ახალი სამშენებლო კოდექსით არქიტექტორები და ინჟინრები სერტიფიკატის გარეშე ვერ იმუშავებენ
"დღეს რომ მომინდეს ადვოკატობა, ექიმობა, პროკურორობა ან მასწავლებლობა, ვერ ვიქნები, სანამ შესაბამის სასერტიფიკატო გამოცდას არ ჩავაბარებ. გვინდა, იყოს მეხუთეც- არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირება.”
სამშენებლო კოდექსზე მუშაობა დასრულებულია, თუმცა პარლამენტში განხილვა, შესაძლოა, საგაზაფხულო სესიაზე ვერ მოესწროს. ახალი კოდექსის თანახმად, მშენებარე ობიექტს ზედამხედველობა ან სახელმწიფომ ან კერძო აკრედიტებულმა ინსპექტორმა უნდა გაუწიოს. სავალდებულო ხდება არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირებაც. სამშენებლო პროდუქციის წარმოების, სერტიფიცირებისა და იმპორტთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას საქართველოს ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი შენობა-ნაგებობებში უსაფრთხოების დაცვაზე და რა ვალდებულებები აქვს ასოცირების შეთანხმებით საქართველოს- eugeorgia.info-ს შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით გიგინეიშვილი პასუხობს.
- ამ მიმართულებით, ევროპაში ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სხვადასხვა რეგულაცია აქვს. ერთადერთი ვალდებულება, რაც ასოცირების შეთანხმებით გვაკისრია, სამშენებლო პროდუქციის დირექტივის შესრულებაა, რისთვისაც ვადა შეთანხმების ძალაში შესვლიდან 8 წლამდეა. ევროკავშირში, ასევე არსებობს სტანდარტები-“ევროკოდები”, რომელიც ეხება მშენებლობის პროცესს. შევიმუშავეთ ევროკოდების განხორციელების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, დღეს თარგმნისა და ჰარმონიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
- რამდენი ევროკოდია სულ, რას გულისხმობს თითოეული მათგანი და თუ არის საუბარი უსაფრთხოების ზომებზე?
- სულ 10 ევროკოდია, დაახლოებით 54 სტანდარტი და ეს მოიცავს მთლიანად სამშენებლო ინდუსტრიას. შენობები დაყოფილია რკინა-ბეტონის, ხის, ლითონის, ალუმინის კონსტრუქციების მიხედვით, როგორი უნდა იყოს დატვირთვები შენობებზე და ა.შ. ასევე, არის შესაბამისი თავები უსაფრთხოების ზომებზე, მაგალითად, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების თვალსაზრისით, რომლის გადმოტანაც მოხდება ჩვენს კანონმდებლობაში ამ 5-წლიანი სტრატეგიის ფარგლებში.
- რას ითვალისწინებს ამ მიმართულებით ახალი სამშენებლო კოდექსი და რა შეიცვლება მისი ამოქმედების შემდეგ?
- ახალი კოდექსით, მოთხოვნები მკაცრდება. კოდექსში იქნება 97-ე მუხლი-სახანძრო უსაფრთხოების დაცვა- სადაც წერია, როგორ უნდა იყოს დაპროექტებული შენობა-ნაგებობა. კანონის დონეზე ეს ჩანაწერი საკმარისია, ამის შემდეგ, უნდა მოდიოდეს ტექნიკური რეგულირება, ანუ როგორ უნდა იქნას ეს ყველაფერი მიღწეული-როგორი უნდა იყოს კიბის სიგანე, გასაქცევი საშუალებები, მანიშნებლები, საევაკუაციო სქემა, სად უნდა იყოს ეს სქემა განთავსებული და ა.შ. ანუ ეს ყველაფერი უკვე ტექნიკური რეგულირების საგანია.
- ეს ტექნიკური რეგლამენტები შემუშავებულია?
- ეს არის ევროკოდების ერთ-ერთი ნაწილი. ტექნიკური რეგულირება ბევრ სფეროს მოიცავს, მათ შორისაა, სამაშველო სამსახური, შსს, არის შრომის უსაფრთხოების ნაწილი- რომ მუშაობის პროცესში არ წარმოიქმნას სახანძრო შემთხვევა და ა. შ. ეს ტექნიკური დოკუმენტები დღესაც არსებობს და დღესაც შესაძლებელია მათი გამოყენება, ზოგი ქართულ ენაზეა, ზოგი- არა. ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, შედარებით რთულია, თუმცა ყველა ეს დოკუმენტი არსებობს და კეთილსინდისიერ არქიტექტორს რომ სურდეს, დღესაც შეუძლია უპრობლემოდ დააპროექტოს შენობა სახანძრო უსაფრთხოების დაცვით.
- დღეს ეს ტექნიკური რეგლამენტები სავალდებულო არ არის?
