ისწავლოს ისრაელისგან, ეს არის ექსპორტის ხელშეწყობა.
- კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ ექსპორტის და ზოგადად, წარმოების ხელშესაწყობად?
- თუ გვინდა ექსპორტის მხარდაჭერა, უნდა ჩავერთოთ პროდუქციის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვებაში. მაგალითად, როდესაც ყველის თუ ყვავილების მცირე მეწარმე ხარ, ექსპორტზე გატანა დამოუკიდებლად არ შეგიძლია. ფერმერებს არამც თუ ექსპორტზე გასვლა, ადგილობრივი ბაზრისთვის პროდუქციის წარმოებაც კი უჭირთ. ამ შემთხვევაში, საჭიროა შუამავალი კომპანიები, რომლებიც ხარისხიან პროდუქტს აგროვებენ და რეგულარულ მიწოდებას უზრუნველყოფენ. ვთქვათ, მე კარფურის წარმომადგენელი ვარ და კიტრის რეგულარული მომწოდებელი მჭირდება, არცერთ მცირე ფერმერს რეგულარული მიწოდება არ შეუძლია. როგორ უნდა უზრუნველყო, რომ კარფურს კიტრის უწყვეტი მიწოდება ჰქონდეს? ამისთვის გჭირდება კომპანია, რომელიც კიტრს სხვადასხვა ფერმერისგან აგროვებს და ყოველ კვირას კარფურისთვის კიტრის მიწოდება შეუძლია.
ისრაელში სოფლის მეურნეობის ყველა დარგი ორგანიზებულია. იქნება ეს რძის, პომიდვრის თუ კარტოფილის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე კვოტებია დაწესებული. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ვიღაცამ აღმოაჩინა, რომ ნიორს ძალიან კარგი ფასი ჰქონდა. როდესაც ერთ წელს ნიორს კარგი ფასი აქვს, მომდევნო წელს ფასი ეცემა. ეს პრობლემა როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან? უნდა დავგეგმოთ ყველაფერი. მაგალითად, თუ გვინდა 5 ლარზე შევინარჩუნოთ ფასი, თითოეულ ფერმერს, ვინც ჩართულია ნიორის ბიზნესში, კვოტა უნდა დაუწესდეს. წლის ბოლოს, როდესაც მოსავალს აიღებენ, ყველა მიყიდის ნიორს იმ კომპანიას, რომელიც აგროვებს ნიორს. ეს კომპანია ყიდულობს არა ყველაფერს, არამედ რამდენიც წინასწარ თქვა, 5 ტონას ერთისგან, 7 მეორისგან, 10 მესამისგან და ა.შ. და თუ მოიყვანე დაწესებულ კვოტაზე მეტი, ამ ნიორის განადგურება მოგიწევს. ისარელში კვოტებს კოოპერატივები აწესებენ.
- როგორ მოახერხა ისრაელმა სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, როგორ უნდა შეძლონ იგივე ქართველმა მეწარმეებმა?
- საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ ახალ ტექნოლოგიებზე საუბარი არ უნდა იყოს, არამედ შესაბამისად შენახვაზე, შეფუთვასა და ტრანსპორტირებაზე. პროფესიული ტერმინოლოგიით, ამას წარმოების ინოვაციას უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ბიზნესის კეთების გზას ცვლი. მნიშვნელოვანია მოსავალი როგორ მოგყავს, შემდეგ ამ პროდუქტს როგორ უვლი, როგორ ინახავ, ფუთავ, როგორ ახდენ მის ტრანსპორტირებას. წარმოების სრულყოფის ბევრნაირი შესაძლებლობა არსებობს. წარმოებისა და მენეჯმენტის უკეთესი მეთოდების გამოყენებით პროდუქტის რაოდენობის გაორმაგება შეგიძლიათ. მაგალითად, დღეს შენ ხუთ პომიდორს აწარმოება, აქიდან ორი ტრანსპორტირებისას გიფუჭდება, მხოლოდ სამს ყიდი ეს დიდი ზარალია. მოსავლის შესაბამისად დასაწყობების, შეფუთვისა და ტრანსპორტირების მარტივი წესების დაცვით კი ხუთივე პომიდვრის რეალიზაციიდან მეტი მოგების მიღება შეგიძლია.
საკმარისი პოტენციალია საქართველოში იმისთვის, რომ მეტი და უკეთესი ხარისხის პროდუქტი გაიყიდოს. დღეს საქართველო დიდი რაოდენობით პომიდვრის იმპორტს თურქეთიდან ახორციელებს. ყველა მცირე ფერმერი თუ ააშენებს ძალიან მარტივ სათბურებს, ზამთარში ყველას ექნება პომიდორი და თურქეთიდან იმპორტი ნაკლები იქნება.
- ისრაელის სოფლის მეურნეობა მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებზეა ადაპტირებული?
- ისრაელში ორგანული/ნატურალური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა განვითარებულია. ერთი ცხელი ადგილი, რომელსაც „არავა“ ჰქვია, უდაბნოს მსგავსია, ამ ადგილას ნატურალური წიწაკა მოჰყავთ. ზოგადად იმისთვის, რომ წიწაკა არ შეჭამოს პარაზიტებმა, იყენებენ პესტიციდებს, ქიმიკატებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, პროდუქტი ნატურალური არ იქნება. როგორ უნდა გაანადგურო ეს მავნებელი მწერები? მოგყავს სხვა მწერები, რომელიც წიწაკის მჭამელ მწერებს ანაგდურებს. მე მყავს მეგობარი, რომელიც 3 საათი მუშაობს დღეში, ის იყენებს გამადიდებელ შუშას, ეძებს მწერებს ამ წიწაკის ფერმაში, იღებს მიწის სინჯებს იმის გასაგებად, რამდენი მწერია 1 კვადრატულ მეტრზე. მეცნიერულად შესწავლილია, რომ ბუნებაში არსებობს წიწაკის მჭამელი მწერების მტაცებელი მწერები. ამიტომ ამ მწერებს უშვებენ წიწაკის ფერმაში. როდესაც ეს მწერები წიწაკის მავნებლებს გაანადგურებენ, მერე თავადაც შიმშილით იხოცებიან, რადგან საჭმელი აღარ აქვთ, წიწაკას კი არ ჭამენ. ევროპა ისრაელში წარმოებული წიწაკით სავსეა. ისრაელში წიწაკას წელიწადში 9 თვე აწარმოებენ, გამონაკლისი ზაფხულია, როცა ძალიან ცხელა.
