ორ თვეში რძის წარმოებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება, ფერმებისა და საწარმოების დიდი ნაწილი კი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
პირველი აგვისტოდან რძის მწარმოებლებისა და გადამამუშავებლებისთვის თამაშის ახალი წესები ამოქმედდება. რას ითვალისწინებს რძის ტექნიკური რეგლამენტი, რომელზე მუშაობაც რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენად მზად არის ინდუსტრია რეგულაციებისთვის, ამის თაობაზე eugeorgia-მ მცირე კვლევა ჩაატარა.
რეგლამენტი რძის სექტორს, პრაქტიკულად, ორი მიმართულებით არეგულირებს - რძის, რძის ნაწარმისა და მისი შემცველი პროდუქტების შემცველობისა და ეტიკეტირების წესებს განსაზღვრავს და ბიზნესოპერატორის მიერ პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის სავალდებულო პირობებს აწესებს.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანიები თუ პროდუქციას არარძისმიერი წარმოშობის ნედლეულით აწარმოებენ, მას რძის ნაწარმის (არაჟნის, ხაჭოს, ყველის, იოგურტისა თუ კეფირის, ჩამონათვალში სულ ასამდე სახეობის პროდუქტია მითითებული) სახელწოდებებით ვეღარ გაყიდიან. მართალია, რეგლამენტი ითვალისწინებს აუცილებელი დანამატების გამოყენებას, თუმცა, მან რძის კომპონენტი არ უნდა ჩაანაცვლოს. საუბარია მცენარეულ ცხიმებზე, რომელიც საქართველოს რძის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე: „აქამდე საქართველოში მოქმედებდა რამდენიმე სტანდარტი, საბჭოთა „გოსტიდან“- მეწარმის შიდა სტანდარტამდე. ბიზნესოპერატორს ჰქონდა უფლება, აერჩია ის ფორმულა, რომელიც მას აწყობდა და, იმავდროულად, არ ეწინააღდეგებოდა მოქმედ კანონდემბლობას, მაგალითად, რძის პროდუქცია დაემზადებინა მცენარეული ცხიმებისგან, რაც კლასიკური გაგებით და მთელი მსოფლიო მასშტაბით არასწორია. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ საკითხის ტექნიკური რეგულირების შესახებ“.
რეგლამენტი არ კრძალავს მცენარეული ცხიმებისგან პროდუქციის დამზადებას, თუმცა, ამ შემთხვევაში, ის რძის შემცველი პროდუქტების კატეგორიაში გადავა და ბიზნესოპერატორებს მოუწევთ შესაბამისი სახელწოდება მოიფიქრონ.
„ეტიკეტზე იქნება აღნიშნული, რომ ეს რძის შემცველი პროდუქტია, მაგალითად, ხაჭოს დესერტი, ან ხაჭოსებრი მასა. მომხმარებელი ზუსტად უნდა იყოს ინფორმირებული, რას ყიდულობს, მას არ დასჭირდება წვრილი შრიფტით შემადგენლობების კითხვა, ექნება არჩევანი, შეიძინოს ნამდვილი რძის ნაწარმი, ან პროდუქტი, რომელიც დამზადებულია მცენარეული ცხიმის ბაზაზე, შესაბამისად, შედარებით იაფიც გადაიხადოს“, - აღნიშნავენ სააგენტოში.
რეგულაციების გამო პროდუქცია საგრძნობლად გაძვირდება
მთავრობა ვარაუდობს, რომ დასაწყისში, რეგულაციების წყალობით, რძის პროდუქტები, დაახლოებით, 10%-ით გაძვირდება, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ფასები დასტაბილურდება. საფასო პოლიტიკის გადახედვას უკვე გეგმავენ უმსხვილესი მწარმოებლები - „ჯორჯიან ეკო“ („მილკო“) და „სანტე ჯი-ემ თი პროდუქტი“, მაგრამ ზუსტი ციფრების დასახელებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. თუმცა, როგორც „ჯორჯიან ეკოს“ ხარისხის მართვის მენეჯერმა, თამაზ მახარაშვილმა, eugeorgia-ს განუცხადა, მცენარეულსა და რძის ცხიმის ფასებს შორის დიდი სხვაობაა:
„არის პროდუქტები, რომლებიც განსკუთრებულად დიდი რაოდენობის ცხოველურ ცხიმს მოითხოვს, მაგალითად, არაჟანი, კარაქი... ცხოველური ცხიმი კი მცენარეულზე უფრო ძვირია. შედარებისთვის - 1 კგ მცენარეული ცხიმი 4 ლარი ღირს, ხოლო კარაქი - 11 ლარი“, აცხადებს თამაზ მახარაშვილი.
გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი მეცხოველეობისა და რძის წარმოების დარგში, გიორგი ხატიაშვილი აცხადებს, რომ მაღალკონცენტრირებული ცხიმის შემცველი პროდუქტების 90% საქართველოში სპრედია, ანუ, მცენარეული ცხიმებისგან დამზადებული. შესაბამისად, ამ კატეგორიის პროდუქტების უდიდეს ნაწილზე ფასები გადაიხედება.
გაიზრდება თუ არა რძეზე მოთხოვნა?
რეგლამენტის ავტორები მომხმარებლის უფლებების დაცვის გარდა, საკანონმდებლო ინიციატივიდან კიდევ ერთი დადებითი ეფექტის მიღებას ელიან: ისინი ვარაუდობენ, რომ გადამამუშავებლებს მცენარეული ცხიმების ჩასანაცვლებლად ნატურალური რძის მასობრივი შესყიდვა მოუწვთ, რაც ნედლეულზე მოთხოვნის გაზრდას და მეცხოველეობის სექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს. „საქართველოში რძის დეფიციტია, გაფართოვდება მერძევული მიმართულების ფერმები, შესაბამისად, მეტი სამუშაო ადგილიც შეიქმნება“, - აცხადებს თენგიზ კალანდაძე.
საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანამ 2014 წელს 633,3 ათასი ტონა რძე (1 დღეში საშუალოდ 1 723 ტონა) აწარმოა. თუმცა, ეს მაჩვენებელი, ალბათ, რეალობას ნაკლებად ასახავს. გაეროს ექსპერტი გიორგი ხატიაშვილი აცხადებს, რომ დღე-ღამეში საქართველო, დაახლოებით, 200 ტონა რძეს მოიხმარს, რომლის მხოლოდ 70%-ს აკმაყოფილებს ადგილობრივი წარმოება, ისიც აქტიურ სეზონზე (გაზაფხულსა და ზაფხულში). ზამთარში კი, თითქმის, არ იწარმოება. მართალია, რძე მართლაც დეფიციტური პროდუქტია, მაგრამ მთავრობის მოლოდინი ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის ნაწილობრივ გადაჭარბებულად აღიქმება: უკვე თითქმის ათეული წელია, რაც ქართველი ფერმერებისთვის დაუმარცხებელ კონკურენტად იმპორტირებული რძის ფხვნილი იქცა, რომელსაც გადამამუშავებელი კომპანიები აშკარა უპირატესობას ანიჭებენ. რეგლამენტი კი რძის ფხვნილის, როგორც ნედლეულის ალტერნატივად გამოყენების უფლებას იძლევა. როგორც თენგიზ კალანდაძე აცხადებს, მშრალი რძე ნედლისგან შემადგენლობით არაფრით განსხვავდება. „ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს მხოლოდ, რომ მასში არ უნდა იყოს უცხო ცხიმები და ცილები“, - აღნიშნავს თენგიზ კალანდაძე.
გადამამუშავებლები ფხვნილის გამოყენებას ორი ფაქტორის გამო ამჯობინებენ: სტაბილური ხარისხი და სტაბილური ფასი.
დილემა N1 - რძის ხარისხი
როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე გადამამუშავებელი კომპანიები ერთხმად აცხადებენ, რომ საქართველოში წარმოებული რძე უმეტეს შემთხვევაში უვნებლობის აღიარებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
„რძის ხარისხი ძალიან დაბალია, ფერმერებს ხშირად დასნებოვანებული ნედლეული მოაქვთ, ამასთანავე, ძალიან რთულია მისი შეგროვება, რძემჟავა პროდუქტია და სწრაფად ფუჭდება - რძე 2 სათის განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხობრივ მაჩვენებლებს, შემდეგ სჭირდება გაციება შესაბამის ტემპერატურამდე. მაშინ თბილისთან ახლომდებარე ფერმებიდან უნდა უზრუნველვყოთ მომარაგება, ანუ, ჩვენი მოქმედების არეალი მხოლოდ 100-120 კმ-ია. ასეთი ფერმები კი ახლომახლო ბევრი არ არის“, - აცხადებს თამაზ მახარაშვილი. პრობლემების თავიდან ასაცილებლად „ჯორჯიან ეკომ“ რამდენიმე წელია, თავისი წარმოება მთლიანად ფხვნილზე გადაიყვანა, თუმცა, წელს აპირებს, ნატურალურ რძეზეც იმუშაოს, 15 ტონა ნედლეულის მიღებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდიანრეობს, - აღნიშნავენ „ჯორჯიან ეკოში“.