- იდეაში, სავალდებულო დღესაც არის. კოდექსის მიღების შემდეგ გამკაცრდება რეგულირების ინსტრუმენტი, რადგან გაჩნდება პირდაპირი ჩანაწერი, რომ ეს ასე უნდა იყოს. დღეს ჩვენი კანონმდებლობა ამბობს, რომ შენობა-ნაგებობა უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ რეგლამენტს, თუმცა არ აზუსტებს რომელ ტექნიკურ რეგლამენტს. დამპროექტებელმა შეიძლება აიღოს OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) რომელიმე ქვეყნის, მაგალითად, ჰოლანდიის, საფრანგეთის, აშშ-ის თუ იაპონიის ტექნიკური რეგლამენტი და ამის მიხედვით დააპროექტოს. შეუძლია, ასევე, აიღოს ძველი საბჭოთა ნორმები “სნიპები”, იქაც საკმაოდ მკაცრადაა გაწერილი ეს მოთხოვნები. არქიტექტორმა უნდა დაიცვას სახანძრო უსაფრთოხების წესები, შემდეგ ეს უნდა შემოწმდეს ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ და შემდეგ უნდა აშენდეს პროექტის მიხედვით. ეს სრული ციკლი მთლად რეგულირების გარეშე დღესაც არ არის დატოვებული, უბრალოდ, ჩვენ გავამკაცრებთ და ტექნიკურ რეგლამენტებს გავხდით უფრო მეტად ხელმისაწვდომს, სავალდებულოს და უფრო კონკრეტულს.
- ახალ კოდექსში საუბარია ალტერნატიულ ზედამხედველობაზეც, რა იგულისხმება ამაში?
- დღეს თბილისში ნებართვებს გასცემს თბილისის არქიტექტურის სამსახური, ზედამხედველობას კი თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ახდენს. ასევეა რეგიონებშიც. კოდექსში დამატებულია აკრედიტებული ინსპექტორის ინსტიტუტი, დამკვეთს შეუძლია დაიქირავოს აკრედიტებული ინსპექტორი. დღეს ზედამხედველობის სამსახურებში მუშაობს 5-6, ზოგან 1-2 კაცი. შესაბამისად, მშენებლობის დროს, ამ 1-2 ადამიანს 24 საათი მონიტორინგის საშუალება ობიექტზე არა აქვს. ქალაქის ზედამხედველობის სამსახური თვეში ერთხელ ან ორჯერ თუ მიდის ობიექტზე და არც აქვს ამის ვალდებულება, რომ 24 საათი გააკეთოს ეს. თუ სამშენებელო მოედანზე ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს აკრედიტებული ინსპექტორი, ანუ იგულისხმება რაღაც ორგანიზაცია, მაშინ სახელმწიფოს ზედამხედველობის ვალდებულება არ იქნება.
- მოხდება თუ არ მშენებლობის პროცესში ჩართული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება?
5-სართულიანი სახლის მესამე სართულზე რომ ხანძარი გაჩნდეს, მეხუთე სართულიდან როგორ ჩამოვიდეს ხალხი, ამას სჭირდება მოდელირება, სერიოზული ცოდნის მქონე ადამიანების შესრულებული სამუშაო. არამარტო სახანძრო უსაფრთხოებაზეა საუბარი, არამედ სეისმურ მდგრადობაზე, შენობის სხვადასხვა დატვირთვაზე, ქარზე, თოვლზე და ა.შ. ვინც ამას ანგარიშობს უნდა იყოს კვალიფიციური და ამ ადამიანების- არქიტექტორების, კონსტრუქტორების-სერტიფიცირება უნდა მოხდეს აუცილებლად. ამაზე ვმუშაობთ, ეს ასახულია კოდექსში და აუცილებლად დაინერგება საქართველოშიც.
- დღეს ამ ხალხს არ მოეთხოვება სერტიფიკატი?
-არა, დღეს ეს არ ხდება. დღეს თქვენ რომ გააკეთოთ პროექტი და შეიტანოთ მერიაში, მერია ნებართვას მოგცემთ. ანუ პროფესიის დადასტურება არ ხდება. ჩვენთან მხოლოდ 4 პროფესიაა სერტიფიცირებული. რომ მომინდეს ადვოკატობა, ექიმობა, პროკურორობა ან მასწავლებლობა, ვერ ვიქნები, სანამ შესაბამის სასერტიფიკატო გამოცდას არ ჩავაბარებ, გვინდა, იყოს მეხუთეც- არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირება.
- როდიდან შევა ძალაში ახალი სამშენებლო კოდექსი?
- ჩვენი მხრიდან სამუშაო დასრულებულია. GIZ, გერმანიის მთავრობა დაგვეხმარა. გერმანელი ექსპერტების რეკომენდაციით შევადგინეთ. ახლა პარლამენტზეა დამოკიდებული როდის განიხილავენ, როგორ განიხლავენ და რა დრო დასჭირდება.
ესაუბრა მაიკო გაბულდანი