რაც შეეხება უახლეს ტექნოლოგიებს, მას ისრაელში ხშირად იყენებენ. ისრაელში არსებობს კოოპერატივის მსგავსი ფერმერთა გაერთიანება „კიბუცი“. ერთ-ერთ „კიბუცში“ გამოიგონეს კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელსაც წიწაკის წარმოებისთვის იყებნებენ. წიწაკაში ელექტრული სენსორია მოთავსებული, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან. სენსორი ზომავს რა ოდნეობით წყალს და მინერალს იღებს მცენარე რეალურ დროში. თუ მცენარეს აკლია წყალი, კომპიუტერის საშუალებით ავტომატურად მიეწოდება წყალი, იხსნება საირიგაციო სისტემა და ირწყვება. თუ მშიერია, წყალში ავტომატურად იხსნება მინერალები და მიეწოდება მიწის ზედაპირის ქვეშ არსებული მილების მეშვეობით. ამ სახის ტექნოლოგიები გაძლევს საშუალებას წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდო.
- უნდა მოხდეს თუ არა საქართველოში ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა?
- ამ ეტაპზე საქართველოში მსგავსი სახის ტექნიკა არ გჭირდებათ, ეს ტექნოლოგია ძალიან ძვირია. თქვენ იაფი მუშახელი გყავთ, დაუმუშავებელი მიწები და ძალიან ბევრი წყალი გაქვთ. დღეს, თქვენ გჭირდებათ წარმოების პროცესისა და მენეჯმენტის სრულყოფა. თუ წარმოების პროცესის სრულყოფა მოხდება, ძალიან დიდი ზრდა გექნებათ. ეს არის პირველი ნაბიჯი. აქ საუბარია მარტივი უნარ-ჩვევების სრულყოფაზე: როგორ უნდა დაახარისხო, შეინახო, შეფუთო და მოახდინო ტრანსპორტირება.
- რამდენად მნიშვნელოვანია ფერმერთა საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრების ეფექტიანი მუშაობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის?
- სოფლის მეურნეობისთვის კერძო სექტორის ექსპერტიზის ჩართვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრები კარგია, მაგრამ ისინი კერძო სექტორთან ერთად უნდა მუშაობდნენ, ვინც ამ პროდუქციას ყიდულობს. მაგალითად, ერთი მხრივ, გყავთ კარტოფილის მწარმოებლები, მეორე მხრივ, არსებობს ჩიპსების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც ნებისმიერი კი არა, არამედ სპეციფიკური სახის კარტოფილი სჭირდება. მთვრობას ფერმერთა საკონსულტაციო ცენტრებში უნდა ჰყავდეს მენეჯერები, ეს მენეჯერები მივლენ ფერმერებთან და გაარკვევენ, ვის უნდა კარტოფილის მოყვანა ჩიპსების მწარმოებელი კომპანიისთვის. შემდეგ ეს მენეჯერი მივა ჩიფსების კომპანიაში და ეტყვის, რომ შეუძლია 100 ფერმერის მოძებნა, რომელიც იმუშავებს მასთან, ანუ კომპანიასთან ერთად და მიაწვდის კარტოფილს. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ისინი თესლით, ტექნოლოგიებით. ჩიფსების კომპანიის მეპატრონემ ფერმერებს ან კოოპერატივებს უნდა ასწავლოს, რა სახის კარტოფილი როგორ მოიყვანოს და მერე მათგან ამ კარტოფილს თვითონ იყიდს. მან ზუსტად იცის, რაც სჭირდება, იცნობს ტექნოლოგიას, ის დაინტერესებული და მოტივირებულია ამ ფერმერებისგან კარგი ხარისხის პროდუქცია მიიღოს. ასე ხდება კოორდინაცია და საკონსულტაციო ცენტრები საჭიროა სწორედ ამისთვის. ამას ეწოდება კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობა. ეს ის მოედლია, რაც ხელისუფლებამ უნდა განავითაროს.
- საჭიროა თუ არა უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის გასავითარებლად?
-საქართველოში არის რამდენიმე თანამედროვე, მაღალი კლასის კომპანია ღვინის, ბოსტნეულისა და მეფრინველეობის მიმართულებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თქვენს ქვეყანაში ტრადიციული სოფლის მეურნეობის დიდი გამოცდილება არსებობს, თუმცა საჭიროა თანამედროვე ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა. ჯერ მარტივი გადამუშავება/დამუშავების მეთოდებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებით უნდა დაიწყოთ და შემდეგ უკვე ინოვაციური ტექნოლოგიებზე გადახვიდეთ. ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააკეთოთ. უახლესი ტექნოლოგია დღესაც ხელმისაწვდომია, თუ ფული გაქვს, მაგრამ ძალიან ძვირია და რიგითი კახელი ფერმერისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ესაუბრა მაიკო გაბულდანი და ზურაბ მოდებაძე