იმავე პრობლემებს აწყდებიან კომპანია „სანტეშიც“, მაგრამ „ჯორჯიან ეკოსგან“ განსხვავებით, ნედლი რძის ხაზი „სანტინო“ წლების განმავლობაში მაინც შეინარჩუნეს. ნედლ რძეს იბარებს კიდევ ერთი კომპანია „სოფლის ნობათი“, თუმცა, გადამამუშავებლების ძირითადი სამიზნე მსხვილი, თანამედროვე ფერმები გახდა, სადაც სტაბილური მიწოდების მეტი გარანტია აქვთ.
ახალი რეგულაციები უვნებლობის მიმართულებით
ტექნიკური რეგლამენტის მეორე ნაწილი სწორედ ნედლეულის - რძის - წარმოებისა და გადამუშავების სტანდარტებს აერთიანებს.
რეგლამენტის მიხედვით, მეწარმე, რომელიც ახორციელებს ნედლი რძის თერმულ დამუშავებას, ვალდებულია, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები სისტემა (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points), რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს რძის წარმოების ყველა ეტაპზე მის მიკვლევადობას. შესაბამისად, ყოველი გადამამუშავებელი კომპანია უმცირესი ყველის ქარხნების ჩათვლით, ვალდებულები იქნება, მკაცრად აღნუსხოს რძის ყველა მომწოდებელზე ინფორმაცია, მიღებული ნედლეულის ხარისხი და წარმოებაში უვნელობის სტანდარტები დაიცვას.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ნედლი რძის სიმკვრივე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1027 კგ/მ3-ს, სომატური (მიკრობებით დაბინძურებული) უჯრედების რაოდენობა 1 მლ-ში არ უნდა აღემატებოდეს 500 000-ს, აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში მისი მაქსიმალური ზღვარი მხოლოდ 100 000-ია.
“ჯერჯერობით, ვერ დავწერეთ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული პარამეტრები, იქ სომატური უჯრედების რაოდენობა 100 ათასი ერთეულით არის განსაზღვრული, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული მდგომარეობა და რეგლამენტში 500 ათასი ჩავწერეთ... ასე დაიწყეს ვეროპაში და უცხოელმა ექსპერტებმაც გვირჩიეს. თუმცა, ყოველწლიურად ნელ-ნელა დავაკლებთ და 5 წლის შემდეგ ევროპულს დავუახლოვებთ“, - აცხადებს თენგიზ კალანდაძე.
ფერმერმა, რომელიც რძის პირველად წარმოებას ეწევა, ისეთი ცხოველისგან უნდა მიიღოს ნედლი რძე, რომელსაც არ აღენიშნება ადამიანისათვის რძის მეშვეობით გადამდები ინფექციური დაავადებების სიმპტომები; რეგლამენტი ითვალისწინებს საქონლის სადგომების კონტროლსაც. თუ იქ დაფიქსირდა ისეთი დაავადებები, როგორიცაა ბრუცელოზი და ტუბერკულოზი, მეწარმემ დაავადებული პირუტყვი იზოლირებულად უნდა გადაიყვანოს, ხოლო რძეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა გამოყენება, თუ სადგომში განთავსებული ყველა ცხოველს სათითაოდ გამოიკვლევს. დოკუმენტის მიხედვით, წარმოების ადგილი, სადაც ხდება რძის შენახვა, დამუშავება ან გაგრილება, ცხოველის სადგომისაგან გამოცალკევებული უნდა იყოს, აღჭურვილი შესაბამისი რძის გასაცივებელი საშუალებებით.
მიუხედავად იმისა, რომ ფერმერები 2020 წლამდე გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო კონტროლისგან, არაპირდაპირ მაინც მოუწევთ უვნებლობისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნედლეულს ქარხნები ვეღარ ჩაიბარებენ - აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში. თუმცა, გლეხებისთვის მოქმედების არეალი რჩება აგრარულ ბაზრებსა და საზკვების ობიექტებში.
საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე, ანა მიქაძე, მიესალმება მთავრობის საკანონდებლო ინიცატივას და აცხადებს, რომ როგორც ფერმების, ასევე ყველის ქარხნების უდიდეს ნაწილში უვნებლობის კუთხით, სავალალო მდგომარეობაა; მოხმარებელი მთლიანად მეწარმის „შინაგან მოწესრიგებულობაზეა“ მინდობილი და თუ რძის ინდუსტრიაში დასაქმებულებს „სახელმწიფომ ენა მოუჩლიქა, არაფერი გამოვა“.
„საქართველოში ამ მხრივ ნამდვილად უკონტროლო სიტუაციაა - წარმოიდგინეთ, გუშინ ყველში ფუნა და თმა აღმოვაჩინე, ასე აღარ შეიძლება. თუმცა, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ თავისი ბრჭყალები გამოაჩინა, არაერთმა სავაჭრო ცენტრმა თავი მოიქაჩლა. ყველა, ვინც კი ყველს გომურში, ბოსელსა თუ ავტოფარეხში ამზადებდნენ, ცდილობენ, რომ შეაკეთონ, გაარემონტონ და ასე შემდეგ...“, - აცხადებს ანა მიქაძე.
ყველის გილდიის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ რეგულაციების სიმძიმეს ყველაზე მეტად საშუალო ზომის მეურნეობები იგრძნობენ: „დაკვირვებული ვარ, რომ გლეხებს, ვისაც ათამდე ძროხა ჰყავთ, მათ საქონელი უფრო მოვლილია, დაბანილი.... კარგი სანიტარული პირობებია დიდ თანამედროვე ფერმებში, სადაც მილიონობით ინვესტიცია ჩაიდო, თუმცა, მათი რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა საშუალო ზომის ძველ ფერმებშია, სადაც, ძირითადად, დაქირავებული პერსონალი მუშაობს და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას საქონლის ჰიგიენასა და მოვლას“, - აღნიშნავს იგი.
ექსპერტი გიორგი ხატიაშვილი კი ფერმერთა უდიდესი ნაწილისთვის უფრო მძიმე მომავალს პროგნოზირებს.
„100-სულიანი ფერმის მოდიფიკაციას, იმ დონეზე, რომ მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს და საწველი სისტემებითაც აღიჭურვოს, სულ მცირე, 150 ათასი დოლარი სჭირდება. ახალი ფერმის მშენებლობა კი, სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი დოლარი მაინც ჯდება. ვის აქვს ამხელა თანხა?! საკუთარი რესურსებით, ვეჭვობ, ფერმების უმეტესობამ შეძლოს თავის გადარჩენა. სხვათა შორის, ბევრი ფერმა დაიხურა უკვე“, - აცხადებს გიორგი ხატიაშვილი.
მისი თქმით, მხოლოდ რეგულაციების დაწესება იმ ფონზე, როცა სახელმწიფო არაფერს გასცემს, გაუმართლებელია: „ევროპაში თითო სულ საქონელზე 800-1200 ევროს მოცულობის სუბსიდია გაიცემა. მხოლოდ კონტოლი არ არის გამოსავალი, საჭიროა, შეიქმნას სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები“, -აცხადებს გაეროს ექსპერტი.
ევროსტატის ინფორმაციით, 2009 წელს ევროპაში ერთი 150-სულიანი ფერმის წმინდა დამატებით ღირებულებაში (FNWA), რომლის მოცულობა 26 600 ევროთი განისაზღვრა, სუბსიდიებისა და გადასახადების საშუალო ნაშთი 16 000 ევროს აჭარბებდა, ანუ,დაახლოებით, 60%-ს.
ჯერჯერობით, სუბსიდიებზე საუბარიც ზედმეტია, მით უფრო, სოციალური სახელმწიფო ბიუჯეტისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ერთი, რაც ხელისუფლებამ შეძლო, პირუტყვის მასობრივი ვაქცინაცია წამოიწყო, რაც წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ ვაქცინაცია ექვს სხვადასხვა დაავადებაზე - ჯილეხზე, თურქულზე, ცოფზე, ყვავილზე, ტუბერკულოზსა და ბრუცელოზზე - ტარდება და ამ ეტაპზე გლეხებისთვის უფასოა. რაც შეეხება სხვა დაავადებებს, რომლებიც საშიშ გადამდებ ინფექციებს არ მეიკურთვნება, მათი მკურნალობა ფერმერებმა თავად უნდა უზრუნველყონ. ერთი აცრა, დაახლოებით, 15 ლარამდე ჯდება. მთლიანი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო, ჩართულები არიან დონორებიც. თუმცა, ვაქცინაცია, ისევე როგორც პირუტყვების პასპორტიზაცია გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, გლეხების დიდი ნაწილი სახელმწიფოდან სოციალურ დახმარებას იღებს და მისი დაკარგვის შიშით, პირუტყვს არ აჩენს. შედარებით მოზრდილ ფერმერებს კი საშემოსავლო სამსახურების ეშინიათ.
საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორში“, რომელიც წლებია, საქართველოში მეცხოველეობის განვითარების პროგრამას ახორციელებს, აცხადებენ, რომ სრული ვაქცინაციის ხელისშემშლელი კიდევ ერთი პირობა ინფორმაციის ნაკლებობაა. მისი წარმომადგენლის, გიორგი სადუნიშვილის თქმით, ფერმერები მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე, ისევე როგორც უვნებლობის სტანდარტებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე ინფორმირებულები თითქმის არ არიან. ამიტომ ეს მისია საკუთარ თავზე რეგიონებში მოქმედმა სერვის-ცენტრებმა უნდა აიღონ თავზე.
რამდენად ჩაანაცვლებს ვაქცინაციით მიღებული სარგებელი, უფრო რთულ გამოწვევების წინაშე მდგარ ფერმერებს, ძნელი სათქმელია. კომპანია „კოთელიას“ დამფუძნებელი ხვიჩა ხმალაძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთში 120 სულან ფერმას ფლობს, აცხადებს, რომ სექტორი მძიმე მდგომარეობაშია.
„დაავადებებზე მკურნალობა კარგია, რა თქმა უნდა, აქამდეც არ ვაკლებდი და წელიწადში ერთ ძროხაზე 100 ლარამდე მიჯდებოდა, მაგრამ მას მარტო აცრა ხომ არ სჭირდება, კარგი საკვები უნდა. რძე კი რა ღირს? ლიტრი - 65 თეთრი... ზამთარში როცა საქონლის შენახვა კიდევ უფრო ძვირი გვიჯდება - 90 თეთრამდე იზრდება, თუმცა, ეს თითქმის თვითიღირებულების ფასია. დიდი კომპანიები არ შემოდიან რძის ჩასაბარებლად - „პარაშოკი“ შემოდის, შენი რძე აღარავის აინტერესებს. იძულებულნი ვართ, პროდუქცია ყველის ქარხნებს ჩავაბაროთ, რომლებსაც რძე ნისიად მიაქვთ, თანხას მხოლოდ 5-6 თვის შემდეგ გიბრუნებენ, ხარჯებს ვეღარ ვაბალანსებთ. ჩვენს რაიონში შვიდი-რვა ფერმა იყო, სამი ფერმა დაიხურა, ხუთი-ძლივს ფართხალებს... 18 წელიწადი გადავყვეი ამ საქმეს, მენანება, რომ მეც დავხურო, თუმცა, აღარაფერი რჩება ამ საქმიანობიდან“, - აცხადებს ფერმერი.
ხმალაძის თქმით, ხელსაყრელი ფინანსური მდგომარეობა არც ყველის საწარმოებს აქვთ, რადგან მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და პროდუქციის მოხმარება შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ მალე დიდი გამოწვევების გამო ყველის ინდუსტრიაც დადგება. ბაზარზე უკვე გაჩნდა თითო-ოროლა ქარხანა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, პროდუქციას თითქმის მთლიანად რძის ფხვნილით აწარმოებს და სტაბილური ხარისხის გამო საკუთარ თავზე აიღო მსხვილი სუპერმარკეტების მომარაგება. ახალ მოთამაშეთა გამოჩენის გარდა, მცირე ყველის ქარხნებს პრობლემები სავალდებულო გადაირაღების გამოც შეექმნებათ- მათი დიდი ნაწილი კუსტარულია და მოუწევთ რეგლამენტის დაწესებულ სტანდარტებს მოერგონ. თუმცა, რამდენს ექნება ფინანსების ხელმისაწვდომობა ამ კუთხით, რთული საპროგნოზოა. „მერსი ქორის“ მიხედვით, რომელიც ყველის ქარხნებზე გრანტებსაც გასცემს, არსებული საშუალო ზომის ყველის საწარმოების გადაირაღებისთვის, დაახლოებით, 130-140 ათასი ლარია საჭირო.
დილემა N2 - რძის ფასი
რძის ფასი საქართველოში ტრადიციული კონფლიქტის საბაბია მწარმოებლებსა და გადამამუშავებლებს შორის. მთავარი პრობლემა სეზონურობა და დაბალი მწარმოებლურობაა. ამის ნათელ მაგალითად წლევანდელი წელიც შეიძლება მოვიყვანოთ: წვიმიანი გაზაფხულის გამო ერთი თვეა, რძის სიჭარბე დაფიქსირდა, გარდა ამისა, ფერმერები კონკურენციას ვეღარ უწევენ უკრაინდაინ შემოტანილ რძის ფხვნილს, რომელიც გრივნის დევალვაციის გამო საკმაოდ გაიაფდა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკრანული ვალუტა დოლართან მიმართებაში ორჯერ გაუფასურდა). შესაბამისად, ნედლი რძის ფასი შარშანდელთან შედარებით, თითქმის, 25%-ით შემცირდა. თუმცა, როგორც ჩანს, არასაკმარისად.
„რძის ფხვნილის ფასი ნატურალურ რძესთან შედარებით გაცილებით იაფია. აღდგენილი რძე ლიტრი 50 თეთრი ჯდება, აქ კი 65 თეთრი ღირს, ზამთარში საერთოდ, ქართული რძის ფასი ხანდახან ლარსაც კი აჭარბებს. მაშინ როცა უკრაინაში კრიზისის გამო რძის ფხვნილი სულ უფრო იაფდება“, - აცხადებენ „ჯორჯიან ეკოში“.
გაეროს ექსპერტის ინფორმაციით, საქართველოში რძეზე ყველაზე მაღალი ფასებია რეგიონში, მაგ, მეზობელ სომხეთში 1 ლიტრის ფასი 35 თეთრამდე ჯდება, უკრაინაში კი - 29-41 თეთრის ფარგლებში. (შედარებისთვის: ევროკავშირის წამყვან 15 ქვეყანაში 1 ლიტრი რძის ფასი 31,8 ევროცენტია, დიდ ბრიტანეთში - 33,6 ევროცენტი, აშშ-ში - 36,5 ევროცენტი, ახალი ზელანდიაში - 24,9 ევროცენტი).
ქართული საქონლის წველადობა კატასტროფულად დაბალია
ძვირი ნედლეულის ძირითადი გამომწვევი მიზეზი საქონლის დაბალი პროდუქტიულობაა. საქართველოში საშუალო წველადობა წელიწადში ერთ ძროხაზე, ძირითადად, 1 200-2 000 ლიტრს აღწევს, იშვიათად 3-4 000 ლიტრს (შედარებისთვის: ევროკავშირის წამყვან 15 ქვეყანაში ერთი სული საქონლის წველადობა წელიწადში 7 000 ლიტრია, დიდ ბრიტანეთში - 7 300 ლიტრი, აშშ-ში კი - 9 500 ლიტრი).
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის აზრით, დაბალი პროდუქტიულობის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ წლების განმავლობაში ჯიშების გაუმჯობესებაზე არ უზრუნიათ, ასევე არასრულაფასოვანი კვება, რომელიც 2-3 ჯერ ამცირებს წველადობას.
საკვები ბაზის უქონლობა კომპლექსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფერმერთა დაბალი კვალიფიკაცია. ალბათ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა თუ იცის, რომ საქონლის სადგომში საჭიროა ოპტიმალური მიკროკლიმატის დაცვა (მაგ., ჰაერის ტემპარატურა 5-10 გრადუსი უნდა იყოს, შეფარდებითი ტენიანობა -75 % და ა. შ.). პროფესიონალები კი ვინც ამ ტიპის ინფორმაციას დაინტერესებულ მეწარმეებს მიაწვდიან, ძალიან ცოტაა. ვეტერინარების სერიოზულ დეფიციზე დონორ ორგანიზაციებში აქტიურად საუბრობენ. როგორც „მერსი ქორის“ ექსპერტი აღნიშნავს, ყველა მოქმედი ვეტერინარი სურსათის უვნებლობის სააგენტოს დასაქმებული ჰყავს, თუმცა, მათი რაოდენობა და კომპეტენცია დამაკმაყოფილებელი არ არის. მის მოსაზრებას იზიარებს გაეროს წარმომადგენელიც:
„ახალგაზრდა თაობა საერთოდ არ ინტერესდება ამ პროფესიით, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გადამზადებული კადრები მუშაობენ ვეტერინარებად, ათ წელიწადში სპეციალისტი, ალბათ, სანთლით საძებარი იქნება, მთავრობამ უნდა იფიქროს ამ მიმართულებით“ - აღნიშნავს ექსპერტი.
ბელა ნოზაძე